ირაკლი ღარიბაშვილის ქონება და ოჯახური ფოტოები - პრემიერობიდან თავდაცვის მინისტრობამდე?
"მთავრობაში მობრუნებული მინისტრი" - საზოგადოებაში ასეც მოიხსენიებენ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც 2015 წელს პრემიერ- მინისტრის პოსტი დატოვა, პოლიტიკური არენიდან დროებით "გაქრა", 2019 წელს კი თავდაცვის მინისტრად დაბრუნდა.
ამას გარდა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საარჩევნო პერიოდში ირაკლი ღარიბაშვილი აქტიურად ჩაერთვება. მოგეხსენებათ, ეს უკანასკნელი ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია და მასთან ნათესაური კავშირიც აქვს. შესაძლოა სწორედ ღარიბაშილი ჩაუდგეს სათავეში "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბს.
ამ ცოტა ხნის წინ, "რადიო თავისუფლებამ" ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა და გამოავლინა, რომ თავდაცვის მინისტრის მაჯის საათების ჯამური ფასი, სავარაუდოდ, ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს. ის და მისი მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილი სხვადასხვა დროს ატარებდნენ 8 საათს, თითოეულის ფასი 18-დან 300 ათას ლარამდე მერყეობს.
აღნიშნულ საკითხზე კომენტარი თავად მინისტრმა გააკეთა. ღარიბაშვილის თქმით, პოლიტიკამდე 10 წელი ბიძინა ივანიშვილთან მუშაობდა და ჰქონდა ძალიან მაღალი შემოსავლები: "განსხვავებით, გარყვნილი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც ყველაფერს კადრულობენ. მთელი ის ინფორმაცია, რომ ნახევარმილიონიანი საათები მიკეთია, დამახინჯებული ფაქტებია, საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად.
მაგალითს გეტყვით, ეს არ არის ღია ინფორმაცია - როცა პოლიტიკიდან წავედი, ბოლო ორ წელში, მქონდა ნახევარი მილიონი შემოსავალი. ეს არის დეკლარირებული შემოსავალი, კონსულტაციის გზით მიღებული, თუ ბიზნეს და საერთაშორისო კომპანიებში ჩემი ჩართულობით. პოლიტიკამდე კი, გითხარით ჩემი გამოცდილება, ვმუშაობდი ადამიანთან, რომლის გვერდითაც ვარ უკვე 17 წელია...
რა მნიშვნელობა აქვს რა ღირებულების საათი მიკეთია, არც მე და არც ჩემს ოჯახს, არავისთვის არაფერი წაგვირთმევია და თუ რამე მაქვს, ყველაფერი დეკლარირებულია და ამას გულწრფელად ვამბობ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
საინტერესოა რა ქონებას ფლობს, პოლიტიკაში დაბრუნებული ირაკლი ღარიბაშვილი. მან ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია 2019 წლის 13 ოქტომბერს შეავსო.
მთავრობაში დაბრუნებამდე ღარიბაშვილი შპს "ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლის პოზიციას იკავებდა, სადაც მისმა შემოსავალმა 2018 წლის განმავლობაში 169 926,87 ლარი შეადგინა.
უძრავ-მოძრავ ქონებას რაც შეეხება, ღარიბაშვილი ფლობს 121,8 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში, იმავე მისამართზე მდებარე 16 კვ. მეტრის ავტოფარეხს; დედაქალაქში მდებარე 170 კვ. მეტრისა და 159 კვ. მეტრის ბინებს, ასევე იმავე მისამართზე მდებარე ორ - 38 კვადრატული მეტრისა და 11 კვ. მეტრი ფართობის არასაცხოვრებელ ფართს. მის საკუთრებაშია ასევე, მსუბუქი ავტომობილი, 2019 წელს გამოშვებული - აუდი A8, რომელიც განვადების ხელშეკრულების თანახმად, მიმდინარე წელს 75 620 ევროდ აქვს შეძენილი.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, ღარიბაშვილს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე 44 357.53 ლარი; 169,31 დოლარი, ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით, 50 000 ლარი ჰქონდა.
თავდაცვის მინისტრს მეუღლე და ოთხი შვილი ჰყავს. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მისი მეუღლე ფლობს 1 530 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს დაბა ბაკურიანში, რომელიც 2019 წელს 76 500 დოლარად აქვს შეძენილი. მის საკუთრებაშია ასევე: მსუბუქი ავტომობილი, 2018 წელს გამოშვებული RANGE ROVER VELAR-ი, რომელიც გასულ წელს 46 000 ევროდ აქვს შეძენილი.
თანამდებობაზე დაბრუნებამდე ირაკლი ღარიბაშვილს ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია 2015 წლის 31 დეკემბერს ჰქონდა შევსებული და წლების შემდეგ იგივე უძრავ ქონებას ფლობს. იმ პერიოდში მან პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ანაზღაურების სახით აიღო 51 000 ლარი. მამას აჩუქა მსუბუქი ავტომობილი, რომლის ღირებულება 9 000 აშშ დოლარი იყო. რაც შეეხება იმ დროის მის ფინანსურ ანგარიშებს, ღარიბაშვილს ბანკი "ქართუს" მიმდინარე ანგარიშზე ერიცხებოდა 32.57 ლარი, იმავე ბანკის საბარათე ანგარიშებზე ჰქონდა 3534.55აშშ დოლარი კრედიტის სახით და 3599.50 ევრო ასევე კრედიტის სახით.
თუ გადავხედავთ ღარიბაშვილის ქონებას, რას ფლობს ის ახლა და როგორი იყო მისი ფინანსური მდგომარეობა პრემიერ-მინისტრობის პოსტიდან წასვლის შემდეგ, როგორც ჩანს, აწ უკვე თავდაცვის მინისტრის ფინანსური მდგომარეობა პრემიერ-მინისტრობიდან თავდაცვის მინისტრობამდე დადებითისკენ შეიცვალა.
იხილეთ ფოტოგალერეა: ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახური ფოტოები
(სპეციალურად საიტისთვის)