მიხეილ ბატიაშვილი: "სკოლა უნდა დაემსგავსოს სკოლას"
"უკვე 6 000-ზე მეტი საპენსიო ასაკის პედაგოგია დარეგისტრირებული, რომლებმაც ამ სივრციდან გასვლის სურვილი გამოთქვეს. შემოდგომაზე ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება და წლის ბოლომდე გაგრძელდება. ხომ წარმოგიდგენიათ, უკვე რამხელა რიცხვია 6 000?"
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გატარებული ბოლოდროინდელი რეფორმები საკმაოდ ინტენსიურია, ზოგი მათგანი კი საზოგადოებაში ბევრ კითხვას აჩენს. ორიენტირის აღება ხვალინდელ განათლებაზე, საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის არჩევნის მიცემა, საატესტატო გამოცდების მოხსნა, განათლების სახელმწიფო დაფინანსების გაზრდა - ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია, რის შესახებაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი გვესაუბრა.
- როგორ ხედავს განათლების სამინისტრო ხვალინდელ დღეს?
- დღეს მნიშვნელოვანია არა მარტო ის, რომ სხვა ქვეყნების მაგალითი ავიღოთ, არამედ გავითვალისწინოთ, როგორი იქნება ხვალინდელი დღე და გლობალური გარემო. სწორედ ამას ემსახურება "ახალი სკოლის მოდელი", რაც თანამედროვე სწავლების მეთოდებს გულისხმობს. 50 სკოლაში ეს მოდელი უკვე დაინერგა, შემოდგომიდან კიდევ 100 სკოლა ჩაერთვება. 2022 წლამდე უნდა მოვიცვათ ყველა სკოლა.
გვაქვს კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ტექნოლოგიური სიახლე იქნება განათლებაში. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ფასეულობები, თუნდაც ის ნაბიჯი, რომელიც იაკობ გოგებაშვილის "დედა ენასთან" დაკავშირებით გადაიდგა. ერთი მხრივ, წარმოდგენილი უნდა იყოს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, პარალელურად კი თანამედროვე ტექნოლოგიები.
- როგორ ემზადებიან პედაგოგები "ახალი სკოლის მოდელისთვის"? - პროცესში აქტიურად არიან ჩართული ექსპერტები და მუშაობენ საპილოტე სკოლების პედაგოგებთან. მათი ჩართულობა იმედს გვაძლევს, რომ პროცესი სწორად მიდის...
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განათლებაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 6% დაიხარჯება. 2022 წლამდე ყოველწლიურად განათლების ბიუჯეტი 500 მილიონით გაიზრდება.
- ალბათ, აქვე აღსანიშნავია სკოლებში ინფრასტრუქტურული პრობლემებიც... - სამწუხაროდ, ძალიან ბევრი სკოლის ინფრასტრუქტურა ურთულეს მდგომარეობაშია, თუმცა 2022 წლამდე ასეთი სკოლები აღარ უნდა გვქონდეს. მნიშვნელოვანია პედაგოგებისთვის პირობების გაუმჯობესებაც და ბოლოს სახელმძღვანელოები...
გარდა ამისა, რაც შეიძლება მეტი ტექნოლოგიური პროდუქტი უნდა შეიქმნას, რომლებიც დაეხმარება მოსწავლეებს პრაქტიკული ცოდნის მიღებაში. უმნიშვნელოვანესი პროექტია დიღმის განათლების ქალაქის მშენებლობა. ეს იქნება უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე განათლების ქალაქი. იქ შეიქმნება ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და ა.შ. ლაბორატორიები. ბავშვებს მიეცემათ შესაძლებლობა, სკოლის გარეთაც მიიღონ ის პრაქტიკული ცოდნა, რომელიც თეორიულ ცოდნასთან ერთად დაეხმარებათ.
- საატესტატო გამოცდების მოხსნას საზოგადოების ნაწილი უარყოფითად შეხვდა. ბავშვებს გამოცდებისთვის მომზადება აღარ მოუწევთ და ამ ინიციატივამ შესაძლოა სწავლის დონის დაცემა გამოიწვიოს. - ჩვენი მიზანიც სწორედ ის არის, რომ ბავშვები მხოლოდ გამოცდებისთვის არ მოემზადონ, რადგან ეს ცოდნა ზედაპირულია და მხოლოდ გამოცდის ჩაბარების მიზანი აქვს. ჩვენ თუ მხოლოდ ბოლო ორ წელიწადზე გავაკეთეთ აქცენტი, გამოდის, სკოლა ფუნქციას კარგავს, რადგან ვალდებულია, პირველიდან ბოლო კლასამდე მისცეს ბავშვს სათანადო განათლება. განათლების დღევანდელი შედეგები ისეთი დაბალია, ამაზე უარესი რთული წარმოსადგენია. ახლა ვფიქრობთ, როგორ გავაუმჯობესოთ.
გასაგებია საზოგადოების შიში... ვიღაცას "დედა ენის" ეშინია. როდესაც მასშტაბური რეფორმები ტარდება, ბუნებრივია, ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება, მაგრამ ფაქტია, რაღაც აუცილებლად შესაცვლელია. სკოლა უნდა დაემსგავსოს სკოლას! დღეს როგორც მშობლის, ასევე ბავშვის მთლიანი რესურსი ბოლო ორ წელიწადში რეპეტიტორებთან მომზადებაზე იხარჯება, რადგან სკოლა ვერ ასრულებს თავის ფუნქციას და ავტომატურად ჩნდება გარე გადამზადების მოთხოვნა. როდესაც სკოლა დაიბრუნებს ფუნქციას, რეპეტიტორების პრობლემაც მოიხსნება.
- თუმცა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არა მხოლოდ საატესტატო, ეროვნული გამოცდებისთვისაც ემზადებიან რეპეტიტორებთან და დიდი ფინანსური ტვირთი აწვებათ. - სწორედ ამიტომ განათლების სისტემა არ უნდა იყოს მხოლოდ იმ ამოცანაზე ორიენტირებული, რომლის ერთადერთი მიზანია, როგორმე სკოლა დაამთავრო ან უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარო, არამედ მთავარი უნდა იყოს საფუძვლიანი ცოდნის მიღება.
- კი, მაგრამ ქართველი საზოგადოება მაინც ორიენტირებულია დიპლომებზე... - ქართველი ყოველთვის ცოდნაზე იყო ორიენტირებული, უბრალოდ, ამ სისტემამ მოიტანა ეს შედეგი. საზოგადოების მოთხოვნაა, რომ გავაუმჯობესოთ განათლების სისტემა. ხშირად ჩნდება კითხვები, აგრესიაც, მაგრამ ცვლილებები აუცილებელია ჩვენი შვილებისა და მომავლისთვის.
- თქვენი გეგმით, 2022 წლისთვის პედაგოგების ხელფასი 1.500-მდე გაიზრდება... - შეიძლება 1.800 ლარამდეც. ეს დაპირება გრძელვადიანია, მაგრამ სექტემბერში ყველა იმ პედაგოგს გაეზრდება ხელფასი, რომელთა კვალიფიკაციაც დადასტურებულია. პროცესი გაგრძელდება ყოველ წელს და მინიმუმ 150 ლარი მოემატებათ. ასე, ეტაპობრივად მივალთ 2022 წლამდე და მათი ხელფასი 1.500-1.800 ლარს მიაღწევს. სამწუხაროდ, ქართველებს ორი უკიდურესობა გვაქვს - რაღაც ან საერთოდ არ გვინდა, ან ახლავე გვინდა. ერთ დღეში ყველაფრის შეცვლა ხომ შეუძლებელია? ინფრასტრუქტურაც უნდა გაუმჯობესდეს, პედაგოგის კვალიფიკაციაც გაიზარდოს, რისთვისაც გადამზადების ბევრი პროგრამა გვაქვს, ახალი პედაგოგები გაჩნდებიან.
- რამდენიმე ასეულმა საპენსიო ასაკის პედაგოგმა სამინისტროს შეთავაზებული ჯილდოთი ისარგებლა და პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტა. ამ შეთავაზების მიზანი ხომ არ იყო ის, რომ პედაგოგთა ნაწილს პროფესია დაეტოვებინა და გაჩენილიყო სივრცე, ასე ვთქვათ, "ახალი სისხლისთვის"? - უკვე 6 000-ზე მეტი საპენსიო ასაკის პედაგოგია დარეგისტრირებული, რომლებმაც ამ სივრციდან გასვლის სურვილი გამოთქვეს. შემოდგომაზე ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება და წლის ბოლომდე გაგრძელდება. ხომ წარმოგიდგენიათ, უკვე რამხელა რიცხვია 6 000? პედაგოგთა ნაწილმა გადაწყვიტა კვალიფიკაციის გამოცდა ჩააბაროს და შესაძლოა ბევრმა ამის შემდეგაც გადაწყვიტოს პროფესიიდან გასვლა. ეს ბევრ პროცესს ხელს შეუწყობს, მათ შორის ახალგაზრდა პედაგოგების შემოდინებას. ჩანაცვლებაც ეტაპობრივად უნდა მოხდეს.
- თქვენი მოადგილის, ირინა აბულაძის განცხადება საზოგადოების ნაწილმა ისე გაიგო, თითქოს სკოლებში ახალი საგნების შემოღებით სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ მათემატიკისა თუ ფიზიკის ფორმულების ცოდნა მნიშვნელოვანი აღარ არის და მთავარია, აღიზარდოს მოქალაქე. როგორია თქვენი პოზიცია? - განათლებაში ყველა კომპონენტი უმნიშვნელოვანესია. ჩვენ ხომ განათლების ქალაქსა და გარე სასკოლო მიმართულებებზეც ვისაუბრეთ. ტექნიკური და ჰუმანიტარული საგნები, პლუს ბავშვი, როგორც საზოგადოების წევრი - ეს ყველაფერი ერთიანად უნდა განიხილებოდეს. გარწმუნებთ, რაზეც თქვენ საუბრობთ, ცოტა სხვანაირად გაგებული წინადადებაა. ჩვენი ხედვით, ბავშვის განვითარება უნდა ხდებოდეს კომპლექსურად, ყველა მიმართულებით.
- სკოლებისთვის ახალი სახელმძღვანელოები მზადდება, თუმცა უნივერსიტეტების უმეტესი ფაკულტეტისთვის ბოლო წლებში გამოსული სახელმძღვანელოების ქართულ ენაზე თარგმნა და გამოცემა, ასევე სტუდენტებისთვის მიწოდება, დიდ პრობლემას წარმოადგენს. იგეგმება თუ არა რაიმე ამ მიმართულებით? - სამინისტრო სკოლებს უფასო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფს, უნივერსიტეტები კი იურიდიულად ავტონომიურია. არსებობს სხვადასხვა ფონდი, საერთაშორისო დონორებიც, რაზეც უნივერსიტეტები უნდა ზრუნავდნენ, რადგან სამინისტრო არც ერთ ქვეყანაში არ უშვებს უნივერსიტეტისთვის სახელმძღვანელოებს. რაც შეეხება ფინანსურ დახმარებას, სახელმწიფო უნივერსიტეტებს დიდ დახმარებას უწევს. ბევრი პრობლემაა, მით უმეტეს, რომ სახელმძღვანელოები ხშირად ახლდება. ხელის შეწყობა უნდა როგორც ქართულ სახელმძღვანელოების გამოცემას, ასევე უნივერსიტეტებში უცხო ენის სწავლებასა და ამ ენაზე მასალის გაცნობას. თუმცა უნივერსიტეტებმა ჩვენი დახმარებით უფრო მეტად უნდა იზრუნონ...
- "ალოგიკური სიტუაციაა, გვყავს N რაოდენობით სტუდენტი, რომელიც N რაოდენობის ფაკულტეტს ამთავრებს, მეორე მხრივ, გვაქვს მოთხოვნები სამუშაო ადგილებზე და რეალურად ძალიან რთულია იპოვო მაღალკვალიფიციური ქართული კადრი", - აღნიშნეთ თქვენ. გამოსავალს რაში ხედავთ? - უნივერსიტეტების დღევანდელი დაფინანსების მოდელი ორიენტირებულია სტუდენტების რაოდენობაზე და არა უნივერსიტეტის წარმატებაზე. წლების განმავლობაში სისტემამ წაახალისა, რომ უნივერსიტეტებს რაც შეიძლება მეტი სტუდენტი მიეღოთ. როცა რაოდენობაზეა აქცენტი, ხარისხზე საუბარი ძნელია. ამიტომ ახალი მოდელი, რომელსაც შემოდგომაზე წარვადგენთ, ხარისხზე იქნება ორიენტირებული. მოდელი დამუშავებულია, პროცესში ჩართული იყო მსოფლიო ბანკიც.
- ხომ არ იგეგმება ფაკულტეტებზე სტუდენტების რაოდენობის, კვოტების შემცირება? - არა, რაოდენობის შემცირებას ეს არ გულისხმობს. უნივერსიტეტის რესურსი უნდა ხმარდებოდეს ხარისხის ამაღლებას. ჩვენ ისეთი ფინანსური მექანიზმი, მოტივაცია უნდა შევქმნათ, რომ თუ უნივერსიტეტი აქცენტს ხარისხზე გააკეთებს, სახელმწიფო კიდევ უფრო მეტი რესურსით დაეხმარება, რაც შემდეგ ისევ სტუდენტზე აისახება...
- სკოლებში გოგებაშვილის "დედა ენას" აბრუნებთ, თუმცა თანამედროვეობაზე მორგებულს. როგორ ფიქრობთ, "გათანამედროვებით" "დედა ენა" არ დაკარგავს მთავარ ფუნქციას? - განახლება მინიმალურია. იაკობ გოგებაშვილის "დედა ენას" მეტ-ნაკლებად ადაპტირება სჭირდებოდა და არა უხეში ჩარევა, რომელიც პედაგოგიურ მეთოდს დაარღვევდა. არის ბევრი ისეთი სიტყვა, რომელიც თანამედროვე ენაში არ იხმარება. გოგებაშვილი უმნიშვნელოვანესია, რადგან უნიკალური მეთოდია, მით უმეტეს, "აი ია" წიგნის სამყაროში ყველა ადამიანისთვის დასაწყისია, ამაზე უარის თქმა როგორ შეიძლება? თუმცა მისი გამოყენების საკითხი ნებაყოფლობითია, სკოლის და პედაგოგის თავისუფლება არჩევნის თავისუფლებასაც ნიშნავს. ამიტომ პედაგოგებმა გადაწყვიტონ, გამოიყენონ ის ძირითად თუ დამხმარე სახელმძღვანელოდ.
- ია კერზაიას საქმეზე თქვით, "გამოძიება როგორც კი დასრულდება, სამართლებრივი პასუხისმგებლობა რომც არ დადგეს და მორალური პასუხისმგებლობა დადგეს, მე დავტოვებ თანამდებობას" - რას გულისხმობთ მორალურ პასუხისმგებლობაში? - როგორც კი გამოძიება დასრულდება და დასკვნას გავეცნობი, ამის შემდეგ შეიძლება ორივე - სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობის საკითხები დავაყენო. უპირველესი გამოძიების დასრულებაა, დასკვნა კი შესაძლოა პირველ ნაწილსაც შეეხოს და მეორესაც.
- ამჟამად თუ ინტერესდებით გამოძიების დეტალებით? - არა. ჩემი ერთადერთი ინტერესი ახლა იმ რეფორმების გატარებაა, რომლებზეც ვილაპარაკეთ.
- თუ გაქვთ კომუნიკაცია კერზაიას ოჯახთან, მის შვილთან, ბაჩანა შენგელიასთან? რა ინფორმაცია გაქვთ, რა მოხდა? - გამოძიების მიმდინარეობაზე გავლენა რომ არ მოვახდინოთ, როგორც კი დასკვნა იქნება, კომენტარს გავაკეთებ.
ეკა აბაშიძე