"ხელისუფლებას მოუწევს თეთრი ცხენიდან ჩამოსვლა" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებას მოუწევს თეთრი ცხენიდან ჩამოსვლა"

"აშკარაა, რომ დასავლეთი ხელისუფლებისგან კიდევ რაღაც პირობის შესრულებას ითხოვს"

რამდენიმე დღის წინ პარლამენტში პრემიერ-მინისტრGი გიორგი გახარიას სტუმრობისას საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის დებატები ურთიერთბრალდებებსა და შეურაცხყოფაში გადაიზარდა. "უმძიმესი საყურებელია კომპეტენციისა და შინაარსისგან დაცლილი, სასოწარკვეთილი და დეგრადირებული ოპოზიცია", - ასე შეაფასა გახარიამ ოპოზიცია. თავის მხრივ, ოპოზიციამ პრემიერს მატყუარა და უტიფარი უწოდა. რას მიგვანიშნებს პარლამენტში შექმნილი ვითარება, როგორი იქნება პოსტპანდემიური პოლიტიკური დღის წესრიგი, ბრძოლის რა ტაქტიკას აირჩევენ პოლიტიკური ძალები წინასაარჩევნოდ, ამის შესახებ პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.

- კორონაკრიზისისგან მიღებული დარტყმის სიმძიმეს ჩვენ ძალიან მალე ვიგრძნობთ ყოველდღიურ ცხოვრებაში და ეს ძალიან მტკივნეული იქნება. ვნახავთ, როგორ შეიცვლება ჩვენი სოციალური გარემო, რასაც თავისთავად პოლიტიკური ცვლილებაც მოჰყვება. ხელისუფლებას მოუწევს თეთრი ცხენიდან ჩამოსვლა. მისი შემდგომი ნაბიჯები ვეღარ იქნება ისეთი წარმატებული, როგორიც პანდემიასთან ორთვიანი ბრძოლის პერიოდში იყო - სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები ძალიან მალე უფრო მწვავედ იჩენს თავს და ხელისუფლება ვეღარ შეძლებს მოსახლეობის მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ხელისუფლებისთვის პანდემიასთან გამკლავებაზე გაცილებით რთული იქნება პოსტპანდემიური პერიოდი.

პანდემიის დროს ხალხი ხელისუფლებასთან ერთად იდგა. ხვალ ასე აღარ იქნება, ხალხი მომთხოვნი გახდება. უკვე ჩანს, რომ საზოგადოება ბევრ შეკითხვას დასვამს და პასუხსაც მოითხოვს.

ხელისუფლება ამბობს, რომ დაეხმარება მათ, ვინც ხვალ იპოთეკურ სესხს აიღებს. კი მაგრამ, რა დააშავეს იმათ, ვისაც უკვე აღებული აქვს? ასევე საინტერესოა, რა პრინციპით იხელმძღვანელეს, როდესაც გადაწყვიტეს, რომ სოფლის მეურნეობის ზოგიერთ სექტორს დახმარებოდნენ და ზოგს არა? საინტერესოა, რას ელიან იმ სექტორებიდან, სადაც შერჩევითად აპირებენ ფულის ჩადებას? ხვალ რომ ეპიდემია ისევ განმეორდეს, როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, რას აპირებენ? ისევ 9 პროდუქტზე ფასის შესანარჩუნებლად გამოყოფენ თანხას და მერე იტყვიან, ჩვენ კი ვეცადეთ, მაგრამ ვიღაცებმა მაინც მოუმატესო? ასეთი თემები დროთა განმავლობაში უფრო გამწვავდება. თუ ხელისუფლება საზოგადოებას ვერ დაანახებს, რომ ერთი თხილის გული ცხრა ძმას გაუყო, ძალიან ცუდ შედეგს მიიღებს, არასტაბილურობისთვის ნოყიერ ნიადაგს შექმნის.

რაც შეეხება ოპოზიციას, ხელისუფლებას რომ ეუბნებიან, ყველა მოქალაქეს 1000-1000 ლარი დაურიგეთო, ისიც თქვან, საიდან მოიტანონ ეს თანხები. რა თქმა უნდა, ვერ იტყვიან, მაგრამ ხვალ-ზეგ ოპოზიცია მაინც ხელისუფლებაზე გაცილებით მომგებიან პოზიციაში იქნება.

- თითქმის ყველა ძლიერ ოპოზიციურ პარტიას აქვს ანტიკრიზისული გეგმა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად იმაზეც არის საუბარი, საიდან, როგორ უნდა მოხერხდეს დახმარებისთვის განკუთვნილი თანხების მობილიზება. - კი, ოპოზიცია ამბობს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან შემოსული დახმარება სწორედ ხალხს უნდა მოხმარდეს. თუმცა ოპოზიცია იმასაც ამბობს, რომ დასავლეთის დახმარება, რომლის ოდენობაც 3 მლრდ დოლარზე მეტს შეადგენს, ბიუჯეტში ჯერ არ არის ასახული. ხელისუფლება კი ამბობს, რომ 3,5 მილიარდი დოლარის საქართველოსთვის გამოყოფაზე თანხმობა უკვე გაცემულია, მაგრამ რატომ არ ჩანს დღემდე ეს ფული? ხომ არ არის რაღაც პირობა, რაც თანხის მიღების სანაცვლოდ უნდა შესრულდეს? სამი თვის წინ დაიწყო პანდემია და მხოლოდ ახლა დაიწყეს დახმარებების გაცემა. ისიც, ჯერ მხოლოდ 60 თუ 80 ათასი კაცი დააკმაყოფილეს. ამიტომაც სავსებით ლოგიკურია, რომ კულუარებში ამ საკითხზე ეჭვები ჩნდება.

- რა პირობის შესრულებაზე შეიძლება იყოს საუბარი? - შესაძლოა არის საკითხები, რომლებიც ჩვენს ხელისუფლებასა და დასავლეთს შორის ჯერ გარკვეული არ არის. თუ 3,5 მილიარდი დოლარის საკითხი უკვე გარკვეულია, მსესხებლებთან თანხის გახარჯვის სქემებიც შეთანხმებულია და არანაირ პირობაზე არ არის საუბარი, მაშინ ბიუჯეტში თანხის ასახვას წინ რა უდგას? არსებული მოცემულობა ცუდ ვარაუდებს აჩენს ხელისუფლების მიმართ. აშკარაა, რომ დასავლეთი ხელისუფლებისგან კიდევ რაღაც პირობის შესრულებას ითხოვს.

- პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შემდეგ თავად "ქართული ოცნების" ზოგიერთმა მომხრემ გამოთქვა მოსაზრება, რომ მმართველი გუნდი შესაძლოა ხელისუფლების გადაბარებისთვის ემზადება. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ შევარდნაძემ და სააკაშვილმა ორი ვადის გასვლის შემდეგ დასავლეთის ზეწოლისა და რუსეთის ჩარევის შედეგად "გადააბარეს" ხელისუფლება, ხომ არ არის შესაძლებელი, რომ დასავლეთის პირობა ახლა სწორედ ხელისუფლების გადაბარებას უკავშირდება? - შევარდნაძისა და სააკაშვილის გაშვებაში დასავლეთიც მონაწილეობდა და რუსეთიც. თუმცა ამ შემთხვევაში ცოტა განსხვავებული მოცემულობა გვაქვს. შევარდნაძესა და სააკაშვილს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს აღარ უჭერდა, მათ კი ძალაუფლების დაკარგვა არ სურდათ. ამიტომ ჩაერია როგორც დასავლეთი, ისე რუსეთი. მოვლენების სცენარის განვითარება უმთავრესად მაინც ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. თუ დღეს ქართველი ხალხის უმრავლესობას "ქართული ოცნება" აღარ უნდა, მაშინ ამ ძალას აუცილებლად მოუწევს წასვლა. თუმცა ვფიქრობ, სასწორის პინა 50/50-ზეა და ჯერ კიდევ საკითხავია, საით გადაიწონება არჩევნებზე. ასე რომ, არა მგონია, "ქართული ოცნება" ძალაუფლების გადაბარებისთვის ემზადებოდეს. თუ ხელისუფლება დახმარებისთვის გამოყოფილ რესურსებს სამართლიანად გადაანაწილებს და ხალხს უსამართლობის განცდას არ გაუჩენს, მაშინ გაიმარჯვებს.

- თუ გავითვალისწინებთ, რომ პანდემიის პერიოდში ხელისუფლების, ეპიდემიოლოგებისა და ინფექციონისტების ერთობლივი მუშაობა ნამდვილად პროდუქტიული იყო, ამასთან, მედიცინის მუშაკებმა საზოგადოების გულის მოგებაც მოახერხეს, ხომ არ არის შესაძლებელი, რომ მათი სახით "ოცნებაში" ახალი კადრი ვიხილოთ წინასაარჩევნოდ? - არა მგონია, ექიმებმა მმართველ გუნდს დაკარგული რეიტინგი აღუდგინონ. ამირან გამყრელიძე უკვე იყო პოლიტიკაში, შევარდნაძის მმართველობის დროს მინისტრის პოსტი ეკავა. პირადად მე არ მივესალმები მათ პოლიტიკაში წასვლას. რატომ? იმიტომ, რომ დავკარგავთ პროფესიონალებს მედიცინაში და მივიღებთ დამჯერ პოლიტიკოსებს ხელისუფლებაში.

"ქართული ოცნების" ახალი და ძველი სახე მხოლოდ ერთი კაცია - ბიძინა ივანიშვილი. შესაძლოა რამდენიმე ადამიანი ფარდის უკან გაიყვანონ და და ახალი დააყენონ სცენაზე, მაგრამ ეს არაფერს შეცვლის.

ხათუნა ბახტურიძე