"ოცნების" მმართველობის სტილი პრიმიტიულია"
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუმ საზოგადოებაში ბევრი კითხვა გააჩინა, მათ შორის ისიც, თუ რამდენად მდგრადია სახელისუფლებო გუნდი. პროფესორ ლადო პაპავასთან საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ.
- ივანიშვილმა გულისწყრომა გამოხატა, რომ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს "ქართული ოცნების" წევრები არ ეხმაურებიან. ასწლოვანი ხეები პარკისთვის რომ გადააქვს და ამ პარკის სახელმწიფოსთვის საჩუქრად გადაცემას გეგმავს, არც მე ვიცოდი... რაც შეეხება შერბილებულ ტონს, მომეჩვენა, რომ უფრო თავის მართლებას ცდილობდა, თუმცა თავისი გარემოცვა და სახელისუფლებო გუნდიც ხომ თვითონ დააკომპლექტა, შესაბამისად, საკუთარ საკადრო გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობაც მანვე უნდა იკისროს.
თუ კვირიკაშვილის ეკონომიკური პოლიტიკა მისთვის მისაღები არ იყო, რატომ გადაიყვანა ეკონომიკის უსუსური მინისტრობიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციის გავლით პრემიერ-მინისტრად?! ვის უნდა მოვთხოვოთ ამაზე პასუხი, თუ არა ისევ ივანიშვილს?
სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" მმართველობის სტილი აბსოლუტურად პრიმიტიულია - გუნდის განწყობა დამოკიდებულია პირველ კაცზე. ჯერ იყო და, გუნდმა დაიჯერა, რომ კვირიკაშვილი მართლა გახდა პირველი კაცი და ყველა მის ნათქვამს კაჭკაჭივით იმეორებდა, მაგრამ როგორც კი ივანიშვილმა პირველკაცობა დაიბრუნა და ის "მგლის ბილეთით" გააძევა პოლიტიკური სივრციდან, იგივე გუნდი კვირიკაშვილს ყვავ-ყორნებივით შეესია...
- ივანიშვილმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ შარშან, ოქტომბერში, დაკარგა კვირიკაშვილთან თანამშრომლობის სურვილი. ისიც დასძინა, რომ მაშინდელ პრემიერს გუნდის მართვა უჭირდა და თანამდებობიდან ამიტომ უნდა გადამდგარიყო. სწორედ კვირიკაშვილისადმი ივანიშვილის შეცვლილმა დამოკიდებულებამ ხომ არ განაპირობა, რომ პარლამენტისა და მთავრობის ნაწილი შესაძლოა მართლაც არ ემორჩილებოდა გიორგი კვირიკაშვილს? - სანამ საპარლამენტო უმრავლესობას ეგონა, რომ კვირიკაშვილს ივანიშვილი სრულად ენდობოდა არა მხოლოდ მთავრობაში, არამედ პარტიაშიც, ყველა ერთხმად სწორედ კვირიკაშვილის პოზიციას ეთანხმებოდა და მას უპირობო ლიდერად აღიარებდა (რა თქმა უნდა, ივანიშვილის შემდეგ). საკმარისი აღმოჩნდა, ივანიშვილი კვირიკაშვილს დაჰპირისპირებოდა, რომ გუნდის პოზიციაც რადიკალურად შეიცვალა და მათ უარი თქვეს, კვირიკაშვილის, ქუმსიშვილისა და ალავიძის გვერდით დამდგარიყვნენ. საბედნიეროდ, პარლამენტში პრინციპული დეპუტატებიც აღმოჩნდნენ. მათ შორის აღსანიშნავია დავით ჭიჭინაძე. გედევან ფოფხაძემაც სცადა ხმის ამოღება, მაგრამ მხოლოდ ბოდიშის ამოკნავლება მოახერხა, ჭიჭინაძე კი"დასაჯეს იმის გამო, რომ ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც ასეთ ვითარებაში ჯანსაღად აზროვნებდა და ვაჟკაცურადაც იქცეოდა.
დეპუტატების უმრავლესობას არ ესმის, რომ თითოეული მათგანი პაიკი და სხვისი ბრძანების შემსრულებელი კი არა, კანონმდებელია და პულტზე თითის დაჭერისას საპარლამენტო"დირიჟორის ხელს კი არ უნდა უყურებდნენ, თვითონაც უნდა უფიქრდებოდნენ, ვის დაუჭირონ მხარი.
ცხოვრება პარლამენტით არც იწყება და, ღმერთმა ნუ ქნას, პარლამენტითვე მთავრდებოდეს.
- რა საფრთხეს უქმნის პარტიაში ასეთი მართვის სტილი ქვეყნის განვითარებას და რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ცოტა ხნის შემდეგ, შესაძლოა, მოქმედი პრემიერიც გიორგი კვირიკაშვილის მდგომარეობაში აღმოჩნდეს? - პრობლემა ის კი არ არის, რა ვითარებაში აღმოჩნდება მოქმედი პრემიერი, არამედ ის, რომ ქვეყანა დიდი ხანია საფრთხეშია, რადგან ის არასწორი ეკონომიკური მიმართულებით ვითარდება. ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუში სიღარიბის გადაჭრის გზებზეც ისაუბრა, თუმცა მისი ხედვის შესაბამისი ნაბიჯები ისედაც მძიმე სოციალურ ფონს უფრო დაამძიმებს.
- ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა ეკონომიკურ ზრდაზეც, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ევროპასთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებისა და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შედეგია. - მართალია, ეს შეთანხმებები ხელმოწერილი და ამოქმედებულია, მაგრამ თვისებრივი ძვრა ეკონომიკაში ჯერ არ ჩანს, შესაბამისად, მისი არგუმენტები ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდაზე რეალობასთან დაკავშირებული არ გახლავთ. ეკონომიკური ზრდა ფინანსური სექტორისა და ტურიზმის მასშტაბის ზრდის შედეგია. რაც უფრო მეტი ტურისტი შემოდის ქვეყანაში, მთლიანი შიგა პროდუქტიც იზრდება, მაგრამ მაინც ეკონომიკურ ჩიხში ვართ. ტურიზმის გაზვიადებულ როლს ეკონომიკაში, რომელიც რეალურად განუვითარებელია,"ტურისტული ხაფანგიც კი ვუწოდე. კერძოდ, სამომხმარებლო და სასურსათო კალათების 80%-ს შეადგენს იმპორტული პროდუქტი, რომელსაც მოვიხმართ როგორც ჩვენ, ისე ტურისტიც, შესაბამისად, ტურისტის მიერ საქართველოში დახარჯული ყოველი ერთი დოლარიდან საშუალოდ 80 ცენტი იმპორტს ხმარდება. ტურისტი რომ სასტუმროში მიდის, იქ ადგილობრივი წარმოების თუნდაც ნათურას ვახვედრებთ? სამწუხაროდ, არა! ბიძინა ივანიშვილი კი ყურადღებას ისევ სასტუმროებზე ამახვილებს. ასეთ ფონზე ეკონომიკის მინისტრად ისევ ექიმის (შეხსენებისთვის - ბატონი კვირიკაშვილი განათლებით ექიმია) დანიშვნა დანაშაულებრივი შეცდომაა. ერთი მწარე გამოცდილება ხომ მიიღო კვირიკაშვილის სახით, ახლა იმავეს იმეორებს?
საკადრო პოლიტიკა რომ ისევ არასწორი მიმართულებით მიდის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ ვინმე რიჟვაძის დანიშვნაც მოწმობს. 29 წლის ბიჭი აჭარის მთავრობის მეთაურად რა დასანიშნია?
არ ვიცი, მისმა წინამორბედმა პატარაძემ რა გააკეთა, მაგრამ მას დიპლომატიური გამოცდილება მაინც ჰქონდა, მთავრობისთვის საყმაწვილო ასაკის რიჟვაძე კი რატომ დაინიშნა ასეთ მაღალ თანამდებობაზე, აბსოლუტურად გაუგებარია.
ეს იმ საბავშვო ბაღის გაგრძელებაა, რასაც სააკაშვილმა დაუდო სათავე, როცა მაღალ თანამდებობებზე ინიშნებოდნენ გამოუცდელი გოგო-ბიჭები, რომლებიც დირექტივას ყოველთვის"ზემოდან" ელოდნენ.
აშკარაა, რომ ბატონ ბახტაძის გაპრემიერმინისტრებამ დიდი საკადრო რყევები გამოიწვია როგორც მთავრობაში, ისე რეგიონულ ხელისუფლებაში. არ გამიკვირდება, პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარეებიც შეცვალონ. როდესაც ბახტაძე ფინანსთა მინისტრი გახდა, კვირიკაშვილის გუნდის წევრმა, ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარემ, ის გააკრიტიკა იმისთვის, რომ ჭარბვალიანობის გამო ბანკებს შეუტია. რა იცოდა იმ საცოდავმა, რომ მალე კვირიკაშვილს გაუშვებდნენ და ვისაც დაუპირისპირდა, პრემიერი სწორედ ის გახდებოდა.
- დიდი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილს არ უსაუბრია მართლმსაჯულების ხარვეზებზე. რატომ? - ივანიშვილმა თვითონ დაუშვა შეცდომა, როდესაც"კოლექტიური მურუსიძის ინსტიტუტი შექმნა. ამის შედეგია სასამართლო ხელისუფლებაში კრიზისული ვითარებაც. თურმე მურუსიძე წინა რეჟიმის მსხვერპლი ყოფილა! მაშინ, გამოდის, რომ მართლაც მსხვერპლი გირგვლიანი საერთოდ დასავიწყებელია. მართალია, ბიძინა ივანიშვილს არ უთქვამს, გირგვლიანის საქმე დავივიწყოთო, მაგრამ მურუსიძის მსხვერპლად გამოცხადება ხომ ამას ნიშნავს?!
- სამაგიეროდ, საზოგადოებამ აშკარად მოისმინა ივანიშვილის პოზიცია საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით - ის ემხრობა აზრს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი მისი გუნდიდან არ დასახელდეს და თუ არ იქნება "ღირსეული დამოუკიდებელი კანდიდატი", მაშინ "ქართულმა ოცნებამ" არავის დაუჭიროს მხარი და "ოპოზიციამ გაინაწილოს ეს ინსტიტუტი". - ივანიშვილმა შემოგვთავაზა სრულიად ახალი მოდელი, რომლითაც მან, ფაქტობრივად, გვითხრა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არ სჭირდება."
"ქართული ოცნება" ხელისუფლებაში უკვე მეორე ვადით არის, თანაც ის სრულად აკონტროლებს ადგილობრივ ხელისუფლებას. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მესამე ვადით "ქართული ოცნების" უმრავლესობით გამარჯვების შემთხვევაში ამ პოლიტიკურ ძალას დასავლეთი ძალზე კრიტიკულად შეხედავს, ამიტომ ბიძინა ივანიშვილი თანახმაა, დაუთმოს პრეზიდენტის პოსტი თუნდაც ყველაზე მიუღებელ ოპოზიციას, ასეთად კი არა მარტო და არა იმდენად თვითონ "ნაცები", არამედ "ევრონაცები" მოიაზრებიან. ამ შემთხვევაში შეიქმნება ილუზია, რომ ქვეყანას პრეზიდენტი ჰყავს ერთი პარტიიდან, საპარლამენტო უმრავლესობა და, შესაბამისად, მთავრობა კი სხვა პარტიას წარმოადგენს.
- ოპოზიციური პარტიის თუნდაც უუფლებო პრეზიდენტი მმართველ გუნდს პოლიტიკურ დისკომფორტს ვერ შეუქმნის? - ბიძინა ივანიშვილს სძულს სააკაშვილი და მისი ზოგიერთი ოდიოზური ფიგურა, მაგრამ არა - ყველა! ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, ივანიშვილმა იმიტომ მოიშორა ძველი, ბრძოლაში გამობრძმედილი "ქოცები" და დაიახლოვა "კოლექტიური ზარდიაშვილები", რომ საჭიროების შემთხვევაში "ევრონაცებთან" საერთო ენა უფრო ადვილად გამოინახოსო.
შეხედეთ, როგორი რეიტინგები გამოქვეყნდა სოციოლოგიური ვაიკვლევების შედეგად - თითქოს დავით ბაქრაძე საზოგადოების დიდი ნდობით სარგებლობს!
ამის შემდეგ ნახეთ, უფრო როგორ გაზრდის NDI და IRI-ც ბატონი ბაქრაძის პოპულარობა-ნდობის რეიტინგს. ამბობენ, არ არის გამორიცხული, "ქართულმა ოცნებამ" სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას დაუჭიროს მხარიო... პირადად მე საპარლამენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილს მივეცი ხმა. ვფიქრობდი, რომ რადგან "ქართულმა ოცნებამ" სალომე ზურაბიშვილს კარტ-ბლანში გაუხსნა, ის პრინციპულობას გამოიჩენდა და გარკვეულ საკითხებში მმართველ გუნდს დაუპირისპირდებოდა, თუმცა ვაღიარებ, შემეშალა - ერთი საკითხიც არ მახსენდება, რომელზეც სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში პრინციპული პოზიცია გამოხატა. მეტიც - მან განაცხადა, სანდრო ჯეჯელავა ყველაზე კარგი მინისტრიაო; ალბათ, იმიტომ, რომ კვირიკაშვილისთვის ესიამოვნებინა, თორემ ვერ დავიჯერებ, რომ ჯეჯელავა მართლა მოსწონდა. მან მხოლოდ "ქართული ოცნების" მიმართ ლოიალობა გამოავლინა. როგორც ჩანს, თავიდანვე გათვალა, რომ "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს დაუჭერდა.
- ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ კვირიკაშვილმა და ქუმსიშვილმა სავალუტო ფონდის კვლევა დაუმალეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ საქმე IMF-ის 2016 წლის კვლევას ეხებოდა. აღსანიშნავია, რომ ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განმარტებით, როდესაც კვლევასთან დაკავშირებით მთავრობა და სავალუტო ფონდი ვერ თანხმდებიან, ის არ ქვეყნდება.
- ბატონი ბიძინა უნდა დაფიქრდეს, რაში სჭირდება სამთავრობო გუნდის ისეთი წევრი, რომელიც მას უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებს, უფრო სერიოზულად კი, ბიძინა ივანიშვილი თავის თავს ეწინააღმდეგება. კერძოდ, თუ მართლაც წასული იყო პოლიტიკიდან, მაშინ რატომ უნდა წარედგინათ კვირიკაშვილს ან ქუმსიშვილს მისთვის სავალუტო ფონდის შედგენილი ერთ-ერთი დოკუმენტი?
ბატონი ბიძინა ამბობს, რომ მისი ფუნქცია, რაც მთავრობიდან წავიდა, იყო და არის მთავრობის გაკონტროლება. ეტყობა, მან ყურადღება არ მიაქცია და არც არავინ უთხრა, რომ კონტროლი არის მართვის სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია, და რომ ინგლისური ენიდან სიტყვა ჩონტროლ-ის თარგმანის ერთ-ერთი ვარიანტია "მართვა". ასე რომ, თუ ის მართლა აკონტროლებს (ანუ მართავს) მთავრობას, მაშინ კვირიკაშვილიც და ქუმსიშვილიც ვალდებულნი იყვნენ, სავალუტო ფონდის კვლევა მისთვის ეჩვენებინათ. ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი მთავრობასთან დაკავშირებით უმთავრესად სიტყვა "კონტროლს" იყენებდა და მხოლოდ ერთხელ წამოსცდა სიტყვა "მონიტორინგი"."ეტყობა, ჰგონია, რომ "კონტროლი" და "მონიტორინგი" სინონიმებია. სინამდვილეში მათ შორის არსებითი სხვაობაა და თუ ის მართლაც მთავრობის მონიტორინგს ახორციელებდა და ახლაც ახორციელებს, მაშინ მთავრობა არ იყო ვალდებული, მისთვის რაიმე წარედგინა - პირიქით, თვითონ ივანიშვილს უნდა მოეთხოვა მთავრობისგან, რა ინფორმაციაც სჭირდებოდა მონიტორინგისთვის.
რუსუდან შელია