"ერთი მაგისიც, ვინც გამრიცხა... ეს პატარა ბავშვები რომ მიუშვა, ერთ დიდ კომკავშირულ პარტიას გააკეთებენ" - კვირის პალიტრა

"ერთი მაგისიც, ვინც გამრიცხა... ეს პატარა ბავშვები რომ მიუშვა, ერთ დიდ კომკავშირულ პარტიას გააკეთებენ"

"ქართულ ოცნებაში" სკანდალები სულ უფრო და უფრო გახშირდა. გიორგი კვირიკაშვილის გაშვების შემდეგ, პარტიის რიგებიდან დეპუტატი დავით ჭიჭინაძეც გარიცხეს. დეპუტატი მის გარიცხვას განსხვავებულ აზრს უკავშირებს და მიაჩნია, რომ "კობახიძის გუნდი" თუ მიუშვეს, "ოცნებას" კომკავშირის პარტიად გარდაქმნის.

გაიზიარებს თუ არა ჭიჭინაძის ბედს დეპუტატი გედევან ფოფხაძე, რომელმაც პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის "მეორედ მოსვლა" მოაწყო, ჯერჯერობით უცნობია. იგი ერთ-ერთია იმ დეპუტატთაგან, რომელსაც მისი კოლეგის გარიცხვაზე მწვავე რეაქცია ჰქონდა და კოლეგები ღიად კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. ჭიჭინაძე ამბობს, რომ მისმა კოლეგებმა პარტია თავისი ნებით არ უნდა დატოვონ ხოლო თუ დაატოვებინეს, ეს "ოცნებას" ძალიან ცუდად შემოუბრუნდება. "ერთი მაგისიც ვინც გამრიცხა. რას მოიგებენ, ამას დრო გვაჩვენებს", - ასე დაიწყო ჩვენთან ბატონმა დავითმა საუბარი....

- როგორ ფიქრობთ, თქვენი გარიცხვის გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა მიიღო?

- გარიცხვის ბრძანებას 5-მა ადამიანმა მოაწერა ხელი. პარტიის თავმჯდომარეს ხელი არ მოუწერია. ასე, რომ ეს 5 ადამიანი მონაწილეობდა პირდაპირ თუ ირიბად პარტიიდან ჩემს გარიცხავში.

- პარტიიდან თქვენს გაშვებას ბევრი უკავშირებს  კვირიკაშვილის  წასვლას, რადგან კვირიკაშვილის კადრად მიიჩნეოდით?

- კვირიკაშვილის კადრი ნამდვილად არ ვყოფილვარ. შეიძლება ვიღაცას ასე იმიტომ ჰგონია, რომ მას ვიცავდი. 9 დღე არ ველაპარაკებოდი ადამიანს და მასთან საკმაოდ დიდი დაპირისპირება მქონდა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ჩემი გარიცხვის მთავარი ინიციატორი კობახიძეა, თუმცა ამას რაღა მნიშვნელობა აქვს.

- როგორც ცნობილია, ე.წ ძველ კადრებს საკმაოდ ცუდი დამოკიდებულება აქვთ "კობახიძის ჯგუფთან", ზოგმა თქვენს გარიცხვასთან დაკავშირებით უკმაყოფილება ღიად გამოთქვა... ფიქრობთ, რომ ეს დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდება?

- არ ვიცი დაველოდოთ. მარჩიელობა ყოველთვის უმადური საქმეა. ვფიქრობ, მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდება. როდესაც ადამიანს სიმართლის გულისთვის რიცხავენ, გამორიცხულია, ამან სარგებელი და ავტორიტეტი მოუტანოს პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც ამ ნაბიჯს დგამს. ამის ძალიან კარგი მაგალითია ამერიკული პოლიტიკური ცხოვრების წესი. ორი დღის წინ ვნახეთ ტრამპის და მისი გუნდის მწვავე დაპირისპირება, ერთმანეთს მოღალატეები და რეები არ უწოდეს, მაგრამ  არავის არავინ გაურიცხავს.

ესენი ერთადერთი, რასაც ნერგავენ, არის ის ბოლშევიკური წესი, როდესაც ქვეყანაში მეორე პარტიას და განსხვავებულ აზრს არსებობის უფლებას არ აძლევდნენ. ვფიქრობ, ეს პატარა ბავშვები რომ მიუშვა, ერთ დიდ კომკავშირულ პარტიას გააკეთებენ და განსხვავებულ აზრს არ გააჭაჭანებენ...

- ელოდებით თუ არა პარტიიდან სხვა დეპუტატების გარიცხვასაც თუნდაც იმიტომ, რომ "კობახიძის გუნდთან" დაპირისპირება არა ერთ დეპუტატს ჰქონდა?

- ვფიქრობ, ამ ადამიანებმა თავისი ნებით არ უნდა დატოვონ პარტია, უნდა გააგრძელონ აზრის გამოთქმა, რომ ეს პოლიტიკური ცხოვრების წესი არ მოსწონთ... თუ მათაც ჩემსავით გარიცხავენ, საზოგადოების მხარდაჭერას სულ მეტად დაკარგავენ...

- კვირიკაშვილის კადრების დევნას ხომ არ ელით?

- არ ვიცი, მგონი, ჯერ ყველა თვითონ წავიდა თანამდებობიდან. შეიძლება ზემოთ რაღაცას გეგმავდნენ, მაგრამ "ქართულ ოცნებაში" ამის განხილვა, ნამდვილად არ მომისმენია.

- თქვენ რას აპირებთ?

- გავარძელებ ჩემს სადეპუტატო საქმიანობას, ვემსახურები ჩემს ამომრჩეველს და მაქსიმალურად შევეცდები, ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრდეს დეპუტატის საქმიანობის მაღალი სტანდარტი. იმედია, ამაში ჩემი კოლეგებიც გვერდში დამიდგებიან. იქ ბევრი ღირსეული ადამიანია...

თიკო ოსმანოვა (სპეციალურად საიტისთვის)