"ამ საქმის გაჭიანურებით ძალიან შეწუხებული ვარ" - ვინ უშლის ხელს სათამაშო ბიზნესის შეზღუდვას?
სათამაშო ბიზნესი - საფრთხე, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის 97%-ს ემუქრება
4 წლის წინ, ექვსმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირა, რომელიც აზარტული თამაშების რეკლამის გავრცელების აკრძალვას ითვალისწინებდა. მათ შორის ერთ-ერთი, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ამბობდა, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების რიცხვი 400 000 ადამიანს აჭარბებდა, რაც ქვეყანაში მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნიდა. მას შემდეგ სათამაშო ბიზნესის სავალალო შედეგებზე არაერთი პოლიტიკური განცხადება მოვისმინეთ, ამ თემას მიეძღვნა არაერთი საგაზეთო ინტერვიუ და სატელევიზიო გადაცემა, მაგრამ დღეს პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. ამ დროისთვის საქართველოში ასზე მეტი სამორინე და სლოტკლუბია დარეგისტრირებული. ქვეყანაში არსებული 10 უმსხვილესი კომპანიიდან 3 სათამაშო ბიზნესია. თამაში ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის, მათ შორის არასრულწლოვნებისთვისაც. ამ თემებთან დაკავშირებით, დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი გვესაუბრება.
- მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატები ამ საკითხზე ძალიან ვაქტიურობთ, ოფიციალურად კანონპროექტი ინიცირიებულია მთავრობის მიერ. შესაბამისად, პროცედურებიც მთავრობამ უნდა დაიწყოს. ჩემი ინფორმაციით, მთავრობა, ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობას საგაზაფხულო სესიაზე განაახლებს. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ამ საქმის გაჭიანურებით ძალიან შეწუხებული ვარ, ჩემი აზრით, შეგვეძლო, ამ საქმეზე მუშაობა საშემოდგომო სესიაზე დაგვეწყო და დაგვემთავრებინა კიდეც.
- ბიზნესი კოლოსალურ მოგებას აძლევს მეპატრონეებს, თუმცა მიზერული თანხა შეაქვს ქვეყნის ბიუჯეტში. შეგიძლიათ თქვათ, რომ კანონპროექტის კანონად გადაქცევას სათამაშო ბიზნესის ლობისტები ხელს არ უშლიან?
- ეს არ არის კლასიკური ბიზნესი, ამუხრუჭებს ქვეყანის ეკონომიკას და ხელს უშლის საზოგადოების განვითარებას.
ნამდვილად არ მიხარია, რომ 10 უმსხვილესი კომპანიიდან 3 სათამაშო ბიზნესია. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ეკონომიკას სერიოზული პრობლემები აქვს. ადამიანები საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ასეთ რადიკალურ გზებს მიმართავენ. ყოველდღიურობა კი გვაჩვენებს, რომ ამ საქმეში ადამიანი არ არის მოგებული, მოგებული მხოლოდ სერვისის მიმწოდებელი კომპანიაა. სახელმწიფოსთვის გაცილებით რთულია ამ სოციალურ ფონთან ჭიდილი, ვიდრე ის გადასახადები, რომელიც ბიუჯეტში შემოდის.ვფიქრობ, რომ ეს თანხა მაინც არ დაიკარგება, ადამიანები ამ ფულს სხვა რაღაცაში დახარჯავენ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ ეს საკითხი საგაზაფხულო სესიაზე აუცილებლად გავა. გული მწყდება, რომ ეს აქამდე ვერ მოხერდა. პირობას გაძლევთ, ძალიან აქტიური ვიქნები და არ დავუშვებ, ეს საქმე საგაზაფხულო სესიაზე არ დამთავრდეს.
- ე.ი. არ უარყოფთ, რომ მმართველი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენელი კანონის მიღებას ეწინააღმდეგება... - შესაძლოა ეწინააღმდეგებიან კიდეც. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ამ ბიზნესს ძალიან დიდი შემოსავალი მოაქვს. თუმცა ვიცით, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბიდან თავის დაღწევის მიზნით იწყებს თამაშს, ილუზიებში ვარდება და ჰგონია, რომ ამ გზით ფულს იშოვის. საბოლოოდ კი უფრო ღატაკდება. შედეგად ბევრი მათგანი ვარდება დეპრესიაში, ექმნება ფსიქიკური პრობლემები. ხშირია სუიციდის შემთხვევებიც. თამაშის გზით გამდიდრების მსურველთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. საბოლოოდ, ეს ხალხის მგომარეობას კიდევ უფრო ართულებს. ლუდომანიით დაავადებულია ადამიანები, მათი ოჯახის წევრები ჩვენგან ითხოვენ შველას. ამიტომ უპასუხისმგებლობა იქნება, თუ სახელმწიფო პრობლემის მოსაგვარებლად არაფერს გააკეთებს, უფრო მეტიც, ეს იქნება დანაშაული საკუთარი ხალხის მიმართ. ამიტომ თუ საკითხი საგაზაფხულო სესიაზე საბოლოოდ არ მოგვარდა, მე თავს ძალიან ცუდად ვიგრძნობ.
- გარდა იმისა, თავს ცუდად იგრძნობთ, კონკრეტულად რა ნაბიჯს გადადგამთ? - ჩემს ხელთ არსებულ ყველა რესურსს გამოვიყენებ, იმისთვის რომ კანონპროექტი კანონად იქცეს. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც მოხდება. პარლამენტში ძალიან ბევრი დეპუტატი ელოდება ამ კანონპროექტის შემოტანას, იმაზე მეტიც კი რამდენიც კანონის მიღებას სჭირდება.
- თქვენთვის რამდენად არის ცნობილი, დეპუტატი ისკო დასენის პოზიცია, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი სათამაშო ბიზნეს-კომპანიის მფლობელია?
- ყველა ადამიანი თანხმდება იმაზე, რომ აზარტული თამაში პრობლემაა. ეს ბიზნესი ლეგალურია და შესაბამისად, ბიზნესსაქმიანობას ვერავის ავუკრძალავთ. თუმცა დარწმუნებული ვარ, ის ადამიანიც, ვინც თქვენ ახსენეთ, მხარს დაუწერს სათამაშო ბიზნესის შეზღუდვას.
- მოდით, მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რა შეზღუდვებს ითვალისწინებს კანონპროექტი. - დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, აიკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელება ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტისა და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით, გარდა სპონსორობისა. გამკაცრდება რეგისტრაცია, შეიზღუდება ასაკი, აიკრძალება თამაში საჯარო მოსამსახურუეებისთვის.
მოთამაშეები ვეღარ მიიღებენ სახელმწიფო დახმარებას. იმედი მაქვს, ამ ინიციატივაში ბანკებიც ჩაერთვებიან და მოთამაშეებზე სესხებსა და კრედიეტს აღარ გასცემენ. ე.ი. ისეთ რეგულაციებს დავაწესებთ, რომ ადამინებს უბრალოდ აღარ მოუნდებათ სათამაშო სახლებში შესვლა. რაც შეეხება ლუდომანებს, მათთვის სოციალური პროგრამები ამოქმეედება, სხვა სერვისებთან ერთად ისარგებლებენ ფსიქოლოგების დახმარებით. დღევანდელი დღის მონაცემებით ჩვენი საზოგადოების 97% - ია ჩართული ამ საშინელებაში. იმედი მაქვს, რომ კანონი, რომელსაც აუცილებლად მივიღებთ, მათ რიცხვს გაანახევრებს მაინც.- თქვენ გითამაშიათ როდისმე? - კი, მითამაშია სტუდენტობისას, ეს ხომ ლეგალურია... თუმცა ყოველთვის ვცდილობდი, რომ დამოკიდებული არ გავმხდარიყავი. ზოგადად აზარტული ვარ და იყო ამის რისკი, თანაც სტუდენტი ხომ ადვილად მოწყვლადია. გამიმართლა, გადავრჩი. კიდევ ერთხელ შევახსნებ მკითხველს, რომ ლუდომანია ადამიანს ფსიქიკას უნგრევს, ოჯახს უნგრევს, სუიციდის საშიშროების წინაშე აყენებს. მე და კიდევ ბევრი ჩემი ახლობელი გადარჩა, მაგრამ ბევრიც ვერ გადარჩა. ეს სენია, რომელიც ნარკომანიას არ ჩამოუვარდება.
იხილეთ ასევე: "ცხოვრება კოშმარია, როცა იცი, რომ მკვლელი ხარ..."
ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)