"თინეიჯერების ჯგუფმა პარტიაში მურუსიზაცია წამოიწყო..."
გია ხუხაშვილი, პოლიტოლოგი: - ბესელია ერთი პატარა ელემენტია მთელ ამ პროცესში. სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე. თინეიჯერების ჯგუფისა და ძველი გვარდიის დაპირისპირება წლის დამდეგსაც ვნახეთ, რის გამოც ივანიშვილს დაბრუნებამ მოუწია, თუმცა ამით ვითარების დაბალანსების მცდელობა მცდელობადვე დარჩა. თუმცა ივანიშვილის დაბრუნება უშედეგო არ ყოფილა, მან დრო მოიგო და ფასადური ერთიანობა შეინარჩუნა. სამაგიეროდ, არჩევნებზე დაპირისპირება მკვეთრად გამოვლინდა - პირველ ტურში, როდესაც პროცესს თინეიჯერთა ჯგუფი მართავდა, სრული ფიასკო განიცადა. მეორე ტურში კონსერვატიული ფრთა გააქტიურდა და გამარჯვებაც ზურაბიშვილს მან მოუტანა. პარტიაში თინეიჯერების ჯგუფს გაუჩნდა საფრთხე, რომ დაკარგავენ დომინანტურ მდგომარეობას და ამიტომ წამოიწყეს სასამართლოს მურუსიზაცია. კონტროლი რომ აღედგინათ, ივანიშვილის ფაქტორიც დაიხმარეს და ამით ცდილობენ შერყეული პოზიციების გამყარებას. თუ ეს ვითარება ვერ დალაგდა, მაშინ დაისმება კითხვა: რას აკეთებს ივანიშვილი, უკანა პლანზე გადაინაცვლა?! თუ ასეა, მაშინ ივანიშვილს გავანებოთ თავი და ამათ მივხედოთ.
- ვინ შეიძლება იდგეს ამ ყველაფრის უკან, კობახიძე? - ეს სისტემური პრობლემაა. თუმცა იმას, რომ მურუსიძეს ახალგაზრდების ჯგუფი კურირებს, არც უარყოფენ. კობახიძის "დირიჟორობაზე" საუბარი გადაჭარბებულია. პარტიაში არის ჯგუფი, რომელსაც აქვს გეგმები, მაგრამ არანაირი პოლიტიკური რესურსი გარე ბაზარზე არ გააჩნიათ. ამიტომ ცდილობენ შიდაპარტიულ ინტრიგებში სარგებელი ნახონ. ეს პროცესი შესაძლოა მივიდეს სავარაუდოდ, ორ სცენარამდე: პირველი - ივანიშვილი აჰყვეს ახალგაზრდებს და მურუსიძის ჭუჭყში გაისვაროს; მეორე - განზე გადგეს, დააცადოს კონსერვატორებს, რომ თინეიჯერები თავიანთ ადგილებზე მოსვან.
"ქართული ოცნება" პარაზიტული წარმონაქმნია, რომელიც ივანიშვილის რესურსით არსებობს. პარაზიტი კი მკვებავ სხეულს თუ მოშორდა, კვდება. ამიტომ შეიძლება დაიშალოს. ასეა თუ ისე, ყველაფერი მაინც ივანიშვილზეა დამოკიდებული - ის არის ძალის ცენტრი და მალე გამოჩნდება, გაექცა თუ არა მართვის სადავეები.