"ჩვენი გენიალური მინისტრის თქმით, ჩვენთან ავადმყოფთა ზრდა თურმე იმიტომ ხდება, რომ ჩვენ, სომხები, უიღბლოები ვართ, ქართველები კი - იღბლიანები"
სომხური პრესაში გრძელდება გაცხარებული დავა-კამათი კორონავირუსის სწრაფი გავრცელებისა და ადგილობრივი ხელისუფლების უუნარობის შესახებ. საინტერესოა, რომ დღევანდელ მასალებში სომხეთში არსებული სიტუაცია საქართველოში შექმნილ ვითარებასთან არის შედარებული, თანაც პოზიტიური თვალსაზრისით.
გაზეთ "გოლოს არმენიი"-ში («Голос Армении») გამოქვეყნებულია გასპარ ადამიანის სტატია სათაურით "სომხეთის მთავრობა პასუხისმგებლობას გაურბის, საქართველოს მთავრობა კი საქმეს აკეთებს",
რომელშიც პოლიტოლოგ ერვანდ ბაზოიანის კომენტარებია მიმოხილული სომხეთის ხელისუფლების არასაკმარისი აქტიურობის თაობაზე Covid -19-თან ბრძოლაში. პუბლიკაციაში, კერძოდ, ნათქვამია: "საქართველო უფრო გახსნილი და ღია ქვეყანაა, ვიდრე სომხეთი. სწორედ ამიტომაც ჩვენი მეზობელი ქვეყანა ჩვენზე მეტ ტურისტს მასპინძლობს. მაგრამ საინტერესოა, რომ ასეთმა დემოკრატიულმა ქვეყანამ დაუყონებლივ მიიღო მკაცრი ზომები კორონავირუსის წინააღმდეგ, მაშინ როცა სომხეთის მთავრობა რეფერენდუმისათვის მზადებას აგრძელებდა. ამაშია უპირველესი და მთავარი მიზეზი იმისა, რომ დღეს საქართველოში სიტუაცია ბევრად უფრო სასიკეთო სიტუაციაა, ვიდრე ჩვენთან. მეორე მიზეზი ისაა, რომ საქართველოს მთავრობამ სწორი კრიზის-მენეჯმენტი შეიმუშავა, რომელიც ჯერ კიდევ კორონავირუსის გავრცელების საწყის სტადიაზე გამოიყენა. სომხეთის ხელისუფლება კი აზრზე არაა, თუ რას ნიშნავს კრიზის-მენეჯმენტი, მთავრობამ ბევრი რამ უნდა ისწავლოს. "საჭიროა სერიოზული ხალხი და სერიოზული ნაბიჯები".
რატომაა მეზობელ საქართველოში კორონავირუსით დაავადებულები უფრო მცირე რაოდენობით, ვიდრე სომხეთში? - სომხეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრ არსენ ტოროსიანმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწია.
"ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქართველი კოლეგების მუშაობის შედეგია, რომელიც მაღალ შეფასებას იმსახურებს.... მაგრამ არის აგრეთვე ეპიდემიოლოგიური კვალისა და შემთხვევითობების პრობლემა. ბედნიერი შემთხვევის წყალობით საქართველოში კორონავირუსი საწარმოში არ დაფიქსირებულა, სადაც 500 ადამიანი მუშაობს და არც ბანკეტზე, 100 ადამიანის მონაწილეობით. ამიტომაც საქართველოში ციფრები უფრო დაბალია. ვიმედოვნებ, რომ ჩვენს მეგობარ ქვეყანაში დაავადების დაბალი ტემპები შენარჩუნდება. ასევე იმედი მაქვს, ჩვენც შევინარჩუნებთ ისეთ ციფრებს, რომლებიც დღეს გვაქვს", - თქვა მინისტრმა.
იმავდროულად არსენ ტორისიანმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოშიც და სომხეთშიც ამჟამად ტურისტული ნაკადი შეწყვეტილია, გზები ჩაკეტილია, არავინ საზღვრებზე აღარ გადმოდის, საკუთარი მოქალაქეების გარდა. "ჩვენც საქართველოს მსგავსი მექანიზმებით ვსარგებლობთ. ეს ეხება ტვირთების გადატანასაც", - აღნიშნა სომხეთის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
მინისტრის ნათქვამს თავის "ფეისბუკგვერდზე" კომენტარი გაუკეთა პოლიტოლოგმა გრანტ მელიქ-შახნაზარიანმა:
"დღეს მთავრობის სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე არსენ ტოროსიანმა, ცდილობდა რა გაემართლებინა საკუთარი უუნარობა და მისი გუნდის სრული ფიასკო ვირუსთან ბრძოლაში, განაცხადა, რომ დასნებოვნებულთა რაოდენობა საქართველოში ექვსჯერ ნაკლებია სომხეთთან შედარებითო და ეს თურმე ბედნიერი შემთხვევის წყალობით მოხდა.
წარმოგიდგენიათ? თურმე ბედნიერი შემთხვევაა, რომ საქართველოში, მაგალითად, არცერთი დაავადებული იტალიელი არ აღმოჩნდა, რომელიც ისეთ სამკერვალო საწარმოში შევიდოდა, სადაც 500-მდე ადამიანი მუშაობს - იმიტომ, რომ ავიარეისები დროულად არ იყო გაუქმებული ან საზღვარზე ნორმალურად არ შეამოწმეს.
ჩვენი გენიალური მინისტრის თანახმად, ჩვენთან ავადმყოფთა არაკონტროლირებული ზრდა იმიტომ ხდება, რომ ჩვენ, სომხები, უიღბლოები ვართ, ქართველები კი - იღბლიანები... კარგი, რა... თუ ინფექციის კონტროლი არ შეგიძლიათ, მაშინ ეს უნდა აღიაროთ... და გზა მიეცით პროფესიონალებს, რომ მათ ამ უბედურებისაგან გადაგვარჩინონ. შეიძლება ისინი უფრო იღბლიანები და წარმატებულები აღმოჩნდნენ, თქვენთან შედარებით", - წერს გრანტ მელიქ-შახნაზარიანი.
მოამზადა სიმონ კილაძემ