"ჩემ გარდა, სხვა რომელ კანდიდატს უნდა დაუჭიროს მხარი "ქართულმა ოცნებამ?" - კვირის პალიტრა

"ჩემ გარდა, სხვა რომელ კანდიდატს უნდა დაუჭიროს მხარი "ქართულმა ოცნებამ?"

ფოტოზე: პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილთან ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა გაზეთ "კვირის პალიტრაში", რომელშიც ზურაბიშვილი კვლავინდებურად აცხადებს, რომ მმართველი პარტიის მხარდაჭერის იმედი აქვს:

"როგორც მე ვერ წარმომიდგენია "ქართული ოცნების" გარდა, სხვა პარტიამ დამიჭიროს მხარი, ისე რთული წარმოსადგენია ჩემ გარდა, სხვა რომელ კანდიდატს უნდა დაუჭიროს მხარი "ქართულმა ოცნებამ"

კითხვაზე, - თუ მმართველ გუნდს გარკვეულ პოლიტიკურ საკითხებში არ დაეთანხმებით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, "ქართულ ოცნებასთან" პრინციპულ საკითხებზე დაპირისპირება თქვენგან მოსალოდნელია? - სალომე ზურაბიშვილი პასუხობს:

"ვფიქრობ, ეს მათთვისაც საჭიროა. მჯერა, რომ ე.წ. გარე თვალი, რომელიც არ იქნება მმართველ პარტიასთან პოლიტიკურად დაპირისპირებული, მაგრამ რეალობას ადეკვატურად შეაფასებს, "ქართული ოცნებისთვის" აუცილებელია. რა თქმა უნდა, არ ვაპირებ კონფრონტაციის პრეზიდენტი ვიყო, ეს ქვეყანას დადებით შედეგს ნამდვილად არ მოუტანს, პირიქით, უნდა შევეცადოთ მუდმივი დაპირისპირებისგან ახალ რელსებზე გადავეწყოთ - პატარა ქვეყანა ვართ და უაზრო ქიშპობასა თუ კონკურენციაში დროის დაკარგვის უფლება აღარ გვაქვს, თუ, რა თქმა უნდა, საქმე ძირითად პრინციპებსა და იმ "წითელ ხაზებს" არ ეხება, რისი გარანტორიც პრეზიდენტი უნდა იყოს. ვგულისხმობ ქვეყნის საგარეო ორიენტაციას, მის პერსპექტივას, დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას, - ვკითხულობთ ინტერვიუში.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის მზად არის შეხვდეს ბიძინა ივანიშვილს:

" თუ მმართველი პარტია ჩემი კანდიდატურის მხარდაჭერაზე შეთანხმდება, ბიძინა ივანიშვილს უთუოდ შევხვდები. უნდა ვიცოდე, რა ტიპის მხარდაჭერას გამომიცხადებს პარტია და სადამდე უნდა გაგრძელდეს ეს "გამოცხადებული" მხარდაჭერა.

რაც შეეხება გუნდში არსებულ აზრთა სხვადასხვაობას, აბსოლუტურად გასაგებია "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე დისკუსია - პარტიისთვის ისედაც რთული გადაწყვეტილებაა, უარი თქვას საკუთარ კანდიდატზე და სხვა, არაპარტიულ პირზე გადაანაწილოს ამომრჩევლის მხარდაჭერა…"

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად