"არ არის კარგი, როდესაც ბიზნესმენი პოლიტიკაში მიდის, თუმცა..."
"გაიაშვილმა ხმამაღლა განაცხადა, რომ "ოცნებას" აღარ აქვს პერსპექტივა, რადგან ბიზნესი მას აღარ ენდობა. კიდევ ბევრ ბიზნესმენს ნახავთ, რომლებიც ხმამაღლა იტყვიან, რომ ბიზნესთან ასეთი ურთიერთობის გაგრძელება არ შეიძლება..."
ცოტა ხნის წინ პოლიტიკურ გაერთიანება "ლელოს" შეუერთდა რამდენიმე ცნობილი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი - ავიაკომპანია "აირზენას" დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი, "ქართული ოცნების" ყოფილი წევრები ლევან კობერიძე და ანი მიროტაძე და "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი ლიდერი ლევან სამუშია.
გუნდის ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ არჩევნებამდე "ლელოს" კიდევ ბევრი საინტერესო პერსონა შეუერთდება.
ვინ შეიძლება ვიხილოთ "ლელოს" გუნდში, ვისთან შექმნის და ვისთან გამორიცხავს კოალიციას და რას ფიქრობს საერთაშორისო ორგანიზაციების, IRI-სა და ბრიტანული კომპანია შურვატიონ-ის კვლევებზე, "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე გვესაუბრება.
შეგახსენებთ, რომ IRI-ს გამოკითხვებით, "ლელოს" 2%-იანი, შურვატიონ-ის კვლევით კი 5%-იანი მხარდაჭერა აქვს.
"ჩვენი ამოცანაა, არ გადავუშვათ "ოცნება" მეორე ტურში... ყველა მიხვდა, რომ "ოცნება" ქვეყნის მუხრუჭია"
- საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების ობიექტურობაში ეჭვი არ მეპარება. უბრალოდ, აღვნიშნავ, რომ კვლევები ჩატარდა თვე-ნახევრის წინ, ჩვენ ერთი თვის წინ გავედით ველზე, საარჩევნო კამპანიის დაწყება კი სულ რამდენიმე დღის წინ გამოვაცხადეთ და გუნდიც ახლახან წარმოვადგინეთ.
- კვლევები ოპონენტების შესახებ რა სურათს ხატავს? - დარწმუნებული ვარ, "ოცნების" რეიტინგი მნიშვნელოვნად დაეცემა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში თითქმის მთელი საქართველო მოვიარე და ქუჩებში, ბაზრებში, სხვადასხვა თავშეყრის ადგილებში ერთი კმაყოფილი ადამიანიც კი არ შემხვედრია. მათი პირდაპირი მოთხოვნა და დაკვეთაა, რომ "ოცნება" ჩამოშორდეს ხელისუფლებას. ყველა მიხვდა, რომ ეს პოლიტიკური გუნდი ქვეყნის მუხრუჭია.
- რა იქნება მაშინ, თუ "ოცნება" დამარცხდება არჩევნებში, "ნაცმოძრაობასთან" შექმნით კოალიციას? - სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, "ლელოს" გარდა, არა მგონია, რომელიმე პოლიტიკურ ძალას გააჩნდეს ისეთი ხედვა, პროგრამა და გამოცდილება, რომელიც ამ ქვეყანას რეალურად გამოიყვანს მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან. ჩვენი გუნდი საუკეთესო პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული. პრეზენტაცია გვექნება სექტემბერში და ნათლად დაინახავთ, როგორი ამბიციური გეგმები გვაქვს. შესაბამისად, ჩვენი მიზანია არჩევნებში გამარჯვება და ჩვენი ხელმძღვანელობით კოალიციის ჩამოყალიბება. ასეთი იყო ჩვენი მიზანი "ლელოს" შექმნის პირველი დღიდან და მას შემდეგ არაფერი შეცვლილა.
პირდაპირ ვიტყვი, ბიძინა ივანიშვილთან და მიშა სააკაშვილთან ჩვენ პერსპექტივას ვერ ვხედავთ. ესენი არიან წარსულის პოლიტიკოსები. განსაკუთრებით დისკრედიტირებულია "ოცნება". მან 8-წლიანი მმართველობის პერიოდში ქვეყანას ვერანაირი სიკეთე ვერ მოუტანა, ამიტომ ვთქვით უარი საერთო მაჟორიტარი კანდიდატების შეთანხმებაზეც. ჩვენ ძალიან თანამიმდევრულები ვართ - პირველივე დღიდან ვთქვით, რომ 30-ვე ოლქში წარმოვადგენდით ჩვენს კანდიდატს.
- თუმცა თქვენ ისიც თქვით, რომ ცალკეულ შემთხვევებში ანგარიშს გაუწევდით ოპოზიციის ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებს. ელენე ხოშტარიას საჯაროდ დაუდასტურეთ პატივისცემა და განაცხადეთ, რომ მას მაჟორიტარობისთვის ბრძოლაში კონკურენტ კანდიდატს არ დაუყენებდით, მაგრამ დღეს ვაკეში მისი კონკურენტი ლევან კობერიძეა. - ეს დათქმა არასწორად გაიგო საზოგადოების ნაწილმა. მე ვთქვი, რომ ვაკეში შეიძლებოდა არ დაგვეყენებინა კონკურენტი კანდიდატი, ანუ უნდა გვემსჯელა ამ საკითხზე. რატომ ვთქვი? იმიტომ, რომ ოპოზიციის ფლანგს, რომელთანაც ჩვენ არანაირი მოლაპარაკება არ გვქონია, დავანახეთ, რომ ჩვენც შეგვიძლია რაღაც ნაბიჯის გადადგმა. ეს ჩემი წინადადება "ლელოს" ამომრჩეველმა ვერ გაითავისა, ამიტომ გადავწყვიტეთ, ყველგან ჩვენი კანდიდატი დაგვეყენებინა. ვფიქრობ, ეს ოპოზიციისთვის კარგი გადაწყვეტილებაა და საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველსაც მეტი არჩევანი ექნება.
- მაგრამ ამით ოპოზიციის საერთო რესურსი ხომ არ იკარგება? - არა. ჩვენ სულ გვქონდა ორპოლუსიანობის პრობლემა, ამიტომ არ შეიძლება ამომრჩეველს მხოლოდ ორი კანდიდატი შესთავაზო. შეიძლება მეტი კანდიდატი იყოს, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ რეალური ბრძოლა ორ ან სამ კანდიდატს შორის გაიმართება?! შესაბამისად, ამ შემთხვევაში ერთი კანდიდატი ეყოლება "ოცნებას", ორი კი - ოპოზიციას (ძლიერ კანდიდატებს ვგულისხმობ). ჩვენი ამოცანაა, "ოცნება" მეორე ტურში არ გადავუშვათ, მეორე ტურში კი ამომრჩეველმა ოპოზიციური პარტიებიდან აირჩიოს სასურველი კანდიდატი.
- თქვენ უპირობოდ გჯერათ, რომ გაიმარჯვებთ. საინტერესოა, ორი ძლიერი პოლიტიკური ძალის - "ოცნებისა" და "ნაცმოძრაობის" რესურსებს რას უპირისპირებთ? - ძალიან კონკრეტულ გეგმას და პროფესიონალებს, რომლებსაც ამ გეგმის განხორციელება შეუძლიათ. ამ ქვეყანას ლოზუნგები კი არა, წელგამართული ეკონომიკა სჭირდება. მსგავსი რამ ჩვენ უკვე გავლილი გვაქვს. არაერთი კრიზისი გადავიტანეთ კერძო სექტორში, რაც ძალიან რთულია... ხელისუფლებაში მყოფ ძალას, რა თქმა უნდა, კერძო სექტორზე გაცილებით დიდი რესურსი აქვს კრიზისის დასაძლევად. ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში ადამიანები ზუსტად 100 დღეში იგრძნობენ სასიკეთო ცვლილებას. მიძინებული ქვეყანა ახალი ენერგიით უნდა გამოვაფხიზლოთ და ვიცით, ეს როგორ გავაკეთოთ!
- როგორ ფიქრობთ, ბანკირის იმიჯი დაამსხვრიეთ? - ჩემს მეგობრებთან ერთად საქართველოში შევქმენი მსოფლიო მასშტაბის ინსტიტუციები. მოსახლეობის 40% ჩვენ მიერ ნულიდან აშენებულ ბანკში ინახავს თავის დანაზოგს. ჩვენ გავამართლეთ ხალხის ნდობა, მიუხედავად იმისა, რომ გამოვიარეთ ომი, არაერთი ეკონომიკური კრიზისი... მხოლოდ ბანკიც ხომ არ იყო? გაიხსენეთ "ბორჯომი დეველოპმენტი", არაერთი საგანმანათლებლო პროექტი, მათ შორის - გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია... ანაკლიის პროექტსაც აუცილებლად მივიყვანდი ბოლომდე, რომ არა ივანიშვილის ფაქტორი. ძალიან ბევრმა იცის, რა გვაქვს ამ ქვეყნისთვის გაკეთებული მე და ჩემს გუნდს. ეს ყველაფერი უცხოური ინვესტიციებით გავაკეთეთ. ჩვენ გვენდობიან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - ქვეყნის გარეთ. საათივით აწყობილი საქმის კეთება შეგვიძლია.
- როგორ აღმოჩნდა თქვენს გუნდში თამაზ გაიაშვილი? - გაიაშვილი არის ადამიანი, რომელმაც 25 წლის განმავლობაში საქართველოში დატრიალებული ყველა უბედურების ფონზე შეინარჩუნა ყველაზე მაღალტექნოლოგიური ინდუსტრია. თუ ჩვენ დღეს ქართველი მფრინავები, ინჟინერ-ტექნოლოგები და ინჟინერ-მექანიკოსები გვყავს, ეს "აირზენას" დამსახურებაა. შესაძლოა, ვიღაცას მასთან პრეტენზიაც ჰქონდეს - საქართველოში ვერ მოხერხდა როგორც პოლიტიკისა და კულტურის, ისე - ბიზნესის მაღალ დონეზე აყვანა, მაგრამ თამაზ გაიაშვილი ის ადამიანია, რომელმაც აფხაზეთის ომის დროს სხვა ქართველ მფრინავებთან ერთად, თავისი სიცოცხლის ფასად, 120 საბრძოლო ფრენა განახორციელა და ასეულობით დაჭრილი გამოიყვანა ფრონტის ხაზიდან. ამასთანავე, დაასაქმა ათასობით ადამიანი, არის პატიოსანი გადამხდელი, ამ კონკურენტუნარიან გარემოში ინარჩუნებს თვითმფრინავებს ქართული დროშით, პანდემიის დროს კი ქვეყანა მისი თვითმფრინავების ამარა დარჩა. გაიაშვილმა ხმამაღლა განაცხადა, რომ "ოცნებას" აღარ აქვს პერსპექტივა, რადგან ბიზნესი მას აღარ ენდობა. კიდევ ბევრ ბიზნესმენს ნახავთ, რომლებიც ხმამაღლა იტყვიან, რომ ბიზნესთან ასეთი ურთიერთობის გაგრძელება არ შეიძლება.
- და მათ თქვენს გუნდში ვიხილავთ? - დაბეჯითებით ვამბობ - ბიზნესმენები პოლიტიკაში კი არ მოდიან, უბრალოდ, ისინი ხმას იმაღლებენ იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რაც მათ გარშემო ხდება. ისინი ყოველთვის იყვნენ და ახლაც არიან წნეხის ქვეშ. ის, რომ სააკაშვილის ხელისუფლება მათ ბიზნესს ართმევდა, არ ნიშნავს, რომ ახლა თავისუფლად სუნთქავენ. საზოგადოებამ არ იცის, თორემ ბიზნესმენები ახლა სხვაგვარი წნეხისა და ზეწოლის ქვეშ არიან. უბრალოდ, მეთოდები დაიხვეწა.
- ძმებ ჩოჩელებისა და კახა ოქრიაშვილის შექმნილ პარტიაზე რას იტყვით? როგორ ფიქრობთ, რატომ გადაწყვიტეს მათ პოლიტიკაში მოსვლა? - რატომ დასჭირდა ბიზნესმენს პარტიის შექმნა? არ არის კარგი, როდესაც ბიზნესმენი პოლიტიკაში მიდის, თუმცა ეს ის ხალხია, ვინც ბიუჯეტს ავსებს. ადამიანი ხვდება, რომ რაც უნდა აკეთოს, საბოლოოდ თუ შვილებს აწყობილ ქვეყანაში არ დატოვებს, მათთვის ქონების დატოვებას აზრი არა აქვს.
- ანუ დღეს ბიზნესმენისთვის პოლიტიკაში მოსვლა თავის გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა? - სულაც არა. ჩვენ ხომ არაერთი მაგალითი ვნახეთ, როცა ადამიანებს ვერც დეპუტატობამ უშველა და ვერც - პოლიტიკური ლიდერის სტატუსმა. რომელმა პოლიტიკოსმა აიცილა სახელმწიფოს მხრიდან სამართლიანი თუ უსამართლო ტერორი? "სამაჯურები" არ დაადეს დეპუტატს თუ პარლამენტიდან არ გააგდეს?! ჩვენ მიმართ რაც ხდებოდა, ხომ ნონსენსია?! ასე რომ, პოლიტიკა არ და ვერ არის თავშესაფარი.
ხათუნა ბახტურიძე