"სააკაშვილი, ამბობდა, რომ მე არ მესმის ქართული მენტალიტეტის და ამიტომ წავაგებდით. ის შეცდა" - რას ამბობს მოშე კლუგჰაფტი სააკაშვილზე და რას ზურაბიშვილზე?
"ზურაბიშვილი არ ითვალისწინებდა რჩევებს, მასთან მუშაობა რთული იყო" - რას ამბობს მოშე კლუგჰაფტი საქართველოში მუშაობის შესახებ და რას პასუხობს მიხეილ სააკაშვილს?
ისრაელელი პოლიტტექნოლოგი მოშე კლუგჰაფტი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ არჩევნების მეორე ტურისთვის ეხმარებოდა,ამბობს, რომ საქართველოს გარდა არცერთ ქვეყანაში მუშაობისას ანტისემიტური განცხადებები პოლიტიკოსებისგან არ მოუსმენია. პოლიტტექნოლოგმა ამის შესახებ ისრაელის „მეცხრე არხთან“ ისაუბრა, ინტერვიუს sova.news აქვეყნებს.
კლუგჰაფტი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ "ვიღაც ებრაელ აფერისტს, მოშეს მისცა მილიონ ორასი ათასზე მეტი“.
„ბოლო პერიოდში მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მომიწია მუშაობა. არასოდეს გამიგია, რომ ვინმეს ჩემს წარმოშობაზე, ეროვნებასა და რელიგიაზე გაეკეთებინა აქცენტი. ეს არ არის ლამაზი და სრულიად უადგილოა. მგონია, რომ მან ბოდიში მოიხადა საკუთარი სიტყვებისთვის, რომლის გამოც საქართველოში დაცვა მომიჩინეს - ასეთი რამაც პირველად შემემთხვა. მაშინაც კი, როდესაც გრძნობთ, რომ აგებთ, სახე უნდა შეინარჩუნოთ. სააკაშვილი, ასევე, ამბობდა, რომ მე არ მესმის ქართული მენტალიტეტის და ამიტომ წავაგებდით. ის ამ შემთხვევაშიც შეცდა“, - ამბობს კლუგჰაფტი ინტერვიუში.
პოლიტტექნოლოგი საუბრობს გადაწყვეტილებაზეც - საარჩევნო პლაკატებზე მეორე ტურისთვის სალომე ზურაბიშვილის გარდა მმართველი პარტიის ლიდერებიც გამოჩენილიყვნენ, რომელიც, როგორც ირკვევა, სწორედ მისმა გუნდმა მიიღო.
ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად სწორი იყო სააკაშვილის მიერ დასახელებული თანხა - 200 ათასი დოლარი საქართველოში ჩატარებული პიარკამპანიისთვის, კლუგჰაფტი პასუხობს, რომ „დაე, სააკაშვილმა დაფაროს განსხვავება“, თუმცა რა თანხა გადაუხადა საქართველოს ხელისუფლებამ, ის არ აკონკრეტებს.
„საქართველოში რომ ჩავედი, პირველი დღეების განმავლობაში ქვეყანაში ხმაური იყო, მიტინგები... „ქართული ოცნების“ მისამართით მძიმე ბრალდებებს ვისმენდით. ავრცელებდნენ პარტიის ლიდერების უძრავი ქონების ფოტოებს, რომელიც დრონებით იყო გადაღებული. მქონდა განცდა, რომ ეს ყველა თავდასხმა მმართველ პარტიაზე ვიღაცას წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი და გათვლილი. ამიტომ განვაცხადე - უნდა გადავიდეთ საპასუხო თავდასხმაზე და არ უნდა ვიყოთ თავის მართლების რეჟიმში,“ - იხსენებს კლუგჰაფტი.
რაც შეეხება თავად სალომე ზურაბიშვილს, ისრაელელი პოლიტტექნოლოგის შეფასებით, არჩეული პრეზიდენტი უფრო ლიდერია, ვიდრე - პოლიტიკოსი და მასთან მუშაობა მარტივი არ იყო.
„ის ლიდერია, ამიტომ გაუჭირდა კამპანიის ჩატარება. ზურაბიშვილი საქმის ადამიანია. იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, ელჩი, მოვიდა, რომ ემუშავა. ამიტომ, როდესაც ვუთხარით, რომ საჭიროა საზოგადოებაში გასვლა, ბავშვებისთვის ლოყაზე კოცნა, ის ამით დიდად არ დაინტერესდა და რჩევები არ გაითვალისწინა. ზურაბიშვილი არ ცდილობს გააკეთოს ის, რასაც აკეთებენ სხვა პოლიტიკოსები წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ამ კუთხით - ის არის კანდიდატი, ვისთან მუშაობაც რთულია.
კამპანიის დროს მიღებული პრაქტიკაა შეხვედრა ხალხთან, ახალგაზრდობასთან. მისვლა იქ, სადაც სხვა დროს არ დადიხართ. მან ამ ყველაფერზე უარი თქვა. გადაწყვიტა, რომ უნდა ყოფილიყო ისეთი, როგორიც იქნება არჩევნების შემდეგ. მე ვუთხარი - „გასაგებია, რომ არ მოგწონთ თავის მოჩვენება, მხოლოდ ერთ რამეს გთხოვთ - ისე მოიქეცით, თითქოს უკვე პრეზიდენტი ხართ“. მან ჩემი რჩევა გაითვალისწინა და მგონია, რომ სწორედ ამან იმუშავა მის სასარგებლოდ,“ - განაცხადა ინტერვიუში კლუგჰაფტმა. იხილეთ სრულად