"ბიძინა ივანიშვილი საბოლოოდ ყველაზე მეტად უშიშროების აზრს გაითვალისწინებს" - ვინ შეიძლება ვიხილოთ "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში?
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ საბოლოოდ ისიც კი არ ვიცით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები როგორი საარჩევნო სისტემით ჩატარდება, ანუ მოესწრება თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება, პოლიტიკურ პარტიებს უკვე დაწყებული აქვთ მუშაობა საარჩევნო სიებზე. განსაკუთრებული მოლოდინია იმისა, თუ "ქართული ოცნება" ვის წარუდგენს ამომრჩეველს და რამდენად მოახერხებს გუნდის მნიშვნელოვან გადახალისებას.
დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, წესით, სიაზე, გუნდის 2 გამოკვეთილი ლიდერი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და თბილისის მერი კახა კალაძე უნდა ფიქრობდნენ, თუმცა ისიც ცხადია, რომ საბოლოოდ სიის ფორმირება, რა თქმა უნდა, პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტი იქნება. აქვე გასათვალისწინებელია ხელისუფლების შიგნით არსებულ დაფარული პროცესები, რაც რიგ შემთხვევაში ძალოვანებს და მათ პოლიტიკურ ამბიციებს უკავშირდება.
"ქართული ოცნების" წარმომადგენლებისგან ისმის ზოგადი განცხადებები, რომ სიაში აუცილებლად იქნებიან ახალი სახეები. შევეცადეთ გაგვერკვია, ვინ მონაწილეობს საარჩევნო სიის დაკომპლექტებაში და ვისთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს?
როგორც ამბობენ, სიაში ადგილებისთვის შიდა ომი მიმდინარეობს ძველ სახეებს შორის, ვისთვისაც დეპუტატობა ბევრად მომგებიანი პოზიციაა, ვიდრე ნებისმიერი სხვა თანამდებობა.
როგორც ჩვენი კონფიდენციალური წყარო გვეუბნება, სიის მკაფიო კონტურები ჯერჯერობით არ ჩანს, მაგრამ აქტიური მოლაპარაკებები მიდის და "ქართული ოცნების" სიაში შესაძლოა ვიხილოთ ექსპერტი გია აბაშიძე, სოციოლოგი და ამჟამად ტელეკომპანია "იმედის" წამყვანი ვალერიან (ვაკა) გორგილაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, იურისტი თამთა მეგრელიშვილი, ექსპერტები: ნიკოლოზ მეტრეველი და ირაკლი ლატარია...
წყაროს თქმით, ახლა მათი დატესტვა მიმდინარეობს, მათ უშვებენ დებატებში სხვადასხვა ტელევიზიაში, აკვირდებიან რამდენად შეძლებენ ისინი "ოცნების" ამოქაჩვას.
პარლამენტის წევრის, "ქართული ოცნების" ყოფილი წევრის დავით ჭიჭინაძის აზრით, "ქართული ოცნება" უკვე იმდენად დისკრედიტირებულია, წარმოუდგენელია, იმ ადამიანებმა, ვისზეც ვრცელდება ინფორმაცია, მოახერხონ მისი იმიჯის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება:
"ვფიქრობ, ჯერჯერობით მიდის მოსინჯვა და მათ მალე ისევ გვერდით გადაწევენ. უმრავლესობა შეიძლება ისევ მაჟორიტარებს დაეყრდნოს, რომელთაც რეგიონებში უფრო მეტი გავლენა აქვთ, ვიდრე ამ ახალ სახეებს, ვინაიდან ისინი იმავე კალაპოტში ჯდებიან, რომელშიც დღევანდელი "ოცნების" სპიკერატია. უმრავლესობა ამ რამდენიმე ადამიანს უტარებს ტრეინინგს, ტელევიზიებში დაარბენინებენ, დანარჩენი, ვინ იქნება სიაში, ჯერ თვითონაც არ იციან, რადგან ჯერ ბოლომდე ისიც არ ვიცით, რა რაოდენობის მაჟორიტარული მანდატი გვექნება - 73 თუ 30. აშკარაა, რომ ამ რამდენიმე ადამიანის პოპულარიზაცია მიდის, მაგრამ ვეჭვობ, მათგან რამე გამოვიდეს".
მისივე თქმით, "ოცნებას" აქვს ლიდერების პრობლემაც და იმ ადამიანებს, ვინც ამ ეტაპზე მოიაზრებიან ლიდერებად, ანუ ვინც შესაძალოა სია დააკომპლექტოს, ბიძინა ივანიშვილი დიდად არ ენდობა.
"ჩემი შეფასებით, სიის დაკომპლექტების რესურსი შეიძლება ჰქონდეს სამ ჯგუფს. ესაა თვითონ პარლამენტის გუნდი, რომელთა უმრავლესობა იურისტია, მათგან ნაწილი იქნება ალბათ სიაში, ზოგიერთები კი საადვოკატო კანტორებში დაბრუნდებიან და ასე შეეცდებიან ქვეყანაში პროცესების გარიგებული სასამართლოებით მართვას.
მეორეა თბილისის მერი, თუ მანამდე მას ადგილი არ შეუცვალეს და მერად დატოვეს. "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ სრულად კალაძეს რომ ჩააბარონ პროცესი და საპირწონედ არავინ გამოუძებნონ, ამით ივანიშვილს სერიოზული პრობლემები შეექმნება. მიიჩნევა, რომ კალაძის დასაბალანსებლად რეალური ფიგურა გრიგოლ ლილუაშვილია.
ახალი კორონავირუსის გავრცელებამდე ორი ფიგურა იყო გამოკვეთილი – კალაძე და ლილუაშვილი. გახარია ჩაჩოჩებული იყო. ახლა გახარიას ამირან გამყრელიძის ხარჯზე მოგროვებული ქულები ვერ გეტყვით თუ უშველის. მეტიც, გამყრელიძესთან მიმართებაშიც შეიძლება ბევრი კითხვა დაისვას, იმიტომ, რომ ეს პრობლემა როცა გაივლის და დადგება ეკონომიკური კრიზისი, ვიღაცას ხელი ხომ უნდა შეახოცონ? შესაძლოა, გამყრელიძეს და იმნაძეს გადააბრალონ, - არასწორი და გადამეტებული რეკომენდაციები გასცესო"; მესამეა უშიშროება..." - აცხადებს ჭიჭინაძე.
"ბიძინა ივანიშვილი უშიშროების აზრს ყველაზე მეტად გაითვალისწინებს", - ამბობს ჩვენი კიდევ ერთი წყარო, რომელიც გახარიასთან დაკავშირებით, დავით ჭიჭინაძისგან განსხვავებულად ფიქრობს და მიიჩნევს, რომ საარჩევნო პიარი გახარიას პანდემიის წინააღმდეგ მიღწეულ წარმატებაზე აიგება და ის იქნება წამყვანი ძალა და შესაძლოა სიის პირველი ნომერიც.
ეს შესაძლოა ხელისუფლებაში არსებულ რიგ ძალებს ძალიანაც აწყობდეთ, რადგან წინასაარჩევნოდ გახარიას რეალური მმართველობისგან ჩამოშორება და უფრო მორჩილი პრემიერ-მინისტრი მათთვის ბევრად მომგებიანი იქნება.
ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ინფორმაცია გახარიას ჯანდაცვის მინისტრ ეკა ტიკრაძით შესაძლო შეცვლის თაობაზე. თუ გახარია, მართლაც ჩაუდგება სიას სათავეში, მისი ჩანაცვლების თაობაზე ინფორმაცია რეალური ჩანს, თუმცა ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ეს ტიკარაძე ნაკლებად იქნება და უფრო მოსალოდნელია პრემიერის პოსტზე ამჟამინდელი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ვიხილოთ.
(სპეციალურად საიტისთვის)