"აზერბაიჯანი იბრძვის თავის მიწაზე, თავისივე ტერიტორიის გასათავისუფლებლად!" - ექსკლუზიური ინტერვიუ აზერბაიჯანის ელჩთან
"სამართლიანობის აღდგენის ჟამი დადგა - სომხეთის საოკუპაციო ფორმირებებმა უნდა დატოვონ აზერბაიჯანის ტერიტორია"
27 სექტემბერს მთიან ყარაბაღსა და აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე მასშტაბური საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. მხარეები კონფლიქტის ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამომწვევ მიზეზებზე რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება აქვს აზერბაიჯანულ მხარეს. ფაიგ გულიევი, აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში:
- რა მოხდა 27 სექტემბერს გამთენიისას, რასაც საბრძოლო მოქმედებები მოჰყვა? ამ დროისთვის რა მდგომარეობაა, აზერბაიჯანის რა დანაკარგზე შეიძლება ვისაუბროთ? გაქვთ ინფორმაცია სომხური მხარის დანაკარგზე?
- სანამ დანაკარგზე გადავიდოდეთ, მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე კონფლიქტის ესკალაციის მიზეზი სომხეთის მორიგი მსხვილმასშტაბიანი შეიარაღებული პროვოკაცია გახდა. 27 სექტემბერს დაახლოებით დილის 6 საათზე თითქმის 30 წლის განმავლობაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განთავსებულმა სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მძიმე ტექნიკით მასირებული ცეცხლი გახსნეს, თან არა მარტო სამხედრო პოზიციებზე, არამედ ესროლეს აზერბაიჯანის მშვიდობიან მოსახლეობასაც. უფრო მეტიც, მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის 27 სექტემბერს გახსნილი ცეცხლი მე-7 დღეა არ შეწყვეტილა (ინტერვიუ ჩაწერილია 2 ოქტომბერს. - ავტ.). ყოველივე ეს მიანიშნებს სომხური მხარის სრულიად მიზანმიმართულ და გაცნობიერებულ ქმედებებზე.
2 ოქტომბრის დილის მონაცემებით, დაიღუპა 19 და დაიჭრა 55 სამოქალაქო პირი. 175 საცხოვრებელ სახლსა და 41 სამოქალაქო ობიექტს სხვადასხვა სახის დაზიანება აქვს. მშვიდობიან აზერბაიჯანელ მოსახლეობაზე თავდასხმის ერთ-ერთი ფაქტია არტილერიის ცეცხლით განადგურებული გურბანოვების სახლი, რომელიც ქალაქ ნაფთალანის ახლოს იდგა, თუმცა ფრონტის ხაზიდან დაშორებული იყო. შედეგად დაიღუპა ოჯახის ხუთივე წევრი, მათ შორის 13 და 14 წლის მოზარდები.
სომხეთის ოკუპაციური ძალების ქმედება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევა და 1949 წლის ჟენევის კონვენციის უგულებელყოფაა. სომხეთი უკვე 30-ე წელია აზერბაიჯანის საწინააღმდეგო აგრესიულ და საოკუპაციო პოლიტიკას ატარებს, რაც გამოიხატება აზერბაიჯანელი მოსახლეობის სრულ ეთნიკურ წმენდაში როგორც თავიანთ ტერიტორიაზე, ასევე აზერბაიჯანის მიწაზე. სომხეთი კატეგორიულად არ ასრულებს 1993 წლის გაეროს უშიშროების საბჭოს ოთხ რეზოლუციას, რომელთა თანახმად, მან დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გაიყვანოს საოკუპაციო ძალები აზერბაიჯანის მიტაცებული ტერიტორიებიდან. თუმცა ამ ქვეყნის როგორც წინა, ასევე ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ბოროტად გამოიყენა მოლაპარაკების ყველა შესაძლებლობა, მუდმივად ცდილობდა ეს მექანიზმი გამოეყენებინა სტატუს-კვოს გასამყარებლად, რაც ოკუპაციაზეა დაფუძნებული.
გარდა ამისა, ბოლო წლებში ოფიციალური ერევნის განცხადებების პათოსში მუდმივად იგრძნობოდა, რომ "ყარაბაღი სომხეთია". ეს განწყობა იკითხებოდა მათ შეიარაღებულ პროვოკაციებში, თუნდაც მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოს საბრძოლო მოქმედებებში, რითაც, ფაქტობრივად, მოლაპარაკების შესაძლებლობის ყველანაირი სივრცე დაანგრიეს.
სომხეთში მიღებული სამხედრო დოქტრინა "ახალი ომი ახალი ტერიტორიებისთვის" ჯერ კიდევ სექტემბრის დამდეგს გაცხადდა, რასაც რეზერვისტების მობილიზაცია მოჰყვა. ერთი სიტყვით, სომხეთმა სამხედრო ავანტიურის გზა აირჩია.
აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სრული პასუხისმგებლობით შეასრულეს მათ წინაშე არსებული დავალება, დაეცვათ სომხეთის თავდასხმის საფრთხის წინაშე მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობა. ისინი გამანადგურებელ დარტყმებს აყენებენ ოკუპანტებს, რომლებსაც როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ტექნიკის მძიმე დანაკარგი აქვთ. თავდაცვის სამინისტროს ცნობების თანახმად, 30 სექტემბრის დილით ოკუპანტების დაჭრილთა და დაღუპულთა რაოდენობა დაახლოებით 2300 კაცს შეადგენს. 29 სექტემბერს ჩვენ სომხეთის მიერ ოკუპირებულ მთიან ყარაბაღში განლაგებული კომპლექსი ჩ-300 გავანადგურეთ. აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები გამათავისუფლებელ კონტრშეტევით ოპერაციას განაგრძობენ.
- დავაზუსტოთ - აზერბაიჯანი სამხედრო მოქმედებებს გააგრძელებს მთლიან ყარაბაღზე კონტროლის აღდგენამდე, თუ არის პირობა, რისი გათვალისწინებითაც ბაქო ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება? - აზერბაიჯანის არმია იბრძვის სამშობლოს გასათავისუფლებლად, თავისივე მიწაზე, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებრიობის მიერ არის აღიარებული. თავდაცვისა და საგარეო აგრესიის მოგერიების უფლება გამყარებულია გაეროს წესდების 51-ე მუხლით. სამწუხაროდ, სომხეთის დესტრუქციული ქმედებების გამო გრძელვადიანმა მოლაპარაკებამ ნაყოფი არ გამოიღო, ფაქტობრივად, მან ყველაფერი გააკეთა მარცხისთვის.
ერევანში არ გაითვალისწინეს საერთაშორისო საზოგადოებრიობის აზრი, უგულებელყვეს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციების მოთხოვნები. მეტიც, ეს ქვეყანა მუდმივად მიმართავდა შეიარაღებულ პროვოკაციებს და ცეცხლს უხსნიდა მშვიდობიან მოსახლეობას.
ყოველივე ეს მოწმობს, რომ სამართლიანობის აღდგენის ჟამი დადგა. სომხეთის საოკუპაციო ფორმირებებმა უნდა დატოვონ აზერბაიჯანის ტერიტორია. თუ საბრძოლო მოქმედებების გაგრძელება არ სურთ, ეს ნებაყოფლობით უნდა გააკეთონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას მათ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები აიძულებენ.
- გვაინტერესებს თქვენი კომენტარი სომხური მხარის ბრალდებებზე, რომელთა მიხედვით, აზერბაიჯანის მხარეს საბრძოლო მოქმედებებში თურქეთი მონაწილეობს. - სომხური მხარე ჯერ კიდევ კონფლიქტის პირველივე წლებში არღვევდა საერთაშორისო სამართლის კანონებს, შეცდომაში შეჰყავდა საერთაშორისო საზოგადოებრიობა. ახლაც თავად წამოიწყო აგრესია.
ის იაფფასიანი სპეკულაციებით კონფლიქტის უფრო გამწვავებას ცდილობს, ლაპარაკობს საბრძოლო მოქმედებებში თურქეთის მონაწილეობაზე და თავად საერთაშორისო ტერორისტულ დაჯგუფება ASALA-ს (თავისუფლებისთვის მებრძოლი სომხეთის საიდუმლო არმია - ავტ.) იწვევს. სომხური მხარის ინსინუაციები ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, მით უფრო, რომ თავიანთი უპასუხისმგებლო განცხადებების გასამყარებლად არავითარი მტკიცებულებები არა აქვთ.
- სომხეთი არ გამორიცხავს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებას. როგორ ფიქრობთ, ეს ბაქოზე ზეწოლის ერთ-ერთი ბერკეტია? - როგორც უკვე აღვნიშნე, სომხეთმა ბოლო დროს ისეთი ურთიერთსაწინააღმდეგო და აბსურდული განცხადება გააკეთა, რომ მისი ხელმძღვანელობის ქმედებების გაანალიზება ძალიან რთულია, მათ შორის კლინიკური თვალსაზრისითაც.
შეუძლებელია მეზობელი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპირებული ნაწილის დამოუკიდებლობას აღიარებდე და თან ამბობდე, რომ ის შენი ქვეყნის ნაწილია. როგორც უნდა იყოს, ახლა აგრესორი აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალებისგან საკადრის პასუხს იღებს.
- არის თუ არა აზერბაიჯანი მზად იმ სცენარისთვის, თუ რუსეთი კონფლიქტში აშკარად ჩაერევა? - სანამ მოვლენათა განვითარების ჰიპოთეზურ სცენარს განვიხილავდეთ, უმჯობესია, უფრო ყურადღებით შევაფასოთ არსებული ვითარება:
როგორც რუსეთი, ასევე სხვა ქვეყნები ვითარების მშვიდობიანი გზით დარეგულირების მომხრენი არიან და შუამავლობის სურვილს გამოთქვამენ. გარე აქტორების შეიარაღებული ძალების ჩარევის შესაძლებლობა არ განიხილება. მით უფრო, რომ საერთაშორისო სამართლის თანახმად, ამაზე საუბარი უადგილოა.
კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო - აზერბაიჯანი იბრძვის თავის მიწაზე, თავისივე ტერიტორიის გასათავისუფლებლად.
- აპირებს თუ არა ოფიციალური ბაქო საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინადადების მიღებას აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლების თბილისში შეხვედრის შესახებ? - აზერბაიჯანულმა მხარემ პოზიცია უკვე დავაფიქსირეთ.
თუ სომხეთი თანახმა იქნება, ჩვენი ტერიტორიიდან ნებაყოფლობით გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები, მოლაპარაკებაში მონაწილეობისთვის მზად ვართ. თუმცა ისეთი შინაარსის მოლაპარაკებას, რომელიც ოკუპაციის გაგრძელების სურვილით ინიღბება, ჩვენ არ დავთანხმდებით.
ეს არის აზერბაიჯანელი ხალხის ნება და ასეთია სახელმწიფოს პოზიცია.