"რომ არა აფხაზეთის ომი, ქვეყნის ბიუჯეტი 100 მილიარდით გაიზრდებოდა"
"რუსეთმა საქართველო სასტიკად დასაჯა როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურადაც. პრაქტიკულად, ცოცხალ ორგანიზმს ორგანო ამოაჭრეს. ეს აღმოჩნდა დარტყმა მთელი ქვეყნის ეკონომიკურ სისტემაზე"
აფხაზეთის ომიდან 25 წელი გავიდა. მორალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ზარალს, რომელიც რუსეთმა მოგვაყენა, დღესაც ვითვლით. ამასთან, ძალიან დიდი დანაკარგია კონფლიქტური რეგიონების ტურისტული პოტენციალი. საბჭოთა პერიოდში აფხაზეთი უამრავ ტურისტს იზიდავდა - რეგიონში ყოველწლიურად 300 000-მდე დამსვენებელი ჩადიოდა მეზობელი ქვეყნებიდან... ახლა აფხაზეთი ჭაობსა და კრიმინალშია ჩაფლული და შარშან ზღვის სეზონს განსაკუთრებით მძიმედ შეხვდა - 2017 წლის ტურისტული სეზონი სოხუმში ჩავარდა...
მაია სიდამონიძე, ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი: - აფხაზეთს დღესაც უზარმაზარი ტურისტული პოტენციალი აქვს. აჭარის ანალოგიურად, განსაკუთრებით ზაფხულის სეზონი დაიტვირთებოდა. საუბარია მილიარდობით ლარზე, რომელიც შეიძლებოდა შემოსულიყო ბიუჯეტში და იმ რეგიონის ეკონომიკაზე ასახულიყო. დღეს გახსნილი საზღვრებისა და ვიზალიბერალიზაციის ფონზე, უამრავი სტუმარი გვეწვეოდა. საერთაშორისო აეროპორტიც გვექნებოდა, რომელიც პირდაპირი რეისით მოემსახურებოდა ტურისტებს... ამასთან, სწორედ 1992-93 წლებამდე აფხაზეთში ფეხს იკიდებდა გამაჯანსაღებელი ტურიზმიც, რაც დამატებით შემოსავალს მოუტანდა ამ რეგიონს. სოსო არჩვაძე, სტატისტიკოსი: - რომ არა აფხაზეთის ომი, საქართველოს ეკონომიკა აღმოსავლეთ ევროპის დონის იქნებოდა. საბჭოთა პერიოდში ეკონომიკური პოტენციალი საქართველოს მეტი თუ არა, სხვაზე ნაკლები არ ჰქონია. გარდამავალ პერიოდში შეიძლება ცოტა შემცირებულიყო, მაგრამ იმაზე ნაკლები არ იქნებოდა, რაც პოსტსაბჭოთა სივრცეში. იმ დონეზეც რომ შენარჩუნებულიყო ეკონომიკა, როგორც აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნებში, ჩვენი ბიუჯეტი დაახლოებით 100 მილიარდით გაიზრდებოდა. ამით შრომითი მიგრაციაც შემცირდებოდა და ეკონომიკა განვითარდებოდა. ანუ რუსეთმა საქართველო სასტიკად დასაჯა როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად.
სასტუმროების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ აფხაზეთში იყო და ამ რეგიონის დაკარგვამ დიდი ზარალი მიაყენა ეკონომიკას. საქართველომ აპოკალიფსური შოკი მიიღო. პრაქტიკულად, ცოცხალ ორგანიზმს ორგანო ამოაჭრეს. ეს აღმოჩნდა დარტყმა მთელი ქვეყნის ეკონომიკურ სისტემაზე".
თიკო ოსმანოვა