გახარია სიის პირველ ნომრად, წულუკიანი პარლამენტის თავმჯდომარედ, კალაძე კი თამაშგარე? - ვინ ვერ მოხვდება "ოცნების" სიაში?
საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, რომლის თანახმადაც მეათე მოწვევის პარლამენტი 120 პროპორციული სისტემით და 30 მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატისგან დაკომპლექტდება, აქტიური წინასაარჩევნო კამპანია მმართველ პარტიაშიც დაიწყეს და "ივანიშვილის კარზე" დასაწინაურებლად "შიდა ომებიც" გააქტიურდა. მართალია დაპირისპირება ჯერ საჯაროდ არ დაწყებულა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ივანიშვილი სიის გაწმენდას გვარიანად აპირებს, ეს სულაც არაა გამორიცხული.
როგორც ამბობენ, კახა კალაძეც გაკვირვებული დატოვა წარმოდგენილმა სიამ, აღმოჩნდა, რომ ის თბილისის მასშტაბითაც კი თამაშგარე მდგომარეობაში დატოვეს. როგორც kvirispalitra.ge-ს ინფორმირებულმა წყარომ უთხრა, ახალ სიაზეც ირაკლი კობახიძე მუშაობს, ბიძინა ივანიშვილთან ერთად. სიის პირველი ნომერი კი გიორგი გახარია იქნება. სიაში ასევე შევა თეა წულუკიანიც, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარედ ამზადებენ.
ასევე როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დარჩენილი 92 დეპუტატიდან სიაში დაახლოებით ნახევარი ვეღარ მოხვდება, მაგალითად, მათ შორის იქნება მერაბ ქვარაია, გუგული მაღრაძე, ენძელა მაჭავარიანი და სხვები. მათ ადგილს "ოცნების" ახალი სახეები დაიკავებენ ესენი იქნებიან ანალიტიკოსი ნიკა მეტრეველი, "იმედის" ახალი სახე გია აბაშიძე და ყოფილი ჟურნალისტი ეკა ბერიძე.
რაც შეეხება მაჟორიტარებს, კახეთის რეგიონს კახეთის რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი ჩაიბარებს. ზუგდიდელების გულის მოგებას კი მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი ეცდება. სამეგრელოს ერთ-ერთ რეგიონში კი კენჭს ასევე მამუკა მდინარაძე იყრის.
რაც შეეხება დედაქალაქს, "ოცნება" მაჟორიტარ კანდიდატებს დაახლოებით თვის ბოლოს დაასახელებს.
(სპეციალურად საიტისთვის)