"ხელისუფლების მძიმე შეცდომებს საკუთარი მიწებით ვზღავთ"
"გაგიგიათ ოდესმე ჩვენს პარლამენტში ჩვენი საზღვრების საკითხი განეხილოთ?"
"დანამდვილებით ვიცი, რომ სადელიმიტაციო კომისიიდან ინფორმაცია ჟონავს"
საქართველომ 1920 წლიდან დღემდე ხელისუფლების უგერგილობისა და უხეში პოლიტიკური შეცდომების გამო დაკარგა 18507 კვკმ ტერიტორია. ეს მხოლოდ 2004 წლის მონაცემებია და სამწუხაროდ, პროცესი გრძელდება. ამას მხოლოდ უცხო, მესამე ძალას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ, ჩვენ ჩვენივე უპასუხისმგებლობის მწარე მოსავალსაც ვიმკით.
მამისონის უღელტეხილის სკანდალი ორ კვირაზე მეტია გრძელდება, მაგრამ პასუხი კითხვაზე, რატომ ააფეთქეს ხიდი, საზოგადოებას არა აქვს. საუბრობენ, რომ ხიდი ხელისუფლების მითითებით ააფეთქეს. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, რუსეთი საქართველოს ახალ ომში ჩათრევას ცდილობს და საბაბს ეძებს, რისთვისაც სწორედ მამისონის უღელტეხილი შეიძლება გამოდგეს. უღელტეხილი ხომ ე. წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრებშია მოქცეული. თუ რუსები ამ ტერიტორიაზე ჩადგებიან და ხმას არ ამოვიღებთ, რუსებს დამატებითი ტერიტორია შერჩებათ ხელთ. თუ შევეწინააღმდეგებით, ახალ ომს მივიღებთ. ამ ვერსიით ხიდი სწორედ იმიტომ ააფეთქეს, რომ რუსებს ჯავიდან მამისონზე მძიმე ტექნიკის გადაყვანა გაუჭირდეთ. ამასობაში კი ხელისუფლებამ საერთაშორისო სკანდალის ატეხა და საქმეში დასავლეთის ჩართვა უნდა მოახერხოს, რომ ომიც აიცილოს თავიდან და მამისონის უღელტეხილიც არ დათმოს. მეორე ვერსიით, ხელისუფლებას ეს გადაჭარბებული შიშითა და მცდარი გათვლებით მოუვიდა.
საზღვრის დაცვის დეპარტამენტში ვერ მივაგენით ოფიციალურ პირს, ვინც კითხვებზე პასუხს გაგვცემდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს კი პასუხის გაცემა არ სურს. საზოგადოება კიდევ უფრო მას შემდეგ დაიბნა, რაც ხელისუფლებამ ხიდის გამალებული აღდგენა დაიწყო. ჩნდება ლოგიკური კითხვა: თუ ხიდი მართლაც სტრატეგიული მოსაზრებით ააფეთქეს, მაშინ მისი სასწრაფოდ აღდგენა რაღა საჭიროა?
მამუკა არეშიძე: - ხიდის სანახავად საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ვიყავი. ხიდის იქით არ წავსულვართ. დანამდვილებით მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ხიდი სწრაფი ტემპით შენდება, მაგრამ რატომ ააფეთქეს, ამაზე პასუხი დღემდე არ გვაქვს. ჩემი ღრმა რწმენით, ეს ჩვენების ნამოქმედარია, მაგრამ მიზეზთა გამო არავის უნდა ამის აღიარება. ეს რომ აღიარო, მაშინ ისიც უნდა ახსნა, რატომ გააკეთე. ვფიქრობ, ამის ახსნა ბევრს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს.
- რას გულისხმობთ?
- იქ მაჩვენეს რუკა, რომელზეც ეს ხიდი და საერთოდ, მამისონის უღელტეხილი, ე. წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრებშია მოქცეული. მე ასეთი ვერსია მაქვს: მას შემდეგ, რაც რუსები და ოსები ადმინისტრაციული საზღვრების ერთობლივ გაკონტროლებაზე ალაპარაკდნენ, ვიღაცამ დახედა რუკას და გადაწყვიტა, აეფეთქებინა ხიდი, რომ სეპარატისტებს არ დარჩენოდათ. არის სხვა ვერსიებიც, მაგრამ ეს უკანასკნელი ყველაზე სარწმუნოდ მეჩვენება. ამ სკანდალის შემდეგ ხელისუფლებას არც კი უცდია, ხიდის აფეთქება ტერორისტებისთვის ან დივერსანტებისთვის დაებრალებინა. პასუხს თავს არიდებენ და გაიძახიან, ვინ ააფეთქა, არ ვიცითო. არც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და არც ძიება მიმდინარეობს. ვფიქრობ, ხიდის აფეთქება ერთგვარ თავის დაზღვევად მიიჩნიეს. ახლა კი დაინახეს, რომ რუსები მამისონიდან ქვემოთ არ მოდიან და ამის გამო უხერხულ მდგომარეობაში არიან ჩავარდნილი.
- ამ მონაკვეთზე მძიმე ტექნიკის მიმოსვლა შესაძლებელია?
- ტანკების არა, მაგრამ ჯავშანტრანსპორტიორებისა შეიძლება. ბოლოს და ბოლოს, სპირტით დატვირთული ტრაილერები გადადიოდნენ. მთავარია, გავიგოთ, რას აპირებს რუსეთი ამ ტერიტორიაზე.
საქმე ის არის, რომ მამისონის გადაღმა, ჩრდილო ოსეთში ორი პროექტი ხორციელდება: გზა გაჰყავთ და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების უზარმაზარი პროექტიც დაიწყეს. ამ უკანასკნელს ანალოგი კავკასიაში არ მოეძებნება. კურორტს 35 სათხილამურო ტრასა ექნება. გზა მთლიანად გაკეთებული აქვთ. ვფიქრობ, კურორტს სხვა დატვირთვაც აქვს და ეს არის საჩუქარი ოსებისათვის. ოსეთს ყოველთვის განსაკუთრებული სტატუსი ჰქონდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიც კი. მეზობლების მიწა იმდენი არავის მიუტაცებია, რამდენიც ოსებს. ჯავის რაიონი საჩხერის რაიონშია შეჭრილი. მას შემდეგ, რაც რუსები პერევში ჩადგნენ, შეინიშნება, რომ მათრუკის ხაზის გასწორება და ჯავის გასწვრივ ტერიტორიის მოჭრა უნდათ. ამისთვის ნელ-ნელა უნდა დაიცალოს სოფლები ქართველი მოსახლეობისაგან. იგივე ხდება რაჭაშიც. რაჭის სოფლებზე თავდასხმა საქონლის წართმევის მიზნით ჩვეულებრივი ამბავია. ეს უკვე მცოცავი ანექსიაა. რუსები თითქოს აქაურებს არ ავიწროებენ, მაგრამ მუდმივ შიშში მყოფი მოსახლეობა იძულებული გახდება, სოფლები დატოვოს. იგივე ხდება სამაჩაბლოს მოსაზღვრე დუშეთის რაიონის სოფლებშიც. რუსებს უნდათ ქართველი მოსახლეობა როგორმე იქიდანაც მოშორდეს. ცხადია, ხელისუფლება კონფლიქტის ზოლში ერიდება პროვოკაციებს. ეშინია, რუსებს ახალი ომის გაჩაღების საშუალება არ მისცეს და ამის გამო უკან-უკან იხევს. თავისი წინდაუხედაობით ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, რომ ინიციატივას თავზე ვერ იღებს. მოსკოვი აუცილებლად აყვირდება, არიქა, ქართველები ომისთვის ემზადებიანო. საკმარისია საქართველოს ხელისუფლებამ რაჭაში აიყვანოს საჯარისო ფორმირებები, რომ რუსეთში პანიკა ატყდება.
ასე რომ, ხელისუფლების მძიმე შეცდომებს ქართველი ხალხი და მთელი საქართველო უკვე მიწებით ზღავს.
ჯანსუღ კეკელია, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, კარტოგრაფი, პროფესორი, საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტი: - 1938 წელს საქართველოს საზღვრის ხაზებს მეზობლებთან ამიერკავკასიის პარტიულ მუშაკთა სხდომაზე მოეწერა ხელი. Eეს რუკა 500-ათასიანი მასშტაბის იყო და აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი, ბეჭდებითაც დაამოწმეს. ამ რუკის მიხედვით, ახალგორის რაიონი ე. წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის და სწორედ ამით იხელმძღვანელეს რუსებმა. საქართველო-ჩრდილო ოსეთს შორის საზღვარი ზედ მამისონის უღელტეხილზე გადის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი კი რაჭასთან, ჭანჭახის მთიდან იწყება და იმავე სახელწოდების მდინარეს ჩამოუყვება. შემდეგ მდინარე გურშევთან შოვი-მამისონის შარაგზას გასდევს.
- როგორც ბატონმა მამუკა არეშიძემ გვითხრა, მას აჩვენეს რუკა (სავარაუდოდ, მესაზღვრეებმა), სადაც ხიდი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრებშია მოქცეული.
- ეს მესაზღვრის არაპროფესიონალიზმის ბრალია. არ სცოდნია, რომ არც ერთ რუკაზე ის ხიდი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არ არის მოქცეული. 1938 წელს შედგენილ რუკაზე საზღვრის ხაზი მდინარე ჭანჭახის ტალვეგზე (მდ. შუაწელი) ჩამოუყვებოდა ხიდამდე. ხიდიც და გზაც რაჭის ტერიტორიაზეა.
- თქვენი აზრით, რა მოსაზრებით შეიძლებოდა აეფეთქებინათ ხიდი ქართველ სამხედროებს?
- თავდაპირველად, ვიფიქრე, ხიდი რუსებმა ააფეთქეს-მეთქი, რადგან ამ ტერიტორიას მესაზღვრეები არ აკონტროლებდნენ, მაგრამ როგორც გაირკვა, ამ საქმეში რუსის ხელი არ ურევია.
- როგორ თუ არ აკონტროლებდნენ?
- იქაური ყველა კუთხე-კუნჭული ფეხით მაქვს მოვლილი და ქართველი მესაზღვრეები არასოდეს შემხვედრიან. შოვთან იყვნენ მოკალათებული, არ მოსწონთ ცუდ პირობებში ცხოვრება. ნებაა საჭირო იმისათვის, რომ შენი ქვეყნის ტერიტორია გააკონტროლო. ვფიქრობ, ხიდი შიშმა ააფეთქებინათ, თუმც ამას არავითარი სტრატეგიული მნიშვნელობა არ შეიძლება ჰქონდეს. იქ ისეთი გადმოსასვლელებია, ტანკები თავისუფლად გადმოვლენ. რუსებს ხიდის აფეთქება დააკავებს? ამით მხოლოდ მოსახლეობას გაუფუჭდა საქმე. მდინარე უშევი, რომელიც ჭანჭახს ერთვის, ფერდობზე ჩამოედინება. ამ, ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარს დაქვემდებარებულ ადგილს რაჭველები სათიბად და საძოვრებად იყენებდნენ. ჩემი პროგნოზით, რუსები საზღვარს გამოჰყვებიან და აღარ გაუშვებენ იქით ქართველებს. ხომ გაიძახის რუსი, საზღვარი უნდა გავაკონტროლოო? ჰოდა, აუცილებლად გააკეთებს ამას. ეს პრობლემა ხელოვნურად შექმნეს. ასე რომ, ხიდის აფეთქებას არავითარი აზრი არ ჰქონდა.
- თქვენ საქართველოს საზღვრების დელიმიტაციის საექსპერტო კომისიის წევრი იყავით. რატომ დატოვეთ კომისია?
- ბევრი რამის გამო. საზოგადოებამ არ იცის, რა უბნებია შეთანხმებული და დელიმიტირებული და ეს არ მომწონს. სახელმწიფო კი მოსახლეობას არაფერს ეუბნება. ხალხმა უნდა იცოდეს, რა მდგომარეობაშია მისი ქვეყნის მიწის ყველა გოჯი.
არაპროფესიონალიზმმა დაღუპა ეს ქვეყანა. ჯერ იყო და, კონსტიტუციით დააკანონეს საზღვრები, რომლებიც არც დელიმიტირებული იყო და არც დემარკირებული. ახლა რა უნდა ვქნათ? კუ ბაკნიდან ხომ ვერ ამოხტება, არა?
სომხებთან მოლაპარაკების დროს კონსტიტუციაში შეტანილი ასეთი წინდაუხედავი მუხლის გამო ვერაფერი გავაკეთე. ისტორია ვერ მოვიშველიე, ეს კანონი მეღობებოდა წინ. როგორ შეიძლება საზღვრები მეზობლებთან დელიმიტირებულიც კი არ გქონდეს და კონსტიტუციაში საზღვრები გქონდეს განსაზღვრული? საქმის გაფუჭება ამით დაიწყეს, თორემ ეს ხელის შემშლელი გარემოება რომ არ ყოფილიყო, თავისუფლად ვიდავებდით ბევრ ჩვენთვის სასარგებლო საკითხზე. ჩვენს ოპონენტებს ძველ რუკებს დავუწყობდით წინ და დავას მაინც მოვახერხებდით. საქმის მცოდნე კაცისთვის იოლია იმის დასაბუთება, რა იყო ჩვენი და რა - არა. სომხებს კონსტიტუციაში არც თავისი ტერიტორია უწერიათ და არც საზღვრები. როცა ვკითხეთ, გაუკვირდათ, მეზობლებთან საზღვრები არც დელიმიტირებული გვაქვს და არც დემარკირებული და კონსტიტუციაში რას ჩავწერდითო.
სამხედრო გეოგრაფიაშიც ვმუშაობ. გამზადებული მაქვს წიგნები სააქართველოს ტერიტორიის, საზღვრებისა და დასახლებული პუნქტების შესახებ. აქ აღწერილია ყველა კუთხე-კუნჭული, გაკეთებულია შეფასებები. ხომ არ დავაწერ ზედ, ეს სამხედრო გეოგრაფია არის-მეთქი? არადა სწორედ რომ სამხედრო გეოგრაფიის მასალაა. მინდოდა, მიმეწოდებინა შესაბამისი სტრუქტურების ჩინოვნიკებისთვის, ჩაეხედათ მაინც შიგ. მინდოდა, მეჩვენებინა, რა რას ნიშნავს, რომელი სტრატეგიული ობიექტი სად მდებარეობს, რისი პატრონი ვართ, როგორ უნდა მოვიქცეთ 2000 მეტრს ზემოთ, როდის რომელ უღელტეხილზე შეიძლება გადასვლა. ვერ გავაგებინე ამ ხალხს, რომ ამის ცოდნა აუცილებელია. იქით გამიხდა სახვეწარი... უვიცების დოღია ქვეყანაში. პროფესიონალების კეთროვანებივით ეშინიათ! ჰოდა, რაც ახლა საზღვრებთან ხდება, უვიცობის კანონზომიერი შედეგია.
კომისიიდან კიდევ იმიტომ გამოვედი, რომ საქმის გაკეთების ნება არ იყო. ყველაფერი ჯანჯლდებოდა, ხან უფულობას იმიზეზებდნენ, ხან რას და ხან რას. რამდენადაც ვიცი, რაღაც საკითხებზე შეთანხმდნენ, მაგრამ საზოგადოებამ ამაზე არაფერი იცის. საიდუმლო ტოპოგრაფიულ რუკებს ბაზრობებზე ყიდიან და ხალხს კი უმალავენ, რა ხდება კომისიებში. ვის უმალავენ ან რატომ? სამწუხაროდ, არც პოლიტიკური ნებაა, რომ საზღვრების საქმე მოგვარდეს.
ან ბაზრების მოშლა სასაზღვრო ზოლებში რაღა იყო? ბაზარი ხალხებს შორის ურთიერთობის ძალზე მნიშვნელოვანი საშუალებაა. ერგნეთის ბაზრობის მოშლა შეიძლებოდა? ოსები და ქართველები თავისუფლად მიდი-მოდიოდნენ ერთმანეთში. ასე მოშალეს სადახლოს ბაზრობაც. იმის შიშით, კორუფციულ გარიგებებს არ ჰქონოდა ადგილი? საქმეს ვერ პატრონობდნენ და იოლი გზა მოძებნეს?
- ამას წინათ «კვირის პალიტრისათვის» მიცემულ ინტერვიუში ბადრი ბიწაძემ განაცხადა, რომ ლარსისა და მთათუშეთის შეუთანხმებელი მონაკვეთები ქართველმა მესაზღვრეებმა მიატოვეს...
- თუშეთის მონაკვეთზე ყველაფერი შეთანხმებული იყო. საზღვრის ხაზიც სავსებით კონკრეტულია. იქაც სიბრიყვე ჩაიდინეს. თუშეთის ტერიტორიაზე არის დიკლოს მთა. ჩეჩნების, დაღესტნელებისა და საქართველოს გეოგრაფიაში დიკლოს მთა ფიქსირებულია როგორც საერთო შეხების წერტილი. 1999 წელს შეიკრიბნენ საქართველოს საზღვრების სადელიმიტაციო კომისიის წევრები (რა უნდოდა ამ ხალხს კომისიაში და საიდან მოვიდა, მართალი გითხრათ, არ ვიცი) და რუსებთან მოსალაპარაკებლად დასხდნენ. რუსებმა შესთავაზეს: მოდი, დიკლოს მთიდან სამი კილომეტრით დასავლეთით გადავწიოთ ეს წერტილიო. ესენიც დათანხმდნენ და იცით, რა მოხდა? გადაატანინეს თუ არა საზღვრის წერტილი, მაშინვე 42 კვკმ სადავო გახდა. იმ ბრიყვებმა ისიც კი არ იცოდნენ, რომ ამ წერტილის გადმოსაწევად რუსები 1957 წლიდან იბრძოდნენ. კომისიის წევრებმა წერტილის გადმოწევას ისე მოაწერეს ხელი, ვითომ არაფერიაო. ეს რომ გავიგე, თავზარი დამეცა და ერთი ამბავი ავტეხე. მითხრეს, გავგზავნით ნოტას და ამაზე ხელახლა ვისაუბროთო.
როგორც თქვენ გაუგზავნეთ რუსებს ნოტა, ისე გაუგზავნა კომისიამაც. ამ საკითხზე აღარავინ ლაპარაკობს. სად წავა ის 42 კვკმ, ხომ ყველამ ვიცით? ეს არის ამათი შემოქმედება. ხმა რომ ამოვიღე, აქეთ დამიწყეს ყელყელაობა: შენ ამ კომისიის წევრი ხარ და როგორ გვაკრიტიკებო. კომისიის წევრი რომ ვიყავი და პასუხისმგებლობას ვგრძნობდი ქვეყნის წინაშე, იმიტომაც არ მოვითმინე. მე არც ხელისუფლება მაინტერესებს და არც ოპოზიცია, იმას ვხედავ, რომ ეს საქმე არ აწუხებთ, გულთან ახლოს არ მიაქვთ. პროექტი საკადასტრო რუკების შედგენაზე მსოფლიო ბანკმა დააფინანსა. პროექტი 6 მილიონი დოლარი დაჯდა. ეს ხალხი ამ პროექტში იყო ჩართული (ეს სწორედ იმ პროექტის ფარგლებში გაკეთებული რუკებია, საიდანაც საზღვრისპირა ტერიტორიებიდან ნახევარი სოფელი გაქრა. - ავტ.) და საქმეს რომ მორჩნენ, მერე ერთ-ერთ კომისიაში გადმობარგდნენ. მაგალითად, კომისიაში არის ქალი, რომელიც ქართულადაც კი არ ლაპარაკობს. რა, ქართველი სპეციალისტები დაილია? მე არც სომხების და არც აზერბაიჯანელების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ კომისიიდან ინფორმაცია ჟონავს.
- ლარსის ხეობის შეუთანხმებელ ორკილომეტრიან ზოლზე რას იტყვით?
- ნეტავ მხოლოდ ორკილომეტრიანი ზოლი იყოს. დარიალის ხეობაში, ძირითადად, მდინარე თერგი ჩამოდის. მას რომ გაჰყვე და ვლადიკავკაზისკენ წახვიდე, მარჯვნივ თერგს კარგა მოზრდილი მდინარე არმხი უერთდება. ამ ორი მდინარის შესაყართან პატარა დასახლებაა, სახელად ჩმი. სწორედ ამ სწორ ადგილზე ჰქონდათ ქართველ მეფეებს ჯარიეხის ციხე. აქედან აკონტროლებდნენ მთლიანად ხეობას, საქართველოში შემოსასვლელს.
რუსეთთან შეერთების შემდეგ რუსებმა დაიწყეს კავკასიის ადმინისტრაციული დაყოფა: შემოიღეს გუბერნიები, მაზრები, ოკრუგები და გაატარეს საზღვრებიც. 1801 წელს საზღვარი სწორედ ჯარიეხზე გადიოდა. 1943-57 წლებში ჩვენი საზღვრები თერგის იქით გადაიტანეს. მიზეზი ის იყო, რომ თითქოს ჩეჩნები და ინგუშები საბჭოთა კავშირს ღალატობდნენ. მაშინ საქართველოს საზღვარი ჩმის 8 კილომეტრით გასცდა. 1957 წელს ეს ხალხი უკან დააბრუნეს, საზღვარიც აღდგა ჯარიეხზე. მერე რუსმა ძველი ადმინისტრაციული დაყოფა გამოიყენა და საზღვრის ხაზი 8 კილომეტრით ისევ გადმოსწია, ხაზი ეშმაკის ხიდთან გაატარა. ეს ხაზი ზემო ლარსთან არის. შევარდნაძის დროს, როცა ამ სტრუქტურას ვალერი ჩხეიძე განაგებდა, ზემო ლარსიდან საზღვარი ისევ საქართველოს სიღრმეში გადმოვიდა. ეს შეუთანხმებელი საზღვარია. ზემო ლარსთან ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც საქართველოს ბიუჯეტით აშენდა. ის უკვე რუსებმა დაისაკუთრეს და აქეთ კიდევ ერთი კილომეტრით გადმოიწიეს, გვირაბთან მოვიდნენ და ხაზი წყალგამყოფზე გაგვიტარეს. ჩვენი მესაზღვრეები ახლა თამარის ციხესთან დგანან და რუსები იქითაც აღარ უშვებენ.
იგივე მოხდა პირიქითა ხევსურეთში სწორედ იმ დროს, როცა ლარსში საზღვარი გადმოსწიეს. რუსმა იქაც 800 მეტრით გადმოიწია. როცა ამ ვითარებას ვაანალიზებ და ამ საკითხებზე ვფიქრობ, ნერვები მიმტყუნებს ხოლმე. ასეთი უპასუხისმგებლობა და ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების ფეხებზე დაკიდება გაგონილა, ხალხო?
სომხების მშურს. ისეთი პასუხისმგებლობით უდგებიან საკითხს, როგორც ნამდვილ სახელმწიფოს შეეფერება. მათი კანონმდებლობით კომისიის ყოველი მოლაპარაკების შედეგსა და ოქმს პარლამენტში აანალიზებენ და ვაი მას, ვისაც პატარა შეცდომა მოუვა სხვის სასარგებლოდ. გაგიგიათ ოდესმე ჩვენს პარლამენტში ჩვენი საზღვრების საკითხი განეხილოთ?