ამერიკელი გენერლის მძიმე პროგნოზი, ანუ ჩაანაცვლებს თუ არა საქართველო ბელარუსს?!
"ქართული ოცნება" ხელისუფლებაში რომც დარჩეს, პარლამენტში ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია იქნება წარმოდგენილი და შესაბამისად, შიდასაპარლამენტო გადატრიალების თუ პოლიტიკური კრიზისის საფრთხე დიდი იქნება"
საქართველოში ორ თვეში საპარლამენტო არჩევნებია. პოლიტიკურმა ძალებმა საარჩევნო კამპანია დაიწყეს, თუმცა აშკარაა, რომ ეს პროცესი არცთუ დინამიკურია. ამასობაში გააქტიურდა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომლის ვიდეომიმართვაც გასულ კვირას განხილვის საგნად იქცა. სააკაშვილი ბოდიშს იხდის და სამშობლოში დაბრუნების პირობას უკვე მერამდენედ დებს.
როგორ შეიძლება შეფასდეს არჩევნებამდე ორი თვით ადრე ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება? - ამ თემით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძესთან:
- დავიწყოთ ხელისუფლებით. ის კვლავაც ამხედრებულია თეთრ ცხენზე, რომელსაც მე "კოვიდ-19-ს" დავარქმევდი. სწორედ კორონავირუსული პანდემიის დროს ხელისუფლების მენეჯმენტის, "მისტიკის" თუ ქართველი ხალხის ფიზიოლოგიური თუ გენეტიკური თვისებების წყალობით, კორონავირუსის გავრცელების მართვით საქართველო მთელ მსოფლიოში გამოირჩევა და წარმოუდგენელია, ამით წინასაარჩევნოდ არ ესარგებლა ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებას. ამას თან ერთვის ასეულობით მილიონი ლარი, რომელიც ჩაედინება ამომრჩევლის ჯიბეში, როგორც "კოვიდის" შედეგების შესამსუბუქებელი შემწეობა. რომ არა პანდემია, ეს უპრეცედენტო მასშტაბის წინასაარჩევნო მოსყიდვა იქნებოდა. აი, ეს ფაქტორები განაპირობებს წინასაარჩევნოდ ხელისუფლების სიმშვიდეს, თან ამას ემატება ოპოზიციის შედარებითი პასიურობა.
ოპოზიციურ ფლანგზე კი, დღეს რაც ყველაზე მეტად ჩანს საინფორმაციო სივრცეში და იპყრობს ამომრჩევლის ყურადღებას, არის მაჟორიტარულ ოლქებში გაჩაღებული დაპირისპირება, რასაც ამომრჩეველი ნამდვილად არ მიიჩნევს მისი გულის მოსაგებად გაჩაღებულ ბრძოლად და სწორიც არის. სხვა იყო, როდესაც ოპოზიცია პროპორციული სისტემისთვის იბრძოდა, ან ზოგიერთ მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატებზე შეთანხმებას ცდილობდა, ახლა კი სრულიად გაუგებარი რამ ხდება - უკვე შეთანხმებულ ოლქებშიც ერთმანეთის მიყოლებით ნიშნავენ ახალ კანდიდატებს. ეს ამომრჩევლის გულის მოგებად ვერ ჩაითვლება, ოპოზიცია უფრო ერთმანეთისთვის ხელის გადაგრეხის პოლიტიკით არის დაკავებული, ვიდრე ამომრჩეველთან პირდაპირი ურთიერთობით. ამასთანავე, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი ხელისუფლების შეცდომების იმედად არის. მაგალითად, ფიქრობს, რომ ეს გამწვავებული კრიმინალური ვითარება მის წისქვილზე დაასხამს წყალს. არ ვიცი, დარჩენილ ორ თვეში ისეთს რა შეცდომას დაუშვებს ხელისუფლება, რომ ოპოზიციის ასეთი პასიურობა გადაფაროს და პანდემიასთან ბრძოლაში მიღწეული გამარჯვების შარავანდედიც ჩამოიხსნას.
გასაგებია, რომ შემოდგომის მიწურული, ზამთარი და გაზაფხულიც ეკონომიკურად ძალიან მძიმე იქნება, მაგრამ მაშინ არჩევნები ჩავლილი იქნება, ამიტომ ოპოზიციის ეს ტაქტიკა გაუგებარია.
თუმცა ოპოზიცია საკმაოდ მრავალფეროვანია, ზოგიერთ ძალას საინტერესო კამპანიაც აქვს. შეიძლება ითქვას, ყველაზე აქტიური გიორგი ვაშაძეა, რომელსაც ყველგან ნახავთ - მედიაში, სოციალურ ქსელებში, ტელევიზიებში, ატარებს შეხვედრებს რეგიონებში და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ მის წინააღმდეგ მთელი კამპანიაა აგორებული, ის საარჩევნო კამპანიას განაგრძობს, კრიტიკას უარყოფითად არ პასუხობს და ამით ნამდვილად იგებს.
ასევე აქტიური, თუმცა უფრო აკადემიური კამპანია აქვს "ლელოს". მან საქართველოსთვის "მარშალის გეგმის" მომზადება დააანონსა, რასაც ინტერესით ველი.
გააქტიურდა "ევროპული საქართველოც". ვიცი, რომ ფოთში მაჟორიტარობის კანდიდატ გიგა ბოკერიას ძალიან საინტერესო კამპანია აქვს, რომელიც ნამდვილად ინოვაციურია მოსახლეობასთან ურთიერთობითა და მისი ჩართულობით. ბოკერია არ ერიდება იმ კრიტიკის ქარცეცხლსაც, რაც ამ შეხვედრებზე შეიძლება დაატყდეს.
ასე რომ, ვერ ვიტყვით, რომ ოპოზიციის საქმიანობა ჭაობივით არის, არის გამონათებებიც, მაგრამ მთლიანობაში, რა თქმა უნდა, დღეს მიმდინარე პროცესი უკიდურესად პასიურია.
ერთი რამ არის თვალსაჩინო ხელისუფლების მოქმედებაში - ის შავი პიარი, რაც "ქართული ოცნების" ხელწერად იქცა, რომელიც განსაკუთრებით მძაფრი იყო 2016 წლის არჩევნების წინ - რა სიბინძურეები არ გადმოიფრქვა პოლიტიკური ოპონენტების მორალურად და ფსიქოლოგიურად გასანადგურებლად, რა უკადრებელი არ იკადრეს - დღეს ჯერჯერობით არ ჩანს.
ოპოზიციასთან დაპირისპირებაში ხელისუფლებამ აკადემიური იმიჯი მოირგო. ყველა წინა არჩევნებზე ფონს გასვლას მხოლოდ ოპონენტების ლაფში ამოსვრით ცდილობდა. მგონი, ეს პირველი არჩევნებია, როცა "ოცნება" პოზიტივზეა ორიენტირებული.
თუმცა, რისი დეფიციტიც თანაბრად ჩანს ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც, სახელმწიფოებრივი ხედვა და იდეაა, რაც გახდებოდა საზოგადოების გაერთიანების საფუძველი. არ ვგულისხმობ მესიას, მესიების დრო ქართულ პოლიტიკაში წავიდა, მაგრამ საქართველოს დღეს სჭირდება მისიონერი პოლიტიკოსები, მაგრამ არა ჰყავს. გეტყვით, რასაც ვგულისხმობ - სახელმწიფოს განვითარებისთვის სჭირდება ზეიდეა, რისკენაც მთელი საზოგადოება უნდა მიდიოდეს, თუ მას სურს წარმატებული სახელმწიფოს აშენება. ბოლო წლებში ქართველი საზოგადოებისთვის მსგავსი მიზანი არავის დაუსახავს. ჩემთვის ძალიან პატივსაცემი პოლიტიკოსებიც სოციალურ და პოპულისტურ მესიჯებს ისვრიან. ეს სოციალური დაპირებები რომც შესრულდეს, არავინ იცის, მას შემდეგ ქვეყანა საით უნდა წავიდეს, როგორი ეკონომიკა უნდა ჰქონდეს ან სად იქნება მისი ადგილი დიდ გეოპოლიტიკურ სივრცეში, სადაც ახლა დუღილის პროცესი მიდის? ამაზე არავინ ფიქრობს...
- მოვისმინეთ მიხეილ სააკაშვილის მოსახლეობისადმი მორიგი ვიდეომიმართვა: "ახლა, წლების გადმოსახედიდან ვიცი, თუ უკეთესად როგორ უნდა ვემსახურო ჩვენს ქვეყანას, როგორ ავიცილოთ თავიდან შეცდომები... და შეცდომები, რა თქმა უნდა, იყო, და იყო ძალიან მძიმე შეცდომებიც, მაგრამ ღმერთია მოწამე, ყველაფერი საუკეთესო მინდოდა ჩემი ხალხისთვის... მინდოდა, რომ ჩემს ხალხს ეცხოვრა უკეთესად, ბევრად უფრო მდიდრულად და მაინც ამ წლების გადმოსახედიდან ამ შეცდომების გამო, რომელიც დავუშვი, იმის გამო, რაც ბოლომდე ვერ გავაკეთე, მინდა ყველას საჯაროდ მოგიხადოთ ბოდიში", - განაცხადა სააკაშვილმა და დაბრუნებაც დააანონსა. გავრცელებული ინფორმაციით, ის იქნება "ნაციონალური მოძრაობის" პრემიერობის კანდიდატი. "ქართული ოცნება" მასშტაბურად გამოეხმაურა სააკაშვილის მიმართვას, აშკარაა, როგორც ერთი, ისე მეორე მხარე კვლავაც შეეცდება პოლიტიკური პროცესი ისევ ორი პოლუსის დაპირისპირებად წარმოაჩინოს. - დავიწყოთ იმით, თუ რას ეფუძნება სააკაშვილის ეს ტაქტიკა. ვფიქრობ, ახსნა მარტივია - იმისათვის, რომ ჩამოაყალიბო კოალიციური მთავრობა, უნდა გქონდეს საუკეთესო შედეგი არჩევნებზე ან მეორე მაინც უნდა იყო. საუკეთესო შედეგის მიღების შანსი აქვს მხოლოდ ორ ძალას: "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას". ამ უკანასკნელის მიზანია, აკრიფოს რაც შეიძლება ბევრი ოპოზიციური ხმა, რათა რაც შეიძლება დაეწიოს პროპორციულ არჩევნებში "ქართულ ოცნებას". ასევე მისი მიზანია, რაც შეიძლება დიდი პროცენტით ჩამოიტოვოს სხვა ოპოზიციური პარტიები, რათა სხვა არც ერთ პარტიას არ გაუჩნდეს შანსი, რომ კოალიციის ჩამომყალიბებელი ძალა გახდეს. თუ ამ ლოგიკით ვიხელმძღვანელებთ, გასაგები გახდება, რასაც აკეთებს სააკაშვილი - მან აქცენტი გადაიტანა თავის პარტიაზე და ელექტორატის ინსპირაციისთვის ამბობს, რომ დაბრუნდება. იმავდროულად, ბოლო 8 წლის განმავლობაში სააკაშვილი ამ თავისი ბოდიშით პირველად მუშაობს მოყოყმანე ამომრჩეველზე. მოკლედ,
სააკაშვილის ტაქტიკა სრულიად გასაგებია და ცდაც, პოლიტიკური ველი ორპოლუსიანად გადააქციოს, რაც ხელს აძლევს როგორც "ნაციონალურ მოძრაობას", ასევე "ქართულ ოცნებას", რათა რაც შეიძლება მეტი ხმა გადაიქაჩოს ამ ორ პოლუსისკენ.
ჩემთვის გაუგებარია ოპოზიციის ერთი ნაწილის შფოთი და ვაი-ვიში, რომ სააკაშვილი თურმე ისევ ორ პოლუსად ყოფს პოლიტიკურ სივრცეს. ვინც ამაში საფრთხეს ხედავს, ეს მისი პრობლემაა და არა სააკაშვილის. ეს ნიშნავს, რომ ეს პოლიტიკოსები თუ პოლიტიკური ჯგუფები კვლავ ვირტუალური ჭიპლარით არიან მიბმული სააკაშვილზე და დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურებად ვერ ჩამოყალიბდნენ. მათ ვერ წარმოუდგენიათ პოლიტიკაში საკუთარი თავის დამკვიდრება, სანამ ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე სააკაშვილი იქნება. შესაბამისად, ისინი არასრულფასოვანი პოლიტიკური ძალები არიან, თუ არადა, დაამტკიცონ, რომ ამ საარჩევნო რეალობაში, როდესაც, ფაქტობრივად, ნულოვანი ბარიერია, ალტერნატივის შექმნა შეუძლიათ. ვისაც პოლიტიკაში საკუთარი თავის იმედი აქვს, იბრძვის კიდეც. ამის მაგალითად გიორგი ვაშაძე გამოდგება.
ოპოზიციას უნდა აწარმოებდეს მასშტაბურ კამპანიას, რომ პოლიტიკური სივრცე ორპოლუსიანი ვერ გახდება, რადგან არსებობენ ალტერნატიული პოლიტიკური ძალები, მაგალითად, "გირჩი", "ლელო", "ევროპული საქართველო", "სტრატეგია აღმაშენებელი" და ა.შ., და სულაც არ არის საჭირო ამ ძალებს 40%-იანი მხარდაჭერა ჰქონდეთ. ამ საარჩევნო სისტემით 3-4%-იანი პარტიაც შეიძლება იქცეს სახელისუფლებოდ. დიდი შანსია, რომ სწორედ ასეთი რეალობა მივიღოთ.
თუ მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი კვლავაც შეეცდებიან, რომ ქართული პოლიტიკური სივრცე პირადი დაპირისპირების არენად წარმოაჩინონ, ოპოზიციურმა ძალებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ საპირისპიროს დასამტკიცებლად, ამისთვის კი საჭიროა აქტიური საარჩევნო კამპანია.
გარდა ამისა, დღეს ოპოზიციური სპექტრი ფინანსების ნაკლებობასაც არ განიცდის. არის რამდენიმე ოპოზიციური პარტია, რომელთაც დიდი ფინანსური რესურსები აქვთ, რასაც თანდათან უფრო კარგად დავინახავთ. ამ თვალ=საზრისითაც განსხვავებაა 2016 წლის საარჩევნო პროცესთან, როდესაც ოპოზიციურ პარტიებს ფინანსური პრობლემები ჰქონდათ. მოკლედ, აღარ არის ფინანსური პრობლემები, აღარც 5%-იანი ბარიერი, გახსნილია საინფორმაციო სივრცეც, ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი - აჩვენონ, ვის რა შეუძლია.
რაც შეეხება სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატობას, ეს კონკრეტულ მიზანს ემსახურება - ის ცდილობს თავის ამომრჩეველს ბუნდოვანი კი არა, მკაფიო სურათი დაუხატოს, მან კონკრეტულად უნდა იცოდეს, ვის მიჰყვება საარჩევნო ბრძოლაში, ვინ იქნება მისთვის სასურველი მთავრობის მეთაური.
მოკლედ, ვისაც სურს იქცეს მნიშვნელოვან ალტერნატივად, ამის საშუალება აქვს. ამაში მას არც მიშა და არც ბიძინა არ უშლიან ხელს, ახლა ყველაფერი მათ უნარსა და თავგამო=დებაზეა დამოკიდებული.
- რითი ხსნით "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას ისნის მაჟორიტარულ ოლქში გიორგი ვაშაძის შეთანხმებული კანდიდატურისთვის მეტოქედ ხატია დეკანოიძის კანდიდატურა დაეყენებინათ? - როცა პოლიტიკური პარტია საჯარო დაპირებას იძლევა, ამ დაპირებას აძლევს არა მარტო პოლიტიკურ პარტნიორებს, არამედ საზოგადოებასაც. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის მიცემული სიტყვის გატეხაც გამოდის. ამომრჩეველი იფიქრებს, თუ პოლიტიკური პარტნიორისთვის საჯაროდ მიცემულ სიტყვას არაფრად აგდებენ, ჩემთვის მიცემული პირობა ვიღას გაახსენდებაო. ამიტომაც ეს უფრო ემოციურად მიღებულ გადაწყვეტილებას ჰგავს, ვიდრე რაციონალურ ქმედებას.
- რამდენიმე დღეში ცნობილი გახდება მმართველი პარტიის საარჩევნო სია. როგორ ფიქრობთ, მოახერხებს "ქართული ოცნება" გუნდის მნიშვნელოვნად გადახალისებას? - გადახალისება გვარ-სახელების შეცვლას არ ნიშნავს. მთავარია, სიის დაკომპლექტების მეთოდი როგორ შეიცვლება. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არ შეიცვლება და როგორც აქამდე აკომპლექტებდნენ სიას მორჩილების პრინციპით, ასევე გაგრძელდება. მეტიც, ვფიქრობ, შემადგენლობას ახლა გაცილებით მკაცრად შეარჩევენ, რადგან წინ უზარმაზარი ეკონომიკური კრიზისია, რასაც ხელისუფლებაც აღიარებს. "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში რომც დარჩეს, პარლამენტში ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია იქნება წარმოდგენილი და შესაბამისად, შიდასაპარლამენტო გადატრიალების თუ პოლიტიკური კრიზისის საფრთხე დიდი იქნება. ამიტომაც შეეცდებიან ყველა სხვა პრინციპი უკან გადასწიონ და სიაში პირის შეყვანის გადამწყვეტ ფაქტორად მორჩილება აქციონ, რაც ცხადყო მაჟორიტარების წარდგენამაც. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ისინიც იმ პრინციპით შეარჩიეს, თუ ვის შეეძლო საკუთარ საარჩევნო ოლქებში ხმების ყიდვა და მორჩილება.
- გამოცემა "დოსიემ" გაავრცელა მასალა, რომლის მიხედვითაც "პატრიოტთა ალიანსი" მნიშვნელოვან დაფინანსებას იღებს რუსეთიდან. ამ მასალაზე დაყრდნობით პროკურატურაში განცხადება უკვე შეიტანა "ევროპულმა საქართველომ" და გამოძიების დაწყება მოითხოვა. "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი არ უარყოფს, რომ მათ პარტიას რუსეთის საკონსულტაციო კომპანიაც ემსახურება, თუმცა 8-მილიონდოლარიანი დაფინანსების საკითხს ის სააკაშვილი-ბოკერიას მიზანმიმართულ თავდასხმად მიიჩნევს. თქვენი აზრით, რამდენად საშიშია რუსული ფული და რჩევები? - რუსეთის ჩარევა სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში არა ვარაუდი, არამედ დადასტურებული ფაქტია. ამაზე ლაპარაკობენ გერმანიის, ბრიტანეთის, იტალიის, აშშ-ისა და სხვა ქვეყნების სპეცსამსახურები.
სხვა თუ არაფერი, წლების განმავლობაში ვუყურებდით, ამერიკის კონგრესში როგორ მიდიოდა გამოძიება ტრამპის 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში რუსეთის ჩარევის თაობაზე. დაჰკითხეს ტრამპის უახლოესი გარემოცვა, ზოგიერთს გადადგომამაც მოუწია...
როცა აშშ-ში ასეთი დიდია რუსეთის გავლენა, ბუნებრივია, გაცილებით დიდი და საშიში იქნება საქართველოსთანა ქვეყნებში. ვფიქრობ, ძალიან საყურადღებო მასალაა. გამოძიება უპირველესად "პატრიოტთა ალიანსის" ინტერესში უნდა იყოს, თუ ეს მართლაც ცილისწამებაა, როგორც ისინი ამტკიცებენ.
ამ მასალების მიხედვით, ძალზე ყურადსაღებია "რჩევები", რომლებსაც ეს პოლიტიკური ძალა რუსი ე.წ. კონსულტანტებისგან იღებს. გამოვყოფ ერთ რჩევას: ამომრჩევლებში დაპირისპირების წახალისება და მათ შორის შუღლის გაღვივება - ამგვარი მიდგომა რუსული ხელის ყველაზე ნათელი მახასიათებელია. ამგვარად იქცევა ის თითქმის ყველგან, ამას აკეთებს ამერიკაშიც, სადაც სპეცსამსახურები უკვე იძიებენ რუსულ კვალს ფერადკანიანებსა და თეთრკანიანებს შორის ხელოვნურად ინსპირირებულ დაპირისპირებაში.
რაც დღეს საქართველოში ხდება - საზოგადოების მცირე სეგმენტებად დაყოფა და დაპირისპირებისთვის ახალ-ახალი თემების გაჩენა - ზუსტად რუსული პოლიტიკის შედეგია, რომლის მიზანია საზოგადოების დანაწევრებით, ერთმანეთთან წაკიდებით სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და გაძლიერებას შეუშალოს ხელი.
მტყუან-მართლის გარჩევას ჩვენ ვერ დავიწყებთ, ეს გამოძიების საქმეა, ისე კი, ამ მასალის საფუძველზე უამრავი სხვა კითხვა ჩნდება. მაგალითად, რა გზით შემოდის საქართველოში რუსული ფული? აქ იმდენად "პატრიოტთა ალიანსის" პრობლემა არ დგას - არ იქნებოდა ეს ძალა, იქნებოდა სხვა. უმთავრესი პრობლემა სახელმწიფოს მოშლის ცდაა. ისმის კითხვა, რამდენად დაცულია საზღვრები? თუ მართალია ამ თანხებზე ლაპარაკი, ბანკით ხომ ვერ გადმოირიცხებოდა? გარდა ამისა, როგორ გადავიდნენ აფხაზეთში "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები საქართველოს სპეცსამსახურების ხელშეწყობის გარეშე? გავიგეთ, რომ რუსეთი ეხმარებოდა, მაგრამ საქართველოს სპეცსამსახურების როლი რაში მდგომარეობს?
ახლახან უკიდურესად შემაშფოთებელი სტატია გამოქვეყნდა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ამერიკულ ინტერნეტგამოცემაში - ეს არის ინტერვიუ ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყოფილ სარდალ ბენ ჰოჯესთან. ამერიკელი გენერალი ამბობს, ბელარუსში შეიძლება მოხდეს სასიკეთო ცვლილებები, მაგრამ ბელარუსი შეიძლება საქართველომ ჩაანაცვლოს რუსული გავლენისა და ავტორიტარიზმის ზრდის თვალსაზრისითო. ის პირდაპირ ამბობს, რომ რუსეთი ეწინააღმდეგება ორ გლობალურ პროექტს, რომლებიც საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას მსოფლიოში ძალზე გაზრდის და ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია იქნება. იგულისხმება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი და ბოჭკოვან-ციფრული კაბელის გაყვანა. ჰოჯესის თქმით, რუსეთი ორივე პროექტს ეწინააღმდეგება და სწორედ მისი გავლენით უშლის ხელს მათ განხორციელებას საქართველოს ხელისუფლებაცო...
მძიმე შეფასებების მეტი რა მოგვისმენია ბოლო თვეებში, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი უმძიმესი, თუ ყველაზე მძიმე არა. უკიდურესად შემაშფოთებელი პროგნოზია და სამწუხაროდ, არ არის უნიადაგო.
აქედან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია, გლობალურად შევხედოთ იმას, თუ რამდენად ღრმად მოექცა საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში და რამდენად დაცულია საზღვრები. ის, რომ საქართველოს საინფორმაციო სივრცე ფაქტობრივად ჩავაბარეთ რუსეთს, ცხადია: კრემლი თითქმის სრულად აკონტროლებს საქართველოს საინფორმაციო სივრცეს, ხლეჩს და აპირისპირებს ჩვენს საზოგადოებას. რომელი ოპოზიციური ლიდერის მიმართაც დასჭირდება, ისეთ ქვის სროლას დაიწყებს სოციალურ ქსელებში, რომ ძალიან რთული იქნება ამ ლიდერის ფეხზე წამოდგომა. გარდა ამისა, უფრო უარესადაც გვქონია საქმე - უკონტროლოდ შემოსულ რუსულ ფულს ვგულისხმობ.
ინაშვილმა განაცხადა, 6 პიარკამპანია გვემსახურება, მათ შორის ამერიკული და ისრაელურიო. მერწმუნეთ, ეს ძალიან ძვირი სიამოვნებაა, შესაბამისად, ძალიან ბევრი ეჭვი ჩნდება.
ამ ეჭვებს ამტკიცებს "პატრიოტთა ალიანსის" პლაკატიც აჭარაში, რომელზეც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ერთად წითელი ხაზით შემოხაზეს აჭარა და მიუთითეს, რომ თითქოს ჩვენს ამ რეგიონს თურქეთიდან საფრთხე ემუქრება, რაც საქართველოში რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის პირდაპირი გაგრძელებაა, იმ რუსული სცენარით მოქმედება, რისი ნიშნები აქამდეც ჩანდა, მაგრამ არა ასე მკაფიოდ. ისე, აქ ისრებიც საშიშია, არა მარტო ფერები.
თუმცა მე მარტო "პატრიოტთა ალიანსამდე" არ დავიყვანდი ამ პრობლემას. ეს გაცილებით მასშტაბური, საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან ე.წ. ღია საზღვრების პოლიტიკის პრობლემაა.