კორონაკორუფცია, ანუ პანდემიური "ატკატები"?!
საგანგებო მდგომარეობის დროს, ორმაგი და სამმაგი კონტროლი სჭირდება იმას, პატიოსნად იხარჯება თუ არა საბიუჯეტო თანხები, რადგან ფორსმაჟორისას იოლდება წყალში "კუდების დამალვა". საზოგადოების დიდი ნაწილი ამ კითხვებს სვამს და კონკრეტულ ეჭვებსაც გამოთქვამს.
ეჭვები აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც. მაგალითად, ინფორმაციისა და თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ჩატარებულმა კვლევამ მიიყვანა დასკვნამდე, რომ: "საგანგებო მდგომარეობის დროს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ანალიზი ცხადყოფს, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარება, სახელმწიფო შესყიდვების კუთხით, საბიუჯეტო თანხების არასწორი ხარჯვის რისკების შემცველია და საჭიროებს მაღალი ხარისხის გამჭვირვალობასა და მუდმივ მონიტორინგს".
"ოცნების" შემომწირველებისთვის ფულის უკან დაბრუნების უკანონო სქემა?!
მარიამ გოგიაშვილი, IDFI-ის ანალიტიკოსი: - ჩვენ სახელმწიფოს მიერ სამედიცინო აღჭურვილობის შეძენასთან დაკავშირებით კვლევა 18 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით გაფორმებულ ხელშეკრულებებზე დაყრდნობით ჩავატარეთ.
სამედიცინო მოწყობილობების კუთხით, გვაქვს ასეთი სურათი. 18 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით, ჯამში 33 გამარტივებული შესყიდვა გაფორმდა და დაიხარჯა 10 მილიონ 520 ათასი ლარი. შესყიდვების ყველაზე დიდი ნაწილი, როგორც ფასის, ისე რაოდენობის მიხედვით, მოდის პირბადეებზე. შემდეგ მოდის უკვე სამედიცინო ტანსაცმელი, ქირურგიული ხალათი, ბიოლოგიური დაცვის კომბინიზონი და ა.შ.
ჯამში 3 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული პირბადეებზე და სულ 10 შესყიდვაა განხორციელებული. ყველაზე საინტერესო ამაში იყო ის, რომ თითოეულ შესყიდვაში საკმაოდ განსხვავებულია ერთეული პირბადის ფასი.
მაგალითად, ყველაზე დაბალი ღირებულება ერთი პირბადისა არის 0.85 ლარი, ყველაზე მაღალი - 1.50 ლარი. ჩვენ არ ვიცით, როგორ დგება ეს ფასი და რატომ არის ასეთი განსხვავებული. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვერ განვსაზღვრეთ, რომელი კომპანია კერავს ადგილზე პირბადეებს და რომელს შემოაქვს. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, მაგალითად, შპს "ქართული ტექსტილი" საქართველოში კერავს პირბადეებს და ფასი ასეთი აქვთ - 1.14 ლარი ერთი პირბადე. საინტერესოა ის, რომ თავდაპირველად, "ქართულ ტექსტილს" გაუფორმეს ხელშეკრულება 500 ათასი პირბადის შესყიდვაზე - თითო 1.14 ლარად. შემდეგ ( 8 აპრილს), ეს ხელშეკრულება შეიცვალა და შესასყიდი პირბადეების რაოდენობა 500 ათასის ნაცვლად, 100 ათასზე ჩამოვიდა. ზუსტად ამის პარალელურად, ახალი ხელშეკრულება დაიდო შპს "სავაჭრო ჯგუფთან", რომელსაც შეუკვეთეს 500 ათასი პირბადე, თუმცა თითო 1.50 ლარად. შემდეგ ეს ხელშეკრულებაც შეიცვალა და საბოლოოდ გამოვიდა ისე, რომ ამ კომპანიამ ჯანდაცვის სამინისტროს 454 ათასი პირბადე მიაწოდა, აქედან 54 ათასი - 1.50 ლარად, დანარჩენი 400 ათასი - 1.27 ლარად. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, თითოეული პირბადის ფასი მაინც მეტი გამოდის, ვიდრე თავდაპირველად, "ქართული ტექსტილის" ფასი იყო.
ბიოლოგიური დაცვის კომბინიზონებთან დაკავშირებით ერთი ძალიან საინტერესო ქეისი გვხვდება. შპს "ჯეო ფერუმი" მანამდე, ვიდრე ამ შესყიდვაში მიიღებდა მონაწილეობას, სამშენებლო სფეროში მუშაობდა და ლითონის კონსტრუქციებს ამზადებდა. სწორედ ამით მიიქცია ყურადღება. როდესაც მოვიძიეთ ინფორმაცია, აღმოჩნდა, რომ ამ კომპანიის მფლობელს, ლევან ლურსმანაშვილს, პროფესიით ექიმს, აქვს კიდევ სხვა კომპანია, რომელსაც სამედიცინო პროდუქცია ჩამოაქვს საქართველოში. თუმცა, როგორც გაირკვა, ეს კომპანია შავ სიაში იყო მოხვედრილი სხვა ტენდერში არაკეთილსინდისიერად მოქცევის გამო. სავარაუდოდ, ამიტომაც გადაათამაშეს და სხვა, მეორე, არაპროფილური კომპანიის სახელით ჩამოიტანეს ნახევარი მილიონი ლარის კომბინიზონები - თითო 37 ლარად.
- და რატომ? სხვა კომპანია ვერ ჩამოიტანდა კომბინიზონებს? საქართველოშიც მზადდება, სხვათა შორის... - ზუსტად ეს შეკითხვა გაგვიჩნდა ჩვენც. აღმოჩნდა, რომ ლურსმანაშვილი არის "ქართული ოცნების" და სალომე ზურაბიშვილის შემომწირველი, ისევე როგორც ლურსმანაშვილის ბიზნესპარტნიორები.
რა თქმა უნდა, პარტიისთვის ფულის შეწირვა ყველას შეუძლია, მაგრამ შემდეგ თუკი ბიუჯეტიდან უბრუნდებათ ეს თანხა ტენდერის ან ხელშეკრულების სახით, უკვე საეჭვოა. შემოწირულებებზე იმიტომ გვაქვს ხოლმე აქცენტი, რომ ხშირად გვხვდება ტენდერებში გამარჯვებული ისეთი კომპანიები, რომლებიც მმართველ პარტიას თანხას სწირავენ.
კიდევ ერთი კომპანიის მაგალითს გავიხსენებ - შპს "ად მედია". მისი დამფუძნებელია ვინმე სერგო გალუსტიანი, რომელიც ასევე "ქართული ოცნების" შემომწირველია. მან სახელმწიფო ტენდერით 40 ათასი სამშრიანი პირბადეები მიაწოდა ჯანდაცვის სამინისტროს - სულ 37 200 ლარად. გარდა ამისა, 15 აპრილს მან დაარსა ახალი კომპანია, შპს "რესპირატორი". "ქართუ ფონდმა" ამ კომპანიას შეუკვეთა 4 მილიონი პირბადის დამზადება და ამისათვის ამავე კომპანიამ ჩამოიტანა პირბადეების დასამზადებელი აპარატი.
- ანუ თქვენი კვლევის მიხედვით, საფუძვლიანია ეჭვი, რომ შესყიდვებისას შერჩევითობის პრინციპი მოქმედებს და ამით ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესი სარგებლობს?
- დიახ, შერჩევითობას აქვს ადგილი. ზოგი ისეთი კომპანიაა შერჩეული, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაარსდა ან არის კომპანია, რომელსაც ტენდერებში მონაწილეობის გამოცდილება არ აქვს, ან მანამდე სხვა სფეროში მოღვაწეობდა და ახლა სამედიცინო მოწყობილობები შეუკვეთეს, რაც ძალიან არალოგიკურია. როცა ჩვენ ვხედავთ, რომ პანდემიის პირობებში ხელშეკრულებებს აფორმებენ ისეთ კომპანიებთან, რომლებსაც გამოცდილება არ აქვთ და რომლებიც "ოცნების" შემომწირველები არიან, ცხადია ჩნდება ეჭვი, რომ თვითონ შემსყიდველი ორგანიზაცია არ იქცევა კეთილსინდისიერად. როცა ასე გაურკვეველია, რა პრინციპით იღებს სახელმწიფო გადაწყვეტილებებს, ცხადია, ის ბიზნესი, რომელიც არ არის მმართველი პარტიის შემომწირველი და არც სხვა კონტაქტები აქვს, შესაძლოა, დარჩეს ასეთი შესყიდვების მიღმა.
"ფორსმაჟორი სათავისოდ გამოიყენეს"
ანა დოლიძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი: - ზოგადად, ორმაგი სტანდარტი ძალიან კარგად დავინახეთ ამ პანდემიის დროს. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ფორსმაჟორი მთელ რიგ შემთხვევებში სათავისოდ, საკუთარი ახლობლების სასარგებლოდ გამოიყენა. რაც შეეხება სამედიცინო მოწყობილობების საკითხს - ის, რომ ხელისუფლება საგანგებო ვითარებაში ვერ ჩაატარებდა ტენდერებს, გამოიყენეს თავისი მომხრეების, შემომწირველების დახმარებისთვის. ვშიშობ, რომ ეს ტენდენცია გაძლიერდება იმ ფონდთან მიმართებაში, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლასთან დაკავშირებით დააარსეს და ასევე იმ დახმარებასთან მიმართებაში, რომელიც ჩვენმა სახელმწიფომ უცხოეთიდან უნდა მიიღოს.
"კორუფცია ხელის გულზე დევს"
ალეკო ელისაშვილი, "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი:
- კორუფცია პირდაპირ ხელის გულზე დევს. მთავრობამ გაიხედ-გამოიხედა და დაინახა, რომ არის მძიმე სიტუაცია, ოპოზიცია ხმას არ იღებს, არავინ ხმას არ იღებს და რას აკეთებენ? - იმის მაგივრად, რომ მართლა რეალურად კრიზისის მოგვარებაზე, ეკონომიკის ფეხზე დაყენებაზე, ამ სიტუაციიდან გამოძრომაზე იფიქრონ, ფიქრობენ პოლიტიკური ქულები როგორ დაიწერონ, წინასაარჩევნოდ როგორ გამოიყენონ ეს ამბავი და ფული როგორ გააკეთონ ამ სიტუაციაში.
გამარტივებული შესყიდვა პირდაპირ კორუფციაზე ყვირის, თან მაინცდამაინც თავისიანებს მისცეს ეს შესყიდვები, შემომწირველებს და დამფინანსებლებს. იმის ნაცვლად, რომ ხალხის პრობლემები მოაგვარონ, ფულის კეთება დაიწყეს.
P.S. "კვირის პალიტრა" გააგრძელებს ამ თემაზე მუშაობას. თუ დადასტურდა ეჭვები - პანდემია ადამიანთა გარკვეულმა წრემ გასამდიდრებლად გამოიყენა, ისეთი სკანდალი ატყდება, რომ შესაძლოა, პირდაპირ აისახოს ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნების შედეგებზე. მოკლედ, თვითონ ხელისუფლების ინტერესშია, რომ პანდემიის დროს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს უპასუხოს.
(სპეციალურად საიტისთვის)