"რუსეთი არის მტერი, რომელიც არ თაკილობს, იარაღად საერთო რწმენაც კი გამოიყენოს"
ექსკლუზიური ინტერვიუ თბილისში გამართულ საპარლამენტშორისო მართლმადიდებლურ ასამბლეაზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელ ვიქტორ იელენსკისთან
უკრაინის რადას წევრი და მართლმადიდებლურ ასამბლეაზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი ვიქტორ იელენსკი 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე "კვირის პალიტრას" კიევში ესაუბრა:
- უპირველესად საინტერესოა ასამბლეაზე განვითარებული მოვლენების შეფასება.
- საკმაოდ ვრცელი დოკუმენტი მქონდა მომზადებული მართლმადიდებლურ სოლიდარობაზე, რომლის წარდგენასაც ასამბლეაზე ვაპირებდი, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, აქამდე არ მივიდა საქმე. ჩემი ქართველი კოლეგები სავსებით სამართლიანად გააღიზიანა აგრესორი ქვეყნის აგრესორი პოლიტიკოსის მიერ მათი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში გამოჭიმვამ და რაც მე მითხრეს, თუ მართალია (რომ გავრილოვი აფხაზეთის ომში მონაწილეობდა), მაშინ სრულ სოლიდარობას ვუცხადებ მათ და მესმის მათი გულისწყრომა. როდესაც სასტუმრო დავტოვეთ, უკვე შეკრებილი იყო ხალხი, რომელიც ამ ფაქტს აპროტესტებდა და მე მათთანაც დავაფიქსირე, რომ მხარს ვუჭერდი და ვიზიარებდი მათ პოზიციას - უგუნური უნდა იყო, რომ არ გესმოდეს, ვინ არის აგრესორი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტში.
ამის გამო რუსულმა მედიამ პროვოკატორად და ქართულ-რუსული დაპირისპირების გამჩაღებლად მომნათლა, რაც სრულიად არ გამკვირვებია. მაგრამ ალბათ, დამეთანხმებით, რომ ქართველი საზოგადოება ჩემი დახმარების გარეშეც მშვენივრად ხედავს და იაზრებს, თუ რა არის მათთვის შეურაცხმყოფელი და ვინ არის ფარისეველი, თვალთმაქცი და შუღლის რეალური გამჩაღებელი. მოგვიანებით, უსაფრთხოების მიზნით, უკრაინის საელჩოში გადამიყვანეს, დილით კი ქვეყანა დავტოვე.
ორიოდე სიტყვით თავად ასამბლეაზეც - ეს არის ეფემერული პლატფორმა, რომელიც კრემლის ინტერესებს ემსახურება და, ვფიქრობ, დროა, სხვა მართლმადიდებელმა ერებმა გამყოფი ხაზი გავავლოთ რუსეთთან და ასამბლეის ისეთი ფორმატი შევიმუშაოთ, სადაც რუსეთი საკუთარ ნარატივს თავზე ვერ მოგვახვევს. ქართველები, სერბები, რუმინელები, უკრაინელები - საკმარისად ვართ მართლმადიდებელი საზოგადოება, რომელსაც არ სჭირდება კრემლის ნაქადაგები ყალბი სულიერება. ასამბლეის ახლანდელი ფორმატის ერთადერთი მიზანია, რუსი პოლიტიკოსები კეთილისმყოფელ ქრისტიანებად წარმოგვიდგინოს, რაც ისევე შორს არის სიმართლისგან, როგორც თავად რუსეთი ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სულისკვეთებისგან.
- ამ სულისკვეთებაზე გკითხავთ - დღემდე აპელირებენ რუსეთზე, როგორც ერთმორწმუნე ერზე, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკურ და სამხედრო მაქინაციებშია გართული კრემლი. როგორ ახსნით ამ ფენომენს? - ეს უბრალოდ სასაცილოა და ამის უკვე აღარავის სჯერა - რუსეთი ის ქვეყანაა, რომელიც შეიჭრა სამ მართლმადიდებელ ქვეყანაში და ომი გააჩაღა - საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში. ამის მერე რა მართლმადიდებლურ სოლიდარობასა და საერთო რწმენაზეა ლაპარაკი?
ბიბლიის რომელი მონაკვეთი გვიქადაგებს, რომ უნდა დაიპყრო, ამოხოცო და დაბომბო ხალხი, რომელსაც "სარწმუნოებრივ ძმებად" მიიჩნევ? ეს კრემლის ხრიკია, რომელსაც ერთხანს ოსტატურად იყენებდა, მაგრამ უკვე ყველაზე უგუნურებსაც კი აეხილათ თვალი. არავისთვის აღარ არის საიდუმლო, რომ რუსული ეკლესია სხვა არაფერია, თუ არა მორიგი იარაღი და ბერკეტი კრემლის არსენალში. სხვა რომელი ეკლესია იცით, რომელიც ბირთვულ იარაღს აკურთხებს?
უკრაინის ავტოკეფალია გავიხსენოთ - პუტინმა უსაფრთხოების საბჭო მოიწვია, რომ ეს აღეკვეთა, ეკლესიამ კი ამაზე ხმა არ ამოიღო. რუსმა ჰაკერებმა სცადეს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს არქივებში შეღწევა - რაღაც არ მეჩვენება ეს ყველაფერი სარწმუნოებრივი სათნოებისა და სიყვარულის მაგალითად. ის არის მტერი, რომელიც არ თაკილობს, იარაღად საერთო რწმენაც კი გამოიყენოს. ნებისმიერი ჭკუათამყოფელი ადამიანი საქართველოსა და უკრაინაში იზიარებს ამ პოზიციას.
- ავტოკეფალიასთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ პროცესებზე მინდა გკითხოთ - ანტიდასავლური ძალები ნიშნის მოგებით ამტკიცებენ, რომ როგორც კი ტომოსი მიიღეთ, შინაგანი განხეთქილებებისა და დაპირისპირებების დროც დადგა. - განხეთქილება არ არსებობს და არც ერთმანეთს ვწვდომივართ ყელში, მიუხედავად იმისა, რომ რუსულ მედიას ძალიან სურს ასეთი სურათი დახატოს. რაც ხდება, არის უბრალოდ აზრთა სხვადასხვაობა ეკლესიის მაღალი რანგის ფიგურათა შორის გარკვეულ საკითხებზე. ეს მისაღებია, ამაში არაფერია კოშმარული. მეორე მხრივ, მოსკოვის პატრიარქის ერთ-ერთმა არქიეპისკოპოსმა ახლახან პატრიარქი კირილი ანათემას გადასცა და განაცხადა, რომ ის ჯოჯოხეთში დაიწვება, თუმცა წაიკითხეთ რამე ამის შესახებ რუსულ გაზეთებში? რა თქმა უნდა, არა, რადგან ეს ხელს არ აძლევს კრემლს. სიმართლე თუ გინდათ, ჩვენი ეკლესია ვითარდება, ფართოვდება და, რა თქმა უნდა, ეს არ მოსწონს არც კრემლს და არც მოსკოვის საპატრიარქოს. პროგრესი გვაქვს ავტოკეფალიის აღიარებაშიც, რაც მოსვენებას არ აძლევთ მოსკოვში.
- რაც შეეხება აღიარებას, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია არ ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას. როგორ ფიქრობენ უკრაინაში, რა არის ამის მიზეზი? - მარტივად გეტყვით - მიზეზი კრემლის ზეწოლაა. ერთი მხრივ, ცდილობენ ძირი გამოუთხარონ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, მეორე მხრივ, ზეწოლითა და შანტაჟით ცდილობენ კანონიკური მართლმადიდებლური ეკლესიების დაშინებას, რომ მათ უკრაინის ავტოკეფალია არ ცნონ.
არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ისინი ქართულ მხარეს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ეკლესიების დამოუკიდებლად ცნობით ემუქრებიან, თუ საქართველოში გაბედავენ და ჩვენს ავტოკეფალიას აღიარებენ. ვფიქრობ, ავტოკეფალიის ცნობის პროცესი გარდაუვალია და საბოლოოდ ქართული ეკლესია ჩვენ გვერდით დადგება, რადგან საქართველოში ჩვენზე უკეთესად იციან, როგორია რუსული ეკლესიისა და რუსეთის რეალური სახე.
სტატია მომზადდა "ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის" პროექტის "Giving Voice, Driving Change - from the Borderland to the Steppes" ფარგლებში.
ვაჟა თავბერიძე