"ვარსკვლავბიჭუნას" მოლოდინში, ანუ მანკიერი წრე ქართულ პოლიტიკაში
"სუსტი ოპოზიცია უპირველესად ქვეყნისთვისაა ცუდი, რადგან ახლა როგორც ჰაერი, ისე გვჭირდება კოალიციური ხელისუფლების ჩამოყალიბება"
არჩევნების მოახლოებასთან ერთად უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება პოლიტიკურ რეიტინგებზე დაკვირვება. ბოლო დროს არაერთი სოციოლოგიური კვლევის შედეგები ვიხილეთ, მათგან ყველაში, სხვადასხვა უპირატესობით, მმართველი პარტია "ქართული ოცნება" ლიდერობს. მაგალითად, ტელეკომპანია "ფორმულის" დაკვეთით ჩატარებული Edison Research-ის გამოკითხვის მიხედვით, კითხვაზე: "საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?" - გამოკითხულთა 39% პასუხობს, რომ "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 16% - "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", 5% - "ევროპულ საქართველოს", 3-3% უჭერს მხარს ლეიბორისტულ პარტიას, "ლელოს", პარტიას "ახალი საქართველოსთვის" და "პატრიოტთა ალიანსს". მიუხედავად რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარებისა, მმართველი პარტიის პოზიცია აშკარად მყარია. რა არის ამის მიზეზი? - ამ კითხვით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძესთან:
- ჩემთვის, ისევე როგორც ბევრისთვის, კვლევის ეს შედეგები მოულოდნელი არ ყოფილა. ხელისუფლების რეიტინგის შენარჩუნების ორ მიზეზს გამოვყოფდი: ხელისუფლების წარმატება პანდემიასთან ბრძოლაში, რაც თვალნათელი პროცესია, და მეორე - ოპოზიციის სისუსტე, შექმნილ ვითარებაში მისი სრული გაურკვევლობა და შეცდომები. გავიხსენოთ, "ქართული ოცნების" მმართველობის წინა წლებში მუდმივად იყო ლაპარაკი, რომ ხელისუფლება უნიათოა. ოპოზიცია ცდილობდა საზოგადოებაში დაენერგა აზრი, რომ ხელისუფლებას მხოლოდ რომელიმე პრობლემასთან გამკლავება კი არ უჭირდა, არამედ არაფრის გაკეთება არ შეეძლო. უეცრად კი პანდემიისას აღმოჩნდა, რომ მხოლოდ სამეზობლოში კი არა, მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი გვაქვს და დამსახურებულად ვამაყობთ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შიდა გავრცელება თითქმის ნულის ტოლია. ამ შემთხვევაშიც ოპოზიციის დამოკიდებულება ხელისუფლებისა და ვირუსის მიმართ ისევ ძველებური იყო - ხელისუფლება არაფერს აკეთებს, საშინელი ტესტები ჩამოაქვს, სტატისტიკას აყალბებსო და ა.შ. არადა, რაც ხდებოდა, ყველა ხედავდა, მათ შორის იმ ტელეარხებიდან, რომლებიც ოპოზიციასთან ასოცირდებიან. შესაბამისად, საზოგადოებამ კარგად დაინახა, ვინ ტყუოდა, რამაც ოპოზიციის საწინააღმდეგოდ და ხელისუფლების სასარგებლოდ იმუშავა.
კიდევ ერთი ფაქტორი, რითაც ასევე ხელისუფლებამ იხეირა, ე.წ. 8 მარტის შეთანხმება და მას მერე განვითარებული პროცესებია. მეც და სხვებიც პირდაპირ მოვუწოდებდით ოპოზიციას, რომ მიუხედავად იმისა, შესაძლოა რურუას გათავისუფლების შესახებ ზეპირი შეთანხმება დაირღვა, მაინც აუცილებელი იყო მიეღოთ მონაწილეობა საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრაში, თუმცა გამუდმებით უნდა ელაპარაკათ შეთანხმების დარღვევაზე. ამის სანაცვლოდ რა გააკეთეს? - მთლიანად გადაულოცეს ინიციატივა "ქართულ ოცნებას", როდესაც ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ ამ პროცესისგან რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური სარგებლის მისაღებად. ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაში უდიდესი როლი შეასრულა დასავლეთის ზეწოლამ და საქართველოში აკრედიტებული ელჩების თავდაუზოგავმა შრომამ - ისინიც მოუწოდებდნენ შეთანხმების ყველა მხარეს, მიეღოთ ცვლილებების მიღებაში მონაწილეობა. ოპოზიციამ არც მათ მოუსმინა და საბოლოოდ ხელისუფლებას გადააჭარბა იმითაც, რომ ლამის ლინჩის წესით გაასამართლეს გერმანიის ელჩი. რითი იყვნენ უკეთესები ამ დროს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც ამტკიცებენ ხოლმე, ჩვენი დასავლელი კრიტიკოსები "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტები არიანო? მე დავასახელე ოპოზიციის ორი უმნიშვნელოვანესი შეცდომა და აღარ ჩამოვთვლი პატარ-პატარა და ლამის ყოველდღიურ მცდარ ნაბიჯებს.
ველოდი, რომ როცა საგანგებო მდგომარეობა დასრულდებოდა და შეზღუდვებიც მოიხსნებოდა, ხელისუფლების რეიტინგი დაეცემოდა. ჩემდა გასაკვირად, ხელისუფლებამ შეინარჩუნა რეიტინგი და ეს უპირველესად ოპოზიციის ხარჯზე მოახერხა.
ოპოზიციონერი ლიდერები გაუთავებლად ლაპარაკობენ კატასტროფულ სოციალურ მდგომარეობაზე. კი ბატონო, ამას გრძნობს მოსახლეობაც, მაგრამ იმასაც ხედავს, რომ მსგავსი და უარესი ვითარებაა ყველგან. ურთულესი ეკონომიკური მდგომარეობაა წამყვან ქვეყნებშიც კი, მაგრამ ამას ემატება მძიმე პანდემიური ფონიც. ოპოზიციისგან განსხვავებით, საზოგადოება ამ შედარებით უპირატესობას ობიექტურად აფასებს.
გარდა ამისა, რა ფინანსური რესურსების მოძიებაც შეეძლო, ხელისუფლებამ მაქსიმალურად მოიძია და უცნაურიც კი არის, რომ ძალიან მომჭირნედ ხარჯავს. არადა, წინასაარჩევნო ვითარების გათვალისწინებით, სხვა ხელისუფლებებს შესაძლოა სხვანაირად ემოქმედათ. რა თქმა უნდა, ეს დახმარებები, რაც გაიცა და კიდევ გაიცემა, ცოტაა. ამას ხელისუფლებაც აღიარებს, რესურსების მომჭირნედ ხარჯვას კი იმით ხსნის, რომ მოსალოდნელია მეორე ტალღა, რა დროსაც რა იქნება, არავინ იცის. ისე, რაღა დაგიმალოთ და, მე გაცილებით უფრო რთულ ეკონომიკურ ვითარებას ველოდი. ეს იმ დროს, როდესაც ტურიზმი, ფაქტობრივად, აღარ ფუნქციონირებს. მოკლედ, თუ ხელისუფლებამ ასე გააგრძელა, მოახერხებს არჩევნებამდე რეიტინგის არა მარტო შენარჩუნებას, არამედ გაზრდასაც.
ოპოზიციის ფლანგზე სრული გაურკვევლობაა. ისიც კი არ იცის მისმა ამომრჩეველმა, როგორ მოუწევს ხმის მიცემა - მოახერხებენ გაერთიანებას, თუ ისევ ყველა ცალ-ცალკე წავა არჩევნებზე. დროა, კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღონ. ისეთ საკითხებზე მაინც შეთანხმდნენ დროულად, რისი ცოდნაც სჭირდება მათივე ამომრჩეველს, ბოლოს და ბოლოს, პარტიულმა აქტივმა ხომ უნდა გაიგოს, ვინ რას აპირებს, თორემ როგორ იმუშავებენ ამომრჩეველთან?
სუსტი ოპოზიცია უპირველესად ქვეყნისთვისაა ცუდი, რადგან ახლა როგორც ჰაერი, ისე გვჭირდება კოალიციური ხელისუფლების ჩამოყალიბება. ეს ჩვენი სახელმწიფოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
თუ ოპოზიცია ასე გააგრძელებს, "ქართული ოცნება" ისევ ერთპიროვნულად აიღებს ხელში ძალაუფლებას, რაც ძალიან სახიფათო იქნება. ოპოზიციამ იქნებ ის მაინც მოახერხოს, რომ ვერც ერთმა ძალამ ვერ შეძლოს დამოუკიდებლად მთავრობის ფორმირება.
- ამ კვლევის თანახმად, ძალზე საინტერესოა პოლიტიკურ ძალთა დაბალი რეიტინგი. ჩემდა გასაკვირად, თითქმის ყველა პარტიისადმი (სახელისუფლებო პარტიის ჩათვლით) დამოკიდებულება მეტისმეტად ნეგატიურია. ფაქტია, ამომრჩეველს კვლავაც ცუდსა და უარესს შორის მოუწევს არჩევნის გაკეთება. რატომ ვერა და ვერ გამოჩნდა პოლიტიკური ძალა, რომელიც პოზიტიური დღის წესრიგით მოინადირებს ამომრჩევლის გულს? - ამას ერთი მიზეზი არა აქვს, ეს კომპლექსური პრობლემაა. უპირველესად ვაღიაროთ, რომ ამაში ყველაზე მეტად დამნაშავე საზოგადოებაა, რომელმაც ვერ გამონახა ძალა და რესურსი იმისა, რომ მის წიაღში ახალი და საინტერესო ძალა დაბადებულიყო. როგორც ჩანს, გვაკლია დემოკრატიულ ვითარებაში ფუნქციონირების გამოცდილებაც. ამასთან, პრობლემაა ისიც, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე ერთი და იგივე ფიგურები ტრიალებენ და არ აძლევენ სხვებს შემოსვლის საშუალებას. ასევე იქცევიან პოლიტიკური ძალებიც. ისედაც მწირია პოლიტიკური რესურსები და მისი გადანაწილება ახალ მოთამაშეებზე არ სურთ. შესაბამისად, ყველაფერს აკეთებენ, რომ ახალი ინიციატივა ჩანასახშივე ჩაკლან. ვფიქრობ, საჭიროა ისევ და ისევ საარჩევნო სისტემის რეფორმირება ისე, რომ ამან ქვეყანაში არა მარტო პარტიული, არამედ შიდაპარტიული დემოკრატიის განვითარებასაც შეუწყოს ხელი.
ძალა, რომელიც მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლისა და გრანტების მიღებისთვის კი არ იბრძოლებს, არამედ პრობლემების მოგვარებაზეც იქნება ორიენტირებული, ქვეყანაში არ არსებობს. ველოდებით ახალ "ვარსკვლავბიჭუნას"... თუ გამოჩნდება ქარიზმატული ლიდერი, უცებ შეიქმნება მის ირგვლივ ბლოკი თუ გაერთიანება, რომელიც ჩაანაცვლებს "ქართულ ოცნებას", თუმცა მერე იგივე განმეორდება. მოკლედ, თუ ქვეყანაში ინსტიტუციური დემოკრატია არ ჩამოყალიბდა, მუდმივად ერთ წრეზე ვიტრიალებთ.
- გასულ კვირას არაერთი ვერსია მოვისმინეთ, თუ რა ფორმით შეიძლება ჩაერთოს აქტიურ საარჩევნო კამპანიაში ბიძინა ივანიშვილი. აქამდე თითქოს ვარაუდობდნენ, რომ ის როგორც პანდემიასთან ბრძოლისას, პროცესებს ახლაც კულისებიდან დააკვირდება. - თუ ივანიშვილი დაინახავს, რომ "ოცნებას" სერიოზული პრობლემები გაუჩნდა, ვფიქრობ, გააქტიურდება. ჯერჯერობით მისი ჩართვის აუცილებლობა არ ჩანს. მეორე მხრივ, ეფექტიან ლიდერად ჩამოყალიბდა გიორგი გახარია, მაგრამ მისი ლიდერობა მაინც ივანიშვილზეა დამოკიდებული.
ხვალ რომ ივანიშვილმა გადაწყვიტოს, გახარია იძულებული იქნება დატოვოს პოსტი და ისევე წავიდეს, როგორც მისი წინამორბედები. საზოგადოებაში შეიძლება გახარიასადმი სიმპათია არის, მაგრამ ის მაინც მეორე კაცად აღიქმება.
იქნება სიაში თუ არა, ბიძინა ივანიშვილი "ქართულ ოცნებაში" მაინც პირველია. მეტიც, "ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილია.
როდესაც ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და კვირიკაშვილი გაუშვა, დაახლოებით ასეთი რამ თქვა, რომ არ დავბრუნებულიყავი, კვირიკაშვილი პარტიას მართმევდაო. ეს ზუსტი ციტირება არ არის, მაგრამ შინაარსი ასეთი იყო - ანუ კვირიკაშვილმა აქ თავისი გუნდის ჩამოყალიბება დაიწყო, იქ აშშ-თან საქმეების დაწყობა, რაც ივანიშვილს ძალიან არ მოეწონა. გახარიას კი ამ ყველაფრისთვის არც საშუალება და არც დრო არ ჰქონია, მინისტრებიდანაც არავინ არის მისი შერჩეული. როგორც ამბობენ, საარჩევნო სიის შედგენაშიც დიდად არ მონაწილეობს და სწორედ ივანიშვილი აკომპლექტებს. მოკლედ, გახარიას დამოუკიდებელი თამაშის წამოსაწყებად თავისი გუნდი არა ჰყავს, არა აქვს საკმარისი რესურსი საიმისოდ, რომ ივანიშვილი ჩაანაცვლოს ან თამაშგარე მდგომარეობაში დატოვოს.
მოკლედ, მე ვერ დავეთანხმები იმ ექსპერტებს, რომლებიც ამბობენ, რომ გახარიას ლიდერობაში ივანიშვილი საფრთხეს ხედავს. ჯერჯერობით ეს გახარიასგან არ ემუქრება.
- "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო შტაბის უფროსად ირაკლი კობახიძე დაასახელა. გავრცელებული ინფორმაციით, უკვე მიმდინარე კვირას საზოგადოებას მაჟორიტარობის 30-ვე კანდიდატს წარუდგენენ... - ირაკლი კობახიძე პარტიის აღმასრულებელი მდივანია და აქამდეც ორგანიზაციულ საკითხებს აგვარებდა, ამიტომაც, ვფიქრობ, არ არის გასაკვირი, რომ შტაბის უფროსად სწორედ ის შეარჩიეს.
საარჩევნო ოლქების გამსხვილება, ჩემი აზრით, ოპოზიციისთვის უფრო წამგებიანია, ვიდრე "ქართული ოცნებისთვის". საქმე ის არის, რომ ხელისუფლებას ყველა დონეზე აქვს საყრდენი, ორგანიზაციულად, ფაქტობრივად, ყველაფერი მოგვარებული აქვს, ოპოზიციაში კი ჯერ ისიც ვერ გადაუწყვეტიათ, მოახერხებენ მაჟორიტარების ნაწილზე მაინც შეთანხმებას თუ ვერა. გარდა ამისა, გამსხვილებულ ოლქებში ბრძოლისთვის ოპოზიციას სჭირდება ცნობილი სახეები, სხვა შემთხვევაში, მას, ვინც შესაძლოა პოპულარულია მცხეთაში, საერთოდ არ იცნობდნენ ყაზბეგში.
ვფიქრობ, მაჟორიტარულ ოლქებში, იმის მიუხედავად, ვინ იქნებიან კანდიდატები, გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან სწორედ მმართველი გუნდის წარმომადგენლები, თუმცა ველოდები, რომ ბევრი მეორე ტური გაიმართება. თუ თბილისის ვითარებას გავითვალისწინებთ, ანუ იმ კანდიდატებს შევაფასებთ, რომლებიც გაერთიანებულმა ოპოზიციამ უკვე დაასახელა, ვფიქრობ, ერთადერთი, ვისაც გამარჯვების შანსი აქვს, ელენე ხოშტარიაა.
- 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაღუპვის გარემოებები კვლავაც ბურუსით არის მოცული. საყოველთაო მსჯელობის საგნად არის ქცეული ეს ტრაგედია და ამ მსჯელობაში ადვილი შესამჩნევია უნდობლობა საგამოძიებო უწყებების მიმართ. თქვენი აზრით, რით არის ეს განპირობებული? - უპირველესად, ვუსამძიმრებ ოჯახს. რაც შეეხება იმას, რამ განაპირობა უნდობლობა, საქმე ის არის, რომ ამგვარი საქმეების გამოძიება საქართველოში არასდროს მიდიოდა ისე, რომ კითხვები არ დარჩენილიყო - ეს არ ითქმის მხოლოდ ამჟამინდელი ხელისუფლების მმართველობისას მომხდარ დანაშაულებზე.
როგორც ვაკვირდები, მიმდინარეობს ამ ტრაგედიის მიზანმიმართული პოლიტიზება და ამაში საზოგადოებაც ჩაერთო. დღეს გამოძიებას აწარმოებენ არა საგამოძიებო ორგანოები, არამედ ყველა, ვისაც ლაპარაკი არ ეზარება. ამას სოციალურმა ქსელებმაც შეუწყო ხელი და ყველაფერი აირია. არადა, საშინელი ტრაგედია დატრიალდა. ამასთან, მთელ საზოგადოებას გვიდგას უდიდესი პრობლემა - ჩვენ ერთი ბიჭი კი არა, ფაქტობრივად, უამრავი ახალგაზრდა დავკარგეთ. ჩვენი საზრუნავი მხოლოდ ის კი არ უნდა იყოს, რომ დამნაშავე დადგინდეს, არამედ ისიც, რა ვუშველოთ შექმნილ ვითარებას. ეს ხომ შემთხვევით არ მომხდარა?! პირველად ხომ არ ვნახეთ ახალგაზრდების აგრესია და დაუნდობლობა?! ჩვენ მომავალს ვკარგავთ - აი, ეს უნდა იყოს დღეს ჩვენი საწუხარი.
ყველაზე ცუდი ის არის, რომ აქცენტები გადანაცვლდა. ის 17 ახალგაზრდაც ხომ ჩვენი საზოგადოების წევრია, მათ გარდა არიან კიდევ მოზარდები, რომლებიც რაღაცნაირად დაკავშირებული არიან ამ საქმესთან. რა დღეში ვყრით ყოველდღე ამ ბავშვებს, რა ინფორმაცია არ ვრცელდება, რა ბრალდებებს არ უყენებენ. მათი პირადი ცხოვრების ისეთ დეტალებს იკვლევს მედია, რაც არც არის ამ საქმესთან კავშირში. ამ ბავშვებიდან რომელიმემ თავს რამე რომ აუტეხოს, მერე სად მივდივართ? ისინი ჩვენი, მთელი საზოგადოების ზეწოლის მსხვერპლი არიან, უაპელაციოდ ვაბრალებთ რაღაცებს.
ამ აგრესიის და დაუნდობლობის ფესვი თუ არ მოვიძიეთ და მისგან არ გავათავისუფლეთ მომავალი თაობა, ხვალ-ზეგ უარესი მოხდება. ეს ერთხელ უკვე გავიარეთ გასული საუკუნის 90-იან წლებში, როდესაც ლამის მთელი თაობა გაწყდა. თუ მაინცდამაინც გვინდა ეს ტრაგედია პოლიტიკის ნაწილად გადავაქციოთ, ამას მოვახერხებთ, მაგრამ ამ ჭაობიდან ქვეყანა როგორ ამოვა, აღარ ვიცი. ამ ყველაფერს კომპლექსური განხილვა სჭირდება. საზოგადოება, მედია, ხელისუფლება უნდა დავფიქრდეთ და გავაანალიზოთ, რატომ ხდება ასეთი ტრაგედიები, რით ვერ აღმოიფხვრა ეს ძველბიჭობა, როგორ ვუშველოთ მომავალ თაობას?
- გასულ კვირას უკიდურესად დაიძაბა ურთიერთობა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. ამჯერად შეიარაღებული დაპირისპირება ყარაბაღში კი არა, საქართველოს საზღვართან საკმაოდ ახლოს მოხდა, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა. მხარეების ურთიერთმუქარაც შორს წავიდა - სომხები აზერბაიჯანელებს მინგეჩაურის წყალსაცავის, აზერბაიჯანელები კი ატომური ელექტროსადგურის აფეთქებით დაემუქრნენ. სამწუხაროდ, კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, პრობლემები ჩვენს იმ ტერიტორიაზეც შეიქმნას, სადაც სომხები და აზერბაიჯანელები კომპაქტურად სახლობენ.
- 1988 წელს, როდესაც ყარაბაღის კონფლიქტი დაიწყო, თბილისში ჩამოვიდნენ სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციები - იქაური ეროვნული მოძრაობების წარმომადგენლები და თითოეული გვიმტკიცებდა საკუთარ სიმართლეს. მაშინ მთელი ჩვენი ეროვნული მოძრაობის სახელით ვრცელი წერილი დაიწერა და ყველამ ერთად ვთქვით, რომ საქართველო ამგვარ კონფლიქტებში ვერ ჩაერეოდა და ორივე მხარეს სიმშვიდისკენ მოვუწოდეთ. ჩვენმა წერილმა, სამწუხაროდ, ეს კონფლიქტი ვერ შეაჩერა და იმჟამადაც გაჩნდა კონფლიქტის საქართველოში გავრცელების საფრთხე - იყო ინციდენტებიც, თუმცა მცირე მასშტაბით. წლების მერე პროცესების გაანალიზების შედეგად მივედი დასკვნამდე, რომ იმჟამად საბჭოთა კა-გე-ბემ ჩათვალა, რომ თუ კონფლიქტი აქაც გადმოვიდოდა, რუსეთს მისი გაკონტროლება გაუჭირდებოდა და ამიტომაც შეაჩერეს საქართველოში მოქმედი მეხუთე კოლონა.
2007 წელს პოლონეთში კონფერენციაზე ვიყავით და მეც მომიწია სიტყვით გამოსვლამ. მე ვთქვი, რუსეთი კავკასიურ კონფლიქტს ამზადებს, თუმცა დასაწყებად ჯერ რესურსი არა აქვს-მეთქი. 2008 წელს კონფლიქტი მოხდა, მაგრამ სხვაგვარად. მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპირება მოახდინა, ის საკითხები, რითაც შეეძლო სამხედრო დაპირისპირების პროვოცირება, ამოწურა. შესაბამისად, ვერ გამოვრიცხავთ, რომ ახლა უკვე რეგიონული კონფლიქტის გაჩაღებას მთელ კავკასიაში ცდილობდეს. როდესაც კონფლიქტი ყარაბაღს გასცდა და მაინცდამაინც საქართველოს საზღვარსა და იმ ენერგოხაზთან ახლოს დაიწყო, რომელიც აზერბაიჯან-საქართველოზე გადის და დასავლეთით მიემართება, ეჭვი უფრო გამიმძაფრდა. ვითარება ძალიან საყურადღებო და სახიფათოა. ჯერჯერობით თითქოს მიწყნარდა, მაგრამ თუ კრემლი შეეცდება კვლავაც გამწვავდეს ვითარება ამ ორ ქვეყანას შორის, ვფიქრობ, აუცილებლად შეეცდება იმასაც, რომ მეხუთე კოლონის საშუალებით საქართველოშიც გადმოიტანოს. გონიერება მართებთ უპირველესად სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს, რათა კრემლის დაგებულ მახეში არ გაებან.
რა შეგვიძლია ჩვენ - ხელისუფლებას თუ საზოგადოებას? რა თქმა უნდა, კონფლიქტისადმი ჩვენი დამოკიდებულება უნდა იყოს აბსოლუტურად ნეიტრალური, მაგრამ ამასთან, უნდა მოვიქცეთ რაც შეიძლება ფრთხილად. ხელისუფლება უნდა მუშაობდეს ყველა შესაძლო სცენარსა და მის პრევენციაზე, საზოგადოებამ კი ამ თემებისა და საფრთხეების განხილვა საჯაროდ უნდა დაიწყოს. კარგად უნდა გაანალიზდეს, შეუძლია თუ არა რუსეთს ამ ეტაპზე კავკასიაში კრემლისგან კონტროლირებადი არასტაბილური მდგომარეობის ინსპირირება?
ამას დაუმატეთ ისიც, რომ შემოდგომაზე რუსეთი კავკასიაში სამხედრო სწავლებას იწყებს, ასევე გაიხსენეთ ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმები. ახლახან ჩვენი მოქალაქე დააკავეს ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში, რომელმაც თურმე ღამურების დასაჭერად დაარღვია ვითომ საზღვარი. ესეც იმას ემსახურება, რომ რუსეთში როგორღაც შექმნან აზრი, რომ ამ ლაბორატორიაში ბიოლოგიურ-ბაქტერიოლოგიური იარაღი მზადდება.
იბადება კითხვა: თუ რუსეთი მოახერხებს სამხრეთ კავკასიაში არასტაბილური ვითარების შექმნას, ხომ არ გამოიყენებს ამას იმისთვის, რომ ვითომ ლაბორატორიის მუშაობის გასანეიტრალებლად შემოიყვანოს სამხედრო ძალა უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეც? ეს პროცესების განვითარების ერთ-ერთი ვერსიაა, რაზეც უნდა დავფიქრდეთ.
მოკლედ, დიდი სიფრთხილე გვმართებს. შესაბამისმა სამსახურებმა ფრთხილად და პერმანენტულად უნდა იმუშაონ იმ რეგიონებში, სადაც აზერბაიჯანელები და სომხები კომპაქტურად არიან დასახლებული. ასევე მაქსიმალურად უნდა მოუსპონ მოქმედების საშუალება რუსეთის მეხუთე კოლონას საქართველოში. ამ ყველაფერს სჭირდება სერიოზული ანალიზი და რუტინული მუშაობა, თანაც ყოველგვარი პოლიტიკური ინტერესის გარეშე. ეს არ არის საკითხი, რომელიც შეიძლება ვინმემ შიდაპოლიტიკური მიზნით გამოიყენოს.