"ოცნება" სამთავრობო ცვლილებების მოლოდინში - რას განიხილავენ უმრავლესობის საგანგებო სხდომაზე? - კვირის პალიტრა

"ოცნება" სამთავრობო ცვლილებების მოლოდინში - რას განიხილავენ უმრავლესობის საგანგებო სხდომაზე?

ამ ცოტა ხნის წინ, ჯერ კიდევ დედაქალაქში გამართულ აქციებამდე, kvirispalitra.ge წერდა (იხილეთ სტატია), რომ მოსალოდნელი იყო სამთავრობო ცვლილებები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ქართულ ოცნებაში" ამ საკითხს უკვე აქტიურად განიხილავენ და მოკლე ხანში ფართო საზოგადოება მნიშვნელოვან სახელისუფლებო ცვლილებებს იხილავს.

თანამდებობების დატოვების სავარაუდო კანდიდატებად პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და სპორტისა და კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე განიხილებიან.

სავარაუდოდ, სწორედ ამ საკითხის გამო 15:00 საათზე, "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება.

დეპუტატების ინფორმაციით, უმრავლესობის შეხვედრა უკავშირდება მიმდინარე საკითხებს, მათ შორის, საუბარი შეეხება ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს. მმართველ გუნდში ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ უმრავლესობის შეკრების თემა არის თუ არა მოსალოდნელი საკადრო ცვლილებები.

წინასწარი ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომას დაესწრება პრემიერ–მინისტრი. უცნობია, შეხვედრაში მიიღებს თუ არა მონაწილეობას პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

"ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, – ასე უპასუხა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტების კითხვას მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებების შესახებ. ბესელიამ აღნიშნულ თემაზე ვრცელი კომენატარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

ფრაქცია "ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსათვის" თავმჯდომარის, ბიძინა გეგიძის თქმით, საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებს იგი თვალს ადევნებს და საკუთარი მოსაზრებები გააჩნია, რომლის გამოთქმა არც საჯაროდ და არც კულუარულად არ უჭირს, თუმცა წინასწარ, ამ შემთხვევაში ვარაუდების და ჭორების დონეზე, ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარი არ უყვარს.

იხილეთ ასევე: ვინ შეიძლება შეცვალოს თეა წულუკიანი?