"რატომაა სააკაშვილის პარტიის პოლიტიკაში დარჩენა რუსეთისთვის სულერთი... "საით მივყავართ "ოცნებას" - როგორ ეხმაურება რუსული მედია ქართულ არჩევნებს
საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებსა და ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ პირველად შედეგებს რუსული მედიასაშუალებები ეხმაურებიან. გთავაზობთ ამონარიდებს რამდენიმე მათგანიდან:
რუსული გაზეთის - "მოსკოვსკი კომსომოლეცის" ("Московский комсомолец") დღევანდელ, ორი ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "მიხეილ სააკაშვილის პარტია პოლიტიკაში დარჩა: რატომაა ეს ამბავი რუსეთისთვის "სულერთი" // თბილის-მოსკოვის ურთიერთობა ისეთ საფლობშია, საიდანაც გამოსვლა შეუძლებელია" (ავტორი მიხეილ როსტოვსკი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
"ვინც ქართველის ბუნება იცის, მას ისიც ეცოდინება, თუ რა მოჰყვება ამ არჩევნების შედეგებს - დაიწყება დაძაბულობა ქუჩაში შეტაკებების რისკით, მიტინგები და კონტრპროტესტები... როგორ მოქმედებს ეს რუსეთის ინტერესებზე? შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ - არანაირად. დიახ, ემოციურად ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის პარტიის ნებისმიერი წარმატება უსიამოვნოა, მაგრამ ლოგიკით - ყველაფერი ცოტა სხვანაირად ჩანს...
აშშ-ის ექსსახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ცხრა წლის წინათ გამოქვეყნებულ წიგნში თავისი ბიოგრაფიის საკმაოდ პიკანტურ ეპიზოდს აღწერს: თურმე, ჯერ კიდევ ახალგაზრდა კონდი - ამერიკელი "სოვეტოლოგი" მოსკოვში ყოფნისას კუტუზოვის პროსპექტზე, ერთ "გასაცოდავებულ" საბჭოურ სასტუმროში დაბინავდა. ვახშმიდან დაბრუნებულ კონდოლიზას სართულის მორიგე გაბრაზებული დახვდა: როგორც აღმოჩნდა, ამერიკელ ქალზე ვიღაც ქართველებს რაღაცის გაგება უნდოდათ. ახლა კი გეკითხებით - როგორ ფიქრობთ, რომელი თეზისის დასამტკიცებლად იხსენებს ამ ეპიზოდს მომავალი სახელმწიფო მდივანი? გთხოვთ, არ აღელდეთ: კონდოლიზა რაისის აზრით, "ეს ფაქტი იმის ილუსტრაციაა, თუ როგორ ირაციონალურ სიძულვილს განიცდის ბევრი რუსი ადამიანი ქართველი ხალხის მიმართ".
სიცილი სიცილად, მაგრამ როცა კონდოლიზა რაისი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გახდა და მიხეილ სააკაშვილთან ტანდემში მოქმედებდა, მან შეძლო, დიდი ხნით დაესამარებინა მოსკოვსა და თბილისს შორის პოლიტიკური ურთიერთობის გაუმჯობესების შესაძლებლობა. რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომიდან უკვე თორმეტ წელზე მეტი დრო გავიდა, მიხეილ სააკაშვილი და მისი თანაპარტიელები საქართველოს ხელისუფლებაში უკვე რვა წელიწადია, აღარ არიან, მაგრამ მოსკოვ-თბილისის პოლიტიკური კავშირები ისევ გაყინულია, დიპლომატიური ურთიერთობა არ აღდგენილა.
საქართველოს დღევანდელი ფაქტობრივი ხელმძღვანელი - ბიძინა ივანიშვილი რუსეთის ფინანსური სისტემის შემადგენელ ნაწილად ითვლება (ითვლებოდა). მაგრამ, როგორც განვლილმა პერიოდმა გვაჩვენა, რუსეთთან ყველაზე მეგობრულად განწყობილ თბილისელ ლიდერსაც კი არ აქვს მოსკოვთან მიმართებით მანევრის განხორციელების თავისუფლება, მისი მოქმედების არეალი მკაცრად არის განსაზღვრული. ბიძინა ივანიშვილმა ბევრი რამ გააკეთა ეკონომიკური კავშირების განახლების სფეროში, მაგრამ როგორც კი საქმე შეეხო გაუბედავ და თითქმის შეუმჩნეველ ნაბიჯებს პოლიტიკური ხიდის აღდგენის თვალსაზრისით, საქართველოს ჩრდილოვანი ლიდერი ჩიხში შევიდა. შარშანდელმა ანტირუსულმა კაზუსმა, რომელიც რუსი დეპუტატის საქართველოს პარლამენტში გამოჩენამ გამოიწვია, ერთი რამ გვაჩვენა: მიხეილ სააკაშვილის მომხრეები, რომლებიც ხელისუფლებას დე იურედ თითქოსდა ჩამოშორებულები არიან, დე ფაქტოდ მაინც შეუძლიათ ვეტო დაადონ მოსკოვთან პოლიტიკური კავშირების განახლებას.
საქართველოში დღემდე არ არის მთლიანად ამოძირკვული ძალისმიერი სახელმწიფო გადატრიალებების ტრადიცია; საქართველოში დღემდე ძალიან ძლიერია ქუჩური პოლიტიკის როლი. ეს ყველაფერი ერთად არავითარ შანსებს არ ტოვებს, რომ თბილისმა ახლებურად შეხედოს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის სტატუსს. იქმნება "მოშავო შეფერილობის" იუმორისტული ვითარება: კრემლისთვის, პრინციპში, უკვე სულერთია, თუ ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში.
და მაინც, მოდი, უკიდურესად არარეალისტური ვარიანტი განვიხილოთ: ვთქვათ, საქართველოს სრულუფლებიანი ლიდერი ისევ მიხეილ სააკაშვილი ხდება. განა რის გაკეთება შეუძლია მას რუსეთის საზიანოდ? დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა? - არ გამოვა, დიპლომატიური კავშირები დიდი ხნის წინათ მან თვითონ დაარღვია. სავიზო რეჟიმის დაწესება რუსეთის მოქალაქეების მიმართ? - დააწესოს და, მერე რა? პანდემია გადაივლის, რუსი ტურისტები ორიენტაციას სხვა ქვეყნებისკენ მიმართავენ. ალბათ, ხვდებით, თუ როგორ "მოიგებს" ამით ქართული ტურისტული ბიზნესი. და რა დარჩება მიხეილ სააკაშვილს ანტიკრემლური ზომების ყულაბაში - ნატოში გაწევრება? - არ გამოუვა: სამხედრო ბლოკში ისეთ ქვეყნებს არ იღებენ, რომლებსაც მეზობლებთან ტერიტორიული პრობლემები არ აქვთ მოგვარებული; აფხაზეთთან და "სამხრეთ ოსეთთან" ახალი ომის დაწყება? - საეჭვოა, რომ საქართველოში ვინმეს 2008 წლის "სასიამოვნო გამოცდილების" გახსენება სურდეს... და თუ ჩემს სეხნიას - მიხეილს ასეთი სურვილი გაუჩნდება, ისიც ისევე დასრულდება, როგორც 2008 წელს დასრულდა. რასაკვირველია, მას შეუძლია ტელეარხი გახსნას და დღედაღამ რუსეთის პრეზიდენტი და მისი ნათესავები ლანძღოს, მაგრამ როგორც შარშანდელმა ამბებმა გვაჩვენა, კრემლმა უკვე ისწავლა მსგავს ლაზღანდარობაზე ეფექტურად რეაგირება.
ჰოდა, გამოდის, რომ კრემლმა შეიძლება საერთოდ იგნორირება მოახდინოს თბილისში ხელისუფლების ცვლაზე და მას ყურადღება არ მიაქციოს. ამით [ზოგიერთი ქართველის] საუკუნოვანი ოცნებაც ასრულდება. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რეალური "ქართული ოცნება" სრულიად სხვაა... (წყარო)
--------------
გაზეთ "კომერსანტში" ("Коммерсантъ") დაბეჭდილია სტატია სათაურით - "ოცნება" ჯერ კიდევ ცოცხალია: ბიძინა ივანიშვილის პარტია დასუსტდა, მაგრამ ხელისუფლება მაინც შეინარჩუნა" (ავტორები - გიორგი დვალი და კირილე კრივოშეევი). პუბლიკაციაში ფართოდაა გადმოცემული არჩევნების პერიპეტიები, ქართველ პოლიტიკოსთა განცხადებები, ოპოზიციის გეგმები, მათ შორის - ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პერსპექტივაც. "კიევში მცხოვრებ მიხეილ სააკაშვილს უფრო მასშტაბური გეგმები ჰქონდა, ვიდრე - შორიდან საპარლამენტო უმცირესობის ხელმძღვანელობა. მან ჯერ კიდევ 31 ოქტომბერს, არჩევნების დროს განაცხადა, "ჩამოვალ და ოპოზიციის მოქმედებას კოორდინაციას გავუწევო", მაგრამ მის გეგმებს ასრულება არ უწერია.
მმართველ პარტიას არჩევნებში გამარჯვება პირველმა მეზობელი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა - ილჰამ ალიევმა მიულოცა, მოსკოვმა კი "ქართული ოცნების" წარმატებისადმი ინდეფერენტულობა გამოამჟღავნა. ფედერაციის საბჭოს წევრის, კონსტანტინე კოსაჩევის თქმით, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს რუსეთისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. (წყარო)
----------------
გაზეთ "იზვესტიაში" ("Известия") დაბეჭდილია ვრცელი პუბლიკაცია სათაურით - "საით მივყავართ "ოცნებას": რას უნდა ველოდოთ საქართველოს ახალი მთავრობისგან? // არჩევნების შედეგები რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების იმედებს არ გვაძლევს" (ავტორები - მარია ვასილიევა და ალექსეი ზაბროდინი). ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებთან და პოლიტიკოსთა განცხადებებთან ერთად, სტატიაში რუსი ექსპერტ-პოლიტოლოგების კომენტარებიცაა მოცემული.
მოსკოველი ექსპერტი, კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი დენის დენისოვი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პერსპექტივის თაობაზე საუბრობს: "ამ პოლიტიკოსის სახელთან ისეთი ფანტასტიკური მოვლენებია დაკავშირებული, რომელზეც ათი წლის წინათ ლაპარაკი წარმოუდგენელი იყო. ადამიანი, რომელიც უკრაინის სახელმწიფოს ჩინოვნიკია, საქართველოში პოლიტიკურ პარტიას ხელმძღვანელობს; ეს არის ადამიანი, რომლის წინააღმდეგ მრავალი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული... ამჟამად მიხეილ სააკაშვილს აღარ აქვს ისეთი რესურსი, რომ მან "ვარდების რევოლუციის" გამეორება მოახერხოს".
როგორ განვითარდება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა? - ამ კითხვაზე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - ვიქტორ ვოდოლაცკი პასუხობს: "დიალოგი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც ეს თვითონ მოსახლეობას, ხალხს სურს, მაგრამ როცა ქართველი ხალხი [მნიშვნელოვანი ნაწილი] ხმას პროვოკატორ მიხეილ სააკაშვილის პარტიას აძლევს, ურთიერთობის პოზიტიური ცვლილებისთვის წანამძღვრები არ არის. მართალია, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს რუსეთთან მეგობრული დამოკიდებულების აღდგენა უნდა, მაგრამ დასავლეთის დღევანდელი პოლიტიკა - სოციალური ქსელებისა და არასამთავრობოების მეშვეობით - მათ ტვინს ურეცხავს და რუსეთის მიმართ მტრობის განწყობას უნერგავს. დასავლეთს არ სურს, რომ ორი ტრადიციული მეზობლის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები განვითარდეს, ევროპელებს საქართველოს გაძლიერება კი არა, რუსოფობიის გაძლიერება სურთ. დასავლეთის ფულით მხოლოდ ხელისუფლების ზედა ნაწილი სარგებლობს, რიგითი მოქალაქე კი ბევრს ვერაფერს იღებს. ასე რომ, დღევანდელი მდგომარეობა კიდევ რამდენიმე წელიწადს გაგრძელდება, შემდეგ კი, ნელ-ნელა შეიცვლება უკეთესი კუთხით". (წყარო)
მოამზადა სიმონ კილაძემ