"ამომრჩეველი გაწამებულია ცუდი ხელისუფლებებით...არ მგონია, რომ ქართველ ხალხს პოლიტიკოსები მეტად უყვარს, ვიდრე ბანკირები" - კვირის პალიტრა

"ამომრჩეველი გაწამებულია ცუდი ხელისუფლებებით...არ მგონია, რომ ქართველ ხალხს პოლიტიკოსები მეტად უყვარს, ვიდრე ბანკირები"

არ მგონია, რომ ქართველ ხალხს პოლიტიკოსები მეტად უყვარს, ვიდრე ბანკირები, მე არ მგონია, რომ ქართველ ხალხს ჟურნალისტები მეტად უყვარს, ვიდრე ბანკირები და ა.შ. ზოგადად, ქართველი ხალხი არის გაწამებული, შეწუხებული იმ ცხოვრების პირობებით, რაც ამ ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაშია,- ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "დღის ნიუსრუმი" პარტია "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, მოსახლეობაში არანაირად არ არის მეტი უკმაყოფილება ბანკირებთან, ვიდრე პოლიტიკოსებთან.

"სწორედ ამისგან უნდა გამოვერკვეთ ჩვენ ყველანი. ამომრჩეველი გაწამებულია ცუდი ხელისუფლებებით იმიტომ, რომ ვერ ახერხებს იმ ფულის ისე დახარჯვას, რისთვისაც აიღო. ამომრჩეველი არის უმუშავერი და ამიტომ ვერ ახერხებს სესხის გადახდას. ამიტომ ხელისუფლებაა შესაცვლელი, რომ ფინანსური პრობლემების გამო ბანკებთან არ გვქონდეს პრეტენზია. მოსახლეობაში არანაირად მეტი უკმაყოფილება არ არის, ვიდრე პოლიტიკოსებთან. ჩვენ გვჭირდება კარგი ბანკირები, კარგი პოლიტიკოსები, კარგი ჟურნალისტები კონკრეტული საქმეებით და არა ზოგადად, რომ ბიზნესმენები ცუდები არიან", - განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა: "მიშა და ბიძინა არ არის პრობლემა, პრობლემა მოსახლეობის ნიჰილიზმშია".

უსუფაშვილმა გადაცემაში პოლიტიკური გაერთიანების "ლელო საქართველოსთვის" რეიტინგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ედისონ რისერჩის" კვლევაში მოცემული ციფრებს მიღმა ობიექტურ და სუბიექტურ რეალობას, ასევე კვლევებთან დაკავშირებულ ცდომილებებსაც ხედავს.

"ჩვენ საკმარისი გამოცდილება გვაქვს, რომ კვლევებთან დაკავშირებულ საკითხებზე რაციონალურნი ვიყოთ და ამ ციფრებს მიღმა დავინახოთ ობიექტური რეალობა, სუბიექტურიც, კვლევებთან დაკავშირებული ცდომილებებიც და ა.შ. არცერთი კვლევა ბოლომდე რეალობას არ ასახავს. მე მგონია, რომ ჩვენ ვართ ახლოს დაგეგმილ მაჩვენებელთან, რაც საკმაოდ საინტერესოა. პიკი იქნება ოქტომბრის დასაწყისში", - განაცხადა უსუფაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"