"შეიძლება ვინმემ მოინდომოს სიტუაციის გამწვავება, მაგრამ..." - სისტემის თუ გომელაურის კრიტიკა პრემიერის მხრიდან? - კვირის პალიტრა

"შეიძლება ვინმემ მოინდომოს სიტუაციის გამწვავება, მაგრამ..." - სისტემის თუ გომელაურის კრიტიკა პრემიერის მხრიდან?

ამ რამდენიმე დღის წინ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმის შეფასებისას შსს-ში არსებულ პრობლემებზე განაცხადა, კერძოდ კი, გამოძიებასთან დაკავშირებულ პრობლემასა და სამართალდამცავ სტრუქტურებში სისტემური განახლების საჭიროებაზე.

"ჩვენ ყველამ კარგად ვიცით გამოძიებასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც ქვეყანაში არსებობს, ყველას კარგად გვესმის, რომ სწორედ ამიტომ დაიწყო რეფორმები და სისტემური განახლებები შსს-ში. ამ ნაბიჯებს აქვს უკიდურესადი მნიშვნელობა როგორც ქვეყნისთვის, ასევე რიგითი, კეთილსინდისიერი პოლიციელებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. ეს უნდა გავითვალისწინოთ ყველამ და პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მინდა თითოეულ საგამოძიებო სტრუქტურას მოგიწოდოთ, იყოთ პროაქტული ინფორმაციის გაზიარებისთვის ჩვენი მოქალაქეებისთვის, რამეთუ არ დავტოვოთ მცირედი სივრცეც ინტერპრეტირებისთვის. დღეს ჩვენ ეს არ გვჭირდება, რადგან ძალზედ მნიშვნელოვანია, სწრაფი, ეფექტური გამოძიება და მოქალაქეების ინფორმირებულება",- განაცხადა გახარიამ.

მართალია ბატონმა პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია მოქალაქეების პროაქტიული ინფორმირება, რათა "ინტერპრეტირებისთვის" ნაკლები სივრცე დარჩეს, მაგრამ თვითონ ეს განცხადება აჩენს რამდენიმე საინტერესი ინტერპრეტაციის საშუალებას.

სისტემის თუ გომელაურის კრიტიკა?

თუ გიორგი გახარია მხოლოდ საგამოძიებო სტრუქტურებში არსებულ სისტემურ პრობლემებზე ლაპარაკობდა, მაშინ ეს თვითკრიტიკაცაა, ვინაიდან 2017-19 წლებში ის შს მინისტრი იყო, რაც საგამოძიებო სტრუქტურებში არსებულ პრობლემებზე პასუხისმგებლობას მასაც აკისრებს.

"თუ ობიექტური შენიშვნაა გინდა გახარიამ თქვას, გინდ მე და გინდ თქვენ, მაგრამ შედეგიანი გამოძიების მაჩვენებელი 2013 წლიდან -2019 წლამდე გაზრდილია სამჯერ", - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

ვახტანგ გომელაური

ქვეყანაში, რომელშიც ერთი ადამიანის გულის მოსაგებად რამდენიმე ადამიანი თუ ჯგუფი იბრძვის, იოლია როგორც დაწინაურება, ასევე პოლიტიკური ასპარეზიდან გაქრობა ან უბრალოდ პოლიტიკური სიკვდილი. ისიც კარგადაა ცნობილი, რომ ბიძინა ივანიშვილი "რჩეულებს" ხშირად იცვლის.

ივანიშვილმა მისი პირადი დაცვის ყოფილი უფროსი, ვახტანგ გომელაური კიდევ ერთხელ 2015 წელს "გამოარჩია" და ახლად შექმნილ სახელმწიფო უსაფრთხოების სამასხურს (სუს) ჩაუყენა სათავეში, 2019 წელს კი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი უბოძა, რომელზეც გიორგი გახარია ჩაანაცვლა.

ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი გომელაურის შს მინისტრად დანიშვნა, შესაძლებელია გახარიას მიერ მოპოვებული გავლენის შესამცირებლად და ძალთა ბალანსის დამყარებისთვის გადადგმული ნაბიჯი იყო.

არსებობს თუ არა დაპირისპირება, ექსპერტ მამუკა არეშიძეს ვკითხეთ.

"ვფიქრობ, რომ გახარიას განცხადება არ უნდა იყოს აღქმული, როგორც დაპირისპირება. გააჩნია, ამას როგორ მიიღებენ თავად გომელაურის ბანაკში. შეიძლება ვინმემ მოინდომოს სიტუაციის გამწვავება, მაგრამ ვფიქრობ გომელაურის მხრიდან ასე არ იქნება."

ლევან იზორიას ძმა, როგორც განხეთქილების ვაშლი?

გიორგი გახარიასა და ვახტანგ გომელაურს შორის არსებულ დაპირისპირებაზე, სამოქალაქო საზოგადოება ჯერ კიდევ 2020 წლის იანვარში ალაპარაკდა, როდესაც ყოფილი თავდაცვის მისნიტრის, ლევან იზორიას ძმის დაკავების ვიდეო გავრცელდა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის იანვარში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ პოლიციამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმა დააკავა, თუმცა, გარკვეული პირების ჩარევის შემდეგ ის გაათავისუფლა. ვიდეო 2014 წლით თარიღდება. მაშინ იზორია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. სიუჟეტში პოლიციის მაიორი, გიორგი დვალიშვილი, რომელმაც ვახო (კიტა) იზორია დააკავა, მომხდარის შემდეგ დაწყებულ დევნაზე საუბრობს.

კადრების გავრცელების შემდეგ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, იზორიას ძმისთვის შეურაცხყოფა პატრულის თანამშრომელს, გიორგი დვალიშვილს მიეყენებინა. ამასთან პოლიციელების მაგინებელი ვახტანგ იზორიას მხარდაჭერა, შინაგან საქმეთა მინისტრისგან, არც თუ ისე კარგი ჟესტია.

აღნიშნულთან დაკავშირებით პრემიერმა განაცხადა, რომ რაც კადრებში ნახა, ამაზრზენია და ამას არ აქვს არანაირი გამართლება. "იზორიას კი არა, ჩემი ძმა რომ იყოს, უარესი შეფასება მექნებოდა", - აღნიშნა გახარიამ.

მოგვიანებით გომელაურმა განაცხადა, რომ მასსა და გახარიას შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობდა და პრემიერს თავადაც ეთანხმებოდა.

საინტერესოა რომ, რომ 23 ივლისს, გახარიას მხრიდან, გომელაურის ირიბად გაკრიტიკებამ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან გომელაურის გადადგომის მოთხოვნაც კი გააჩინა. "ვიღაც პოლიტიკური მოღვაწეების მოთხოვნის გამო, როგორ წარმოგიდგენიათ, ეს სერიოზულია? - არასერიოზულია!" - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გახარიამ, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნას, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, მაგრამ მთავარია, გადადგომის შესახებ მოთხოვნა გაჟღერდა.

არსებობს თუ არა გახარიასა და გომელაურს შორის დაპირისპირება, დაზუსტებით თქმა შეუძლებელია, თუმცა ეჭვგარეშეა ის ფაქტი, რომ ხელისუფლებაში ივანიშვილის კარზე მოსახვედრად და ერთგულების დასამტკიცებლად დაპირისპირებული მხარეების რაოდენობა იზრდება.

(სპეციალურად საიტისთვის)