"ერევანი ნაგავში იძირება, თბილისში კი რუსთაველის პროსპექტს რეცხავენ" - რას წერს სომხური გამოცემა ფაშინიანისა და გახარიას კორონავირუსთან ბრძოლის ეფექტურობაზე?
სომხეთში უწესრიგობა და ქაოსი მეფობს, ხელისუფლებამ რეალობის გრძნობა დაკარგა...
სტატიაში, რომელიც სომხეთის გაზეთში "გოლოს არმენიი" 21 აპრილს გამოქვეყნდა, ერთმანეთთანაა შედარებული სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების ნიკოლ ფაშინიანისა და გიორგი გახარიას ბრძოლის ეფექტურობა კორონავირუსის წინააღმდეგ.
"საქართველოში ბუნებრივი გაზის 700 ათასი და ელექტრონერგიის 1,2 მომხმარებელი სახელმწიფოსაგან კომპენსაციას მიიღებს, ამ დროს კი ნიკოლის "ფეიკოსნები" ქართველებს დასცინოდნენ - შეხედეთ, თბილისში რუსთაველის გამზირს რეცხავენო, იმას კი ვერ ხედავენ, რომ ერევნის ქუჩები ნაგავში იძირება. ასევე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებმაც სამუშაო კორონავირუსის გამო დაკარგეს, მთავრობისაგან ექვსი თვის განმავლობაში დახმარებას მიიღებენ. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გამოაცხადა, რომ ფულადი კომპენსაცია სასიცოცხლო მინიმუმზე მეტი იქნებაო.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სომხეთზე და რეგიონის ქვეყნებზე უკეთესი სიტუაცია ჰქონდა, მაინც რადიკალურ ნაბიჯზე წავიდა და 10 დღის განმავლობაში თბილისსა და ქვეყნის მსხვილ ქალაქებს შორის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალა, მოქალაქეებს ნიღბების გაკეთება დაავალდებულა და მაღალი ჯარიმები დააწესა, სომხეთის მოქალაქეები კი ტელეეკრანებზე ყოველდღიურად ხედავენ უნიღბო მინისტრებს და დეპუტატებს.
საქართველოში შიდა კომუნიკაციები იმ დროს შეწყვიტეს, როცა დაავადებულთა რაოდენობა 400-ს მიუახლოვდა, გარდაცვლილი კი ოთხამდე იყო. სომხეთში კი - როცა ქვეყანაში 1039 დაავადებული და 14 გარდაცვლილი იყო.
სომხეთისაგან განსხვავებით, სადაც მთავრობას პირველი მოხმარების საგნებისა და სურსათის ფასების მატებაზე არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლია, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას აღუთქვა, რომ პირად კონტროლზე ექნებოდა ფასები ცხრა დასახელების სურსათზე - ბრინჯზე, მაკარონის პროდუქციაზე, მცენარეულ ზეთზე, ფქვილზე, შაქარზე, რძის ფხვნილზე, წიწიბურასა და ლობიოზე.
საქართველო საერთაშორისო დონორებისაგან კორონავირუსთან ბრძოლისათვის 1,5 მილიარდ დოლარს მიიღებს, ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის პროექტები კი მხოლოდ კრიტიკას იმსახურებს და მას მოსახლეობისადმი მთავრობის დახმარებას ვერანაირად ვერ უწოდებ. ეს უფრო დახმარების იმიტაციაა.
სომხეთის ხელისუფლება დაუდევრად უყურებს და მაინცდამაინც დიდად არ ცდილობს მოსახლეობის კორონავირუსისაგან დაცვის უზრუნველყოფას, ფასები მატულობს, ადამიანები საჭმელზე უკანასკნელ კაპიკებს ხარჯავენ, იზრდება პანიკა, ჯანდაცვის მინისტრი კი ამტკიცებს, რომ საქართველოში შექმნილი შედარებით ნორმალური სიტუაცია მხოლოდ ბედნიერი შემთხვევის წყალობითაა.
თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანი გადაკრულად მიგვანიშნებს, რომ ჩვენთან თურმე ბევრი დაავადებულ-გარდაცვლილი იმიტომაა, რომ არაფერს ვმალავთ, ზოგიერთები კი ზუსტ რაოდენობას მალავენო... ცხადია, ეს საქართველოს ნამდვილად არ ეხება - პირიქით, სომხები ეჭვობენ, რომ ხელისუფლება დღე-ღამეში სიკვდილის ერთ შემთხვევას რომ გვამცნობს, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ პანიკა თავიდან აიცილონ. სინამდვილეში, ჩვენთან ვირუსით სიკვდილიანობა ბევრად მაღალია.
ხელისუფლებამ რეალობის გრძნობა დაკარგა, სწრაფად მატულობს უკმაყოფილოთა რიცხვი, სიტუაციას ისეთი პირი უჩანს, ვაითუ, მასობრივი უწესრიგობები მოხდეს. სოციალური ბუნტი უკვე მომწიფებულია და ყოველ დღეს შეიძლება ქუჩის გამოსვლები დაიწყოს. ადამიანები თავს მოტყუებულად გრძნობენ.
თავის დროზე ნიკოლ ფაშინიანის თანამოაზრემ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს "უცოდინარი პოღოსები" უწოდა, ხოლო მოგვიანებით თვითონ ნიკოლმა ამ "პოღოსებს" მწვანილისა და მაწონის ჭამა ურჩია, შიმშილით რომ არ მომკვდარიყვნენ
და რა მნიშვნელობა აქვს "პოღოსებისათვის", რითი მოკვდებიან - შიმშილისაგან თუ ვირუსისაგან?
გიორგი გახარიას რომ მსგავსი რჩევა მიეცა თანამემამულეებისათვის, ხალხი მას პრემიერის პოსტის დატოვებას აიძულებდა! სომხეთში სიტუაცია სულ უფრო მოგვაგონებს საყოველთაო ქაოსს..." წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ