იენს სტოლტენბერგმა რუსეთს საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებას მხარს უჭერს და ირწმუნება, რომ მომავალში საქართველო ალიანსს შეუერთდება. ამის შესახებ გენმდივანმა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაცია ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
სტოლტენბერგმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს წვლილს ავღანეთსა და ნატოს რეაგირების ძალებში. "გასულ კვირას, ნატოს 29-ვე მოკავშირემ დაადასტურა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. ეს შეესაბამება გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მივიღეთ“, - განაცხადა გენმდივანმა.
მანვე აღნიშნა, რომ ნატო განაგრძობს საქართველოს დახმარებას გაწევრიანების საკითხში და მიესალმება ქვეყანაში რეფორმების მხრივ პროგრესს. მისი თქმით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი მხარს უჭერს რეფორმებს თავდაცვის სფეროში.
"მე ასევე ველოდები მოკავშირეების ფართო მონაწილეობას ნატოსა და საქართველოს სწავლებაში მომავალ წელს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
გენერალურმა მდივანმა და საქართველოს პრემიერმინისტრმა განიხილეს შავ ზღვაში უსაფრთხოების საკითხი და რეგიონში რუსეთის სამხედრო პოტენციალის მნიშვნელოვანი ზრდა. "შავ ზღვას გააჩნია სტრატეგიული მნიშვნელობა და საქართველო და ნატო გაააქტიურებენ თანამშრომლობას ამ რაიონში“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, ალიანსი განაგრძობს საქართველოს სასაზღვრო ჯარების სწავლებას, თანამშრომლობს საქართველოს სამხედრო საზღვაო ძალებთან და საქართველოს საზღვაო ოპერაციების ცენტრთან. გენმდივანმა აღნიშნა, რომ ნატო ერთიანია უსაფრთხოების მხარდაჭერის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. "ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები თქვენი ტერიტორიიდან“, - განუცხადა იენს სტოლტენბერგმა მამუკა ბახტაძეს.