"ოპოზიციის მაგიდასთან გვისხედან ივანიშვილი და პუტინი და ამას დირიჟორობს ბოკერია... დიახ, ყველაფერს ბოკერია ხლართავს" - კვირის პალიტრა

"ოპოზიციის მაგიდასთან გვისხედან ივანიშვილი და პუტინი და ამას დირიჟორობს ბოკერია... დიახ, ყველაფერს ბოკერია ხლართავს"

პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ მაჟორიტარად იყრის კენჭს საბურთალოს ოლქში. "ჩვენი პარტია "კანონი და სამართალი" ახალი პარტიაა და პირდაპირ გეუბნებით, რომ სიით ჩვენ პარლამენტში შესვლის პრობლემა არ გვაქვს. მინდა, რომ მაჟორიტარად ვიყარო საბურთალოზე კენჭი, იმიტომ, რომ ეს არის ღირებულებების ბრძოლა. უპირველესი მიზეზი, რის გამოც მაჟორიტარობა გადავწყვიტე, ეს გახლავთ ქართული სახელმწიფოებრიობა, ვექტორი და ხალხის ხმა", - აცხადებს თაკო ჩარკვიანი...

რატომ გადაწყვიტა მაჟორიტარად კენჭისყრა და რას ფიქრობს ოპოზიციურ გაერთიანებაში მიმდინარე პროცესებზე, ამაზე ქალაბტონი თაკო გვესაუბრება:

- მაჟორიტარად კენჭისყრაზე ჩვენს პარტიაში დიდი ხანია მიდის ლაპარაკი, უბრალოდ, მე აქამდე ამ პროცესს ვაჩერებდი. ახალი ტიპის პოლიტიკოსი ვარ, აქამდე პოლიტიკაში არ ვყოფილვარ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ნაკლები გამოცდილება შეიძლება მქონდეს. ეს ოცდაათწლიანი ნათაღლითარი პოლიტიკოსები გამოცდილებას უწოდებენ იმას, დიდი ხანი რომ არიან პოლიტიკაში. დიდი ხანი რომ ხარ და ერთი აგური არ დაგიდია შენი ქვეყნის შენებისთვის, მარტო მოპარვაზე და კორუფციაზე რომ ხარ გადასული, უკაცრავად და, ეს ნიშნავს თაღლითობის გამოცდილებას და არა პოლიტიკოსობის...

- ეს ვის შეეხება?

- ბურჯანაძეს, ბოკერიას და სხვა ფსევდოოპოზიციას. ბოკერიას კარტელი დავარქვი ამას, ეს არის პოლიტიკური 20-წლიანი თუ-25 წლიანი ვირუსი. მართლა ვფიქრობ, რომ საზოგადოებას აღარ შეუძლია ამათი ყურება. შესანიშნავი გაერთიანებაა "ძალა ერთობაშია", რომელმაც დიდი გამარჯვება დადო. 2016 წელს ბოკერიამ დიდი დარტყმა მიაყენა "ნაცმოს", პრაქტიკულად, დაანგრია და მათი ხმებით შევიდა პარლამენტში. შემდეგ ოპოზიციური ძალები გაერთიანებაში "ძალა ერთობაშია" გავერთიანდით და ძალიან დიდი წარმატება დავდეთ. როგორც კი ბოკერიამ თქვა, გაფართოებული მაგიდა შალვა ნათელაშვილთანო, მაშინვე მივხვდი, რომ ახალი გაერთიანების შექმნა "ძალა ერთობაშიას" საპირწონედ უნდოდა. რამდენჯერმე გამოქვეყნდა ბოკერიას რეიტინგი, რითაც გამოჩნდა, რომ საზოგადოებაში მისადმი არ არის სიმპათია, დაბალია მისი, როგორც პოლიტიკოსის რეიტინგი. ორი კვირის წინ გახსოვთ, რა განცხადება გააკეთა? – პრემიერი უნდა იყოს "ევროპული საქართველოდანო". რას ნიშნავს, უნდა იყოს?! რა გეგმები აქვს, როცა ჩვენზე კარგად იცის, რომ მისი რეიტიგი დაბალია? აბა, რა აქვს ჩაფიქრებული?

ამ დაბალპროცენტიანი რუსული ვექტორით და მისი რეინკარნირებით როგორ საკანონმდებლო ორგანოსაც მივიღებთ, ისეთივე პრემიერი შეგვრჩება. ბურჯანაძის პარტიას ფსევდოს რატომ ეძახიო... პარტიის პოლიტიკური ლიდერი ახვლედიანი ივანიშვილისგან ფინანსდებოდა და აბა, რა დავარქვა ამ ტიპის პარტიას? ხალხი ბეცია, თუ რა?!

როგორც კი შედგა ეს "ნათელაშვილთან გაერთიანება", მაშინვე გამოვაცხადე, თქვენს გაერთიანებაში მხოლოდ პროპორციულის სისტემის გამო ვრჩები-მეთქი. იმ მაგიდასთან ვხედავდი, რომ მინუს ივანიშვილი კი არა, პლიუს ივანიშვილი იჯდა. იმ მაგიდასთან პუტინი ზის, ხალხო! გარეთ ბავშვები თვალებს ითხრიან, სახელმწიფოებრიობას ლეგიტიმურად ვიცავთო და მაგიდასთან გვისხედან ივანიშვილი და პუტინი და ამას დირიჟორობს ბოკერია. დიახ, იცოდეთ, რომ ოპოზიციის გაფართოებულ მაგიდასთან ყველაფერს ბოკერია ხლართავს. გახსოვთ, ელენე თევდორაძემ რა საოცარი განცხადება გააკეთა? ციხის ბუნტის ბრძანება ბოკერიამ გასცაო. თქვენ ეს შემთხვევითი არ გეგონოთ... ამ ადამიანს პირველობის ავადმყოფური მანია აქვს, ამიტომაც ყველაფერზე წავიდა. ეს პოლიტიკოსი წავიდა იმაზეც, რომ ყველაზე უბინძურეს ვექტორს შეეკრა, იმას, ვისაც თავისი სამშობლო ოკუპირებული აქვს.

- ვის გულისხმობთ? ისე, ხმა გავრცელდა, ბურჯანაძეს პრემიერობა სურსო, რაზეც ბოკერიამ განაცხადა, რომ ამ პოსტზე მის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს...

- დიახ, რუსულ ვექტორს - პუტინს და ბურჯანაძეს ვგულისხმობ. გიგა ბოკერია უშიშროების საბჭოს მდივანი იყო და მან გაუყალბა ის ჩანაწერი ბურჯანაძეს? ეთერში ვიკითხე ლეგიტიმურად და პასუხი მივიღე, რომ - არა. მაშასადამე, ჩანაწერში, ბურჯანაძე ლაპარაკობს, რომ 300 კაცი თუ მოკვდება, არაფერია და მერე სააკაშვილი რუსის ჯარს ელაპარაკოსო, გრუ-ს ჯარი შემოჰყავდა სამშობლოში და ამ ქალთან ერთად უნდა დავმჯდარიყავი? ამიტომ ვთქვი, თქვენთან არ დავჯდები და კვოტებზე არ დაგელაპარაკებით-თქო. ახლა, დიდი ბჭობის შემდეგ, დავაყენე კანდიდატურა, ვინაიდან "ნაცებმა" გამოაცხადეს, 2 მანდატი და მეტი არაო, დანარჩენს ვთმობთო, და ვერც მივხვდი, რას თმობდნენ და ვისთან... მაწყობს კიდეც, რომელიმე ფსევდოკანდიდატურა დამიყენონ, რომ ერთი ფსევდო მაინც მოვაცილო ამ შესანიშნავ რაიონს.

ბურჯანაძის პრემიერობაზე გიგლა ბარამიძემ განაცხადა, - ჩვენ დავასახელებთო. ესეც ბოკერიას ფანდი მგონია. გავრილოვთან ბოდიშის მომხდელი, ქალმა, რომელიც მუდმივად აკეთებს ანტიდასავლურ განცხადებებს, აგერ, 10 დღის წინ თქვა, არავითარი ნატო და დასავლეთიო, ქალმა, რომელსაც ის სიბინძურე აქვს გაცხადებული, რომ ხელისუფლება რუსეთის გრუ-ს ჯარს ელაპარაკოს...  გაბედა და ოკუპირებულ საქართველოში პრემიერობაზე დაასველა სიტყვა. ბოკერიას მოეთხოვება პასუხი იმისთვის, რომ ბურჯანაძის - ამ სრულიად კორუფციაში ჩაფლული პოლიტიკანკას რეინკარნაცია ხდება. რუსეთის უბინძურეს თოქ-შოუებში, უკვე იმაზე ლაპარაკობენ, ოპოზიციის გაფართოებულ მაგიდასთანაც მიგვიშვეს, ჩვენ იქ ვზივართ, იქ ბურჯანაძე ზისო. ყველაფერი ბოკერიას დამსახურებაა, რომელმაც ეს სააკაშვილის ჯიბრით გააკეთა. მთელი 9 წელი ოპოზიციაში ვიყავი, იმიტომ, რომ მაშინ პენიტენციურ დაწესებულებებში საშინელი სიტუაცია იყო, მაგრამ რად უნდა ლაპარაკი, რომ სააკაშვილმა შეძლო სახელმწიფო რეფორმები ინსტიტუციური თვალსაზრისით. ძალიან მიკვირს, როცა სააკაშვილს ერთ მხარეს ბურჯანაძე ეჯდა, მეორე მხარეს ბოკერია, ეს ყველაფერი როგორ შეძლო?

- ბოკერიამ რომ თქვა, მაჟორიტარობის კანდიდატად თაკო ჩარკვიანის კანდიდატურა არ განიხილება, რადგან კანდიდატი უნდა იყოს ისეთი, რომელიც შეკრებს საპროტესტო ელექტორატს, უეგზოტიკურესი ფიგურაა, მაგრამ მაინცო, - ეს გეწყინათ, სავარაუდოდ...

- ჩარკვიანს ჩვენი მხარდაჭერის იმედი ნუ ექნებაო, რომ ამბობს, ამაშიც ტყუის და თაღლითობს. როგორ უნდა მქონოდა მაგათგან  მხარდაჭერა, მე ხომ არ ვარ იმ გაერთიანების წევრი? უეგზოტიკურესიო... - თუ რაიმე ეროვნული, ქართული და სახელმწიფოებრივია, ბოკერიასთვის უცხო და ეგზოტიკურია, ის თავად არის უცხო, პოლიტიკაზე ცუდად დამყნილი პოლიტიკური ჰიბრიდი. მისი ყოველი ასეთი გამოსვლა ჩემთვის ქათინაურია.

- თქვენი აზრით, ვის რა შანსები აქვთ 20/20-ის არჩევნებში "ლელოს", გაერთიანებულ ოპოზიციას და სხვებს? ან რას ფიქრობთ, ელისაშვილ-დოლიძე-კობერიძის პლატფორმაზე?

- ეს ამომრჩევლის გადასაწყვეტია. ძალიან დაიღალა ხალხი ამ 30-წლიანი ნათაღლითარი სახეებით. პოლიტიკური ვირუსი ვუწოდე ბოკერიას, რომელიც აბსოლუტურ მუტაციას განიცდის. შესაბამისად, ის ამ პატარ-პატარა დაბალრეიტინგიან პარტიებს და პოლიტიკოსებს მუტაციის დროს თავის სასარგებლოდ იყენებს. მომიტევონ და, ამ პროცესში ელისაშვილ-დოლიძის პოლიტიკური პლატფორმის შანსს დიდად ვერ ვხედავ. "ლელო" და ხაზარაძეს რაც ეხება, უბრალო არითმეტიკით დაიანგარიშეთ, რამდენი ოჯახია გამწარებული და იმის მიხედვით მიხვდებით, ხაზარაძეს რომ ძალიან ცოტა შანსები აქვს. ან რა შანსი უნდა მისცეს ხალხმა გაერთიანებულ ფსევდოოპოზიციას? როგორ უნდა გაუბედოს დამოუკიდებელი პარტიის ხელმძღვანელს და მის ამომრჩეველს ვინმე 30-წლიანმა პოლიტიკურმა ვირუსმა ბოკერიამ, ჩემი მხარდაჭერა არ ექნება თამარ ჩარკვიანსო?! და ვინ არის, რაში მჭირდება ბოკერიას მხარდაჭერა?

- ისანში ვაშაძის კანდიდატურას ელისაშვილი გამოეხმაურა და თქვა, მიუღებლად მიმაჩნია და ეს კანდიდატურა წაგებისთვისაა განწირულიო...

- ელისაშვილი რომ რეფორმატორ და ტვინით გატენილ ახალგაზრდა კაც გიორგი ვაშაძეზე ამას იტყვის, ხომ უნდა გადავიხარხაროთ? ვიღაცეებმა ჯერ კვირიკაშვილი ლანძღეს და ახლა გამოიძახეს, კარგი იქნება, ჩვენთან მოხვიდე იმ მოპარული ფულებითო. 10 წლის წინ თვითონ ამბობდა, კვირიკაშვილი ფულებს იპარავდაო, ახლა გამოვიდა და პარტიაში დაპატიჟა. ამ ტიპის კაცი, ბოკერიასავით, პუტინსაც დაუძახებს. დიახ, ბოკერიას თუ დასჭირდა მხარდაჭერა, პუტინსაც მიმართავს, მეტი საშინელება პოლიტიკაში გინახავთ? აი, რა არის სიბინძურე.

- თქვენს და თქვენი პარტიის რეიტინგზე რას იტყვით?

- ახალი ტიპის პარტია გვაქვს, მეც ახალი ტიპის პოლიტიკოსი ვარ და ჩემი სტილი ასეთია – ყველა სახის ინფორმაცია უნდა ჰქონდეს ხალხს წინასწარ, რომ მართალი ვიყო მათთან. ამხელა პასუხისმგებლობა ჩემს სიცოცხლეში არ ამიღია და მიმაჩნია, პოლიტიკა უნდა იყოს ღია, გახსნილი... ძლიერად, სუფთა გუნდით და რეფორმატორებით შევალთ პარლამენტში. ცოტა ხანში დიდი სიურპრიზი ელის ამომრჩეველს და ვფიქრობ, კმაყოფილები დარჩებიან.

იხილეთ ასევე: "ასე "ეშმაკურად", სრულიად შემთხვევით გავიცანით ერთმანეთი. ერთ წლის მერე გავყევი"

(სპეციალურად საიტისთვის)