"თუ "ბიჭები" დროზე არ ალაგმეს, სხვა ბიზნესჯგუფების მოწველასაც დაიწყებენ და საბოლოოდ, დავბრუნდებით შევარდნაძის ეპოქაში" - კვირის პალიტრა

"თუ "ბიჭები" დროზე არ ალაგმეს, სხვა ბიზნესჯგუფების მოწველასაც დაიწყებენ და საბოლოოდ, დავბრუნდებით შევარდნაძის ეპოქაში"

"ომეგა ჯგუფის" სკანდალმა ბევრი პრობლემა გამოამზეურა, მათ შორის, უპირველესად - სახელმწიფო მართვის ნაკლოვანებები. ვინ მართავს ქვეყანას - ხელისუფლება თუ არაფორმალური ინტერესთა ჯგუფები, რომლებიც საკუთარი გავლენის გაძლიერებისთვის იბრძვიან? შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ჯგუფების სიმბოლოდ იქცა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. ამ საკითებზე გზეთ „კვირის პალიტრასთან“ ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

- თუ სისტემა არ შეიცვალა, ქართულ სახელმწიფოს არაფერი ეშველება. ჩვენში წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული სისტემის მართვა ძალიან ძნელია. ის ან უნდა მართო ისე, როგორც მართავდა სააკაშვილი, ან საბოლოოდ მიხვალ იქამდე, რაც ხდებოდა შევარდნაძის დროს, როდესაც პროცესი საერთოდ უმართავი გახდა. აქ შუალედის პოვნა შეუძლებელია.

სახელმწიფო მანქანა ურთულესი მექანიზმია. მისი მართვა არ არის ერთი, თუნდაც ძალიან დიდი კორპორაციის მართვის ტოლფასი. დემოკრატიული ინსტიტუტები, განაწილებული ძალაუფლება სწორედ იმიტომ არის საჭირო, რომ მოხერხდეს სახელმწიფოს დაბალანსებულად მართვა.

როდესაც სისტემას არ ცვლი, მართვის სტილს იმავეს ტოვებ, თუმცა რეფორმებზე ლაპარაკობ, უნდა იცოდე, რომ მარცხისთვის ხარ განწირული. შედეგად სწორედ ისეთი პროცესები ვითარდება, როგორსაც ახლა ვხედავთ, იზრდება კორუფციის რისკიც.

მაინცდამაინც არ ვარ "ომეგა ჯგუფის" საქმეში ჩახედული, მაგრამ საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ოქუაშვილი თვითონაც მოქმედებდა უკანონოდ. მას აქვს ბიუჯეტის დავალიანება და ამას არც უარყოფს, ამ ჩანაწერებით კი ჩანს, რომ ამ ვალის ჩამოსაწერად გარიგებას ცდილობდნენ.

ვინ მონაწილეობდა ამაში? გვესმის ივანიშვილის, ჩხარტიშვილის, ფარცხალაძის, ყიფიანის სახელები, რომლებიც იმ დროს სახელმწიფო მართვაში ოფიციალურად აღარაფერს წარმოადგენდნენ. ვინ მისცა უფლება ამ ხალხს, გადაწყვიტოს, ვის ეპატიოს სახელმწიფო ბიუჯეტის მილიონები და ვის - არა?

ვერაფერს ვამბობ ლევან ყიფიანის განცხადებებზე... არ ვიცი, რა კომენტარი შეიძლება გაკეთდეს... ადამიანი ისეთ დაუჯერებელ სიუჟეტებს ჰყვება!.. მზად არის, თაღლითობაზე მოაწეროს ხელი, ოღონდ რატომ, რის ფასად? ვის აფარებს ხელს?!

მოკლედ, მე ყველაფერი ასე დავინახე: ბიზნესმენი ცდილობს, თავი აარიდოს გადასახადებს, მეორე მხარეს კი ვიღაცები მას ამაში ფულს სთხოვენ.

არ ვამბობ, რომ ეს ოთხი მილიონი, რასაც ჩანაწერებში ახსენებენ, ბიძინა ივანიშვილს უნდოდა და მასთან უნდა მისულიყო, მაგრამ, სავარაუდოდ, "ბიჭებს" დასჭირდათ... თუ "ბიჭები" დროზე არ ალაგმეს, სხვა ბიზნესჯგუფების მოწველასაც დაიწყებენ და საბოლოოდ, დავბრუნდებით შევარდნაძის ეპოქაში. მოგეხსენებათ, სახელმწიფოს ათასი ბერკეტი აქვს სასურველი ბიზნესის ხელშესაწყობად და არასასურველის გასაჩერებლად.

არ მიმაჩნია, რომ ოქუაშვილი ანგელოზია, მაგრამ უფრო სავალალოა, რომ ამაში გარეული არიან ხელისუფლების ნაწილი და არაფორმალური გავლენიანი ჯგუფები. ჩვენ ვნახეთ, რომ თურმე არსებობს სახელისუფლებო სტრუქტურები და ასევე არსებობს მათ პარალელურად მოქმედი გავლენის ჯგუფები, რომლებსაც სახელმწიფო სტრუქტურები ემორჩილებიან...

...

საბოლოოდ კი ყველაფერი ჰბრალდება ივანიშვილს. და თუ ის ვერ ხვდება, რომ რადიკალური ზომები უნდა მიიღოს, თან, რაც შეიძლება სწრაფად, ჩემი აზრით, ისიც იმ პირველ პირთა ბედს გაიზიარებს, ვინც აქამდე ყოფილა საქართველოში.

წაიკითხეთ გაზეთ „კვირის პალიტრაში“ ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად

იხილეთ ასევე: ე.წ. კახური კლანი, მამაცაშვილი, ფარცხალაძე და სხვები - როგორ იცვლებოდა ბოლო წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვა?