"აჭარაში ვინმეს რამის მოგვარება თუ უნდა, იცის, რომ ხმა "კანონიერ ქურდ" ლავასოღლის ხოფაში უნდა მიაწვდინოს"
თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი, ალეკო ელისაშვილი, "კვირის პალიტრასთან" აცხადებს, რომ ქვეყანაში სახიფათი ტენდენციის - ქურდული გარჩევების დაბრუნების საფრთხე გაჩნდა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
- ქვეყანაში ისეთი ქაოსია, რომ გიკვირს, როგორ არსებობს. ხალხი მიტოვებულად გრძნობს თავს, მისი პრობლემები ხელისუფლებაში არავის ახსოვს. ამ ზაფხულს ზღვაზე ვიყავი და აჭარაში კაციშვილმა არ იცის, ვინ არის აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. ცხადია, არავის აქვს ილუზია, რომ ის ოცდაათი წლის ბიჭი ვინმეს რამეს მოუგვარებს, მაგრამ პრობლემა ის არის, აჭარაში ვინმეს რამის მოგვარება თუ უნდა, ყველამ იცის, ვინმე ქურდი ლავასოღლი (იგივე მინდია გორაძე - ავტ.), რომელსაც ხოფაში უნდა მიაწვდინო ხმა და ის მოაგვარებს საქმეს ქურდული წესებით. აჭარაში ეს ქურდი მართავს ყველაფერს. ვინმეს თუ მოჰპარავენ რამეს და დაბრუნება უნდა, ლავასოღლის უნდა უთხრას; სამშენებლო ნებართვა გინდა და,"ლავასოღლის უნდა შეუთვალო...
ასეთ დღეში ჩავარდა ქვეყანა "ქართული ოცნების" მმართველობის ლამის უკვე მეშვიდე წელს.
- რაში აწყობს ხელისუფლებას, რომ ქურდები მართავდნენ სიტუაციას?
- თვითონაც ქურდები არიან და იმიტომ, ოღონდ ხაზინის ქურდები. მათ ნებისმიერ დონეზე - სოფლის საკრებულოთი დაწყებული და პარლამენტით დამთავრებული, ერთადერთი დარდი აქვთ, როგორმე მეტი ფული მოიპარონ. ხან ბაზრის გადანაწილებას ცდილობენ და ხან პარტიისთვის ფულის შოვნას... საკრებულოში ვიყავი და ასეთი რამეები ჩემ თვალწინ ხდებოდა, მაგრამ კონკრეტულ პირს ხელს ვერ დაადებდი, მტკიცებულება არ გქონდა. ვიცოდით, კონკრეტული პირი კონკრეტული სამშენებლო ნებართვისთვის სტატუსის შეცვლაში რომ ფულს აკეთებდა, მაგრამ ამას ვერ ვამტკიცებდი, რადგან ჩანაწერიც კი არ მქონდა. ბოლო დროს რა ჩანაწერებსაც ვისმენთ, ზუსტად ეს შინაარსი აქვთ - ამას ფული მიუტანე, ის ამას მოაგვარებს, იმას ამისთვის რაღაც უნდა გადაუხადო... ხელისუფლება ამით არის დაკავებული და ხალხს ამიტომ გაახსენდა, რომ პრობლემების მომგვარებლები, საბჭოთა კავშირის დროსაც და მერე 1990-იანებშიც, ქურდები იყვნენ და მიუბრუნდნენ მათ. ხომ უნდა არსებობდეს ვიღაც, ვინც მათ პრობლემას მოაგვარებს.
აი, ასეთ დონემდე დაეცა ქვეყანა - ერთ მხარეს თავზე ხაზინის ქურდები გვასხედან, მეორე მხარეს კი მთავრობა სრულ ბოდვებშია...
წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად