რომელ პოლიტიკურ ძალებს დაეყრდნობა კრემლი საქართველოში?! - კვირის პალიტრა

რომელ პოლიტიკურ ძალებს დაეყრდნობა კრემლი საქართველოში?!

"უსაფრთხოების საბჭომ დღემდე ვერ შეიმუშავა საფრთხეების შეფასების განახლებული დოკუმენტი"

ელისუფლება და ოპოზიცია კვლავაც აგრძელებენ ერთმანეთის პრორუსულობაში დადანაშაულებას და მტკიცებას, რომ თავად წარმოადგენენ პროდასავლურ ძალას. ამასთან, უკვე დაიწყეს ერთმანეთის დადანაშაულება ფეიკნიუსების გავრცელებასა და სიცრუის ტირაჟირებაში. მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი კობახიძემ "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა" დაადანაშაულა რუსეთის ინტერესების მსახურებაში და დასძინა, რომ ამ ძალების თაოსნობით ქვეყანაში შიდაჰიბრიდული ომი უკვე დაწყებულია.

"ოპოზიციას, "ევროპულ საქართველოს" აბრალებენ, სენატს აკონტროლებს და თან პრორუსულიაო. პრორუსული პროპაგანდის მიზანი ის არის, ყველანაირი ბოდვა დიდი დოზით გაავრცელო, რასაც ივანიშვილის პროპაგანდისტული ორგანოები აკეთებენ, რათა მოქალაქეები სისულელით დააბნიონ", - ამ განცხადებით გამოეხმაურა ბრალდებას ოპოზიციონერი ლიდერი გიგა ბოკერია. ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთბრალდებებისა და ფეიკნიუსებით ბრძოლის შესახებ უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს ლევან

ბოძაშვილს ვესაუბრეთ.

- მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომხრეა, პროპაგანდისტული მითი, რომ რუსეთთან ურთიერთობის "დალაგებით" საქართველოს ეშველება, კვლავაც ბევრია. ეს ე.წ. ყალბ საინფორმაციო მასალებშიც აისახება. აქ მთავარია შემდეგი განმსაზღვრელი ფაქტორი - არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარების ბერკეტი მხოლოდ დასავლურ ინსტიტუციებს აქვთ - ეუთოს, ევროკავშირსა და აშშ-ს. ამიტომ ოპოზიციური ძალების ნაწილი ცდილობს პრორუსულობის იარლიყი ხელისუფლებას მიაკეროს, რაც შეიძლება დამაჯერებელი სწორედ დასავლეთისთვის იყოს. მეორე მხრივ, ბოლო წლის განმავლობაში ხელისუფლების ნაბიჯებმა ასეთი არაერთი ეჭვის საფუძველი გააჩინა. თუმცა მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტიცაა, თუ რა ფაქტორებს აქვთ გავლენა ანტიდასავლური განწყობის ზრდაზე? უპირველესად იმ პოლიტიკური პარტიების ნეგატიურ აღქმადობას საზოგადოების თვალში, რომლებიც, ერთი მხრივ, ულტრაპროდასავლურ ძალად წარმოაჩენენ საკუთარ თავს, დასავლეთისთვის მუდმივად "ჩვენი ბიჭის" როლის მტკიცებაში არიან და ამავე დროს სწორედ ანტიდასავლურ პროპაგანდას უწყობენ ხელს. ზოგიერთი პარტიის მიერ საკუთარი თავის შეთავაზება იმდენად ინტენსიურია, რომ ეროვნული სუვერენიტეტის ფარგლებსაც ივიწყებენ. ბუნებრივია, ამას ხედავს მოსახლეობა და ანტაგონიზმიც უჩნდება. ამიტომ უნდათ თუ არა, პარტიები ირიბად სწორედ ანტიდასავლურ განწყობას აღვივებენ. სწორედ ეს არის მთავარი გამოწვევა.

- ასეთი პოლიტიკური ბრალდებების მიზანი რა არის?

- ამომრჩევლის ყურადღება. ცდილობენ ამომრჩევლის კონცენტრაცია პარტიების პოლიტიკური შესაძლებლობებიდან ორიენტაციაზე გადაიტანონ. ეს ამომრჩევლის მოტყუებაა. რაც შეეხება ხელისუფლებას, მმართველი გუნდი ოპოზიციის ბრალდებებზე სათანადოდ ვერ რეაგირებს, მუდმივად თავს იმართლებს და იმისთვის, რომ ვაშინგტონსა და ბრიუსელში ეს ბრალდებები არ დაიჯერონ, ცდილობს "რომის პაპზე უფრო კათოლიკე" გამოჩნდეს. საშინაო პოლიტიკა საგარეო პოლიტიკისა და ფაქტორების უფრო დიდი მძევალი ხდება, რის გამოც საქართველოს მოქალაქეს სრულფასოვანი არჩევნის საშუალება ეზღუდება.

- სინამდვილეში საზოგადოების მიერ პროდასავლურობისთვის მხარდაჭერა პროდასავლური პარტიების პროპორციულია? - საქმეც ის არის, რომ არა. პირობითად, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერთა რაოდენობა სტაბილურად 70%-ია. თუმცა ეს ნამდვილად არ ნიშნავს, რომ ამდენივე უჭერს მხარს, მაგალითად, "ნაცმოძრაობას" ან "ევროპულ საქართველოს". აი, სწორედ აქ ცდება ზოგიერთი ოპოზიციური პარტია, თუმცა სხვა გამოსავალი არც აქვთ, ვინაიდან პროდასავლურობის ხაზგასმის გარეშე ბევრს არაფერს წარმოადგენენ საარჩევნო წონის თვალსაზრისით.

- მაშ, რა ქნას ამომრჩეველმა, ასეთ ვითარებაში როგორ იპოვოს სიმართლე? - მხოლოდ და მხოლოდ ობიექტური არჩევნით. ის, ვინც ცდილობს ეს განწყობა შეცვალოს და გამოიყენოს, ის ვიწროპოლიტიკური დღის წესრიგით ხელმძღვანელობს და რეალურად პოლიტიკური სოციოპათია, რომელიც დიდად არ დაგიდევს ამომრჩევლისა და სახელმწიფოს მდგომარეობას. პრობლემა ის არის, რომ ამომრჩეველი ინტერნეტ და ციფრული მედიის ეპოქაში დაუცველია მანიპულაციებისგან. ფეიკნიუსების გამავრცელებელიც ამ დაუცველობით სარგებლობს.

თუმცა ეს დიდწილად ამომრჩევლის ბრალიცაა, რადგან სიღრმისეულად და კრიტიკულად არ უყურებს ბევრ რამეს. ამის კარგი მაგალითია ე.წ. 5G-ის საკითხი. ცოტა მეტი დაინტერესებითა და ლოგიკითაც შესაძლებელია ადამიანმა დაინახოს, რომ ეს ტექნოლოგიები კორონავირუსთან კავშირში არ არის. მაგალითად, სომხეთში, სადაც რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა, 5G არ ამოქმედებულა. დასავლეთმა ჩინურ "ჰუავეის" დაუბლოკა 5G-ის დაყენების შესაძლებლობა. ხალხს ჰგონია, დასავლეთმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ 5G მავნებელია, სინამდვილეში კი "ჰუავეი" ჩინეთის სპეცსამსახურების დაკვეთით მუშაობს. უცხო ქვეყნების, განსაკუთრებით რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა ამ ამბავს, როგორც ბევრ სხვას, ნეგატიური განწყობის დასანერგად იყენებს. ამ პროპაგანდის მიზანი მხოლოდ ანტიდასავლური მიზნები კი არა, ხელისუფლების წნეხში მოქცევა და დასუსტებაა.

- თქვენი ვერსიით, რომელ პოლიტიკურ ძალას შეიძლება დაეყრდნოს რუსეთი საქართველოში?

- ძალიან მომრავლდნენ პრორუსული განწყობის პარტიები და ინდივიდები.

რუსული სპეცსამსახურის დასაყრდენი ძალები არიან ისინი, ვინც ხან პირდაპირ, ხანაც ირიბად ცდილობენ ათასგვარი სიყალბის გავრცელებით, განსაკუთრებით ღირებულებებზე დარტყმითა და ამ საკითხის მანიპულირებით, გააღვივონ ანტიდასავლური განწყობა.

ეს ის ძალებია, რომლებიც ქუჩაში მხოლოდ მაშინ გამოდიან, როდესაც ვინმე ულტრალიბერალური ტენდენციების მატარებელი ფილმის ჩვენებას აპირებს, და ამით სწორედ ასეთი განწყობის გაღვივებას უწყობენ ხელს. ქმნიან მითებს და მეორე უკიდურესი პროპაგანდის მესვეურებს სწორედ იმ წისქვილზე უსხამენ წყალს, რომელსაც სწორედ ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელება სურს. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ ორი ტიპის დასაყრდენი - დასავლური ღირებულებებით შენიღბული საზოგადოებრივი ჯგუფები და ეროვნული ფასეულობებით შენიღბული მეხუთე კოლონისტური ჯგუფები. საბოლოოდ, ორივე ერთ ამოცანას ემსახურება - ანტიდასავლური განწყობის ზრდას. ამას რუსული სპეცსამსახურების ენაზე აქტიური მოქმედებების ტაქტიკა ჰქვია და ეს ბოლო წლის განმავლობაში არაერთხელ დავინახეთ. რუსეთი კარგა ხანია ცდილობს განწყობის ფორმირების გზით არჩევნებამდე განსაზღვროს არჩევნების ბედი.

- რას აკეთებს ხელისუფლება ამ პრობლემასთან გასამკლავებლად? - ამ ყველაფრის გამკლავებას ადეკვატური უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება სჭირდება. უსაფრთხოების საბჭომ დღემდე ვერ შეიმუშავა საფრთხეების შეფასების განახლებული დოკუმენტი. დასავლური დახმარება მოსახლეობამდე არ მიდის, ის მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს ისმენს. შესაბამისად, ესეც მოქმედებს მის განწყობაზე. რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება თავს არიდებს საფრთხეების იდენტიფიცირებას, დოქტრინალიზაციას და მათ დასახელებას მთავარ დოკუმენტებში.

- თავის არიდების მიზეზი რა უნდა იყოს?

- ძალიან კარგი, ეს შეკითხვა რომ დასვით, მაგრამ ვერ გიპასუხებთ. მე მაქვს ჩემი ვერსიები, თუმცა ამაზე საუბარი დასაბუთების გარეშე ბრალდებად ჩამეთვლება. ახლა მხოლოდ ამას ვიტყვი - გვიპასუხონ, 2018 წლის შემდეგ უსაფრთხოების საბჭომ რატომ ვერ განაახლა საფრთხეების შეფასების დოკუმენტი?

- არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად რა სიურპრიზებს უნდა ველოდოთ? - უფრო გახშირდება ფეიკნიუსები, განსაკუთრებით სექტემბერში, ოქტომბერში კი უფრო ინტენსიური გახდება. ამას სჭირდება არა მარტო პოლიტიკური ფეიკნიუსების წინააღმდეგ, არამედ განწყობითი პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაც. მაგალითად, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შექმნა ფეიკნიუსებთან გამკლავების ერთეული, რაც კარგია, მაგრამ საკმარისი არ არის. ამ შემთხვევაში ტექნოლოგიები ძალიან დაგვეხმარება.

ხელოვნური ინტელექტის ალგორითმები დღეს ფართოდ გამოიყენება ფეიკნიუსების დასადგენად და გავრცელების ხელის შეშლისთვის. ვნახოთ, როგორ მოიქცევა ხელისუფლება.

ხათუნა ბახტურიძე