ხდება თუ არა სოციოლოგიური კვლევებით პოლიტიკური მანიპულაციები?! - კვირის პალიტრა

ხდება თუ არა სოციოლოგიური კვლევებით პოლიტიკური მანიპულაციები?!

"ქართულ ოცნებას" პოზიტიური პიარის უნარი ამ რვა წლის განმავლობაში არ ჰქონია და არც ახლა აქვს"

გასულ კვირას გამოქვეყნდა "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) მორიგი კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით, მომავალ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხული მოსახლეობის 33% "ქართულ ოცნებას" მისცემდა ხმას, 16% - "ნაციონალურ მოძრაობა-გაერთიანებულ ოპოზიციას". მესამე ადგილზეა "ევროპული საქართველო" 5%-ით. 3-3% უჭერს მხარს "ახალ საქართველოსა" და "პატრიოტთა ალიანსს". "ლეიბორისტულ პარტიას", "სამოქალაქო მოძრაობას", "ლელოს" და "გირჩს" 2-2% ემხრობა. აღსანიშნავია, რომ კვლევა ჩატარდა 4 ივნისიდან 2 ივლისამდე პერიოდში და მისი შედეგით განსაკუთრებით უკმაყოფილო მმართველი პარტია დარჩა. ისინი აცხადებენ, რომ არ ენდობიან იმ ორგანიზაციას, ვისაც IRI კვლევას უკვეთს.

სწორედ ამ კვლევის შედეგებზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ სოციოლოგსა და პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძესთან.

რამაზ საყვარელიძე

- სამწუხაროდ, როცა პოლიტიკური პარტიების ნაწილი ამბობს, რომ არ ენდობიან IRI-ს თუ NDI -ს კვლევებს, აქვთ კიდეც ამას საფუძველი - ამ კვლევების შედეგები მუდმივად აჩენს ეჭვებს, თუმცა გარკვეული ტენდენციების შესაფასებლად, ვფიქრობ, გამოდგება. გეტყვით, მე რა მაეჭვებს ამ ბოლო კვლევის შედეგებში. როგორც ვიცით, კვლევა ჩატარდა 4 ივნისიდან 2 ივლისამდე პერიოდში, როდესაც პანდემიასთან გამკლავების თვალსაზრისით, წესით, ხელისუფლების მოქმედებებს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი დადებითად აფასებდა, რაც ამ კვლევით გამოჩნდა კიდეც - მოგეხსენებათ, მასში ნაწილი პანდემიას ეთმობა და გამოკითხულთა 79% პანდემიაზე მთავრობის რეაგირებას დადებითად აფასებს, თუმცა, ამავდროულად, ვნახეთ, რომ "ქართულ ოცნებას", რომლის დაკომპლექტებულიც არის მთავრობა, აქვს ყველა სხვა პარტიაზე მეტი, მაგრამ მაინც დაბალი მხარდაჭერა - დაახლოებით 33%. ჩემი აზრით, ეს რიცხვები ერთმანეთს ლოგიკურად არ ებმის, ამიტომაც ვფიქრობ, რიცხვებზე ლაპარაკი არ ღირს, რადგან მაინც მგონია, რომ მათში პოლიტიკური ინტერესი იკითხება.

რაც შეეხება ტენდენციებს, მით უფრო პოლიტიკური ინტერესის გათვალისწინებით, ვფიქრობ, მმართველი პარტიის მონაცემები მაინც ნორმალურია, მით უფრო, როცა კვლევა ჩატარდა, წინასაარჩევნო კამპანია, ფაქტობრივად, დაწყებულიც არ იყო. ის დისტანცია, რაც ე.წ. ჩამკეტამდე აქვს მმართველ პარტიას, უფრო ადვილად გადასალახავია, ვიდრე ამავე კვლევის თანახმად ოპოზიციური პარტიების იგივე დისტანცია, ასე რომ, ტენდენციის თვალსაზრისით მივიღეთ იგივე სურათი, რაც ბოლოდროინდელ გამოკვლევებში ყოველთვის ჩანს - წამყვანი ადგილი უჭირავს "ქართულ ოცნებას", 10-17%-ის შუალედით მას მოჰყვება "ნაციონალური მოძრაობა", მერე კი მოდიან სხვა პარტიები ერთნიშნა მაჩვენებლებით.

- კვლავაც დიდია იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, ვისაც გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია... - ეს გადაუწყვეტელობა ბოლო ხანებში შემოგვეჩვია, ამის მიზეზი კი ის არის, რომ უმეტესობისთვის "ნაციონალური მოძრაობა" კვლავ ყოვლად მიუღებელი პოლიტიკური ძალაა, თუმცა ელექტორატის ნაწილს აღარც "ქართული ოცნება" მოსწონს, ანუ ამომრჩევლის გარკვეულ სეგმენტს არც ერთი უნდა და არც - მეორე, დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრში კი ისეთ ძალას ვერ ხედავენ, ვისი გამარჯვების იმედიც ექნებათ. ამ წვრილ-წვრილ პარტიებში ხმების გაბნევით, როგორც ჩანს, ეშინიათ, რომ მათი ხმა დაიკარგება არადა, ეს პატარ-პატარა პარტიები, ფაქტობრივად, ბარიერის არარსებობის პირობებში, ალბათ, მოხვდებიან პარლამენტში, თუმცა, აშკარაა, ამინდს ვერ შექმნიან და საბოლოოდ ისევ ორ ბანაკს შორის განაწილდებიან... თუ კოალიციის შექმნა გახდება საჭირო, ამ პარტიების ხმებს შეიძლება დიდი ფასიც დაედოს. ვფიქრობ, ამაზე თუ დაფიქრდება ამომრჩეველი, ურიგო არ იქნება.

- გასულ კვირას IRI-ს კვლევის შედეგების გარდა, გამოქვეყნდა საერთაშორისო ორგანიზაცია შურვატიონ-ის კვლევის შედეგებიც, რომელიც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩატარდა. როგორც ითქვა, ეს ტელეკომპანია აპირებს, მასვე დაუკვეთოს საარჩევნო ეგზიტპოლი. ამ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 52% საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" მხარდაჭერას აპირებს, 19% - "ნაციონალური მოძრაობის", 8% - "ევროპული საქართველოს", 5-5% კი - "პატრიოტთა ალიანსისა" და "ლელოს"... "ქართული ოცნება" ამ კვლევის შედეგით აშკარად უფრო კმაყოფილი ჩანდა. მისი წარმომადგენლები იმასაც ამტკიცებენ, შიდა კვლევებით 60%-იანი მხარდაჭერა გვაქვსო... თქვენ თქვით, სოციოლოგიურ კვლევებში პოლიტიკური ინტერესი ჩანსო. როგორ ფიქრობთ, სოციოლოგიური კვლევების დაპირისპირებაც წინასაარჩევნო პროცესის ნაწილია? მაინც რის მიღწევას ცდილობენ ამით პარტიები და როგორ მოქმედებს ეს საზოგადოების განწყობაზე? - რთული და მრავალასპექტიანი კითხვა დასვით. სამწუხაროდ, მართალი ხართ, ბოლო ხანს ჩვენთან ჩატარებული სოციოლოგიური კვლევები ხშირად საზოგადოებრივი აზრის შესწავლას კი არ ემსახურება, არამედ პოლიტიკური ინტერესით საზოგადოებაზე ზეგავლენას და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას შემდგომი მანიპულირებისთვის. ჩვენში, მგონი, ავიწყდებათ, რომ სოციოლოგია ზუსტი მეცნიერებაა და საზოგადოებრივი განწყობის გაზომვისას არ შეიძლება ცდომილება იმხელა იყოს, როგორის მომსწრეც არაერთხელ გავმხდარვართ. უკვე ვთქვი, რომ სოციოლოგიური კვლევის შედეგად მოწოდებული რიცხვების გაანალიზება მეტწილად არც ღირს ხოლმე და უფრო ტენდენციებს უნდა მივაქციოთ ყურადღება. ამასვე ვურჩევდი პოლიტიკურ ძალებსაც. მაგალითად, "ქართული ოცნება" იმის წარმოსაჩენად, რომ მას საზოგადოების მაღალი ნდობა აქვს, ცდილობს ამტკიცოს, რომ თითქმის 60% უჭერს მხარს. ეს მას სჭირდება როგორც შიდა, ისე გარე მოხმარებისთვის, მაგრამ ამავდროულად, არ უნდა დაავიწყდეს, რომ თუ ამის მტკიცებას დაჟინებით გააგრძელებს, შეიძლება მმართველი პარტიის მხარდამჭერთა ნაწილმა იფიქროს, რომ "ოცნებას" მათი ხმების გარეშეც გარანტირებული აქვს გამარჯვება და არჩევნებზე არც წავიდეს.

მოკლედ, ერთია ჩატარებული კვლევები და მეორეა, სწორად რეაგირებენ თუ არა ამაზე პოლიტიკური ძალები... მგონია, რომ საკუთარი ძალის შეფასებისას ცდებიან "ქართული ოცნებაც" და ოპოზიციური ძალებიც.

- მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნო კამპანია აქტიურად დაიწყო. მიმდინარეობს შეხვედრები რეგიონებში, თუმცა ფაქტია, რომ "ქართულ ოცნებას" საარჩევნო პიარის ხერხები გვარიანად დაუძველდა. ისევ ნეგატივზე აქცენტი, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის გახსენება, გაუთავებლად სააკაშვილის ხელისუფლების ნაკლზე ლაპარაკი... - არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ - ვფიქრობ, რომ "ქართული ოცნების" პიარი უკიდურესად მოიკოჭლებს. კორონავირუსთან ბრძოლის შედეგები ვახსენეთ და რომ არა ყოველდღიური ინფორმაცია იმის თაობაზე, რა ხდება მსოფლიოში და ჩვენთან, რომ არ ვხედავდეთ ციფრებში ასახულ ამ პროცესს, ალბათ, ვერც გავიგებდით, ვინ რას აკეთებს. თვითონ "ქართული ოცნების" მიერ ნორმალურად გაპიარებული ეს თემა არსად მინახავს. ან საერთოდ ვერ ახერხებენ საიმიჯო კამპანიების დაგეგმვას, ან ისე უხარისხოდ და ცუდად აკეთებენ, ისევ "ქართულ ოცნებაზე" ბრაზდება ადამიანი. შეიძლება ითქვას, რომ "ქართულ ოცნებას" პოზიტიური პიარის უნარი ამ რვა წლის განმავლობაში არ ჰქონია და არც ახლა აქვს.

რაც შეეხება იმას, რატომ იყენებენ ნეგატიურ პიარს და იყენებენ ამაში "ნაციონალურ მოძრაობას", ამგვარი რამ ყველგან ხდება - თუ ოპონენტი იძლევა საშუალებას, მისგან საფრთხობელა გააკეთო, ასეც უნდა მოიქცე... აგერ, "დემოკრატებისგან" საფრთხობელას აკეთებს ტრამპი და "დემოკრატებიც" ამითვე პასუხობენ - ეს არის პოლიტიკური ბრძოლის ხერხი, მაგრამ, მეორე მხრივ, ამ ნეგატივს ამართლებს "ნაციონალური მოძრაობა" იმ ნაბიჯებით, რომლებიც თუნდაც ბოლო ხანს გადადგეს. ქვეყანაში კორონავირუსის საფრთხე და ამდენი გაჭირვებაა და ხალხის დასახმარებლად ხელი არ გაუნძრევიათ. მხოლოდ ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ მაშინ, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა მხარდაჭერა ქვეყანას და ამას ამომრჩეველი კარგად ხედავდა. ბუნებრივია, ასეთი ძალის ხელისუფლებაში მოსვლის პერსპექტივის საფრთხედ წარმოჩენა და მისგან საფრთხობელას შექმნა რთული არ არის. ამას დაამატეთ ბოლო ხანს მომხდარი ტრაგედიები. როდესაც ახალგაზრდები დაიღუპნენ, რა გააკეთეს და კვლავაც რას აკეთებენ "ნაციონალური მოძრაობა" და მისი მხარდამჭერი მედია? ცხედრებს გაცივება არ აცალეს და ისეთი რამეები იკადრეს, დღესაც ლამის საფლავიდან თხრიან, რაც ქართული კულტურისთვის ყოვლად მიუღებელია. და რა გასაკვირია, რომ ამით "ქართული ოცნება" სარგებლობს? "ნაციონალური მოძრაობა" ისე იქცევა, ფაქტობრივად, აიძულებს მმართველ პარტიას, ამ რელსებზე გადავიდეს. მმართველი პარტიისგან ხსენება მაინცდამაინც არც სწყინს "ნაციონალურ მოძრაობას", მათთვის ეს კომფორტულია, რადგან მათთვის დღეს მთავარი ამოცანაა, როგორმე მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი შეინარჩუნონ...

- ამ სოციალური კვლევების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა "ფეისბუკის" პირად გვერდზე დაწერა: "მე, რომ 1% მაქვს პარტიულად, ეგ კი არ მიკვირს, ან რატომ უნდა მიკვირდეს - ერთი წელი ციხეში ვიყავი, ყველა ქვა მე მომხვდა, ერთი პარტიული ღონისძიება არ გამიმართავს, ერთი პოსტი არ დამისპონსორებია... მაგრამ ის მიკვირს, 5-5 მილიონი რომ აქვთ უკვე დახარჯული, ყოველდღე პარტიული თავყრილობები რომ აქვთ, თვალებში ბებერებს რომ ამოგიყვანენ ყოველ წამს დასპონსორებული პოსტებით, იმათ 2% რატომ აქვთ?" გასაგებია, რომ ის "ლელოს" და გიორგი ვაშაძის პარტიას გულისხმობს... - ჩემი აზრით, ამ ორი სუბიექტის შემთხვევაში არის რამდენიმე განსხვავებული მიზეზი, მაგრამ არის ერთი, რაც ორივესთვის ნეგატიურად მუშაობს. საქმე ის არის, რომ ქართული პოლიტიკური რეალობა ამომრჩევლისთვის ბურუსით არის მოცული. საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს შიში, ამა თუ იმ პოლიტიკურ ჯგუფს ფარულად ხომ არ შემოჰყავს სააკაშვილი და მისი გუნდი პოლიტიკურ ასპარეზზე, ხომ არ არის ესა თუ ის ჯგუფი სააკაშვილის ხელში ტროას ცხენი?!

ეს ეჭვი ამომრჩეველს, ვფიქრობ, ორივე ამ პარტიის მიმართ აქვს. საქმე ის გახლავთ, რომ არც ერთ ამ პარტიას კრიტიკულად არ შეუფასებია "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობა. ეს ვაშაძისგან მეტ-ნაკლებად კიდევ გასაგებია - თვითონ იყო სააკაშვილის ხელისუფლების ნაწილი, მაგრამ ძალიან გაუგებარია "ლელოსგან"...

- IRI-ს კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 89%-ის კეთილგანწყობით კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სარგებლობს. რეიტინგის მიხედვით შემდეგი ამირან გამყრელიძეა 74%-ით, მესამე კი - პრემიერი გიორგი გახარია 63%-იანი მხარდაჭერით. ალბათ, ის იქნება სიის პირველი ნომერიც. სახელდება კიდევ რამდენიმე გვარ-სახელი, ვისი საშუალებითაც "ქართული ოცნება" "ოცნების" საპარლამენტო გუნდის გადახალისებას აპირებს. როგორ ფიქრობთ, გახარია, როგორც გამწევი ძალა, იკმარებს წარმატებისთვის, თუ ბიძინა ივანიშვილს უფრო აქტიურად მოუწევს პოლიტიკურ პროცესში ჩართვა? - მოდი, ჯერ ოფიციალურად გამოცხადდეს სია და მერე შევაფასოთ ახალი კანდიდატებიც და ძველიც. რაც შეეხება დანარჩენს, არჩევნებამდე ორი თვით ადრე ასეთი კომფორტული მდგომარეობა, როგორიც ახლა აქვს, "ქართულ ოცნებას", მგონი, აქამდე არც ჰქონია.

ისე ჩანს, რომ საარჩევნო პროცესში ჩართული ძლიერი ფიგურების დეფიციტი აშკარად არა აქვს, რაც ადრე ნამდვილად შესამჩნევი იყო. მმართველი ძალის რიგებში აქამდე არ ჩანდა გახარიას მსგავსი ფიგურა, რომელიც ლოკომოტივის ფუნქციას იტვირთებდა - ადრე ამგვარი მხოლოდ ივანიშვილი იყო. მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენამაც დაგვანახა, რომ "ქართულმა ოცნებამ" მათ შერჩევაზე დიდი ძალისხმევა დახარჯა.

დიდი რეზონანსი გამოიწვია კახი კახიშვილისა და დავით სერგეენკოს გამოჩენამ ამ ასპარეზზე. საზოგადოებისთვის ასეთი ულაპარაკოდ მისაღები კანდიდატები, რომლებიც პარტიულობაზე მაღლა დგანან, ვფიქრობ, დიდი ფუფუნებაა. ადრე მმართველი ძალის რიგებში არც ასეთი ფიგურები ჩანდნენ. გარდა ამისა, "ქართულ ოცნებას" აქვს ადმინისტრაციული და დიდი ფინანსური რესურსი, ჰყავს გამწევი ძალა გახარიას სახით და რა საჭიროა ამ ვითარებაში ბიძინა ივანიშვილი? მით უფრო, რომ მას აშკარად არ სურს ჩარევა. რამდენი ხანია, არაფერზე ჰქონია რეაქცია... ვფიქრობ, ამ ეტაპზე მან სწორი სტრატეგია აირჩია - როცა არ არის საჭირო, ვფიქრობ, რესურსების ზედმეტი ექსპლუატაცია დაუშვებელიც კია. ალბათ, სიაში ბევრი რამ იქნება საკამათო, როგორც ყველა სიაში. ვნახოთ...

- უკვე ვიცით, რამდენიმე პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები. ოპოზიციამ ამ კანდიდატების გარშემო შეთანხმებას, ძირითადად, ვერ მიაღწია. უარყოფითი რეაქცია მოჰყვა ვაკეში ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ "ლელოს" მიერ კანდიდატურის წამოყენებას. თითქოს ოპოზიციაში ჩანდა შესაძლებლობა, რომ მომხდარიყო შეთანხმება და ამ ერთ ოლქში მაინც მათი საერთო ფალავანი ხოშტარია ყოფილიყო... - ჯერჯერობით რომელი კანდიდატებიც დაასახელეს, ვფიქრობ, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები არავისზე ნაკლებად არ გამოიყურებიან, შესაბამისად, იქნება სერიოზული ბრძოლა. ბევრგან, ალბათ, საჭირო გახდება მეორე ტური.

თავიდანვე აშკარად ჩანდა, რომ ოპოზიციას მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმება გაუჭირდებოდა, რაც არც მიკვირს. პოლიტიკოსები ასე სვამენ საკითხს - ელენე ხოშტარიამ რომც გაიმარჯვოს ვაკეში, რას მიიღებენ ამით სხვა ოპოზიციური ძალები, რა ხეირი ექნებათ ამისგან?

ერთადერთი, რასაც ამბობენ, საერთო ოპოზიციური მიზანია ივანიშვილის დამარცხებაო, მაგრამ იმასაც ხედავენ, რომ ეს ახლა შეუძლებელია. რომც იყოს შესაძლებელი, აქ ისმის უკვე მეორე კითხვა: ივანიშვილი თუ დამარცხდა, ვინ იქნება გამარჯვებული? ვის გამარჯვებაზე უნდა იზრუნოს ოპოზიციამ? "ნაციონალური მოძრაობა" სრულიად დარწმუნებულია, რომ ის არის ოპოზიციური გაერთიანების მთავარი ძალა და გამარჯვებაც მისი იქნება, რაც სხვა პარტიებს ხელს სულაც არ აძლევთ.

წარმოვიდგინოთ, რომ ივანიშვილი მართლაც დამარცხდა... ხომ წარმოგიდგენიათ, "ნაციონალური მოძრაობა" რა დაუნდობელი იქნება სხვა ოპოზიციური ძალების მიმართ?! ამიტომაც ყველა პარტიამ თავისი თამაში წამოიწყო. ხედავენ, რომ ივანიშვილის დამარცხება, ფაქტობრივად, შეუძლებელია და ახლა ყველა ცდილობს, რაც შეიძლება მეტი მანდატი მოიპოვოს.