"დღეს უკეთ ვიცნობ პრეზიდენტ პუტინის ფსიქიკას"- რას ნანობს ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი?
"2008 წელს საქართველოსა და უკრაინისთვის (ბუქარესტის სამიტზე) მაპ-ზე უარის თქმა შეცდომა იყო" - ეს განცხადება ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე," "ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა. "კვირის პალიტრა" ინტერვიუს ვრცელ ვერსიას გთავაზობთ.
- დღევანდელი გადმოსახედიდან, როდესაც ნატოში თქვენს პოლიტიკურ მემკვიდრეობას უფიქრდებით, იყო თუ არა რამე ისეთი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან დაკავშირებით, რის უკეთ გაკეთებასაც ისურვებდით? არის თუ არა რაიმე ისეთი, რასაც დღეს ნანობთ?
- ვფიქრობ, ძირითადად, ყველაფერი სწორად გავაკეთეთ, თუმცა არის ერთი რამ, რაც, ალბათ, ჯდება თქვენი შეკითხვის ფარგლებში... კომუნიზმის კოლაფსისა და ბერლინის კედლის ჩამოშლის შემდეგ, ხელში ავიღეთ ინიციატივა და ჩვენს აღმოსავლელ პარტნიორებს შესაძლებლობა მივეცით, ნატოსა და ევროკავშირის წევრები გამხდარიყვნენ. ეს სწორი გადაწყვეტილება გახლდათ და გავაფართოვეთ კიდეც ნატოცა და ევროკავშირიც. შემდეგ, 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე გადავწყვიტეთ, რომ საქართველო და უკრაინაც გახდებოდნენ ნატოს წევრები. ვფიქრობ, ესეც სწორი გადაწყვეტილება იყო. მიმაჩნია, რომ საქართველოსა და უკრაინისათვის იქვე უნდა მიგვეცა მაპ-ი, მაგრამ ეს არ გავაკეთეთ და ამ თავშეკავებით არასწორი სიგნალი გავუგზავნეთ პუტინს. მან ჩათვალა, რომ ახლა მისი დრო იყო, შეეძლო, აგრესიულად ემოქმედა და შედეგიც ვნახეთ - იმავე წელს საქართველოს დაესხა თავს. დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ბოლომდე უნდა მივყოლოდით იმ გზას, რომელიც უკრაინასა და საქართველოს სამიტზე მაპ-ის მიღებასთან მიიყვანდა. ეს არ იქნებოდა წევრობის გარანტია, მაგრამ ეს იქნებოდა მძლავრი სიგნალი.
- ეს მკვეთრად განსხვავდება თქვენი წინამორბედის, იაპ დე ჰოოპ სხეფერის განცხადებისაგან, რომელიც ამბობს, რომ ნატომ ბუქარესტში რუსეთთან დაკავშირებით წითელ ხაზს გადააბიჯა და რომ იგი გაგებით ეკიდებოდა პუტინის შემდგომ ქმედებებს. - გულწრფელად გითხრათ, ეს ინტერვიუ არ მინახავს, ამიტომ კომენტარისგან თავს შევიკავებ, მაგრამ მწამს, რომ ჩვენი პოლიტიკა უნდა ემყარებოდეს ფუნდამენტურ პრინციპს, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ სახელმწიფოს, უკრაინისა და საქართველოს ჩათვლით, უფლება აქვს, თვითონ გადაწყვიტოს, რომელ ალიანსში გაწევრდება და ვისი მოკავშირე იქნება. სწორედ ამიტომ უნდა გვექცია რეალობად საქართველოსა და უკრაინის ამბიცია მაშინ, ბუქარესტში. მათ მოითხოვეს გაწევრების სამოქმედო გეგმა და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მათ მოთხოვნასა და ზემოთ ხსენებულ ფუნდამენტურ პრინციპს. ეს არ არის მოსკოვის ან ბრიუსელის გადასაწყვეტი - ეს უნდა გადაწყვიტონ თბილისსა და კიევში.
- უკვე ათ წელზე მეტია, ნატოს ღია კარში შებიჯებას ვცდილობთ. ბევრი ფიქრობს, რომ ეს ღია კი არა, უბრალოდ, შუშის გამჭვირვალე კარია. - არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, თუ საქართველოსა და უკრაინას სურთ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრება, ჩვენ ეს პროცესი უნდა დავიწყოთ და მათ უარი არ ვუთხრათ. გახდებიან თუ არა ისინი წევრები, შეასრულებენ თუ არა სავალდებულო კრიტერიუმებს - ეს სხვა საკითხია, ამას მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვთქვათ -"არა, ეს ამბავი არ გამოვა, მოგიწევთ, ნეიტრალურ სივრცედ ან ბუფერულ ზონად იქცეთ ნატოსა და რუსეთს შორის! ჩვენთვის მიუღებელია ასეთი მიდგომა.
- სხვათა შორის, უფრო და უფრო ხშირად სპეკულირებენ ამ ნეიტრალური სტატუსის თეორიით. როგორ ფიქრობთ, რეალურია თუ არა მსგავსი სცენარი და შეიძლება თუ არა ამან გადაჭრას საქართველოს პრობლემები? - ვფიქრობ, ეს საქართველომ და უკრაინამ უნდა გადაწყვიტონ. თუ საქართველო გადაწყვეტს, მოითხოვოს წევრობა ან იმუშაოს წევრობის მისაღწევად, ჩვენ ნატოში ამ პროცესს ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი. რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს გადასაწყვეტი - გაწევრების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება საერთო კონსენსუსით მიიღწევა. ჩვენ გვაქვს მკაფიო კრიტერიუმები. ნატოს ქარტია ამბობს, რომ გაწევრება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ევროპული ქვეყნისათვის, სადაც დემოკრატიული სტანდარტებია და რომლებსაც სურთ, წვლილი შეიტანონ ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებაში.
ამ ეტაპზე საქართველო სამიდან ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს; მესამე კი გახლავთ შემდეგი: გააძლიერებს თუ არა საქართველოს გაწევრება საერთო უსაფრთხოების ქოლგას? ეს დისკუსია, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საბოლოო ბედთანაც, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, რომ ეს საკითხი საქართველოსა და ნატოს შორის უნდა გადაწყდეს, ეს არ არის მოსკოვის გადასაწყვეტი.
- მოგისმენიათ თუ არა საქართველოს რომელიმე ხელისუფლებისგან ასეთი წინადადება: "ჩვენ დღესვე დავთმობთ ამ ორ რეგიონს, ოღონდ ხვალ ნატოში მიგვიღეთ?" - საქართველოს ხელისუფლებასთან დახურული დისკუსიების შესახებ კომენტარისგან თავს შევიკავებ; საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, შეიძლება თუ არა ეს იყოს გამოსავალი. ჩვენგან ამ საკითხზე ზეწოლა არ ყოფილა და არც იქნება. საერთაშორისო სამართლის გადმოსახედიდან ეს რეგიონები საქართველოს ნაწილებად რჩება.
- მახსოვს, 2009 წელს ძალიან ოპტიმისტურად იყავით განწყობილი და რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვას გეგმავდით. რა ბედი ეწია ამ გეგმებს? - ვფიქრობდით, რომ შევძლებდით, რუსეთი სტრატეგიულ პარტნიორად გვექცია. 2010 წელს ნატო-რუსეთის სამიტი ჩავატარეთ, სადაც გადავწყვიტეთ, სტრატეგიულ პარტნიორობის ფორმატზე გვემუშავა, მაგრამ დღეს უკვე გავიაზრეთ, რომ რუსეთი არა სტრატეგიული პარტნიორი, არამედ სტრატეგიული მოწინააღმდეგეა. სწორედ ასეა საქმე და ამასთან შეგუება მოგვიწევს. აღარ ვარ ისეთი ოპტიმისტი, როგორიც მაშინ. დღეს უკეთ ვიცნობ პრეზიდენტ პუტინის ფსიქიკას. ერთადერთი ტაქტიკა, რომლითაც პუტინს კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ ვუბიძგებთ, არის ის, რომ მას არაფერი დავუთმოთ და ალიანსი ერთად და მტკიცედ იდგეს. პუტინს ძალიან უყვარს საკუთარი თავის ძლიერ კაცად წარმოჩენა და ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ძალას სცემს პატივს. ამიტომაც უნდა ვიყოთ ძლიერები. ნებისმიერ დათმობას პუტინი სისუსტედ მიიჩნევს.
- შეეძლო თუ არა ნატოსა და, ზოგადად, დასავლეთს ამ მხრივ მეტი გაეკეთებინა? 2008 წელს რომ არ "დაგეთმოთ" და დაყვავების ნაცვლად რუსეთისთვის სანქციები დაგეწესებინათ, იქნებ მოგეხერხებინათ მათი მოთოკვა? - დღეს უკვე ვიცით, რომ რაც რუსეთმა 2008 წელს გააკეთა, შემდეგ უკრაინაში გაიმეორა. ამ გადმოსახედიდან შეიძლება მტკიცება - 2008 წელს უფრო ხისტად რომ გვემოქმედა, მეტი სიმტკიცე რომ გამოგვეჩინა, შეიძლებოდა უკეთესი შედეგისთვის მიგვეღწია, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, მათთვის შანსი კიდევ მიგვეცა, 2008 წლის ომის შემდეგაც კი. რატომ? იმიტომ, რომ ვფიქრობდით, რუსეთთან შეიძლებოდა სტრატეგიული ურთიერთობა, მაგრამ უკრაინამ დაგვანახა, რომ ეს შეუძლებელია. სხვათა შორის,
სულ ახლახან საკუთარ ჩანაწერებს ვათვალიერებდი, მათ შორის - 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ჩანიშნულ თემებსაც. აღმოვაჩინე, რომ პუტინი ჯერ კიდევ მაშინ გვემუქრებოდა ყირიმით და რაც მაშინ ყირიმზე გვითხრა, ძალიან ჰგავს იმას, რაც შემდგომ მოიმოქმედა კიდეც. ეს ყველაფერი რომ მაშინ გვცოდნოდა, სერიოზულად რომ აღგვექვა მისი მუქარა, რა თქმა უნდა, სხვანაირი რეაქცია გვექნებოდა, თუმცა ვფიქრობ, მაშინდელი გადმოსახედიდან მისთვის შანსის მიცემა სწორი გადაწყვეტილება იყო.
ვაჟა თავბერიძე