"თუ ივანიშვილი არსად გამოჩნდება, მთელ დივიდენდებს გახარია წაიღებს" - აპირებს ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო კამპანიაში ჩართვას?!
საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური ციებ-ცხელება მატულობს და სულ უფრო მეტი კითხვა ჩნდება.
მმართველ პარტიაში საარჩევნო სიები ჯერ კიდევ დგინდება და საზოგადოებისთვის ბევრი რამ დღემდე დაფარულია. ყველაზე დიდ ინტერესს "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის საკითხი იწვევს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საარჩევნო სიის შედგენაზე ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძესთან ერთად, ტანდემში მუშაობს, თუმცა იქნება ის ამ სიაში, ჩაერთვება ღიად წინასაარჩვენო კამპანიაში, თუ ისევ კულუარულად და ფინანსური დახმარებით გადაწყვეტს საარჩევნო პროცესში მონაწილეობას, უცნობია.
ივანიშვილის საარჩევნო სიაში ყოფნა-არყოფნის თაობაზე დასმულ კითხვას პასუხი რამდენიმე დღის წინ პრემიერმა გიორგი გახარიამ გასცა, რომლის მოკლე შეინაარსი იმაში მდგომარეობდა, - ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარეა და რა გასაკვირია სიაშიც იყოსო...
ამ საკითხზე ისაუბრა პარლამენტის ექსსპიკერმა და "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის უფროსმა ირაკლი კობახიძემაც.
"სიის პირველი ნომრის საკითხი ჯერ არ განგვიხილავს. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პირველ ნომრობას, ეს არის მისი გადასაწყვეტი. ის არის პირველი ნომერი პარტიაში, არის პარტიის თავმჯდომარე. შესაბამისად, თუ ის გადაწყვეტს ასეთ რამეს, ბუნებრივია, ის იქნება სიის პირველი ნომერი. ეს მისი გადასაწყვეტია", - განაცხადა კობახიძემ, რომელიც აშკარაა, რომ კვლავინდებურად ივანიშვილის განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს.
შესაძლოა თუ არა "ქართული ოცნების" ლიდერი ვიხილოთ საარჩევნო სიაში? - ეს კითხვა დავუსვით თავის დროზე ივანიშვილის თანამებრძოლს, ახლა კი პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" ლიდერს, დავით ჭიჭინაძეს:
"რაც შეეხება, ბიძინა ივანიშვილის დეპუტატობას, მისი დარბაზში ჯდომა ძნელი წარმოსადგენია. ახალი რეგლამენტით, თუ არ ესწრები სხდომებს - გრიცხავენ, შესაბამისად, პარლამენტში სიარული და საჯარო პოლიტიკაში მოღვაწეობა, მისთვის საინტერესო არ იქნება".
მისივე თქმით, ივანიშვილის მხრიდან არაფორმალური მმართველობა გაგრძელდება.
განსხვავებული მოსაზრებები გამოთქვეს ივანიშვილის თანაპარტიელებმა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის, განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი, როგორც "ქართული ოცნების" ლიდერი, წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება, თუმცა ვოლსკის არ დაუკონკრეტებია, ეს იქნება უშუალოდ მანდატისთვის ბრძოლა თუ მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიაში და ამომრჩევლებთან შეხვედრებში მონაწილეობა.
ბიძინა ივანიშვილისთვის, უდავოდ კომფორტულია დისტანციური, თითქოს და, უჩინარი ხელით მართვა, მაგრამ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, მას შესაძლოა მოუწიოს აქტიური საარჩევნო კამპანიის გატარება და ამის რამდენიმე განმაპირობებელი ფაქტორი არსებობს.
kvirispalitra.ge - მ კომენტარის გაკეთება ექსპერტ გია ხუხაშვილს სთხოვა:
- გამომდინარე იმ გამოცდილებიდან, რაც შევიძინეთ, ნაკლებად სავარაუდოა ბიძინა ივანიშვილი ვიხილოთ საარჩევნო სიაში, იმიტომ, რომ მან მმართველობის მისტიური, რელიგიური მოდელი შექმნა, რომელშიც ის არსად არ არის და ამასთანავე ყველგანაა.
გვერდიდან აკონტროლებს ხელისუფლებას, ფორმალურ პასუხისმგებლობას არაფერზე იღებს, არადა, სინამდვილეში აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობს. თუმცა, მას დღეს გარკვეული პრობლემები შეექმნა არა ძალაუფლების კუთხით, არამედ უფრო უსაფრთხოებასთან და კეთილდღეობასთან დაკავშირებით - მისი მმართველობის მოდელი არის ანაქრონიზმი და დასავლეთი აგრესიულია ამ ტიპის მმართველობისადმი, შესაბამისად, მას ასე ვთქვათ, გაორება დაეწყო, ერთის მხრივ, ის ხვდება, რომ მისი (მმართველობის ფორმის) ფორმალიზება, ინსტიტუციონალიზება აუცილებელია არსებული რისკების გადასალახად, მეორეს მხრივ, კი ენანება მისი მითოლოგიური მმართველობის კონსტრუქციის დაშლა, რომელშიც მას შეიძლება უკვე კონკურენტები გამოუჩნდა.
გარდა ამისა, არის კიდევ გახარიას ფაქტორი. თუ ივანიშვილი არსად არ გამოჩნდება და მთელ დივიდენდებს გახარია წაიღებს, ანუ გახარია მოიგებს არჩევნებს, ძალაუფლების კონტროლის თვალსაზრისით, ეს მისთვის სერიოზული რისკების შემცველი გახდება.
ეს რამდენიმე ფაქტორი შეიძლება, ივანიშვილის საარჩევნო კამპანიაში აქტიური მონაწილეობის განმაპირობებელი გახდეს, თუმცა, შესაძლებელია, მან ისევ იმ ფორმას მიმართოს, როდესაც არ ჩანს, მაგრამ "ქართული ოცნების" წევრების განცახდებები მუდმივად ბიძინა ივანიშვილის დიდ როლზე საუბრით იწყებოდეს და სრულდებოდეს. ანუ, ხაზი გაესვას მის "უდიდეს" მნიშვნელობას. ასეთ შემთხვევაში გახარიაც დაადასტურებს, რომ "ქართული ოცნების" მთავარი მამოძრავებელი და ნომერ პირველი ძალა სწორედ ბიძინა ივანიშვილია.
ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც დასავლეთის ფაქტორია, მისი კეთილდღეობა სწორედ დასავლეთზეა დამოკიდებული, რომელიც მისი მმართველობის ფორმას მკაცრად აკრიტიკებს. დასავლეთისგან იმუნიტეტის შესაძენად საჭიროა, ოლიმპიდან მიწაზე დაშვება და ყველასთვის დამტკიცება, რომ ის ზეადამიანი არ არის და ჩვეულებრივი მოკვდავია.
ბიძინა იანიშვილი სახელმწიფოებრივად, რომ აზროვნებდეს, რა თქმა უნდა, ის უნდა დაუბრუნდეს რეალურ პოლიტიკას და თავისი როლის ფორმალიზება მოახდინოს. საუკეთესო ვარიანტია გახდეს პრემიერ-მინისტრი. როდესაც ინსტიტუციური ცენტრი სხვაგანაა და გადაწყვეტილებების მიმღები ცენტრი სხვაგან, ეს სახელმწიფოს განვითარებას უშლის ხელს.
ერთხელ გაღმერთებული ადამიანისთვის ძალიან ძნელია ისევ ადამიანის სტატუსში დაბრუნება. დღევანდელ დღემდე არსებული გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, დისტანციურ მმართველობას უნდა ველოდოთ, თუმცა დასავლეთის დამოკიდებულებასაც ვერ გამოვრიცხავთ, რომელმაც ივანიშვილს შეიძლება კონკრეტული გადაწყვეტილება მიაღებინოს.
ექსპერტ გია ხუხაშვილის მსჯელობას თუ გავყვებით, ბიძინა ივანიშვილს საარჩევნო კამპანიაშია აქტიურად ჩართვისთვის შესაძლოა რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს. მათგან უპირველესად შეიძლება მივიჩნიოთ ძალაუფლების გაყოფის ან სულაც დაკარგვის შიში, ანუ თუ გიორგი გახარია პანდემიასთან წარმატებულ ბრძოლასთან ერთად, არჩევნებში გამარჯვების დამსახურებასაც მიითვლის, ეს მის პოზიციებს კიდევ უფრო გააძლიერებს, როგორც პარტიის შიგნით, ასევე ქვეყნის მასშტაბით... თუ გავიხსენებთ, რომ "ქართული ოცნების" მმართველობის განმავლობაში, ფაქტობრივად, არცერთი ძლიერი და დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურის ფორმირება არ მოხდა, რაც პირდაპირ კავშირშია ბიძინა ივანიშვილის აბსოლუტური ძალაუფლების სურვილთან, ეს მოსაზრება საფუძველს მოკლებული არ უნდა იყოს. შესაბამისად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩაერთოს აქტიურ კამპანიაში, მიიღოს მონაწილეობა საზოგადოებასთან შეხვედრებში და ამით გაუსვას ხაზი მისი მონაწილეობის მნიშვნელობას და იმ ფინანსებს, რომლის იმედადაც არის მმართველი პარტია.
ამას ემატება საერთაშორისო საზოგადოების, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მკვეთრი და უკმაყოფილო პოზიცია ე.წ. არაფორმალური მმართველობასთან დაკავშირებით, რასაც უკვე ღიად გამოხატავენ. ესეც შეიძლება იქცეს იმ ფქატორად, რომელიც ივანიშვილს ჩრდილიდან გამოსვლას აიძულებს.
(სპეციალურად საიტისთვის)