ემუქრება თუ არა ოპოზიციურ ერთობას არჩევნებამდე დაშლა - ვინ და რა შეიძლება იქცეს ოპოზიციის "განხეთქილების ვაშლად"?
ჯერ კიდევ გაურკვეველია, განხორციელდება თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ახალი საარჩევნო პირობებით მოუწევთ პოლიტიკურ ძალებს საარჩევნო პროცესების წარმართვა. ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვას კორონავირუსული ინფექციის საფრთხის გამო შეზღუდული პირობებით იწყებს, ოპოზიციის ნაწილი კი აცხადებს, რომ ისინი ამ განხილვაში მონაწილეობას გიორგი რურუას საპატიმროდან გათავისუფლებამდე არ აპირებენ. მოგეხსენებათ, ისინი მის გათავისუფლებას 8 მარტის შეთანხმების ნაწილად მიიჩნევენ.
"ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" თქმით, სწორედ რურუას ფაქტორი იქნება მნიშვნელოვანი, ისინი დაუჭერენ თუ არა საარჩევნო ცვლილებებს ხმას. არადა, ხელისუფლებამ შესაძლოა, მართლაც არ გაათავისუფლოს რურუა და ამჯერად უკვე სწორედ ოპოზიციის ხელით ჩააგდოს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებები, მით უფრო, რომ დღეს აშშ-ში ისეთი პროცესები მიმდინარეობს, ვაშინგტონს "ქართული ოცნების" დასატუქსად დიდად არ სცალია. მოკლედ, ჯერჯერობით არ ვიცით, კონკრეტულად რა საარჩავნო წესით გვექნება არჩევნები, თუმცა მზადება სახელისუფლო პარტიაშიც და ოპოზიციაშიც უკვე დაწყებულია. თუ ცვლილებები განხორციელდა, მოგეხსენებათ, მაჟორიტარების რიცხვი 30-მდე მცირდება, სწორედ ამ 30 კანდიდატის შეთახმება არის მნიშვნელოვანი ოპოზიციისთვის, რაც, როგორც ჩანს, იმდენად რთულად მიმდინარეობს, რომ უკვე ოპოზიციური ერთობის დაშლაზეც დაიწყეს ლაპარაკი. ციხიდან ახლახან გათავისუფლებული ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, პროცესი შეფერხებულია და ამის მიზეზად სწორედ გარკვეული ძალების მხრიდან წამოყენებული მოთხოვნებია. მისი თქმით, ამ შეთანხმებაში სიმძიმის ძალა "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოზეა" და სწორედ მათი გადაწყვეტილებები იქნება მნიშვნელოვანი ერთობა შენარჩუნდება თუ ვერა.
ჩვენი იფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობა" მოითხოვს, რომ 30 კანდიდატიდან სწორედ მან დააკომპლექტოს 15, რაც დანარჩენი ოპოზიციისთვის მიუღებელია.
ერთ-ერთი ვერსიით, ოპოზიციაში განიხილავენ იმასაც, რომ პირველ ტურში ყველამ თავისი კანდიდატი დააყენოს და მხოლოდ მეორე ტურში გასულ ოპოზიციურ კანდიდატს დაუჭიროს მხარი ოპოზიციურმა სპექტრმა.
ეს იდეა კატეგორიულად არ მოსწონს ირაკლი ოქრუაშვილს, რომელმავ "პალიტრანუისის" გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა:
"ეს ჩემთვის სრულიად მიუღებელია. ჯერ ერთი ოპოზიციური ამომრჩეველი თვითონ გადაწყვეტს, რომ მეორე ტურში ოპოზიციურ კანდიდატს დაუჭიროს მხარი და არ სჭირდება პარტიული ბოსების მოწოდება, მეორეც - 2016 წელს ირაკლი ალასანიას არასწორმა გადაწყვეტილებამ წამაგებინა არჩევნები მეც და წააგებინა მასაც. ამის შედეგად პარლამენტში მოხვდა ვინმე მაკრახიძე. ეს გამეორდება თუ სწორად არ მივუდექით საკითხს. ოპოზიციურმა კანდიდატებმა ერთმანეთს ხმები არ უნდა წაართვან!
"ნაციონალურ მოძრაობას" აქვს არჩვენი, ან მიიღებს ყველაფერს და ეს ყველაეფრი არის ივანიშვილის ხელისუფლებიდან გაშვება, ან მიიღებს სამი მანდატით მეტს მომავალ პარლამენტში... ეს ნიშნავს იმას, რომ ის თუ ვერ შეთანხმდება სხვებთან თავისი პოლიტიკური მადის გამო, ზოგადად დათმობს ოპოზიცია არჩევნებს".
პირველივე ტურისთვის ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება მნიშვნელოვნად მიიჩნევენ "ევროპულ საქართველოშიც".
"ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ მაჟორიტარულ ოლქებში პირველ ტურში მოხდეს კოორდინირება და შეთანხმება ოპოზიციურ ძალებს შორის. ამიტომ ახლა ლაპარაკი იმაზე, რომ მეორე ტურში ვიღაცა ვიღაცას მხარს დაუჭერს, არ არის სწორი მიდგომა. მეორე ტურში ისედაც იგულისხმება, რომ ოპოზიციურმა ძალებმა ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭირონ. აქ არის მნიშვნელოვანი, რომ პირველ ტურში ყველა პოლიტიკურმა ძალამ აიღოს პასუხისმგებლობა, გადალახოს რაღაც წინააღმდეგობები და მოახდინონ მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატების კოორდინირება... ეს შეიძლება იყოს თანამშრომლობა, ეს შეიძლება იყოს კანდიდატების არ დაყენება, საერთო კანდიდატებზე შეთანხმება, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს პირველ ტურში ბიძინა ივანიშვილის დამარცხება", - განაცხადა პარლამენტარმა სერგი კაპანაძემ.
"რჩევა 30 პარტიიან ამბიციურ გაერთიანებას: თავი დაანებონ მაჟორიტარული ოლქების გაყოფის მკვდრადშობილ პროექტს და იმოქმედონ პრინციპით - 30 ოლქი, 30 ლიდერი. კენჭი იყაროს ყველა პარტიის ლიდერმა. ოლქები გაინაწილონ ფარული კენჭისყრით. გასაყოფიც აღარაფერი ექნებათ და თეთრი და შავიც გამოჩნდება", - ეს მოსაზრება ექსპერტ გია ხუხაშვილს ეკუთვნის.
ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, მას მოსწონს ეს იდეა, თუმცა ძნელად სავარაუდოა, "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ყველაზე ძლიერია ამ გაერთიანებაშიც და საარჩევნო ადმინისტრაციაშიც ყველაზე სოლიდურად არის წარმოდგენილი, ამას დათანხმდეს.
როგორც კულუარულად გვითხრეს, თავის მხრივ ოპოზიციის ნაწილს ძალიან არ მოსწონს ოქრუაშვილის გაზრდილი ამბიციები და საკმაოდ რადიკალური განცხადებები თუნდაც ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, მან რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ის მერაბიშვილის ოპოზიციური გაერთიანების სახელით რომელიმე მაჟორიტარულ ოლქში დასახელებას ეწინააღმდეგება.
კიდევ ერთი საკითხი, რასაც ოპოზიციაში პრობლემები მოჰყვა, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად "ახალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ვაშაძის შესაძლო დასახელებაა. მოგეხსენებათ, ამის თოაბაზე თაკო ჩარკვიანმა აუწყა საზოგადოებას.
"ნაციონალური მოძრაობა" კატეგორიულად ეწინააღმდეგება პრემიერობის ერთიან კანდიდატად გიორგი ვაშაძის კანდიდატურის წამოყენებას. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის თქმით, ახალი საქართველოს" ლიდერის, გიორგი ვაშაძის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე არ განიხილება, არც განიხილებოდა და მომავალშიც არ იქნება განხილული. თაკო ჩარკვიანის განცხადებით, კი თავის დროზე როდესაც მან ეს კანდიდატურა წამოაყენა მისი კოლეგების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა. ამიტომ უდუმაშვილს განცხადების ტონს უწუნებს და ოპოზიციის ერთიანობის შენარჩუნებას ურჩევს. "ვერ გეტყვით, სად დაიმსახურა ვაშაძის კანდიდატურამ მოწონება - გაერთიანებული ოპოზიციის ფარგლებში ეს კანდიდატურა განხილული არ ყოფილა. ეს იყო ქალბატონ თაკოს პირადი ინიციატივა, რასაც პატივს ვცემ, მაგრამ გავაკეთე ის განცხადება, რაც გაკეთდა.
ჯერ ოპოზიციის ფორმატია გასარკვევი თუ როგორ ვაპირებთ არჩევნებზე გასვლას. ძალიან დიდი ხნის ურთიერობა მაქვს ვაშაძესთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის უნდა იყოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი", - უთხრა kvirispalitra.ge-ს ზაალ უდუმაშვილმა.
პარტია "კანონის სამართლის" დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი კი ეჭვობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პრემიერობის ერთიან პოსტზე საკუთარი პარტიიდან აპირებს რომელიმე კანდიდატურის წამოყენებას და სწორედ ამიტომაც დაიწუნეს გიორგი ვაშაძე.
"საერთოდ ეს განცხადება საკმაოდ იმპერატიული ტონით იყო გაკეთებული და მე მგონი პოლიტიკაში ასეთი ტონი არაა საჭირო მითუმეტეს, რომ ჩვენ "ძალა ერთობაშია" ვართ გაერთიანებულები.
უკვე დროა აქტიურად დავიწყოთ საუბარი, ვისმჯელოთ თითოეულ კანდიდატზე და თუ რაღაცაა პრაიმერი ჩავატაროთ, აბა, ისე როგორ უნდა მივაღწიოთ კონსენსუს?!", - გვითხრა ჩარკვიანმა.
თავად გიორგი ვაშაძის განცხადებით კი მთავარი არის არა ის, რა უნდა გიორგი ვაშაძეს, ან რომელიმე პარტიას, არამედ მთავარია რა სჭირდება დღეს საქართველოს. ვაშაძის თქმით, მოსახლეობას ოპოზიციის ერთიანობისა და ურღვეობის იმედი აქვს, გარკვეული პარტიული, რადიკალური განცხადებები კი ამ ერთობას ხალხის თვალში აზიანებს.
"ძალა ერთობაშია" ეს ძალიან დიდ შინაარს ნიშნავს. მთავარი არის არა ის, რა უნდა გიორგი ვაშაძეს, ან რომელიმე პარტიას, არამედ მთავარი არის ის - რა სჭირდება დღეს საქართველოს. მე ახლა სასწრაფოდ ჩამოვედი რეგიონიდან, სადაც ძალიან ბევრ ადამიანთან მქონდა შეხვედრა, რომელთაც ნომერ პირველი პრობლემა აქვთ გაჭირვება, შიმშილი და ის, თუ როგორ გამოკვებონ ოჯახი. მაგრამ რისი იმედიც მათ აქვთ ეს არის, ჩვენი ერთიანობა, ურღვეობა და ერთიანი ბრძოლის ფრონტი. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ გარკვეული პარტიული რადიკალური განცხადებები ხალხის თვალში აზიანებს ამ ერთობას. პირდაპირ გეუბნებით, რომ მე ყველაფერს გავაკეთებ და არ დავუშვებ ერთიანობის დარღვევას. იმიტომ, რომ გამარჯვება არის ერთიანობაში", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
"ევროპული საქართველოს" აზრით კი, პრემიერობის კანდიდატი, მათი პარტიის წევრი უნდა იყოს.
გია ხუხაშვილი, ექსპერტი:
- ოპოზიციას შეუძლია ჩრდილოვანი კაბინეტის კონტურები მოხაზონ, მაგრამ პრემიერის კონკრეტულ კანდიდატზე ლაპარაკი ნაადრევია, მით უმეტეს, რომ დათვი ჯერ არ არის მოკლული და მისი ტყავის გაყოფაზე ზრუნვა ცოტა არ იყოს ნაადრევია. გარდა ამისა უნდა განისაზღვროს თვითონ პარტიების წონაც.
პრაიმერი მკვდრად შობილი პროექტია, არასდროს ჩატარებული და მისი შედეგები არავის უღიარებია. ასე რომ: ეს უბრალოდ წყლის ნაყვა იქნებოდა და მეტი არაფერი.
ვთავაზობ მარტივ გამოსავალს, იყარონ ლიდერებმა კენჭი, ოლქებზე ვაჭრობას ნუ დაიწყებენ ფარული კენჭისყრით ვის რა ოლქიც მოუწევს, იმ ოლქში იყაროს კენჭი. ეს არის მარტივი ობიექტური ფორმულა, სადაც ურთიერთპრეტენზია და კონფლიქტიც არ იქნება. შედგება თუ რა შეთანხმება, არ ვიცი, მაგრამ ისტორიული გამოცდილება საკმაოდ ცუდი გვაქვს, თუმცა არც იმაზე ვიდარდებ რა მოუვა ოპოზიციას. ჩატარდება არჩევნები და ვნახავთ, ვის რა ძალა აქვს.
(სპეციალურად საიტისთვის)