ვინ გაუწია გიორგი გახარიას ივანიშვილთან რეკომენდაცია და ვის აჩუქა 120 000 დოლარი - ყველაფერი მომავალი პრემიერ-მინისტრის შესახებ - კვირის პალიტრა

ვინ გაუწია გიორგი გახარიას ივანიშვილთან რეკომენდაცია და ვის აჩუქა 120 000 დოლარი - ყველაფერი მომავალი პრემიერ-მინისტრის შესახებ

შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმეკვირიანი მოლოდინის შემდეგ, საბოლოოდ გამართლდა კულუარულად გავრცელებული ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნება" მომავალ პრემიერად გიორგი გახარიას ამზადებდა. "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, რის შემდეგაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება და  პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია წარადგინა. გახარია, რომლის გადადგომასაც საზოგადოების ერთი ნაწილი 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ ითხოვს. სხვათა შორის "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომა და წარდგენაც საპროტეტსო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, მამუკა ბახტაძემ პრემიერის თანამდებობა 2 სექტემბერს დატოვა.

როგორც ივანიშვილმა გიორგი გახარიას წარდგენისას განაცხადა, გუნდს გახარიას კანდიდატურა ამ პოსტზე თავად შესთავაზა.

"დღეს დილით გვქონდა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პარტიის პოლიტსაბჭო. პოლიტსაბჭოზე მე, როგორც პარტიის თავმჯდომარემ წარვადგინე ახალი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას სახით. მივიღეთ სრული მხარდაჭერა. ამის შემდგომ უმრავლესობასთან გვქონდა შეხვედრა და იქაც კითხვებიც არ დასმულა და ეს არის ჩვენი არჩევანის ობიექტური შეფასება. თქვენც და საზოგადოებაც კარგად იცნობს გიორგი გახარიას. ვფიქრობ, მან საკუთარი მოღვაწეობით, დაწყებული ბიზნესომბუდსმენობიდან, შემდგომ ის გახლდათ ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ კი შს მინისტრი, ღირსეულად დაიმსახურა ამ პოსტზე მისი წარდგენა და მე ვფიქრობ, მას პარლამენტი აუცილებლად დაამტკიცებს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

გიორგი გახარიამ პარტიის ხელმძღვანელს, ბიძინა ივანიშვილს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

"ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. რა თქმა უნდა, მადლობა მინდა გადავუხადო პარტიის თითოეულ წევრს, პოლიტსაბჭოს ასეთი მხარდაჭერისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს წინამორბედს, მამუკა ბახტაძეს გაწეული შრომისთვის. დღეს, ამ გადაწყვეტილების შემდეგ, მე წარვადგენ მთავრობის შემადგენლობას და პროგრამას პარლამენტში და მინდა ასევე გითხრათ, რომ მთავრობის შემადგენლობაში იქნება მცირედი ცვლილებები. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს ბატონი ვახტანგ გომელაური, ხოლო თავდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს ირაკლი ღარიბაშვილი", - განაცხადა გახარიამ.

განათლება გიორგი გახარია 1975 წლის 19 მარტს, თბილისში დაიბადა. 1992-1994 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე სწავლობდაა, 1994-2000 წლებში კი - ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე. მიღებული აქვს პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი. 2002-2004 წლებში გახარიამ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა უმაღლესი ბიზნესსკოლა და მიიღო ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხი.

საქმიანობა

რაც შეეხება გახარიას პროფესიულ გამოცდილებას, 2004-2008 წლებში ის იყო SFK Group-ის გენერალური დირექტორი. 2006 წლიდან 2009 წლამდე გახარია მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ბიოტექნოლოგიის მოწვეული ლექტორი გახლდათ. 2008 - 2013 წლებში იყო Lufthansa Service Holding AG. LSG, Frankfurt am Main, Germany GR & ბიზნესის განვითარების დირექტორი აღმოსავლეთ ევროპაში, დსთ-ს ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში.

2013 წლიდან 2016 წლებში საქართველოს ბიზნესომბუდსმენი, 2014 - 2016 წლებში ეკონომიკური საბჭოს მდივანი, შემდეგ კი ეკონომიკისა და შს მინისტრი.

მისი გამოჩენა "ქრათულ ოცნებაში" ექსპერტ გია ხუხაშვილს უკავშირდება, რომელიც იმჟამად ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი იყო. ხუხაშვილის თქმით, სწორედ მან გაუწია გახარიას ივანიშვილთან რეკომენდაცია. გახარია და ხუხაშვილი მეზობლები არიან, ამ უკანასკნელის თქმით, ის გიორგი გახარიას ნაკლებად იცნობდა, თუმცა იცნობდა მის მშობლებს, რომელთაც სთხოვეს შვილისთვის დახმარების გაწევა. სწორედ ამგვარად დაინიშნა გიორგი გახარია ბიზნესომბუდსმენად და ასე დაიწყო მისი კარიერული სვლა. გიორგი გახარია ქალიშვილთან ერთად

გიორგი გახარიას ჰყავს მეუღლე, მარიკა ფანცულაია, რომელიც პროფესიით ექიმი - ბაქტერიოლოგია და ერთი ქალიშვილი, 8 წლის ანნა გახარია, რომელიც მოსკოვშია დაბადებული.

ქონება რაც შეეხება მინისტრის ქონებას, 2019 წლის 30 მაისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მის პირად საკუთრებაში არც უძრავი და არც მოძრავი ქონება ფიქსირდება.

ამასთან, დეკლარაციის შევსების მომენტში გახარიას სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჯამში, 4 850.99 ლარი და 266,76 დოლარი ჰქონდა. რაც შეეხება გახარიას გასავალს, შვილის სწავლის საფასურის სახით მისმა გასავალმა გასულ წელს 5 220 ევრო შეადგინა. მისი მეუღლე ფლობს მსუბუქ ავტომობილს „ტოიოტა RAV4-ს“, რომელიც 2016 წელს 22 000 დოლარად აქვს შეძენილი. რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 520,006.41 დოლარი და 1 192,5 ლარი ჰქონდა. გახარიას მეუღლის გასული წლის შემოსავალმა ავერსის ცენტრალურ კლინიკაში ექიმ-ბაქტერიოლოგად მუშაობისას 11 372 ლარი შეადგინა.

როგორც გიორგი გახარიას მიერ 2018 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით ირკვევა, მომავალ პრემიერს მშობლების საცხოვრებელი ბინის რემონტი 50 000 ლარი დაუჯდა, მამას - ზაურ გახარიას კი 120 000 აშშ დოლარი აჩუქა.

(სპეციალურად საიტისთვის)