ლია მუხაშავრია: "დღეს სასამართლო "კოზა ნოსტრას" პრინციპით იმართება"
"ნინო გვენეტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არა, მაგრამ სასამართლოს ჯანმრთელობის მდგომარეობა პრეზიდენტის კომპეტენციაა", - გიორგი მარგველაშვილის ამ განცხადების შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შესარჩევად სამოქალაქო სექტორთან ღია კონსულტაციები ოფიციალურად დაიწყო.
რა ხდება და რატომ ვერ "გამოჯანმრთელდა" სასამართლო სისტემა? არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, თითქოს ბოლო ექვსი წლის განმავლობაში "ქართულმა ოცნებამ" სასამართლო რეფორმისთვის პირველი ნაბიჯები გადადგა, გარკვეულ სფეროებში საკანონმდებლო და ინსტიტუციური გარემო გაუმჯობესდა კიდეც, მათ შორის, ადმინისტრირების თვალსაზრისით, თუმცა ეს ყველაფერი იმდენად ზედაპირული აღმოჩნდა, რომ ცვლილებებმა სასამართლოს მართვის მანკიერი სისტემა მაინც ვერ შეარყია. როგორც "კვირის პალიტრასთან" საუბრისას უფლებადამცველი ლია მუხაშავრია აცხადებს, ამის მთავარი მიზეზი სისტემაში გაძლიერებული კლანები არიან, რომლებთან დაპირისპირებაშიც მმართველი გუნდი ან დამარცხდა, ან სახელისუფლებო ვერტიკალმაც მათ გაძლიერებას ხელი მაქსიმალურად შეუწყო:
- თანამდებობიდან ნინო გვენეტაძის გადადგომის შემდეგ, უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შესარჩევად ღია, გამჭვირვალე კონსულტაციების დაწყება მართლმსაჯულების გადასარჩენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - გიორგი მარგველაშვილმა ყველა არსებული ბერკეტი უნდა გამოიყენოს, რომ როგორღაც მოვახერხოთ და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ღირსეული კანდიდატი შევარჩიოთ. თუმცა ამ პროცესში "ქართული ოცნების" კეთილი ნების იმედი არა მაქვს. ეჭვი მეპარება, მმართველ გუნდსაც იგივე მიზნები ამოძრავებდეს და სასამართლო სისტემის გაჯანსაღების სურვილი ჰქონდეს.
ნინო გვენეტაძის გადადგომის შემდეგ კიდევ ერთხელ ცხადად გამოჩნდა, რომ დღეს კონკრეტულ ჯგუფებს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება კი არა, კონკრეტულად მათ ინტერესებზე მორგებული სასამართლო სისტემა სჭირდებათ, რაშიც მმართველი გუნდიც ხელს მაქსიმალურად უწყობს.
- ფიქრობთ, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიერ შერჩეული კანდიდატის დამტკიცებას პარლამენტში გააჭიანურებს, რათა საბოლოოდ იუსტიციის საბჭომ ახალი თავმჯდომარე თავად შეარჩიოს? - დარწმუნებული ვარ მოვლენები სწორედ ასეთი საშიში სცენარით განვითარდება, რადგან პარლამენტი უკვე დიდი ხანია პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს წევრობაზე წარდგენილ სამ მოსამართლეს გაუგებარი მიზეზებით არ ამტკიცებს. სხვათა შორის, პარლამენტმა სამი მოსამართლე ამ დრომდე რომ არ დანიშნა, სასამართლო სისტემაში მყოფმა დაჯგუფებებმა ნინო გვენეტაძის წინააღმდეგ წარმატებით გამოიყენეს - გვენეტაძე იძულებული იყო საკასაციო ინსტანციაში შესული საქმეების განხილვაშიც ყოველდღიურად ჩართულიყო, რაც, ბუნებრივია, კლანებთან დაპირისპირების პარალელურად, მას უფრო თრგუნავდა და მართვის უფლებას უზღუდავდა.
ახლა კი, როდესაც ნინო გვენეტაძეც აღარ ჰყავთ საქმეების განმხილველ მოსამართლედ, უზენაეს სასამართლოს კრიზისამდე მიიყვანს - საქმეების განხილვა უფრო გაჭიანურდება.
- სამი წლის წინ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე ნინო გვენეტაძეს რეკომენდაცია პირადად თქვენ გაუწიეთ. თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ არ სცადეთ გაგერკვიათ, რატომ მიიღო მან ყველასგან მოულოდნელად გადადგომის გადაწყვეტილება? - ნინო გვენეტაძესთან არ მისაუბრია, მაგრამ მას კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ ასეთ გადაწყვეტილებას მხოლოდ ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ მიიღებდა.
ნინო გვენეტაძეზე ყოველდღიურად იყო ზეწოლა, რაც საჯაროდაც არაერთხელ უთქვამს. სწორედ ამან განაპირობა, რომ თანამდებობა უფლებამოსილების ამოწურვამდე შვიდი წლით ადრე დატოვა, სხვაგვარად ამ ნაბიჯს არ გადადგამდა. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ.
- და გამორიცხავთ გავრცელებულ ვერსიას, რომ ნინო გვენეტაძის გადადგომა დეკანოზ მამალაძის საქმეს უკავშირდება? - ვერ გეტყვით, მაგრამ ბოლო პერიოდში სასამართლო სისტემაში წლების წინ ჩაბუდებული კლანი კიდევ უფრო გაძლიერდა და ამაში ლომის წილი თეა წულუკიანს უძევს. ის იმდენად გათავხედდა, რომ არც მალავს საკუთარ დამოკიდებულებას როგორც მურუსიძის, ისე ჩინჩალაძის მიმართ, არადა, სწორედ ეს ორი ადამიანი ითვლება სასამართლოში გაძლიერებული კლანის""მამებად". ან რა უნდა გაგვიკვირდეს იმ იუსტიციის მინისტრისგან, რომელმაც ირაკლი შოთაძეს გაყალბებული საქმის სასამართლოში გაგზავნისთვის მადლობა საჯაროდ გადაუხადა?! ფაქტია,
არც იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს სჭირდება მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო, მართლმსაჯულება კი ისეთი სტრუქტურაა, თუ პოლიტიკური ნება არ არსებობს, მხოლოდ მედია და უფლებადამცველები მის გაჯანსაღებას ვერ მოვახერხებთ.
სამწუხაროა, რომ წულუკიანის მისწრაფებები კლანის მამების - ჩინჩალაძისა და მურუსიძის მიზნებს ზედმიწევნით ემთხვევა. რეალურად, დღეს სასამართლო "კოზა ნოსტრას" პრინციპით იმართება და ვინც უნდა მოვიდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ, ამ კლანს უკვე ვეღარ დაამარცხებს. ვიმეორებ, ეს მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკური ნების შემთხვევაშია შესაძლებელი.
- თუ პრეზიდენტის კანდიდატიც ვერ მოახერხებს კლანთან დაპირისპირებას, გამოდის, უკვე დაწყებული საჯარო კონსულტაციებიც ფუჭია სასამართლო სისტემის გასაჯანსაღებლად. - მოდი, შევაჯამოთ, რაში სჭირდება ხელისუფლებას სასამართლოში კლანი - მურუსიძე-ჩინჩალაძემ სააკაშვილის რეჟიმის მეთაურების დანაშაულები ოსტატურად ჩაფარცხეს და შეეცადნენ ნაცარი წაეყარათ იმ უბედურებისთვის, რასაც წინა ხელისუფლება წლების განმავლობაში სჩადიოდა. რა თქმა უნდა, ასეთი მოსამართლეთა კორპუსი მმართველ ძალასაც მათი დანაშაულების ჩასაფარცხად სჭირდება, შესაბამისად, რადგან საჭიროება გაჩნდა, კლანებმაც ჩათვალეს, რომ მათ საცეცების გაფართოების შანსი მიეცათ - შანსი კი წარმატებით გამოიყენეს კიდეც.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომა იმდენად საგანგაშო სიგნალია საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, რომ დარწმუნებული ვარ, სისტემის გასაჯანსაღებლად მათი ზეწოლა ხელისუფლებაზე მალე გაიზრდება და რაც მთავარია, საჯაროდ. თავმჯდომარის შესარჩევად დაწყებული კონსულტაციები კი აუცილებელია მორიგი ლუსტრაციისთვის - რა მიზნები ამოძრავებს ხელისუფლებას სასამართლოებთან დაკავშირებით.
თუ პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატის დანიშვნა პარლამენტში გაჭიანურდება, საერთაშორისო პარტნიორებს უკვე მწვავე კითხვები გაუჩნდებათ მმართველ გუნდთან - წლების განმავლობაში რატომ იხარჯებოდა საქართველოში გადმორიცხული აშშ-ისა და ევროკავშირის კოლოსალური ფინანსები, თუ სასამართლო სისტემა უფრო მძიმე ნიშნულამდე მივიდოდა, ვიდრე სააკაშვილის ხელისუფლების დროს იყო?
ჩვენგან განსხვავებით, დასავლეთი კარგად ხვდება, რამდენად დიდ საფრთხეს უქმნის სასამართლო ხელისუფლების კრიზისი სახელმწიფოს. ასე რომ, თუ ხელისუფლებაში ვინმეს ჰგონია, რომ სასამართლო სისტემაში ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანური დაჯგუფება მარტივად გაუვათ, ახლავე შემიძლია გარანტირებულად ვუთხრა - მწარედ ცდებით და შესაძლოა, ძალიან მალე სწორედ მართლმსაჯულების სისტემაში არსებული დანაშაულებრივი მოქმედებები გახდეს თქვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენების ერთ-ერთი ფაქტორი.
რუსუდან შელია