მშობლები, შვილები, კარიერა, ქონება და ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული - ყველაფერი საქართველოს მე-5 პრეზიდენტის შესახებ
პირველად საქართველოს ისტორიაში საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი ეყოლება. ის ასევე იქნება მეხუთე და ბოლო, პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, ხმების 100%-ის (3 705 საარჩევნო უბანი) დათვლის შედეგად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ხმა ამომრჩეველთა 59.52%-მა მისცა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს კი 40.48%-მა.
უკვე ცნობილია ინაუგურაციის თარიღი, ქვეყნის ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისა და უფლებამოსილებაში შესვლის ცერემონია კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს იმართება, ამ შემთხვევაში, 16 დეკემბერს.
მშობლები
სალომე ზურაბიშვილი 1952 წლის 18 მარტს დაიბადა და გაიზარდა საფრანგეთში, ქართული სათვისტომოს თავჯდომარის ლევან ზურაბიშვილის ოჯახში. იგი არის ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილი. სალომეს დედა, ულამაზესი ქალბატონი ზეინაბ კეიდია მომავალ მეუღლეს, ლევან ზურაბიშვილს საფრანგეთში ემიგრაციის დროს შეხვდა. წყვილმა პარიზში იქორწინა. წყვილს ჯერ ვაჟი, ოთარი, ორი წლის შემდეგ კი - ქალიშვილი სალომე შეეძინა. აღსანიშნავია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ოთარ ზურაბიშვილმა განცხადება გაავრცელა და დას მხარდაჭერა გამოუცხადა.
ზეინაბ კედია საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების მინისტრის, მექი კედიასა და აგრაფინა თავართქილაძის ქალშვილი გახლდათ. გასაბჭოების შემდეგ მისი მამა საქართველოდან სტამბოლში წასულა მეუღლესთან ერთად, რომელიც მაშინ ზეინაბზე ყოფილა ორსულად და ბავშვი 1921 წლის 8 ივლისსში სტამბოლში გაჩნდა. თურქეთში ოთხწლიანი თანაცხოვრების შემდეგ სალომეს ბებია და ბაბუა დედის მხრიდან პარიზში გადასულან საცხოვრებლად.
რაც შეეხება სალომეს მამას, ლევან ზურაბიშვილს, იგი ქუთაისში დაიბადა. ის ცნობილი მამულიშვილის, ნიკო ნიკოლაძის შვლიშვილი გახლდათ. სალომეს ბებია, ნინო ნიკოლაძე პედაგოგი და პუბლიცისტი იყო, ხოლო ბაბუა, ივანე ზურაბიშვილი იურისტი.
1921 წელს, ბოლშევიკების მიერ საქართველოს ანექსიის შემდგომ ზურაბიშვილების ოჯახი ემიგრაციაში წავიდა. თავიდან სტამბოლში დასახლდნენ, 1924 წლიდან კი პარიზში გადავიდნენ საცხოვრებლად. 1931 წელს, პარიზის უმაღლესი საინჟინრო სკოლის დამთავრების შემდეგ, ლევანს საფრანგეთის რკინიგზის უფროსობა შესთავაზეს, თუმცა ამისთვის საფრანგეთის მოქალაქეობა უნდა მიეღო, ლევანმა კატეგორიული უარი განაცხადა - მე ქართველი ვარ და ქართველად მოვკვდებიო, სამსახური "ფორდის საზოგადოების საფრანგეთის განყოფილება - "სიმკა-კრისლერში" დაიწყო. ამ საზოგადოებაში 39 წელი დაჰყო, უკანასკნელი 15 წლის მანძილზე დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 1971 წლიდან, პენსიაზე გასვლის შემდეგ, მთელი თავისი ენერგია ქართულ საქმეზე ზრუნვას მოახმარა.
ლევან ზურაბიშვილი 1975 წლის 10 თებერვალს პარიზში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. დაკრძალულია ლევილში. "არც თაიგული. არც გვირგვინი. ვისაც ამის სურვილი აქვს, საბოძვარი გადაუგზავნოს წმიდა ნინოს ეკლესიის სამრევლოს", - ასეთი იყო მისი უკანასკნელი სურვილი.
ზეინაბ კედია საქართველოში პირველად ქალიშვილთან, სალომესთან ერთად 1986 წელს ჩამოვიდა. იგი 2016 წელს 94 წლის ასაკში პარიზში გარდაიცვალა.
უცხოური განათლება და დიპლომატიური საქმიანობა
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის სწავლა-განათლებასა და საქმიანობას, ზურაბიშვილს დამთავრებული აქვს პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი, ასევე კოლუმბიის უნივერსიტეტი და პარიზის სახელმწიფო მართვის ეროვნული სკოლა.
"ემიგრაციაში ვცხოვრობდით, მაგრამ მძიმე ბავშვობა არ მქონია. ჩემგან განსხვავებით, მშობლებს გაჭირვებული ბავშვობა და ახალგაზრდობა ჰქონდათ. განსაკუთრებით მძიმე გახლდათ ემიგრაციის პირველი წლები, რადგან მაშინ საფრანგეთში მასობრივი უმუშევრობა იყო. 60 წელს გადაცილებული ბაბუა ტვირთმზიდავად მუშაობდა.
ეს სამუშაოც არასტაბილური იყო... ის და ბებია 40-იან წლებამდე ერთ ძალიან ღარიბ და იაფ სასტუმროში ცხოვრობდნენ, მაგრამ გაჭირვებაზე არასდროს უწუწუნიათ. იმედს არ კარგავდნენ, რომ ოდესმე სამშობლოში დაბრუნდებოდნენ. მე და ჩემს ძმას მუდმივად გვიყვებოდნენ საქართველოზე. ბებიები ქართულ ზღაპრებს მიყვებოდნენ და ქართულად მიმღეროდნენ. გვქონდა ქართული ეკლესია, სადაც ემიგრანტები იკრიბებოდნენ და ლოცულობდნენ... ოჯახში ქართულად ვლაპარაკობდით და ექვს წლამდე ფრანგული არც ვიცოდი.
სკოლაში რომ მიმიყვანეს, ადგილობრივი ენა არ მესმოდა და იმდენი ვიტირე, იქაურობა დავანგრიე, ჩემს ძმას ვეძებდი... უცხო გარემომ და სხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანებმა დამთრგუნეს. სანამ ჩემი ძმა არ მომიყვანეს, ვერ დავწყნარდი. შემდეგ კი ძალიან მალე ვისწავლე ფრანგული...
ჩემი ქვეყნის დათვალიერება ოცნებად მქონდა, მაგრამ მაშინდელმა ხელმძღვანელობამ თბილისიდან 30 კილომეტრის იქით გასვლის უფლება არ მოგვცა. ამიტომ მხოლოდ მცხეთა დავათვალიერეთ... მუდმივად გვითვალთვალებდა უშიშროების სამსახურის მანქანა. საფრანგეთის შემდეგ ეს სრულიად სხვა სამყარო იყო, მაგრამ თბილისზე იმდენი რამ ვიცოდი ჩემი მშობლებისგან, რომ უცხოობის მომენტი არც მქონია. ის ქუჩა და ბინა დავათვალიერე, სადაც ჩემი ოჯახი ემიგრაციამდე ცხოვრობდა. ლურჯ მონასტერთან ახლოს იყო ჩვენი სახლი", - ამბობდა 2013 წელს სალომე ზურაბიშვილი "რეიტინგისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
1984-1988 წლებში ზურაბიშვილი ვაშინგტონში საფრანგეთის საელჩოს პირველი მდივანი იყო. მოგვიანებით, ის წლების განმავლობაში საფრანგეთის საგარეო უწყებაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 2003-2004 წლებში ის გახდა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ხოლო 2004-2005 წლებში გახლდათ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. მოგვიანებით, ის გახდა პოლიტიკური პარტია „საქართველოს გზის“ ლიდერი და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მკაცრი ოპონენტი.
რა ქონებას ფლობს ზურაბიშვილი მიმდინარე წლის 17 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ზურაბიშვილი ფლობს თბილისში, 126,33 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს; 235 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთსა და პარიზში მდებარე 60 კვ.მეტრის ბინას.
მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი Hyundai, რომელიც 2016 წელს 17 000 ამერიკულ დოლარად შეიძინა.
ზურაბიშვილის საკუთრებაშია ასევე „საქართველოს ბანკის“ 35 და „თელიანის“ 1 212 აქცია, რომელიც 2013 წელს მემკვიდრეობით აქვს მიღებული.
რაც შეეხება დეპუტატის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში სალომე ზურაბიშვილს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 50 000 დოლარი; 3 000 ლარი და 7 400 ევრო ჰქონდა. (იხილეთ სრულად)
ორი ქორწინება და შვილები
ზურაბიშვილის პირველი ქმარი იყო ნიკოლოზ კოკი გურჯესტანი იყო. ის აქამდე არსად გამოჩენილა, 25 ნოემბერს მისი სახელით წერილი გავრცელდა, რომელშიც მან საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადა.
სალომე ზურაბიშვილის მეორე ქმარი საზოგადო მოღვაწე, ჯანრი კაშია გახლდათ. ზურაბიშვილმა ჯანრი კაშია 1982 წელს გაიცნო, როცა კაშიამ საფრანგეთისგან პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. წყვილმა 1993 წელს იქორწინა.
"როდესაც ოჯახზე ვლაპარაკობ, ყოველთვის მინდა, საუბარი ჯანრითი დავიწყო, მაგრამ როგორ გამომივა, არ ვიცი... როდესაც ჯანრიმ, როგორც თავად ამბობდა, თავისუფლება არჩია და საფრანგეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა, მაშინ იქაურ საგარეო საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი და მთხოვეს გამერკვია, სად უნდა მიეტანა საბუთები. მაშინ გავიცანი ჯანრი, მაგრამ როდესაც „ქართულ-ევროპული ინსტიტუტი“ დააარსა, უფრო დავუახლოვდით ერთმანეთს... ამ დროს პირველ ქორწინებაში ვიმყოფებოდი. შემდეგ მეუღლესთან ერთად ამერიკაში წავედი. პირველი მეუღლე სპარსეთში, თეირანში დაბადებულ-გაზრდილი ქართველი იყო, გვარად გუგუშვილი. მისგან ორი შვილი მყავს, გოგონა და ბიჭი... მე და ჩემი მეუღლე რომ დავშორდით, დიპლომატიური მისიით აფრიკაში, ჩადში წავედი. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ღარიბი ქვეყანა. მე და ჩემი შვილები იქ სამი წელი ვცხოვრობდით. მაშინ იქ ომიც იყო. ქუჩები, ფაქტობრივად, არ არსებობდა, ქვიშა იყო ყველგან.
იქიდან რომ დავბრუნდი, მერე გავყევი ჯანრის. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში უდიდესი სიყვარული. დიდი ტკივილის მიუხედავად, მაინც ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანის გვერდით ვცხოვრობდი. ის მხოლოდ მეუღლე კი არა, ჩემი უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი იყო... საერთო შვილი არ გვყავს, მაგრამ მის შვილებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, სულ ვამბობდით, რომ გაფართოებული ოჯახი გვქონდა... მის გარეშე ცხოვრება ძალიან გამიჭირდა. ასე მეგონა, ცხოვრების ძალა და მოტივაცია დავკარგე. ხშირად ვკამათობდით კიდეც, რადგან საჭიროა, ვიღაცამ წინააღმდეგობა გაგიწიოს და შენ დაუმტკიცო, რომ ასე არ არის, ან პირიქით, დაეთანხმო. მის თანადგომას და რაც მთავარია, სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობდი. ხანდახან ჯიუტად არ მინდა მასზე წარსულში ლაპარაკი, რადგან ვგრძნობ, ჩემ გვერდით არის", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.
66 წლის სალომე ზურაბიშვილის პირველი ქმრისგან ორი შვილი ჰყავს, ქეთევან და თეიმურაზ გორჯესტანები. საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ორივე შვილი დედას აქტიურად ედგნენ მხარში და ამომრჩევლებთან შეხვედრაზეც თან ახლდნენ.
ქეთევანი საფრანგეთში ტელეკომპანია France 24-ის ჟურნალისტია. ის რეპორტიორი და სპორტული რედაქტორია, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე აკეთებს სიუჟეტებს და ასევე, უძღვება გადაცემებს. თეიმურაზი კი დედის გზას გაჰყვა, ის დიდ ბრიტანეთში საფრანგეთის საელჩოში მუშაობს. ამ ზაფხულს თეიმურაზმა ჯვარი დაიწერა. მან ქორწილი ყაზბეგში გადაიხადა, რომელსაც უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრებიც დაესწრნენ.
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი მომდევნო 6 წლის განმავლობაში იქნება.
(სპეციალურად საიტისთვის)