"რაც პოლიტიკამ სახე დაგვაკარგვინა, განსაცდელმა დაგვიბრუნა"
"ამ გეგმას წინ უსწრებდა ის, თუ როგორ მოუსმინა ხელისუფლებამ კომპეტენტურ ხალხს და არ მიიჩნია, რომ ყველაფერი თვითონ უნდა გადაეწყვიტა..."
პოეტ დათო მაღრაძის პოემა "ჯაკომო პონტი" ამჯერად არაბულ ენაზე ითარგმნა. მთარგმნელი საბრინა სახნინია, ხოლო წიგნს გამომცემლობა Al Sharq Printing Press-ი გამოსცემს. როგორც პოეტმა გვითხრა, წიგნის პრეზენტაცია, სავარაუდოდ, წლის ბოლოს გაიმართება ბეირუთსა და კაიროში. მას ასევე წარადგენენ აბუ-დაბის ყოველწლიურ წიგნის საერთაშორისო გამოფენაზე. დათო მაღრაძეს ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილ ვითარებასა და სხვა აქტუალურ თემებზე ვესაუბრეთ:
- მსოფლიოში და საქართველოშიც მთავარ თემად და პრობლემად კვლავაც რჩება ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისი, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით, აშკარაა, რომ საქართველო წარმატებით გაუმკლავდა ვირუსის გავრცელებას, მაგრამ ისიც ცხადად ჩანს, რომ წინ რთული ეკონომიკური პროცესები გველის...
- პანდემიის დასაწყისში ვთქვი და მინდა კიდევ გავიმეორო - რაც პოლიტიკამ სახე დაგვაკარგვინა, განსაცდელმა დაგვიბრუნა.
ამ განსაცდელმა ჩვენს ოჯახის წევრებთან დაგვაბრუნა. თავიდან აღმოვაჩინეთ ერთმანეთი, სიყვარული, რომლისთვისაც ყოველდღიური ცხოვრების აჩქარებული ტემპისა და დინამიკის გამო აღარ გვეცალა. შეიძლება ვერც ვერასდროს მოგვეცალა ერთმანეთისთვის, როგორც წესი, გვგონია ხოლმე, რომ შინაურისთვის მერეც მოვიცლით, მაგრამ ეს "მერე" შეიძლება არასდროს დადგეს. გვეგონა, დრო გარბოდა ელვის უსწრაფესად, მაგრამ თურმე დროს მდორედ სვლაც შესძლებია...
მინდა მივუსამძიმრო ყველა იმ ოჯახს, რომელთაც კორონავირუსი ძალიან მტკივნეულად შეეხო, მათ შორის ჩემი ახლობელი ოჯახებიც არიან, მათ ძვირფასი ადამიანები დაკარგეს. ვიზიარებ ყველა გარდაცვლილის ოჯახის მწუხარებას.
ცხოვრებას თავისი წესი აქვს და უნდა გაგრძელდეს, თუმცა ყოველთვის მაქვს იმის იმედი, რომ უფალი იმაზე მძიმე ტვირთისთვის არ გაგვიმეტებს, რისი ზიდვაც შეგვიძლია.
რაც შეეხება, ქვეყანაში შექმნილ დღევანდელ ვითარებას, მინდა კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა მთელ სამედიცინო პერსონალს, ექიმებს, რომლებმაც სამაგალითო თავდადება აჩვენეს - მთელი ფიქრი, განცდა, გამოცდილება ჩადეს მოყვასის შველასა და გადარჩენაში.
მათ, ვისაც ძველი ხელისუფლება "ჩარეცხილებს" უწოდებდა, ამჟამინდელმა მოუსმინა და იმოქმედა მათი კარნახით, რაც ეფექტიანი აღმოჩნდა - შედეგად მივიღეთ ის, რომ აქ პანდემია არ აფეთქდა.
პოსტპანდემიის პერიოდი როგორი იქნება, რთული სათქმელია. ვფიქრობ, განსაცდელმა ადამიანი უნდა გააძლიეროს და გააკეთილშობილოს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ აუცილებლად უკეთესი სახით წარმოვჩნდებით, მაგრამ განსაცდელმა ამის შესაძლებლობა მოგვცა და ჩვენზეა დამოკიდებული მას როგორ გამოვიყენებთ. ბატონი მერაბ მამარდაშვილი ამბობდა, ჩვენ აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ დამოუკიდებლობა, რათა დავინახოთ ვინ ვართო... მაგრამ ეს არ ნიშნავდა, რომ აუცილებლად დავინახავდით. მე დღესაც არ ვიცი, დავინახეთ თუ არა რანი ვართ, მაგრამ დამოუკიდებლობა უნდა მოგვეპოვებინა, რომ ამის საშუალება გვქონოდა. ახლაც ასეა... ვისურვებდი ერთმანეთის მიმართ უფრო გულისხმიერები, უფრო მიმტევებლები გავხდეთ.
- მთავრობამ წარმოადგინა ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც საკმაოდ კრიტიკულად შეფასდა... - როგორც რიგითმა მოქალაქემ შემიძლია გითხრათ, რომ გეგმამ ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. შეიძლება ვცდები, მაგრამ ასე მგონია,
ჩვენი დამოუკიდებლობის განმავლობაში არც მინახავს ასეთი სისტემური გეგმა. რა თქმა უნდა, იქ შეცდომები იქნება, მაგრამ შეცდომებზე სწავლობენ საზოგადოებაც და ხელისუფლებაც, თან იმედს მაძლევს ისიც, რომ ამ გეგმას წინ უსწრებდა ის, თუ როგორ მოუსმინა ხელისუფლებამ კომპეტენტურ ხალხს და არ მიიჩნია, რომ ყველაფერი თვითონ უნდა გადაეწყვიტა...
მინდა გავამახვილო ყურადღება ერთ საკითხზეც - დღეს ხელისუფლებასა და მის მომხრეებში აშკარად შეიმჩნევა მლიქვნელობის საშიში ტენდენცია. მეტიც, პირდაპირ იფეთქა მლიქვნელობის პანდემიამ. გასული საუკუნის 80-90-იან წლებში ვწერდი, ჩვენში სამშობლოს აღვირახსნილი, ანუ ფარისევლური, არაგულწრფელი სიყვარული შეინიშნება-მეთქი და ამან არ მოიტანა კარგი შედეგი. არც აღვირახსნილი მლიქვნელობა გამოიღებს ნაყოფს. რაც მთავარია, ვის სჭირდება ეს? უპირველესად იმ ადამიანს არ სჭირდება მლიქვნელობა, ვისკენაც არის მიმართული. ვფიქრობ, ის ამ იაფფასიანი მეხოტბეობის მიღმა დგას. საზოგადოებას არათუ არ სჭირდება, მლიქვნელობა რყვნის მას. ერთადერთი, ვისაც სჭირდება სარგებლის მიღება, ეს მლიქვნელია, ამიტომაც ეს ტენდენცია დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. თუ დაუსჯელი დარჩა, გამოდის, წახალისებულია.
როცა მლიქვნელების რკალი იკვრება ხელისუფლების გარშემო, იქ წესიერი და მოფიქრალი ადამიანის ადგილი აღარ რჩება, ამიტომაც არის მავნებლობა მლიქვნელობა, გარდა ამაზრზენი სანახაობისა.
კარგია, რაც მეტი სახელი და გვარი, მეტი პიროვნება გამოჩნდება ხელისუფლებაში და ნუ ეცდებიან მაამებლები ისე გადღაბნონ ეს გვარ-სახელები, რომ არ იკითხებოდეს. იმიტომ, რომ პიროვნებები ქმნიან გუნდს, მათ შორის პოლიტიკურ გუნდსაც. თუ პიროვნებები არ არიან ხელისუფლებაში, თუ არავის შერჩა თავისი ცხვირ-პირი, არც ანფასი და არც პროფილი, მაშინ ეს პოლიტიკური გუნდი კი არა, ფარა ყოფილა. მე დღეს ვხედავ პიროვნებებს და ეს მახარებს, რაც მეტი პიროვნება გამოიკვეთება, მით უკეთესი ქვეყნისთვის.
უკვე იმის საფრთხეც დავინახე, რომ ამ მაამებლებმა შეიძლება ქრისტიანული ღირებულებითი სისტემაც თავდაყირა დააყენონ. ნუ გავიწყდებათ, რომ ქრისტე ერთი პერანგით ავიდა ჯვარზე და ამის გახსენება არც სასულიერო სამყაროს აწყენდა, რომელსაც აშკარად სჭირდება რეფორმა, ოღონდ არა რეფორმა რეფორმისთვის, არამედ რეფორმა ქრისტიანობის ქრისტესთან დასაახლოებლად. თავის დროზე ერთადერთი დეპუტატი ვიყავი, ხმა რომ არ მივეცი კონკორდატს...
- რატომ?
- მე მომხრე ვიყავი შეთანხმებას სვეტიცხოვლის ხელშეკრულება რქმეოდა, მაგრამ ხელისუფლებასაც და ეკლესიასაც სურდათ საკონსტიტუციო ხელშეკრულებად გაფორმებულიყო. ამას ვეწინააღმდეგებოდი იმიტომ, რომ როდესაც ესა თუ ის ხელშეკრულება საერთაშორისო სამართალთან შეუსაბამოა, პრიორიტეტი ენიჭება საერთაშორისო სამართალს, მაგრამ თუ ამას საკონსტიტუციო შეთანხმება ჰქვია, მას იგივე ძალა აქვს, რაც კონსტიტუციას; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო სამართლის ნორმებთან მოვა შეუსაბამობაში, პრიორიტეტი საკონსტიტუციო შეთანხმებას ენიჭება - მე ეს არასწორად მიმაჩნდა. გარდა ამისა, მახსოვს, ქონებრივი საკითხები იწევდა წინ, მომეჩვენა, რომ მაშინაც დაივიწყეს, რომ ქრისტე ღმერთი, ამქვეყნიური გაგებით, უქონელი იყო... ამიტომ არ დავუჭირე მხარი კონკორდატს და ეს აქამდე არასდროს მითქვამს.
ვისაც გამდიდრება უნდა, ღმერთმა ხელი მოუმართოს, რაც მეტი შეძლებული ადამიანი იქნება ქვეყანაში, მით უფრო ძლიერი იქნება ქვეყანაც, მაგრამ, ვფიქრობ, არ ივარგებს, თუ შოვნა ერის მთავარ ღირებულებად იქცა.
მივესალმები ყველა წარმოებას, ყველა გამდიდრებულ ადამიანს და ყველა ქველმოქმედს და მადლიერებას გამოვუხატავ, მაგრამ ქონებაზე ზრუნვა არ უნდა ხდებოდეს, ამქვეყნიური საზომით ყველაზე ღატაკი კაცის - ქრისტეს სახელით...
- "ფეისბუკის" ხელმძღვანელობამ არაერთი ყალბი ანგარიში გააუქმა საქართველოდან, რომელთა დიდი ნაწილის საშუალებითაც "ქართული ოცნების", ნაწილის კი "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების გატარება ხდებოდა. რატომ მოხდა, რომ ჩვენი პოლიტიკური ელიტა ასე კარგად მოერგო ჩვენი დროის ამ სენს, რასაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ყალბი ინფორმაციის გავრცელება ჰქვია... - ეს ბოტები და ტროლები ბოლშევიკების შთამომავლები და მათი სულიერი მემკვიდრეები არიან. საბჭოთა რეპრესიების შემდეგაც ანონიმურ წერილებს მიჰქონდა ქვეყანა, ამ წერილების ავტორებს "ანონიმშჩიკებს" ეძახდნენ. მოკლედ, დღევანდელ ტროლებს და ბოტებს საბჭოა კავშირის დროს სწორედ "ანონიმშჩიკები" ერქვათ.
რაც შეეხება "ფეისბუკის" მიერ გაუქმებას, ამას სახელისუფლებო არხები გადმოსცემდნენ ასე - რა კარგია, ეს რომ მოხდა, რადგან ოპოზიციის მხარდამჭერი გვერდები გაუქმდაო; ოპოზიციის მხარდამჭერი ტელევიზიები კი ამბობდნენ, ვიშ, ხელისუფლების მხარდამჭერი გვერდები გაუქმდაო, მოკლედ, ორივე ნახევარ სიმართლეს ამბობდა. ამას თუ შევაერთებთ, დავინახავთ ერთიან სურათს... მე რომ მკითხოთ, ეს ტროლები და ბოტები იდეაში ყველა სახელისუფლებოა, რადგან ოპოზიციაც იმიტომ ტროლობს და ბოტობს, რომ ფიქრობს, ოდესმე ხელისუფლებაში მოვა... ესენი ჩემს ბიოგრაფიაში შემოიჭრნენ, მეტით ვერაფრით დამამახსოვრეს თავი, გარდა ამ ""ანონიმშჩიკური" თავდასხმებისა და მხოლოდ ის აჩვენეს, რა ამაზრზენად შეუძლია ხელისუფლებას სახის დაკარგვა.
- მას მერე, რაც საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნა არ მოხერხდა, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშნა... ოფიციალურმა თბილისმა უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახა... - ბოლო წლებში ისე მოხდა, რომ საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორებმა უკრაინასთან დაგვაწყვილეს. პოსტსაბჭოთა სივრცის პოლიტიკურ არეალში ეს ორი ქვეყანა ერთ სივრცედ მოიაზრება, რომელთაც რუსეთთან ძალიან მწვავე დაპირისპირება აერთიანებს. ამდენად, სააკაშვილის ამ ორი ქვეყნის ერთიან სივრცეში ისევ შემოყვანა, არა მგონია, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების გარეშე მომხდარიყო.
სააკაშვილი რაღაც მიზნით შემოიყვანეს. არ გამოვრიცხავ, ეს ხელს აძლევდეს ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, რადგან სააკაშვილს რუსეთისთვის ტერიტორიების გადაცემის უნიკალური გამოცდილება აქვს. შესაძლოა სააკაშვილის პოლიტიკურ სარბიელზე დაბრუნება ორივეს - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისა და რუსეთის ერთობლივ ინტერესებსაც ემთხვეოდეს; შესაძლოა ამ ორის ურთიერთშეთანხმებითაც კი მომხდარიყო.
მართალია სააკაშვილს რამდენიმე საქმეზე ქართულმა სასამართლომ განაჩენი გამოუტანა, მაგრამ მისი დანაშაულებრივი რეპრესიული ქმედებები შესაძლოა საეჭვო გახდეს ამ მართლმსაჯულების წყალწაღებული რეპუტაციის გამო. ხომ კარგად ვიცით, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა დიდი ავტორიტეტით არ სარგებლობს. ეს არ არის, რა თქმა უნდა, სააკაშვილის პოლიტიკურ სარბიელზე დაბრუნების მთავარი საფუძველი, მაგრამ ახლა ესეც არ დაასხამს ჩვენს წისქვილზე წყალს, რადგან დაინტერესებულ დამკვირვებელ სამყაროს არ გამორჩებოდა, როგორ დამკვიდრდნენ სამუდამოდ სასამართლო სისტემაში სააკაშვილის მოსამართლეები "ქართული ოცნების" წყალობით.
საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ძალიან მოზომილი განცხადება გააკეთა. პირადად მეც მიმაჩნია, რომ უკრაინელ ხალხთან კულტურული და მეგობრული ურთიერთობა უნდა შევინარჩუნოთ და დარწმუნებული ვარ ყველა ღირსეული უკრაინელიც ამ აზრზე იქნება.
სააკაშვილი კი არის პროფესიონალი ავანტიურისტი, რომელმაც ავანტიურა არათუ პროფესიად, ცხოვრების წესად გაიხადა.