"დღეს "ახალი კეზერაშვილები" ტერორისტებზე საშიში არიან"
თუ ხელისუფლებაში არ იქნება სტაბილურობა, ის ქვეყანაში სიმშვიდეს ვერ დაიცავს. სწორედ ეს აშფოთებს საზოგადოების უმრავლესობას, რომელსაც ხელისუფლებაში და მის ირგვლივ შექმნილი მდგომარეობა ბევრ კითხვას უჩენს. "ქართული ოცნებიდან" დეპუტატ დავით ჭიჭინაძის გარიცხვამ ზოგ ექსპერტს ავადსახსენებელი კომპარტია გაახსენა. ამავე დროს, თანდათან მყარდება ეჭვი, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული გავლენიანი დაჯგუფებები ცდილობენ, ქვეყანაში ყველა და ყველაფერი გააკონტროლონ.
"ქართული ოცნების" ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა შანტაჟი და კრიზისის ინსცენირება ისწავლა
გია ხუხაშვილი: - "ქართულ ოცნებას" პარტია მხოლოდ პირობითად შეგვიძლია ვუწოდოთ. რეალურად კი ეს არის დაჯგუფება, რომლის წევრებსაც ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტისა და სახელისუფლებო რესურსის გარდა არაფერი აერთიანებთ. სწორედ ამ არაჯანსაღი სისტემის შედეგია, რომ პარტიას დღეს ახალგაზრდების ჯგუფი აკონტროლებს, რომლებმაც ფეხის ბაკუნი და "მამიკოსთან" ჩივილი ისწავლეს და ამ მეთოდებით, ჯერჯერობით, მიზანსაც აღწევენ.
დარწმუნებული ვარ, პარტიიდან დავით ჭიჭინაძის ამ ფორმით გარიცხვა ბიძინა ივანიშვილისთვის მძიმე იქნებოდა, მაგრამ ახლა ძალაუფლებას "დედიკოს ბიჭები" ფლობენ, რომლებიც, თავში რომ წამოარტყამენ, "მამიკოსთან" გარბიან და მანაც რა უნდა ქნას, "შვილებს" ხომ არ დაჩაგრავს?! ზუსტად ასეთი მარტივი პრინციპით მუშაობენ დღეს მმართველ პარტიაში.
- ვის გულისხმობთ "დედიკოს ბიჭების" ჯგუფში? - მათ, ვისაც ჭიჭინაძე უპირისპირდება და დარწმუნებული ვარ, საპარლამენტო უმრავლესობაში კიდევ ბევრი დეპუტატია, ვინც ჭიჭინაძის აზრს იზიარებს, მაგრამ ჯერ საჯაროდ გამოჩენას ერიდება.
"ქართული ოცნების" ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა შანტაჟი და კრიზისის ინსცენირება ისწავლა, მაგრამ მომავალში ეს აუცილებლად მიიღებს უფრო საშიშ სახეს.
ერთადერთი ფაქტორი, რაზეც დღეს ეს არაჯანსაღი სისტემა დგას, ქვეყანაში პოლიტიკური ალტერნატივის არარსებობაა, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ პოლიტიკური სტაგნაცია დიდხანს არ გაგრძელდება. როგორც კი პოლიტიკური ალტერნატივა გამოჩნდება, პრობლემები ზედაპირზე უფრო მძაფრად ამოვა და "ქართული ოცნების" კონსტრუქციაც დაიშლება, რადგან პოლიტიკური კონსტრუქცია მყარი ვერ იქნება, თუ მას ფასეულობათა სისტემა არ ამაგრებს. ასეთია პოლიტიკის ისტორიული ლოგიკა. გარდა ამისა, "ქართულ ოცნებას" გავლენიანი ჯგუფებიც უთხრიან ძირს.- კერძოდ? - არაერთხელ გვისაუბრია, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული გავლენიანი ჯგუფები ცდილობენ, იქცნენ "ახალ კეზერაშვილებად", ანუ გააკონტროლონ ყველა ის სფერო თუ თემა, რასაც კეზერაშვილი აკონტროლებდა.
დღეს "ახალი კეზერაშვილები" ტერორისტებზე საშიში არიან. ყველამ კარგად იცის, რომ ფარცხალაძის დაჯგუფება პოლიტიკაში საკუთარი ინტერესების დალაგებას ცდილობს. ტრაგედია ის არის, რომ მმართველი გუნდის ნაწილი ფარცხალაძეს თავისი ოჯახის წევრად"აღიქვამს და ბევრ საკითხში მწვანე შუქს უნთებს. ასეთი დაჯგუფებები არა მხოლოდ "ქართულ ოცნებას", არამედ ხელისუფლებასა და სახელმწიფოს აყენებენ გამოუსწორებელ ზიანს.
ფარცხალაძისნაირი ჯგუფების პოლიტიკასთან ახლოს მისვლაც კი სახელმწიფოებრივად სახიფათოა. საბოლოოდ ყალიბდება სისტემა, როდესაც პოლიტიკა მუშაობს ფულზე. მიხეილ სააკაშვილის დროს ფული პოლიტიკაზე მუშაობდა.
მან მოახერხა, ფინანსური თუ სხვა ტიპის დაჯგუფებები ერთ პოლიტიკურ ვერტიკალში მოექცია და მათ პოლიტიკაზე ამუშავებდა. რა თქმა უნდა, ეს არაჯანსაღი იყო, მაგრამ დღეს უფრო მძიმე ვითარებაა - გავლენიანი ჯგუფები ცდილობენ, პოლიტიკურ პროცესებზე დომინანტობა მოიპოვონ. თუ ფარცხალაძემ და სხვა გავლენიანი დაჯგუფების ბოსებმა მოახერხეს და სრული კონტროლი დაამყარეს ბიზნესპროცესებზე, საფინანსო სისტემასა და პოლიტიკაზე, ეს სახელმწიფო სისტემას საბოლოოდ მოარყევს, ყველა დონეზე აყვავდება კორუფცია და ქვეყანა ქაოსის უფსკრულში გადაეშვება.
სხვათა შორის, ფარცხალაძე თორდიას ფიზიკურად რომ დაუპირისპირდა, სწორედ მაშინ გამოჩნდა, როგორ ლპება ნელ-ნელა სახელმწიფო სტრუქტურა. მან სახელმწიფო მოხელეზე ხელი იმ მოტივით ასწია, რომ თორდიამ მის საქმიანობაში ქექვა გაბედა. ამაზე ცუდი რაღა უნდა მომხდარიყო სახელმწიფოში, რომ ხელისუფლება გამოფხიზლებულიყო და ადეკვატური ნაბიჯები გადაედგა?! თუ მმართველი გუნდი უკვე იქცა გავლენიანი დაჯგუფებების მძევლად, ეს მას პოლიტიკურად ძალიან ძვირად დაუჯდება.
"პარტიიდან გარიცხვით ვერავის შეაშინებენ"
რამაზ საყვარელიძე: - როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, თქვა, რომ მისი პოლიტიკაში დაბრუნება "მეორედ მოსვლის" ტოლფასი იქნებოდა. "ქართულ ოცნებაში" მართლაც "მეორედ მოსვლის" მსგავსი პროცესები განვითარდა და ყოფილი პრემიერი პარტიაში თავმჯდომარის სტატუსით დაბრუნდა, მთავარ არგუმენტად კი გუნდის წევრებს შორის დაპირისპირება დაასახელა. ამ განცხადებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, აშკარაა, რომ "ქართულ ოცნებაში" მართვის სტილმა და დაპირისპირებამ უფრო მძიმე ფორმა მიიღო და ამას ბიძინა ივანიშვილმაც ვერ უშველა, ყოველ შემთხვევაში, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები სწორედ ამაზე მეტყველებს. იერარქიული მართვა, როდესაც გუნდის წევრებისგან ლიდერის კრიტიკა დაუშვებელი და მიუღებელია, არაერთ სტრუქტურაში გვხვდება, მათ შორის - რელიგიურ თუ ძალოვან სისტემებში, რასაც, შესაძლოა, გამართლება მოვუძებნოთ, მაგრამ როდესაც პარტიიდან, უდისციპლინობის მოტივით, კრიტიკისთვის თანაგუნდელს რიცხავენ, ეს უფრო ღრმა და სერიოზულ პრობლემაზე მიანიშნებს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ასე იქცეოდნენ კომუნისტები, ოღონდ პარტიიდან გარიცხვის შემდეგ, ხშირად ადამიანს ხვრეტდნენ. საბედნიეროდ, დახვრეტამდე ჯერ შორს ვართ, თუმცა კომპარტიის მეთოდები არც მმართველ გუნდს მოუტანს კარგს და არც - ქვეყანას.
- "ქართული ოცნების" ლიდერებმა დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვა გუნდში სტაბილურობის შენარჩუნების მცდელობად შეაფასეს. მათივე განცხადებით, დაუშვებელია, თანაპარტიელი გუნდის წევრებს, მაგალითად, ცხვრებად მოიხსენიებდეს... - აშშ-ში,"რესპუბლიკური პარტიის წევრთა ნაწილი დღეს აკრიტიკებს ტრამპს და დოყლაპიად მოიხსენიებს, თუმცა ლიდერის შეურაცხყოფის გამო რომელიმეს გარიცხვის საკითხი დადგა დღის წესრიგში? რა თქმა უნდა, არა! სამწუხაროდ, ჩვენ გარშემო მსოფლიო იცვლება, ჩვენ კი ისევ გასული საუკუნის პირველი ნახევრის თუ კომუნისტური რეჟიმის დროინდელ პარტიული მართვის სტილს ვებღაუჭებით.
პარტიიდან გარიცხვით ვერავის შეაშინებ და ეს დავით ჭიჭინაძის მაგალითზეც გამოჩნდა - თუ რამდენიმე თვის წინ დავით ჭიჭინაძეს, როგორც პოლიტიკოსს, არავინ იცნობდა, ბოლო დღეებში გუნდთან დაპირისპირებით მან მნიშვნელოვანი პოლიტიკური კაპიტალის დაგროვება შეძლო. საერთოდ, ძალის დემონსტრირებით პარტიის მართვა ყველაზე იოლია, საკითხების დემოკრატიულად გადაწყვეტაა რთული. "ქართული ოცნება" იოლ გზას დაადგა, შედეგი კი აუცილებლად მძიმე იქნება.
- რას გულისხმობთ? - როდესაც პარტიაში პრობლემა ჩნდებოდა, "ნაციონალები"ურჩ წევრს საკუთარი რიგებიდან არათუ აგდებდნენ, ძალადობდნენ კიდეც მასზე როგორც მორალურად, ისე - ფიზიკურად და ფინანსურად.
საბედნიეროდ, ჯერჯერობით არ ჩანს ნიშნები, რომ "ქართული ოცნება" ძალადობის გზასაც დაადგება, მაგრამ განსხვავებული აზრი მათთვის მიუღებელი რომ გახდა, ხომ კარგად გამოჩნდა?!
ეს კი საშიშია იმიტომ, რომ ქვეყანაში სტაბილურობის ერთადერთ გარანტად სწორედ "ქართული ოცნება" იქცა. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ პარტია დაიშლება! რა ტიპის ქაოსი შეიძლება ქვეყანაში დაიწყოს! ოპოზიციური პარტიებიდან რეიტინგი არც ერთს არ აქვს და მათი ერთიანობაც, ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, გამორიცხულია. ამ მძიმე პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, მმართველ პარტიაში მსგავსი ნაბიჯების გადადგმა და შეცდომების დაშვება ქვეყანაში ქაოსის პერსპექტივას ზრდის." "ქართულ ოცნებას" უნდა ესმოდეს, რომ თუ მართვის არასწორ სტილს აირჩევს და კომპარტიის მეთოდებს დანერგავს, აუცილებლად გაიზრდება უკმაყოფილოთა რიცხვი პარტიაშიც.მარტივი პოლიტიკური ფორმულაა - რევოლუცია იწყება იქ, სადაც ავტორიტარული მართვის სტილია. დემოკრატიული წესებით მართვისას რევოლუცია გამორიცხულია. თუ ადამიანებს ეტყვი, რომ პრობლემა ერთად, მათი მონაწილეობით უნდა გადაიჭრას, ცუდი შედეგის შემთხვევაში ყველა საკუთარ თავს ადანაშაულებს, მაგრამ თუ თანაგუნდელებს ეტყვი, რომ გადაწყვეტილებას მხოლოდ საკუთარი შეხედულებით მიიღებ, ცუდ შედეგს ყველა შენ დაგაბრალებს. შესაბამისად, მცირერიცხოვანი ჯგუფის მიღებული ხისტი გადაწყვეტილება ყოველთვის სახიფათოა. "ქართულ ოცნებას" რომ მოეწვია დიდი კრება და პარტიას ემსჯელა, ვინ არის მტყუანი და ვინ - მართალი, ჭიჭინაძის გარიცხვის გამო ასეთ ნეგატიურ შეფასებებს არ დაიმსახურებდა, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა - კობახიძე-მდინარაძე-კალაძემ ჭიჭინაძეს ვერდიქტი გამოუტანეს, შესაბამისად, შედეგზე პასუხისმგებლობაც მხოლოდ მათ დაეკისრებათ.
რატომ აიღეს საკუთარ თავზე ასეთი დარტყმა, გაუგებარია. როგორც ჩანს, ისევ გამოუცდელობასთან გვაქვს საქმე.
- როგორც ვხვდები, ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრებულ ტრადიციას პროგნოზირებთ - ოპოზიციური პარტია ყოველთვის სახელისუფლებო გუნდიდან იქმნებოდა... - დიახ, ქართულ პოლიტიკაში ყველა ძლიერი ოპოზიციური პარტია ყოველთვის სახელისუფლებო პარტიის წიაღიდან იქმნებოდა და მომავალშიც ასე იქნება. თუ "ქართულ ოცნებაში" დაპირისპირება გაღრმავდა, მმართველი გუნდი თავისივე წიაღიდან წარმოშობს ახალ ოპოზიციურ ძალას და დღეს რთულია იმაზე მსჯელობა, ამის შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები.
ლაშა თორდია: "თუ ფარცხალაძის დანაშაულს არ გამოიძიებენ, დახმარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მივმართავ"
ერთ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ლაშა თორდიამ ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე თავდასხმაში დაადანაშაულა. ამ ინციდენტიდან მალევე გამოქვეყნდა სახელმწიფო აუდიტის შუალედური დასკვნაც, სადაც ნათქვამი იყო, რომ თბილისის მერიამ ოთარ ფარცხალაძეს სახელმწიფო ქონება მესამედ ფასად გადასცა და მიწის გასხვისებისთვის გამოცხადებულ აუქციონზეც პრივილეგირებული პოზიცია ხელოვნურად შეუქმნა. ლაშა თორდია მის წინააღმდეგ ფიზიკურ ანგარიშსწორებას სახელმწიფო აუდიტის მიერ ოთარ ფარცხალაძის საქმიანობის შესწავლას უკავშირებდა. თავდასხმის ფაქტსა და მერიის შესაძლო კორუფციულ გარიგებაზე გამოძიება ერთი წლის წინ, თითქმის ერთდროულად დაიწყო, თუმცა პასუხი კითხვაზე, რა მოხდა "ელ ცენტროში" და რატომ ჩააყენა მერიამ ოთარ ფარცხალაძე პრივილეგირებულ მდგომარეობაში, ოფიციალურად დღემდე არ არსებობს. "კვირის პალიტრასთან" ლაშა თორდია აცხადებს, რომ თუ ახალი მთავარი პროკურორის მოსვლის შემდეგაც საქმე თაროზე შემოდებული დარჩა, ის დახმარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს:
- ჩემი უმთავრესი ამოცანაა, ერთი წლის წინ დაწყებული საქმის გამოძიება ბოლომდე მივიდეს. თავიდანვე იგივე პოზიცია უნდა ჰქონოდა პროკურატურასაც, რადგან, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მაშინ სახელმწიფო მოხელეს ფიზიკურად გამისწორდნენ და ეს მხოლოდ იმის გამო მოხდა, რომ თბილისის მერიისა და ოთარ ფარცხალაძის გარიგების შესახებ აუდიტორებმა მოკვლევა დავიწყეთ. რამდენჯერმე პროკურატურას ვთხოვე, გამოძიების დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაცია მოეწოდებინა, მაგრამ სამწუხაროდ, ყოველთვის ვიღებ პასუხს, რომ გამოძიება მიმდინარეობს. ამ საქმესთან დაკავშირებით ზუსტად ასევე პასუხობენ სახალხო დამცველსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც. ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძე "ელ ცენტროში" თავს დამესხა და ამ დრომდე პროკურატურამ დაზარალებულადაც კი არ მცნო.
- და რას უკავშირებთ გაჭიანურებულ გამოძიებას?
- ეს მარტივია... ოთარ ფარცხალაძეს ჰქონდა და დარწმუნებული ვარ, დღესაც აქვს პროკურატურაში გავლენა. ახლა უკვე ყოფილი პროკურორი ირაკლი შოთაძე ფარცხალაძის კადრი იყო და სიმართლე გითხრათ, არც მქონდა ილუზია, რომ შოთაძე ყოფილი ხელმძღვანელის დანაშაულებრივ საქმიანობას გამოიძიებდა, მაგრამ მაინც ვიმედოვნებ, რომ საზოგადოებას ასეთ შეურაცხყოფას არ მიაყენებდნენ და ყველა შეკითხვას უპასუხოდ არ დატოვებდნენ. ამ შემთხვევაში საქმე მხოლოდ ლაშა თორდიას არ ეხება. ირაკლი ფარცხალაძემ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას - სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიაყენა შეურაცხყოფა და ფიზიკურად გაუსწორდა მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ მაშინ თბილისის მერიის საქმიანობა და ოთარ ფარცხალაძისთვის სახელმწიფო ქონების მესამედ ფასად გადაცემა გამოვიკვლიეთ.
- თქვენ შუალედური დასკვნაც გაგზავნეთ პროკურატურაში, რათა უწყებას თბილისის მერიისა და ოთარ ფარცხალაძის შესაძლო კორუფციული გარიგება გამოეძიებინა. გამოძიება არც ამ მიმართულებით წარიმართა? - რა თქმა უნდა, პროკურატურა არც ჩვენი გაგზავნილი დოკუმენტებით დაინტერესებულა. აუდიტორების ჯგუფის გამოკვლეულ მასალებში სწორედ სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთებოდა, მაგრამ ეს საქმეც დღემდე თაროზეა შემოდებული. ანუ მთელი სახელმწიფო მანქანა - როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ისე პროკურატურა, ოთარ ფარცხალაძის დანაშაულს გადაეფარა და ჩემს წინააღმდეგ ამუშავდა, ნაცვლად იმისა, რომ დამნაშავე პასუხისგებაში მიეცათ. იმედი მაქვს, ახალი მთავარი პროკურორი დაინტერესდება ამ საქმეებით. ცოტა ხანს კიდევ დაველოდები გამოძიების შედეგებს და თუ პასუხი ისევ ვერ მივიღე, დახმარების თხოვნით აუცილებლად მივმართავ საერთაშორისო ორგანიზაციებს. ეს საქმე ასე არ დასრულდება, ფარცხალაძეს აუცილებლად მოუწევს ჩადენილი დანაშაულისთვის კანონის წინაშე პასუხისგება, ამის პირობას ვაძლევ! ბევრი გახმაურებული საქმე შემოუდვია თაროზე პროკურატურას, მაგრამ ყოველთვის დგება ეტაპი, როდესაც ასეთი მასალები ისევ აქტუალური ხდება. სანამ ეს დრო დადგება, სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ფარცხალაძის მსგავსი დამნაშავეების მფარველობით ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომს ქმნის, მალავს დანაშაულს, რომელიც კონკრეტულად ერთი პირის მიმართ კი არა, აუდიტის სამსახურის მიმართ იყო ჩადენილი, რომელიც მხოლოდ კონსტიტუციით დაკისრებულ ვალდებულებას ასრულებდა.
რუსუდან შელია