ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატი "აბაშიძე-ვოლინკინის" ფორმატით შეიცვლება? - კვირის პალიტრა

ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატი "აბაშიძე-ვოლინკინის" ფორმატით შეიცვლება?

როგორც რუსული გაზეთის «КоммерсантЪ»-ის 29 ივლისის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი რუსეთის ფედერაციის საბჭოში გადაჰყავთ სამუშაოდ, მის ნაცვლად კი მინისტრის მოადგილედ სამი კანდიდატია შერჩეული. მათგან ძირითადია სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი ივან ვოლინკინი, რომელიც, სხვათა შორის, 2005-2008 წლებში თბილისში არსებულ რუსეთის საელჩოში მრჩეველ-დესპანის თანამდებობაზე მუშაობდა. მოგვიანებით, 2013-2018 წლებში ივან ვოლინკინი რუსეთის ელჩი იყო სომხეთში.

გრიგორი კარასინს აგვისტოში 70 წელი უსრულდება, "სახელმწიფო სამსახურის" შესახებ" რუსეთის კანონის მიხედვით, ამ ასაკის მიღწევის შემდეგ რუსეთის მოქალაქეებს სახელმწიფო სამსახურში ყოფნის უფლება აღარ აქვთ.

«КоммерсантЪ»-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ ის მიმართულება, რომელზეც სამინისტროში გრიგორი კარასინი იყო პასუხისმგებელი, რუსეთის საგარეო პოლიტიკაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან და იმავდროულად, ყველაზე პრობლემურს წარმოადგენს: მასში შედის უკრაინის ირგვლივ არსებული სიტუაცია, დნესტრისპირეთსა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტები, საქართველოსთან არსებული რთული ურთიერთობა, ბელორუსიასთან მიმდინარე "სავაჭრო ომი" და ა.შ. ამ მიმართულებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობის სპეციფიკა იმაში გამოიხატება, რომ ყველა ჩამოთვლილი საკითხების შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება არა თვით სამინისტროში, არამედ კრემლში.

როგორც ცნობილია, ბოლო თვეებში გამწვავდა წინააღმდეგობრივი ურთიერთობა საქართველოსთან. ამას წინათ გრიგორი კარასინმა «КоммерсантЪ»-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მოსკოვი კვლავაც "იბრძოლებს "თბილისთან აქტიური ურთიერთობისათვის". "ჩვენს ხალხებს ეყოფათ მოთმინება და საღი აზრი იმისათვის, რომ კონსტრუქციული მიდგომები განავითარონ და წინ წასწიონ", - აღნიშნა მან.

--------------

შეიძლება ითქვას, რომ თუ ივან ვოლინკინი მინისტრის მოადგილედ მართლაც დაინიშნება, მაშინ როგორც ჩანს, მალე "აბაშიძე-კარასინის" ფორმატი "აბაშიძე-ვოლინკინის" ფორმატით შეიცვლება. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ