"საქართველო დიდი "ცივი ომის" ერთ-ერთი ინსტრუმენტია..."
"სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, საქართველოში რუსეთის პოზიციები საკმაოდ ძლიერია, ბოლო პერიოდში ნაცვლად იმისა, შემცირებულიყო, უფრო გაიზარდა"
ამ რამდენიმე დღის წინ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაში, მათ შორის რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებზე კიბერთავდასხმა მოხდა. ოფიციალური განცხადების თანახმად, კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევის შედეგად მოპოვებული ავთენტური დოკუმენტაციის ნაწილი აიტვირთა ერთ-ერთ უცხოურ ვებგვერდზე, სადაც ასევე გამოაქვეყნეს ფალსიფიცირებული დოკუმენტებიც, რაც საზოგადოების დაშინების, დაბნევისა და უნდობლობის დანერგვის მიზნით განზრახ გააყალბეს. "ამ ეტაპისთვის მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, აღნიშნული კიბერშეტევა განხორციელებულია ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების მიერ", - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში. საფუძვლიანი ეჭვი გაჩნდა, რომ კიბერშეტევა რუსეთიდან განხორციელდა, მით უფრო, რომ ამას წინ უსწრებდა რუსეთიდან ლუგარის ლაბორატორიის მორიგი დადანაშაულება. ამჯერად ამ ბრალდებების მიზეზი რუსული ოპოზიციის ლიდერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმე გახდა. გერმანიაში ჩატარებული კვლევების პირველადი მონაცემებით, ის ნივთიერება "ნოვიჩოკით" მოწამლეს, რაც გამოიყენეს მამა-შვილ სკრიპალების მოსაწამლადაც. რუსეთის სათათბიროს ერთ-ერთმა დეპუტატმა ამ ნივთიერების შექმნაში ლუგარის ლაბორატორია დაადანაშაულა. რამდენად ადეკვატურად უპასუხა საქართველოს ხელისუფლებამ ამ ბრალდებებს და რას შეიძლება ემსახურებოდეს ეს კიბერთავდასხმა? - ამ კითხვით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ გია ხუხაშვილთან:
- ლუგარის ლაბორატორიის გარშემო პერიპეტიები არ შეიძლება განვიხილოთ როგორც ჩვენი შიდა პოლიტიკის ან შიდა გამოწვევების თემა. თუ გლობალური პოლიტიკის მოვლენათა ჯაჭვს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ეს ეპიზოდი ამ დიდი დაპირისპირების ნაწილია. შესაბამისად, საქართველო ამ დიდი "ცივი ომის" ერთ-ერთი ინსტრუმენტია. ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ, რომელ მხარეს ვართ. იმის ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ ბალანსის თამაშით, როდესაც იქით დასავლეთს უმტკიცებ ერთგულებას და აქეთ რუსეთს უკრავ თვალს, ფონს გავალთ. უნდა გავაკეთოთ არჩევანი, ჩვენი პოზიციები უნდა იყოს ძალიან მკვეთრი და იმ მხარესთან შესაბამისობაში, რომელსაც პარტნიორად მოვიაზრებთ. ჩვენი ხელისუფლების პოზიცია და რიტორიკა პროტესტის შტრიხებს კი შეიცავდა, მაგრამ მაინც მეტისმეტად ფრთხილია, რაც ზოგჯერ კაპიტულანტურ განწყობებში გადადის. იმის იმედი არავის უნდა ჰქონდეს, ამას მეორე მხარე, ანუ რუსეთი დაგიფასებს და კარგად მოგექცევა. როდესაც შენ ასე იქცევი, რუსეთი სისუსტედ გითვლის, კიდევ უფრო ძლიერად გიტევს და, ფაქტობრივად, თავის თამაშებში გიყენებს. რუსეთი ნავალნიზე საბრძოლო-ქიმიური იარაღით თავდასხმის საქმეში ლუგარის ლაბორატორიის გამოყენებას ცდილობსL. როდესაც ისმის ბრალდება, რომ "ნოვიჩოკი" შეიძლება ნაწარმოებია საქართველოში, ამაზე ჩვენ უნდა გვქონდეს ძალიან მკაცრი, პრინციპული პოზიცია და არ უნდა ვიძახდეთ, ვიღაცა შეცდომაშია შეყვანილიო. ეს ფსევდოდიპლომატიური რიტორიკა მხოლოდ დამაზიანებელია.
- მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა კიბერთავდასხმის ამბავი, გაჩნდა კითხვა, ხომ არ შეეცდება ის უცხო ქვეყანა საქართველოში საარჩევნო პროცესში კიბერჩარევასა და მასზე გავლენის მოხდენასაც? - საქართველოს საარჩევნო სისტემაში კიბერჩარევა ცოტა დაუჯერებელი თემა მგონია. ჯერ ერთი, ჩვენთან ტექნოლოგიები ისე არ არის განვითარებული, მეორეც, რუსეთს კიბერჩარევა სულაც არ სჭირდება. რატომ უნდა დახარჯოს ზედმეტი ძალისხმევა, როდესაც ქვეყანაში პირდაპირი და დაუფარავი საყრდენები ჰყავს, მათ შორის პოლიტიკურ სპექტრში? აქედან გამომდინარე, კიბერჩარევის ამოცანა და მიზანი ცოტა გაუგებარია. სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, საქართველოში რუსეთის პოზიციები საკმაოდ ძლიერია, ბოლო პერიოდში ნაცვლად იმისა, შემცირებულიყო, უფრო გაიზარდა. თუ დინამიკას დავაკვირდებით, ეს, ასე ვთქვათ, "ნოსტალგიური სეგმენტი", რომლისთვისაც დამახასიათებელია დასავლეთის გარყვნილების ბუდედ წარმოჩენა, ერთმორწმუნეობის თემით სპეკულირება და ანტილიბერალური განწყობები, ძალიან მოძლიერდა, რაც ირიბად რუსულ ფასეულობათა სისტემაში ჯდება. თუ ეს ხალხი ადრე ფრთხილობდა, დღეს ძალიან ყელყელაობს. საქართველოზე შეტევა მიმდინარეობს, ოღონდ შეტევა ბევრად მატერიალიზებულია, ვიდრე კიბერთავდასხმა.
- რადგან რუსულ გავლენებზე ვლაპარაკობთ, აქვე გკითხავთ "პატრიოტთა ალიანსის" თაობაზე გამოცემა "დოსიეს" მიერ გამოქვეყნებულ მასალებზე, რომელშიც ლაპარაკია, რომ ეს ძალა ფინანსურ და საკონსულტაციო დახმარებას რუსეთიდან იღებს. რამდენად ელით, რომ ამ საკითხს დროულად გამოიძიებენ და თუ დადასტურდა, რომ ეს პოლიტიკური ძალა მართლაც უცხო ქვეყნიდან იღებს ფულს, უნდა დადგეს თუ არა დღის წესრიგში მისი აკრძალვის საკითხი? - თუ დამტკიცდება, რომ პარტია უცხოეთიდან იღებს დაფინანსებას, ეს მძიმე დანაშაულია და ამას უნდა მოჰყვეს კანონით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელი.
ფაქტია, რომ ამ ძალას მხარს უჭერს საზოგადოების განსაზღვრული სოციალური სეგმენტი, რომელსაც აქვს ამ ტიპის პოლიტიკის მოთხოვნა და "პატრიოტთა ალიანსიც" მუშაობს ამ სეგმენტზე. ეს პარტია ხვალ რომც გაქრეს, გამოჩნდება სხვა, რომელიც ამავე სეგმენტის გულის მოგებას შეეცდება.
პრობლემა სხვა რამეშია. საკითხი ასე უნდა დავსვათ - რატომ არის საზოგადოებაში ასეთი განწყობა? რა დავაკელით ამ ხალხს, რისი ბრალია, რატომ მოსწონთ ის, რაც ჩვენ მანკიერებად მიგვაჩნია? პრორუსული პოლიტიკური ძალები იმიტომაც არსებობენ, რომ ასეთი განწყობებია ქვეყანაში. აქვე ვიტყვი, რომ პოლიტიკური ძალა განწყობას ვერ შექმნის, მას მხოლოდ მისი გაძლიერება შეუძლია, რასაც აკეთებს კიდეც "პატრიოტთა ალიანსი". ჩვენ უნდა შევისწავლოთ ამ განწყობების ჩამოყალიბების მიზეზები და ვებრძოლოთ მას.
- უნდა ვაღიაროთ, რომ პრორუსული განწყობების გაძლიერების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უკონტროლო რუსული პროპაგანდაა, რაც ბოლო დროს განსაკუთრებით მასშტაბური გახდა. გაუგებარია ხელისუფლების პოზიციაც - დეკლარირებულად მისი საგარეო პოლიტიკური კურსი პროდასავლურია, მაგრამ არც პრორუსული განწყობების მიზანმიმართულ გაძლიერებას უშლის ხელს. - საქმე ისაა, რომ "ქართული ოცნება" არ არის კლასიკური პარტია. მას არა აქვს ჩამოყალიბებული პრინციპები და იდეოლოგია, თუნდაც გლობალურ პოლიტიკაში საქართველოს ადგილის თვალსაზრისით. ეს არის კლასიკური ტიპის სახელისუფლებო დაჯგუფება, რომელსაც როგორც დასჭირდება, ისე მოიქცევა - ხან პროდასავლურ რელსებზე ივლის და ხანაც პრორუსულზე გადავა. დასჭირდებათ, ლიბერალები იქნებიან, დასჭირდებათ - კონსერვატორები, ხან პირჯვარს გადაიწერენ, ხანაც ეკლესიას გალანძღავენ. ამ პარტიას არა აქვს მყარად ჩამოყალიბებული ფასეულობათა სისტემა, რომლის მიხედვითაც მეთოდურად იმუშავებს. მას ერთადერთი ამოცანა აქვს - ხელისუფლების შენარჩუნება და ამ ამოცანის შესასრულებლად როდესაც რა დასჭირდება, იმას გააკეთებს. თუ დასჭირდათ, შესძახებენ, ტრამპს გაუმარჯოსო, მაგრამ თუ დასჭირდათ, იმასაც იტყვიან, დიდება პუტინსო. აქამდეც ასე იქცეოდნენ. თუნდაც ლუგარის თემა ავიღოთ - ერთი ასე ლაპარაკობს, მეორე - სხვანაირად. ვერ გაიგებ, რომელი წარმოადგენს მთელი პარტიისა და ხელისუფლების პოზიციას. არა აქვთ არანაირი გრძელვადიანი პოლიტიკური ამოცანები და მიზნები. მათი ყოველდღიური ამოცანა სავარძლის შენარჩუნებაა და ამ ყველაფერს ტონს აძლევს ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც დღეს არანაირი სახელმწიფოებრივი მიზანი არა აქვს. მისი მიზანია საკუთარი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის შენარჩუნება. ამას გრძნობს მის გარშემო არსებული ეს რუხი მასა და ისიც ასე იქცევა. ის ხალხი, ვინც დღეს მიშა სააკაშვილს აგინებს, ხვალ ხელისუფლება რომ შეიცვალოს, პირველი გაიქცევა პროკურატურაში და ყველაფერს ბიძინა ივანიშვილს გადააბრალებს.
ეს არ არის პრინციპების მიხედვით შეკრული ორგანიზაცია. შესაბამისად, როგორც კი "ქართული ოცნება" დატოვებს ხელისუფლებას, ისევე გაქრება, როგორც თავის დროზე "მოქალაქეთა კავშირი" გაქრა.
- თუ არ ჩავთვლით სახელისუფლებო პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატების პომპეზურ წარდგენებს, შეიძლება ითქვას, რომ "ქართული ოცნება" ამომრჩეველთან ურთიერთობის თვალსაზრისით დიდად არ აქტიურობს... - არ სჭირდებათ მეტად აქტიურობა. როგორც უკვე ვთქვი, "ქართული ოცნება" მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იბრძვის, შესაბამისად, გააკეთებს იმდენს, რაც ამისთვის დასჭირდება. დღევანდელი ოპოზიციის პირისპირ რასაც აკეთებს, ესეც საკმარისია. თვითონ ხომ არ ასწევენ პოლიტიკურ ტემპერატურას, რაში სჭირდებათ? რაც უფრო დაბალი ტემპერატურა იქნება, მით ადვილად გავლენ ფონს, დღევანდელი ოპოზიცია კი ვერაფერს აკეთებს, ვერ აიძულებს ხელისუფლებას იმოქმედოს მისი დღის წესრიგით.
დღეს ხელისუფლების მთავარი მოკავშირე ოპოზიციაა, რომელიც შეცდომას შეცდომაზე უშვებს. თუ დავაკვირდებით, არც ოპოზიცია აწარმოებს აქტიურ საარჩევნო კამპანიას. უფრო ურთიერთგარჩევებით არიან დაკავებული და იმაზე კამათობენ, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი.
ასეთი ოპოზიცია საჩუქარია ნებისმიერი ხელისუფლებისთვის. ამ ვითარებაში ხელისუფლებას ბრძოლა უადვილდება. განა იმიტომ, რომ მისი პოზიციები ძლიერია, არა, მხოლოდ იმიტომ, რომ მისი მოწინააღმდეგეები უფრო უარესად და სუსტად გამოიყურებიან. ტელეეთერში ჯდომა და ლანძღვა-გინება არ არის საარჩევნო კამპანია.
- "ქართულ ოცნებას" ჯერ არც საარჩევნო სია წარუდგენია ამომრჩევლისთვის. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?
- გასაგებია, რომ "ქართული ოცნება" ერთი კაცის პარტიაა, მაგრამ იქ არიან პატარა ადამიანებიც თავიანთი პატარა ამბიციებით. როგორც ჩანს, მათი ინტერესების შეთანხმებას ცდილობენ ისე, რომ პრობლემად არავინ ექცეთ და ამიტომაც დააგვიანდათ. იმ ერთ ადამიანს, რომელსაც ეს ყველაფერი ეკუთვნის, უწევს ამ კინკლაობის დალაგება. შესაბამისად, ბოლო მომენტამდე შეეცდებიან გაახარონ ამ პატარა ადამიანების ჭია და უმტკივნეულოდ გაიარონ ეს პროცესი. ამაში ვგულისხმობ ისეთ შემთხვევას, რაც მათ დააზიანებს, მაგალითად კახა ოქრიაშვილი გამოდგება.
- დამეთანხმებით, კახა ოქრიაშვილის მაგალითი საკმაოდ საინტერესოა და ჩვენი პოლიტიკური სპექტრის მრავალმხრივი უპრინციპობის ნათელი ნიმუშია. ბიზნესმენი ოქრიაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატი იყო, 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლისთანავე, "ქართული ოცნების" რიგებში აღმოჩნდა, რომლის სახელითაც 2016 წელსაც გადეპუტატდა. მას შემდეგ კი, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებს შეეწინააღმდეგა, ოქრიაშვილი მაჟორიტარობის კანდიდატად "ქართულმა ოცნებამ" აღარ დაასახელა. ამის შემდეგ ოქრიაშვილი ქმნის პარტიას, რომელიც შეუერთდა გაერთიანებას "ძალა ერთობაშია" და "ნაციონალური მოძრაობის" პარტნიორი გახდა, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში იმ საკონსტიტუციო ცვლილებების მთავარი აპოლოგეტი იყო, რომლის წინააღმდეგ წასვლის გამოც მოიძულა "ოცნებამ" ოქრიაშვილი... - აბსოლუტურად სწორად აღწერეთ ვითარება. გეთანხმებით, რომ მთელი ეს წრე უპრინციპო მოქმედებების კასკადს აჩვენებს. გასაკვირი მხოლოდ ისაა, რომ ოქრიაშვილმა ურჩობა გაბედა. მგონი, პირველი ადამიანია, რომელიც მმართველ პარტიას ხელისუფლებიდან წასვლამდე დაუპირისპირდა ისე, რომ არ შეუშინდა მოსალოდნელ პრობლემებს, რასაც მის ბიზნესს, დიდი ალბათობით, შეუქმნის ხელისუფლება.
რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", ამ ძალის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც იყო პროპორციულ სისტემაზე ლაპარაკი, მაგრამ ეს სერიოზულად არც განუხილავთ, ანუ პრინციპულობით არც ეს პარტია გამოირჩევა.
- როგორც "ქართული ოცნება", ისე "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური სპექტრის ისევ ორპოლუსიანად წარმოჩენას ცდილობს, მაგრამ ვხედავთ, რომ ამ არჩევნებზე ყველაზე მეტად და ნათლად გამოჩნდნენ ზემოთ ნახსენები პარტიების ალტერნატიული ძალები. - ფაქტია, პოლიტიკურ ბაზარზე ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრებზე მოთხოვნილებაა, მაგრამ ამის მიუხედავად, სრულფასოვანი ალტერნატივა მაინც ვერ გამოჩნდა. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელი საარჩევნო კოდექსით ბარიერი მინიმუმამდეა დასული, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ალტერნატიულ ერთ ცენტრზე კი არა, რამდენიმე ძალაზე ვილაპარაკოთ, რომელმაც შეიძლება შეძლოს კოლექტიური გარღვევა არა თავდაპირველად გამოცხადებული ერთიანობით, არამედ მიღებული მხარდაჭერის ჯამური შედეგით. ეს არის აშკარა შანსი და საფუძველი იმისა, რომ გადავიდეთ მულტიპარტიულ მმართველობაზე, რაც საქართველოსთვის ამ ეტაპზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მთავარი მანკიერება, რაც დამკვიდრდა ქვეყნის მმართველობაში, არის ძალაუფლების უზურპაცია. ჩვენ ამ წლების განმავლობაში სხვა გამოცდილება არ შეგვიძენია. მიუხედავად იმისა, მულტიპარტიულ დემოკრატიას თავისი სირთულეები აქვს, მაგალითად, გადაწყვეტილებების დროულად მიღების, დღეს ჩვენ მთავარი სისტემური ურჩხული - ძალაუფლების უზურპაცია უნდა დავამარცხოთ და მერე ვიზრუნოთ მულტიპარტიული დემოკრატიის ეფექტიანობის ამაღლებაზე. გაჩნდა ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრები, მაგრამ ძლიერი არც ერთი არ არის, იქნებ არც არის საჭირო. მაგალითად, არის "ლელო", რომელსაც ჯერ კიდევ აქვს რესურსი და პოტენციალი, რომ მეტ-ნაკლებად ნორმალური შედეგი აჩვენოს. კარგი შთაბეჭდილება მოახდინა "ლელოს" სწრაფი ეკონომიკური განვითარების გეგმამ, რომელიც უაღრესად საინტერესოა. "ლელოს" გარდა, არიან პატარ-პატარა პარტიებიც, 1-დან 5%-მდე მხარდაჭერის პოტენციალით. ჯამურად, ამ ალტერნატიულმა ცენტრებმა თუ 20-25% დააგროვეს, ეს შექმნის საფუძველს, რომ ორპოლუსიანობა გაირღვეს და ამ ორმა შულერმა, წარსულმა და აწმყომ, ვერ მოახერხონ ახალ ციკლში ძალაუფლების უზურპაცია.
- როგორც ვხვდები, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების იმედი ჯერ კიდევ გაქვთ...
- დიახ. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ოპოზიციასთან შედარებით საკმაოდ ძლიერი ჩანს, ვფიქრობ, ძალაუფლების ერთპიროვნულად ხელში აღება მაინც გაუჭირდება. ეს არჩევნები იმით განსხვავდება წინამორბედებისგან, რომ ეს უნაშთო არჩევნებია. ჩვენ შეიძლება პარლამენტში 10-12 პოლიტიკური ძალა ვიხილოთ. გარდა ამისა, არჩევნებამდე კიდევ დროა, დარჩენილი 2 თვე გადამწყვეტი იქნება. "ქართული ოცნების" ძლიერება ძალიან მყიფეა და ძირითადად კრიზისმენეჯმენტზე დგას, მაგრამ პანდემიისა თუ სოციალური რისკების გამო შეიძლება 2 კვირაში შეიცვალოს ყველაფერი. თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციამ კიდევ უფრო მეტი შეცდომა დაუშვას და ხელისუფლება უფრო გაძლიერდეს. სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ვითარება ძალიან ბუნდოვანია. ჩვენ წინ რთული, მაგრამ საინტერესო პერიოდი გველის.
- როცა ხელისუფლებას კოალიციური მთავრობის შესაძლებლობაზე ვეკითხებით, გვესმის, რომ ამ ეტაპზე ეს ქვეყნისთვის შეიძლება ღრმა კრიზისის მიზეზი გახდეს, რომ ამან შეიძლება რიგგარეშე არჩევნები დააყენოს დღის წესრიგში, რისი ფუფუნებაც ქვეყანას არა აქვს. - კოალიციურ მმართველობას სირთულეები ახლავს, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან საუბარი, კონსენსუსის ძიება და ერთობლივი გადაწყვეტილებების სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე მიღება. ეშმაკობს "ქართული ოცნება", როცა ამაზე ლაპარაკობს. მას სხვა რამის გამო ეშინია. "ქართული ოცნების" ხელისუფლება არის რელიგიური მართვის მოდელი, სადაც ღმერთი ერთია და განუყოფელი, კოალიცია კი ამ რელიგიური პრინციპისთვის მიუღებელია. შესაბამისად, ის ივანიშვილის აბსოლუტიზმის ნარატივს ანგრევს. ეს აშფოთებთ, თორემ რომელი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მყავს ეს კოლექტიური ოხანაშვილი, რომ ამ ტექსტებით მელაპარაკებოდეს. ხომ გითხარით, ეს ხალხი პირველი მივარდება პროკურატურაში და ივანიშვილს დააბრალებს ყველაფერს, როგორც კი მისი მმართველობა დასრულდება. ქოთანს საიდანაც უნდათ, იქიდან მოაბამენ ყურს. არ გახსოვთ, საკონსტიტუციო ცვლილებებზეც ამბობდნენ, ეს დაღუპავს ქვეყანასო, თუმცა როცა დასჭირდათ, ეს საკუთარ გამარჯვებად გამოაცხადეს.
- დიდი მოლოდინია, თუ როგორი იქნება "ქართული ოცნების" საარჩევნო სია...
- რა მნიშვნელობა აქვს? არ არსებობს არანაირი სია, არსებობს ერთი ადამიანი, რომელიც ლოტოს კოჭებივით ჩაყრის ტომარაში გვარ-სახელებს, მერე ამოიღებს და როგორც უნდა, ისე გადაალაგ-გადმოალაგებს. რამდენი პრემიერი გვყავდა უკვე, რომელიმემ დატოვა კვალი პოლიტიკაში?
- გიორგი გახარიაც მათ ბედს გაიზიარებს? - გიორგი გახარია უნიკალური მოვლენაა ამ რუხ მასაში. ამიტომ, თუ ადრე არჩევნები ივანიშვილის ბრენდის ნიშნით მიდიოდა, ეს არჩევნები მიდის ნიშნით: ივანიშვილი პლუს... და ეს პლუსი გახარიაა. ივანიშვილის ამოცანაა, მთელი შავი სამუშაო გახარიას გააკეთებინოს, მაგრამ დივიდენდები თვითონ წაიღოს. ამ ამოცანას წყვეტს ახლა ივანიშვილი, რადგან გახარია საფრთხეს უქმნის მის რელიგიას, რომელსაც წლების განმავლობაში აყალიბებდა. არადა, დღეს ის წყალივით სჭირდება, მან უნდა მოიგოს არჩევნები, მაგრამ საბოლოოდ ის კავკასიის მთებზე გასაკრავი აღმოჩნდება. ღმერთის ტოლობაზე ამბიცია მას ვერ შერჩება. იქნებ არც აქვს ეს ამბიცია, მაგრამ გარედან ასე ჩანს. ივანიშვილს მითოსი ენგრევა, გახარია არჩევნების შემდეგ შეიძლება დარჩეს კიდეც სისტემაში, მაგრამ ამ რუხ მასაში უნდა გაერიოს და გამორჩეული აღარ იყოს. ამას რა ფორმით მოახერხებენ არჩევნების შემდგომ, როგორ "მიაჩმორებენ", ვნახოთ... თუ ისე მოხდა, როგორც ივანიშვილს უნდა, ეს პროცესი საინტერესო ნაკლებად იქნება, მაგრამ თუ ასე არ მოხდა და გახარიამ თავისი თამაშის წამოწყება სცადა, მაშინ შეიძლება საინტერესო ამბების მოწმენიც გავხდეთ.
- 5 სექტემბერს "TV პირველის" ეთერში გავიდა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ნიკოლოზ რევაზიშვილის საკანში ჩაწერილი ვიდეომასალა, რომელიც, როგორც ითქვა, სუს-მა ჩაწერა. რამდენად ნორმალურია, როდესაც ასეთ გახმაურებულ საქმეზე მიყურადების ფაქტი სამართალდამცავი უწყებიდან ჟონავს და ჟურნალისტების ხელში ხვდება? - ორი სავარაუდო გზა არსებობს, თუ როგორ შეიძლება მოხვედრილიყო ეს მასალა ჟურნალისტებთან: პირველი - შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჩვენი სპეცსამსახურები ისეთი დაუცველია, ინფორმაცია ასე უპასუხისმგებლოდ ჟონავს. თუ ასეა, გამოდის, საიდუმლო ინფორმაციაც შეიძლება ადვილად მოიპოვოს ვიღაცამ, მათ შორის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა; მეორე - არ არის გამორიცხული, სპეცსამსახური პოლიტიკური მიზნით ან საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოსახდენად თვითონ უშვებს ინფორმაციას. ეს ტენდენციები ამ ბოლო დროს გახმაურებულ საქმეებში გამოვლინდა. ბაჩალიაშვილის საქმე გავიხსენოთ, იქაც იყო ამის ნიშნები. გამომდინარე იქიდან, რომ სამართალდამცავებს არ შეუძლიათ მიზეზთა გამო გამოძიების სრულყოფილად და ობიექტურად ჩატარება, ცდილობენ შექმნან საზოგადოებრივი აზრი. ძალიან სახიფათოა, როდესაც სამართალდამცავი სტრუქტურა გამოძიებაზე კი არა, საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებაზე ზრუნავს. თუ ეს მხოლოდ ქაოსის შედეგია, ანუ ვიღაცას მალულად გამოაქვს ინფორმაცია და ჟურნალისტებს აძლევს, ეს ხომ საერთოდ კატასტროფაა. რომელი უფრო დიდი უბედურებაა, არც ვიცი.