"ვფიქრობ, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მაინც ჩატარდება"
უკვე ცნობილია ის სამთავრობო სტრუქტურული ცვლილებები, რაც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივაა, თუმცა კვლავაც უცნობია, ვინ ჩაიბარებს განახლებულ მინისტრთა კაბინეტში პორტფელებს. აშკარაა, რომ "ქართულ ოცნებაში" კანდიდატურების შერჩევა რთულად მიმდინარეობს. არაერთი გამოწვევის წინაშე მდგარ ქვეყანაში მომავალ მთავრობას არაერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემის აღმოფხვრაზე მოუწევს მუშაობა, მათ შორის პასუხის გაცემა იმ კითხვებზე, რაც "ქართული ოცნების" ხელისუფლების პერიოდში დაგროვდა. მაგალითად, ბევრი რამ ბუნდოვანია იმ ანტიტერორისტული სპეცოპერაციის საქმეში, რომელიც ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარდა და "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენლის, აჰმედ ჩატაევის ლიკვიდაციით დასრულდა. "კვირის პალიტრამ" ექსკლუზიურად მოიპოვა აჰმედ ჩატაევის ხმოვანი გზავნილი, რომელიც IშIშ-ის ერთ-ერთ ლიდერს, აბუ ჯიჰადს, იგივე ისლამ ატაბიევს გაუგზავნა. ჩანაწერი, სავარაუდოდ, 2017 წლის ზამთარშია გაკეთებული და მასში ლაპარაკია თურქეთში დასაგეგმ ტერაქტებზე. სხვა საკითხებთან ერთად ჩანაწერში ჩატაევი საქართველოსაც ახსენებს და ამბობს: "საქართველოშიც გავაკეთებ იმავეს, აქვეა, ახლოს"...
რამდენად სწორად შეაფასა საზოგადოებამ ტერორიზმის საფრთხე ქვეყანაში და როგორ უნდა გაიხადოს სახელმწიფომ ასეთ დროს საზოგადოება მოკავშირედ, ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ რამაზ საყვარელიძესთან.
- ამ ჩანაწერიდან გამომდინარე უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ჯგუფი საქართველოში გეგმავდა ტერაქტებს და აქ ადგილობრივი დამხმარეებიც ჰყავდათ. გამოდის, ქვეყანა ძალიან დიდ საფრთხეს გადაურჩა. თქვენ აბსოლუტურად სწორად დასვით საკითხი, რადგან ხელისუფლებამ არათუ ვერ შეძლო ამ პროცესში საზოგადოება მოკავშირედ გაეხადა, არამედ მწვავე კრიტიკაც დაიმსახურა. ამის მიზეზი კი ისევ და ისევ ის იყო, რომ გაჩნდა კითხვები, რომელთაც დროულად კი არა, დღემდეც არ გასცემია პასუხები, ამას კი უამრავი ინტერპრეტაცია და ვარაუდი მოჰყვა. განსაკუთრებით პანკისის სპეცოპერაციის შემდგომ, რაც ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე დაწყებული პროცესის გაგრძელება იყო.
მეტიც, ხელისუფლებამ ისიც კი ვერ მოახერხა, რომ დასავლეთში ამ ანტიტერორისტულ ოპერაციას მოყოლილი პოზიტიური გამოხმაურება ჩვენს საზოგადოებამდე მიეტანა. ხომ იცით, უცხოურ აზრს ჩვენში უფრო აფასებენ, როგორც ამბობენ, შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვს.
გავიხსენოთ ევროპული ქვეყნების გამოცდილება - როცა იქ მსგავს სპეცოპერაციას ჩაატარებენ, საზოგადოების დამოკიდებულება ერთმნიშვნელოვანი და გარკვეულია, ზედმეტი ეჭვისა და ვარაუდის უფლებას თავს არავინ აძლევს, ეს კი უპირველესად იმის შედეგია, რომ საზოგადოებას ინფორმაციას სწორედ ისე აწვდიან, როგორც საჭიროა.
ამ პროცესებმაც ცხადყო, რომ საქართველოს ძალიან რთული მისია აკისრია, რომელსაც, როგორც ჩანს, არცთუ ცუდად ასრულებს. აქვე გავიხსენოთ, რაღაც პერიოდიდან როგორ გაქრა ტერორიზმის ჭრილში პანკისის თემა და შეწყდა "ისლამურ სახელმწიფოში" წამსვლელთა ნაკადი. გამოდის, ჩვენმა სპეცსამსახურებმა კარგად იმუშავეს, თუმცა არც ამაზე გაუმახვილებია ვინმეს ყურადღება.
მოსახლეობა ყველა ქვეყანაში ხელისუფლების ოპონენტია, უბრალოდ, სხვაგან ხელისუფლებები ახერხებენ, საზოგადოებას მიაწვდინონ ხმა იმაზე, რასაც მათ საკეთილდღეოდ აკეთებენ. საზოგადოებასთან დიალოგია საჭირო, საფრთხის ისე ახსნა, პანიკა კი არ ატეხო, არამედ შენს მოკავშირედ აქციო. ამას სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს.
ეს ერთი მთლიანი და კარგად გაანგარიშებული პროგრამით უნდა კეთდებოდეს. ისე, ყველას ვერ მოსთხოვ სახელმწიფოებრივად აზროვნებას, ხშირად რიგით მოქალაქეს ყველაზე ხშირად რაც ესმის, იმის სჯერა.
აშშ-ში პოლიციის ხელით ქუჩაში შეცდომით ბევრი ადამიანი კვდება, მაგრამ ეს არ ხდება სახელმწიფოს რყევის საფუძველი.
ჩვენში როცა ჯერი ძალოვანების შეფასებაზე მიდგება, უპირველესად, ტრაგედიასა და შეცდომაზე ამახვილებენ ყურადღებას, არადა, ის მაინც უნდა გვახსოვდეს, საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ქვეყნის უკეთესი პერსპექტივისთვის რამდენი ქართველი ჯარისკაცი იბრძვის, მათი თავგანწირვის შედეგია ის უპრეცედენტო მხარდაჭერა, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს.
არ შეიძლება რიგი პროცესების გამო გამუდმებით კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდეს მთელი სამართლებრივი სისტემა, რაც საბოლოოდ სახელმწიფოს ასუსტებს. ყოველი მოქალაქისთვის გასაგები უნდა იყოს, რომ სახელმწიფოს დასუსტება პირადად მისი დასუსტებაა.
- პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს ამგვარად გეგმავს: კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სასჯელაღსრულების სამინისტრო - იუსტიციის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება და მისი უწყებები გადანაწილდება სამ სხვადასხვა უწყებაზე: დევნილთათვის განსახლების მიმართულება გადავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაციის კომპონენტს შსს შეითავსებს, ხოლო სოციალურ პოლიტიკას ჯანდაცვის სამინისტრო. გარდა ამისა, რელიგიის სააგენტო შეუერთდება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი კი გადავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. საინტერესოა, როგორ აფასებთ ბახტაძის ინიციატივებს და პრემიერ-მინისტრის რანგში პირველ ნაბიჯებს? - მამუკა ბახტაძემ ფართო საზოგადოების ყურადღება ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს, ბანკებთან დაკავშირებული ინიციატივებით მიიქცია, რის შემდეგაც ბევრმა ის მემარცხენე პოლიტიკოსად მიიჩნია, თუმცა ამას მე მემარცხენეობა-მემარჯვენეობის ჭრილში არ განვიხილავდი. ჩემი აზრით, მისი ეს ინიციატივები უფრო მონოპოლიზაცია-დემონოპოლიზაციის კუთხითაა განსახილველი. ჩემი აზრით, მისი სურვილი უფრო მონოპოლიების შექმნის თავიდან აცილების სურვილითაა განპირობებული, მონოპოლიებთან ბრძოლა კი მემარჯვენეობას არანაკლებ ახასიათებს, ვიდრე მემარცხენეობას.
თუ კაპიტალისტური წყობისას არ გინდა ქვეყანა ჯუნგლებად გადაიქცეს, ის რეგულაციები უნდა შემოიტანო, რაც ძლიერს კიდევ უფრო არ გააძლიერებს და სუსტს უფრო არ დაასუსტებს.
მოკლედ, ეს ნაბიჯები საზოგადოებამაც და მეც დადებითად აღვიქვით.
რაც შეეხება სტრუქტურულ ცვლილებებს, ეს მხოლოდ სამინისტროების ერთმანეთთან მექანიკური შეწებება და დაშორება არ უნდა იყოს. ყველაფერი საზოგადოებრივი მასშტაბით არის გასააზრებელი, საზოგადოების ყველა ნაწილს უნდა ეხებოდეს ეს ცვლილებები. თუ მან შეძლო და ეს მოახერხა, ნამდვილად წარმატებულ პრემიერად ჩაითვლება, თუმცა კითხვის ნიშნები ჩნდება, მით უფრო ეკონომიკურ ეფექტთან დაკავშირებით.
გვესმის განცხადებები, რომ სამინისტროების რეორგანიზაცია 120-მილიონიან და უფრო მეტ საბიუჯეტო სახსრებს დაზოგავს, თუმცა გაუგებარია, როგორ, თუ მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები არ მოხდება.
დასავლეთი ჯერ კიდევ წლების წინ სთხოვდა საქართველოს, რომ საბიუჯეტო სახსრები შეემცირებინა. ეს შეიძლება იყოს სამინისტროების შემცირების ერთ-ერთი არგუმენტი, თუმცა ლაპარაკი, რომ ეს მნიშვნელოვანი ეფექტის მომტანი იქნება, ვფიქრობ, არასერიოზულია.
მოვისმინეთ კიდევ ერთი არგუმენტი - ეს კეთდება იმიტომ, რომ მთავრობა იყოს უფრო ოპერატიული. ესეც არ ჩანს დამაჯერებლად. კომუნიკაციების თანამედროვე საშუალებებს თუ გადავხედავთ, ორი სამინისტროთი მეტი გექნება თუ ნაკლები, ეს მთავრობის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ვერ შეცვლის.
"მცირე მთავრობის" იდეა კარგია, მაგრამ, ჩემი აზრით, მთავრობა ჯერჯერობით იმას არ აკეთებს, რაც გასაკეთებელია.კერძოდ, როცა ასეთი რამ ხდება, ჯერ ხელისუფლება ქმნის ხელშემწყობ პირობებს, რომ საბიუჯეტო სახსრებიდან გამოთავისუფლებულმა პირებმა ადვილად იშოვონ სამუშაო. უცხოეთში სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულებს სტაბილურობის ძალიან დიდი გარანტიები აქვთ, ჩვენთან კი მხოლოდ იმას გაიძახიან, არავის შევამცირებთო, რაც დაუჯერებლად ჟღერს.
გარდა ამისა, ყველა სამინისტროს თავისი ფუნქციები აქვს. თუ ისინი იგივე დარჩა, მაშინ შემცირება სრულიად გაუგებარი ჩანს. თქვა კიდეც ბახტაძემ, შემცირება უპირველესად ფუნქციების შემცირებას გულისხმობსო, რაშიც მართალია, მაგრამ როგორ აპირებს ამას?
ფუნქციები თუ შემცირდა, ის სადღაც ხომ უნდა გადავიდეს, ვერ აორთქლდება, ვიღაცა უნდა მოიძებნოს, თუნდაც კერძო სექტორი, ვინც ამას ითავებს. უცხოეთის მაგალითი ავიღოთ - არაერთ ქვეყანაში ისეთი საკანონმდებლო ბაზაა, რომ კერძო სექტორი ზოგიერთი საფინანსო ვალდებულებებისგან თავისუფლდება, თუ მან კონკრეტული მიმართულებებით, მაგალითად, კულტურის, სპორტის და ა.შ., ქველმოქმედება გასწია. კერძო სექტორისთვის მომგებიანი ხდება ეს პირობები და ამ მიმართულებების დაფინანსებას იწყებს. შესაბამისად, რომელიღაც სფერო გადადის კერძო სექტორის მფარველობაში, აღარ აწევს ტვირთად ბიუჯეტს და შესაბამისად, სამინისტროც აუცილებელი აღარ არის.
ჯერჯერობით ამგვარი რამ ბახტაძისგან არ მოგვისმენია, ამიტომაც მე ვიტყოდი, რომ "მცირე მთავრობის" ჩამოყალიბება მხოლოდ დაიწყო. სხვათა შორის, ამგვარი ინიციატივა პირველად გამოჩნდა კვირიკაშვილის პრემიერობისას, ამიტომაც მგონია, რომ ამას დასავლეთი ითხოვს. იმედია, ბახტაძე უფრო წარმატებული იქნება, გაითვალისწინებს იმ ხელშემშლელ პირობებს, რის გამოც არ მოხერხდა მნიშვნელოვანი ცვლილებები კვირიკაშვილის პრემიერობის დროს.
ყოველივე ამის შედეგი კი უნდა იყოს სახელმწიფო ბიუჯეტზე მნიშვნელოვანი დატვირთვის მოხსნა და სახელმწიფოებრივი პრობლემების გადაჭრაში საზოგადოების ჩართულობის ხარისხის გაზრდა.
- მიუხედავად იმისა, რომ ამას საჯაროდ არ აღიარებენ, აშკარაა, რომ "ქართულ ოცნებაში" მინისტრობის კანდიდატების შერჩევა საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს. - გეთანხმებით, ნამდვილად არა ჰყავს "ქართულ ოცნებას" პროფესიონალი კადრები. მით უფრო ასეთი სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ, როდესაც ამ ახლებური გაერთიანებების მართვა გაცილებით რთული იქნება, რადგან მენეჯმენტი თავიდან იქნება ასაწყობი.
ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროზე, რომელსაც კულტურა და სპორტიც შეუერთდება. ამ რამდენიმე თვის წინ გულწრფელად გამიხარდა, როცა ამ სამინისტროს ეღირსა მინისტრი, რომელიც წლების განმავლობაში წარმატებით მუშაობდა განათლებისა და მეცნიერების სფეროში. თუ ასეთი ფიგურა შეცვალეს, ეს დიდი მარცხი იქნება. თუ კვლავაც ჩინოსნური ნიშნით შეარჩევენ კანდიდატს, ანუ რასაც სააკაშვილის ხელისუფლებაში მენეჯერის შერჩევას ეძახდნენ, ისევ მძიმე სურათს მივიღებთ. სხვა საკითხია, რა დატვირთვა ექნება კულტურის კომპონენტს ახალ უწყებაში და ხომ არ იგეგმება მისი საერთოდ გასვლა საბიუჯეტო დაფინანსებიდან.
- თქვენი აზრით, ამ პროცესში რა როლი აქვს ბიძინა ივანიშვილს? - ივანიშვილს აშკარად არ სურს სახელმწიფოს მართვაში მონაწილეობა, ეს ნათქვამიც აქვს და ისედაც ჩანს, რომ არ ეხალისება ეს საქმე. თუ მობრუნდა პოლიტიკაში, მობრუნდა იმიტომ, რომ დაინახა, გასაჭირი დადგა. ასე რომ, მისი ამოცანა ისევ და ისევ ის არის, რომ მიიყვანოს იმ კონდიციამდე გუნდი, რომ მან ივანიშვილის გარეშე შეძლოს მართვა. ამ პროცესებში, ვინ სად დაინიშნოს ან რომელი უწყება რასთან გაერთიანდეს, ვეჭვობ, მისი სიტყვა გადამწყვეტი იყოს. მას, ალბათ ექნება საკუთარი აზრი და იტყვის კიდეც, თუმცა არა მგონია, თუ უკეთესი მოსაზრება მოისმინა, არ დაუჭიროს მხარი.
ივანიშვილი მაგონებს იმ ხელოსანს, რომელიც ოცნებობს მანქანის აწყობაზე და არა მართვაზე.
- "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში ბრძანეთ, ივანიშვილი ქართველ პოლიტიკოსებს კიდევ ბევრ სიურპრიზს შესთავაზებსო, რას გულისხმობდით? - მას მერე, რაც ივანიშვილმა დაბრუნება გადაწყვიტა, სამთავრობო ცვლილებები კი მოხდა, მაგრამ პარლამენტი ისევ პასიურია. თუ დავაკვირდებით ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის მუშაობასაც, უმრავლესობის წევრები გაცილებით პასიურები არიან, ვიდრე ოპოზიციონერი დეპუტატები. გამოძიება, ფაქტობრივად, "ევროპულ საქართველოს" მიჰყავს. ფენომენურად პასიური წარმონაქმნი გახდა "ქართული ოცნების" საპარლამენტო გუნდი. არადა, მანქანის აწყობას აუცილებლად სჭირდება მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი უმრავლესობა, რათა მათ დააბალანსონ ერთმანეთი და ივანიშვილის აქტიური ჩარევა საჭირო აღარ იყოს. ამიტომაც მგონია, რომ ივანიშვილი შეეცდება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და შესაბამისად, საპარლამენტო გუნდის შეცვლას. ეს "ქართული ოცნების" არაერთმა წარმომადგენელმა თქვა საჯაროდ. ვფიქრობთ, რიგგარეშე არჩევნები მაინც ჩატარდება.
- თუმცა კონსტიტუციის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებამდე 6 თვით ადრე და მას მერე ასევე 6 თვის განმავლობაში რიგგარეშე არჩევნები ვერ დაინიშნება. - კი, ეს ვიცი, ასეთ მცირე დროში არც მიგულისხმია.
- მოგეხსენებათ, საზოგადოების ნაწილისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, დარჩება თუ არა წულუკიანი ახალ კაბინეტში. ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძის შეფასებით, თუ ეს მოხდა, მაშინ ქვეყანაში კვლავაც "მურუსიძის სამართალი" იქნება. - ჩემი აზრით, იმ ჩავარდნილი რეფორმების შემდეგ, რაც წულუკიანს მიეწერება, ის აქამდეც უნდა წასულიყო. დღეს ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც შეიძლება დატოვონ, ისევ და ისევ მის მიმართ გამოთქმული პროტესტია. ხომ იცით, რაც მეტად ითხოვენ რაღაცას, მით მეტად ჯიუტდება ადამიანი. ეს ვრცელდება პარტიაზეც. იმისთვის, რომ არც მწვადი დაწვან და არც შამფური, გამოსავალია, რომ წულუკიანი გადაიყვანონ პოლიტიკურად კვლავაც მაღალ თანამდებობაზე, მაგალითად, პარტიაში მისცენ მაღალი პოსტი, რაც არანაკლებ საპასუხისმგებლო იქნება. ჩემი აზრითაც, ის უნდა წავიდეს, მით უფრო, რომ ამ პოზიციაზე შესანიშნავი კანდიდატურა ჰყავს "ქართულ ოცნებას".
- ალბათ, გულისხმობთ კახი კახიშვილს, რომელსაც თითქოს მთავარ პროკურორობასაც კი უწინასწარმეტყველებენ... ზოგიერთმა კახიშვილის წინააღმდეგ შავ პიარადაც კი აღიქვა "ადამიანის უფლებათა ცენტრისა" და სახალხო დამცველის ანგარიში, რომელშიც ლაპარაკია, რომ ქალთა პენიტენციარულ დაწესებულებაში შემოწმებისას გაშიშვლების პრაქტიკა კვლავაც გრძელდება, რის შემდეგაც პატიმარმა ქალებმა საპროტესტო წერილი შეადგინეს, რომელსაც 150-მდე მსჯავრდადებული აწერს ხელს. ისინი ანგარიშის ავტორებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ 109 პატიმარმა შიმშილობაც კი დაიწყო. - (იცინის) ისტორიაში პატიმრების მსგავსი უპრეცედენტო პროტესტის სხვა მაგალითის მოძებნა, ალბათ, ძალიან რთული იქნება - მინისტრის დასაცავად პატიმრების შიმშილი. სამწუხაროდ, ეს პრობლემა ყოველთვის იყო და არის, როდესაც ერთი გუნდის წევრებს შორის კონკურენცია და დაპირისპირება ზღვარს გადადის. ადამიანი ყველგან ადამიანია, შესაბამისად, არც შური და არც ინტრიგების ხლართვა არ არის გასაკვირი.
აქ მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს გადაწყვეტილების მიმღები რამდენიმე პირი, რომლებზეც არის ყველაფერი დამოკიდებული. ისტორიასაც თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ძლიერ ლიდერებსაც კი გარემოცვა ხშირად დათვურ სამსახურს უწევდა, იმის შიშით, რომ მათი კომფორტი არ დანგრეულიყო, ალყაში აქცევდნენ ლიდერებს, საზოგადოებისგან იზოლაციას უკეთებდნენ. არაერთი ლიდერი გამხდარა გარემოცვის მსხვერპლი.
დღეს, როგორც არასდროს, "ქართულ ოცნებას" სჭირდება ახალი ხალხი, სჭირდება კახიშვილის მსგავსი რეფორმატორები და იმედია, პარტიის ლიდერები ამას ხვდებიან.
- ყოვლად აღმაშფოთებელი რამ მოხდა საქართველო-დაღესტნის სასაზღვრო ტერიტორიაზე, სადაც რუსმა სამხედროებმა ქართველი მესაზღვრეები დააკავეს. მათი სამდღიანი ტყვეობა მართალია დასრულდა, მაგრამ რა იქნება ამ ვითარებაში სახელმწიფოს ადეკვატური პასუხი? - მსოფლიო ისტორიას თუ გადავხედავთ, ამგვარ ფაქტებს ომებიც კი მოსდევს ხოლმე, მაგრამ ჩვენ რომ ომი დავიწყოთ, საბოლოოდ ყველა იმაზე შევთანხმდებით, რუსეთმა ეს პროვოკაცია სპეციალურად მოგვიწყოო.
ძალთა თანაფარდობა იმდენად ასიმეტრიულია, ამგვარ პროვოკაციებს სამხედრო პასუხი თუ გავეცით, შესაძლოა საბოლოოდ დასრულდეს ჩვენი სახელმწიფოებრიობა.
ერთადერთი გზა, რაც დაგვრჩა, ამ ყველაფერზე მსოფლიო მასშტაბით ყველა ტრიბუნაზე ლაპარაკი და ამ პროვოკაციის დასავლეთისთვის კიდევ ერთ არგუმენტად გადაქცევაა რუსეთისთვის სანქციების დასაწესებლად. ჩვენ ჩვენი ძალისხმევით უნდა დავეხმაროთ დასავლეთს იმ სტრატეგიის ხორცშესხმაში, რაც დასახული აქვს - ეს არის რუსეთის ეკონომიკურად დაჩოქება.
ნათია დოლიძე