"გახარია სათამაშო ბიზნესისთვის რეგულაციების დაწესების წინააღმდეგია"
როცა მოსახლეობის 20% აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, აზარტული თამაშების ბიზნესის ბრუნვა წლიდან წლამდე კოლოსალურად, რეკორდული მაჩვენებლებით იზრდება! მხოლოდ გასულ ერთ წელიწადში სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 5,06 მილიარდი ლარიდან 13,8 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში აზარტული თამაშები ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და ეკონომიკის ისეთ მიმართულებებსაც უსწრებს, როგორიც არის მშენებლობა, გადამმუშავებელი მრეწველობა, ენერგეტიკა. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 10 წელიწადში აზარტული თამაშების ბიზნესის ბრუნვა თითქმის 200-ჯერ გაიზარდა.
ლევან გოგიჩაიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, აზარტული თამაშების შესახებ შექმნილი ერთ-ერთი კანონპროექტის ინიციატორი: - ვფიქრობ, ძალიან სახიფათო ზღვარს მივადექით - აზარტულ თამაშებში ჩართულობის მასშტაბი საგანგაშო ნიშნულზეა და, პირდაპირი მნიშვნელობით, ეროვნული უსაფრთხოების პრობლემის წინაშე ვდგავართ, ასეთ დროს კი პასუხისმგებელი პირები, რომელთაც გადაწყვეტილების მიღების ბერკეტი აქვთ და მაინც გულგრილობას იჩენენ, სულ ცოტა, მავნებლობას სჩადიან. ეს არის ბიზნესი, სადაც ადამიანები აგებენ და მერწმუნეთ, ხანგრძლივ პერსპექტივაში მოგებული ამით მხოლოდ სათამაშო ბიზნესი რჩება. ამ ბიზნესის განვითარება პირდაპირპროპორციულად ჩვენი ეკონომიკის უკან დახევას ნიშნავს, უამრავი ადამიანის გაღარიბებას, სახელმწიფო კი მშვიდად უყურებს, რის ფასად გვიჯდება სათამაშო ბიზნესის კეთილდღეობა.
ამ ბიზნესის დაახლოებით 30% ჩრდილშია მოქცეული. ბრუნვის მაჩვენებელი, რომელსაც ეს ბიზნესი სახელმწიფო უწყებებს უგზავნის, მხოლოდ ნაწილობრივ ასახავს რეალურ სურათს. შესაბამისად, სათამაშო ბიზნესის რეალური ბრუნვა შესაძლოა 20 მილიარდსაც აღწევს. აღარაფერს ვამბობ ათასობით გაუბედურებულ ოჯახზე, რომლებიც ამ ზომამდე თამაშდამოკიდებულებამ მიიყვანა. მხოლოდ შარშან ზაფხულში სამმა ახალგაზრდამ მოიკლა თავი და წერილი დატოვა, რომ სიცოცხლეს თამაშდამოკიდებულებისა და ამის გამო დაგროვებული ვალების გამო ასრულებდა. ყველა ეს პრობლემა ნაცნობია ხელისუფლებისთვის, მაგრამ ნაბიჯსაც არ დგამს წინ. ასეთი უმოქმედობა ლობიზმის შედეგია, რომელიც პარლამენტის წევრების კი არა, უფრო მაღალ დონეზე წყდება და ივანიშვილის გარემოცვაში უნდა ვეძებოთ. სათამაშო ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი ლობი უჩა მამაცაშვილია. სწორედ ის აძლევს ამ ბიზნესს გარანტიას, რომ საკანონმდებლო სივრცეში სათამაშო ბიზნესისთვის სტატუს-კვო დარჩება. შესაბამისად, ეს ბიზნესი უკვე შესულია პოლიტიკაში, რადგან პოლიტიკას აფინანსებს, უფრო კონკრეტულად კი "ქართულ ოცნებას". შესაბამისად, მმართველ პარტიას არა აქვს ინტერესი, ამ ბიზნესს შეზღუდვები დაუწესოს. ეს ბიზნესი უზრუნველყოფს მმართველ პარტიაში ე.წ. შავი სალაროს შევსებას. ამაში დარწმუნებული ვარ.
"შავი სალარო" ის თანხებია, რომლებიც ოფიციალურად არსად აისახება, მაგრამ გამოიყენება სხვადასხვა მიმართულების დასაფინანსებლად, მათ შორის ინტერნეტტროლების, სოციალურ ქსელებში სხვადასხვა აქტივობისთვის და სხვ. როცა მმართველი გუნდის წევრი ვიყავი, შესაძლოა გულუბრყვილოდ ვუყურებდი ამ პროცესს, მეგონა, ჩემი თანაგუნდელებიც ხედავდნენ მას და კონკრეტულ ნაბიჯებსაც ველოდებოდი. მოგვიანებით, როცა მაღალი თანამდებობის პირებმა დაიწყეს მოსაზრებების გამოხატვა, იქნება არ გვეჩქარა, გვეფიქრა, ხომ არ დავეკითხოთ ვინმესო და ა.შ., მივხვდი, რომ იქით, ანუ სათამაშო ბიზნესის მხარეს იყვნენ. ამის შემდეგ იწყებ გაცნობიერებას, რომ ამ ყველაფრის უკან მნიშვნელოვანი ძალა დგას და სიღრმეებში გარკვევის სურვილი გიჩნდება. არც ერთი კანონპროექტი, რომლებიც მთავრობას აქვს პარლამენტში შემოტანილი, არ დევს იმდენ ხანს, რამდენიც სათამაშო ბიზნესის კანონპროექტი დააყოვნეს. რატომღაც არ უჩნდება სურვილი ფინანსთა სამინისტროს, რომ მის მიერ ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტმა განიხილოს.
პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ გიორგი გახარია სათამაშო ბიზნესისთვის რეგულაციების დაწესების წინააღმდეგია. როცა მთავრობასთან განვიხილავდით კანონპროექტს, გახარია აზარტული ბიზნესის მხარეს იყო, ხოლო მამუკა ბახტაძე რეგულაციებს ემხრობოდა. ყველამ იცის, რომ გახარია უჩა მამაცაშვილის კადრია. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ამ ბიზნესს ლობისტები ჰყავს არა პარლამენტში, არამედ პარტიის ხელმძღვანელობაში, ივანიშვილის გარემოცვაში.
ჩვენ რომ თავის დროზე ეს რეგულაციები მიგვეღო, თამაშში ჩართულ მოქალაქეთა რაოდენობა დღეს დაახლოებით 40%-ით იქნებოდა შემცირებული. თუ არ იქნება საზოგადოების სერიოზული ზეწოლა, ეს პრობლემა გადაულახავი დარჩება. მინდა შესაძლებლობა გამოვიყენო და მივმართო საპატრიარქოს, რომ აქტიურად განაახლოს ამ საკითხზე თავისი პოზიციის გამოხატვა, რადგან მისი როლი და აზრი მნიშვნელოვანია. ჩვენ შესაძლოა მალე ისეთი ნიშნული გადავლახოთ, რომ დღეს თუ თამაშდამოკიდებულების გამო ადამიანებს ვკარგავთ, ხვალ შესაძლოა ქვეყნის ნდობა დაიკარგოს. ასეთი უპასუხისმგებლო მიდგომის გამო შესაძლოა მაღალი საფრთხის შემცველი ქვეყნების სიაში შეგვიყვანონ, რადგან სათამაშო ბიზნესის მასშტაბთან ერთად, ქვეყანაში იზრდება კრიმინალის, "შავი" ფულის, სუიციდის რისკი და ყველაფერი ის, რასაც ებრძვის ცივილიზებული სამყარო". იხილეთ სრულად