დათო მაღრაძე: "მიშას ახლა ისღა დარჩენია, აღმართოს პლაკატი წარწერით: "ძირს ბუში!"
"მათი ყველა ცდა ფუჭია და მარცხისთვის არის განწირული, რადგან ახლა, ამ ბოლო დღეებში, თავიანთი ქმედებებით ყველაფერი გამოააშკარავეს. ხელისგულზე დევს, ვის რა ამოძრავებს, ვინ რითი სუნთქავს..."
პოეტი დათო მაღრაძე ყურადღებით ადევნებს თვალს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ პროცესებს და თავის შეხედულებებს "კვირის პალიტრას" ხშირად უზიარებს. თუმცა, სანამ აქტუალურ საკითხებზე გადავალთ, შემოქმედებითი სიახლეებიც გაგვაცნო: "პანდემიის პერიოდში იორდანიაში არაბულად ითარგმნა და "Al Sharg Printing Press"-მა გამოსცა პოემა "ჯაკომო პონტი", ხოლო Ginius-მა - თურქულად წიგნი "უსადაურო"; გამოქვეყნდა ახალი ნაწარმოებიც, "ბარაქიანი მიწა", რომელიც პანდემიის პერიოდში ითარგმნა და უკვე გამოცემულია ინგლისურ, იტალიურ და რუსულ ენებზე. ინგლისურ "ბარაქიან მიწას" მოჰყვა ინგლისური ჟურნალ "Poetry on the Lake"-ისა და UNESCO-ს კომიტეტის პრიზი "ვერცხლის დრაკონი". ნაწარმოები თარგმნილია შვედურ ენაზე და საშობაოდ სტოკჰოლმში შვედი მკითხველის წინაშე წარდგება. შვედმა პოეტმა კრისტიან კარლსონმა ის ასე შეაფასა: "პოეტი დათო მაღრაძე ელიოტის უნაყოფო მიწაზე თავის ბაღს აშენებს და ამას აკეთებს ვოლტერის კანდიდისთვის დამახასიათებელი ორაზროვნებით".
- სანამ მიმდინარე პროცესებზე ვისაუბრებ, უპირველესად მშობლიურ ენაზე, მშობლიურ სივრცეში გამოცემის მნიშვნელობაზე ვისაუბრებ. მადლიერი ვარ გამომცემლობა "ფავორიტის", რომელმაც ქართულ ენაზე ძალზე მაღალპოლიგრაფიულად გამოსცა ჩემი წიგნი, მადლობას ვუხდი ივანე თევდორაშვილსაც. სანამ ფესტივალზე "ვერცხლის დრაკონის" მისაღებად წავიდოდი, წიგნი "ბარაქიანი მიწა" საქართველოში, წინანდალში წარვადგინე. შემთხვევით არ შემირჩევია ეს ადგილი, რომელსაც "სილქროუდ ჯგუფი", ასევე, გიორგი რამიშვილი და გიორგი ხარაბაძე მესვეურობენ. მათი ძალისხმევით ერთ დროს გავერანებული ჭავჭავაძის მამული ახლა ერთ-ერთი საუკეთესო სავანეა. მუზეუმის მაღალი დონის რესტავრაციისა და მემორიალური ღირებულებების გარდა, მათ იქაურობას მუსიკისა და პოეზიის ფესტივალებით თანამედროვე, საინტერესო ცხოვრება შესძინეს. ახლა იქ წარსულისა და აწმყოს დიდებული ჰარმონიაა. ამიტომ გადავწყვიტე ჩემი წიგნის პირველად იქ წარდგენა. მადლობა, რომ ეს აღნიშნა თქვენმა გამომცემლობამ, რომელიც ყოველთვის დიდ ყურადღებას იჩენს ჩემი შემოქმედებითი გამარჯვების მიმართ...
რაც შეეხება მიმდინარე პროცესებს, შევეცადოთ მთავარი გამოვარჩიოთ, რადგან მასზე ყურადღებაა გასამახვილებელი - ეს არის სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებული ცვლილებები. ვგულისხმობ სომხეთ-აზერბაიჯანის ომს, რომელსაც რეგიონში რუსეთის გაზრდილი გავლენა მოჰყვა... ეს რეალობა და მისგან მომდინარე საფრთხეები ყველამ კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ - რუსეთის სამხედრო ძალის კავკასიაში დამატებით განლაგება შემთხვევითი არ არის. ყველასთვის ცნობილია, რომ ჩრდილოეთ კავკასიას რუსეთის სამხედრო ძალები სრულად აკონტროლებენ, რაც შეეხება სამხრეთ კავკასიას, ისინი საქართველოს ტერიტორიაზეც არიან: ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში, ქსნის ხეობაში, ახალგორის რაიონში, რომელიც გორის ტრასიდანაც კი ჩანს შეუიარაღებელი თვალით; ასევე, სომხეთში, გიუმრის ბაზაში, და ახლა უკვე აზერბაიჯანშიც.
რუსეთის იმპერიის დროს მათ ერთი პრემიერ-მინისტრი ჰყავდათ, გვარად ვიტე, რომელსაც დაწერილი აქვს ძალზე საგულისხმო წიგნები და ერთ-ერთი ნაწილი მთლიანად კავკასიას ეხება. მისი მოსაზრებით, რუსეთის ძველისძველი სტრატეგია არის კავკასიის მთაგრეხილზე ხურჯინის გადაკიდება, ანუ მის ორივე მხარეს რუსეთი უნდა იდგეს. ეს იმიტომ გავიხსენეთ, რომ ბრძოლის ტექნოლოგია იცვლება, თუმცა შინაარსი, მიზანი და სტრატეგიული მიმართულება იგივე რჩება.
ადრეც შევახსენე თქვენი გაზეთის ფურცლებიდან მკითხველს, რომ ევრაზია განსხვავებული სამყაროა, აქ ერთ წუთში შეიძლება ისტორია დატრიალდეს და ამერიკის მტკიცე მხარდაჭერა და მთავარი სტრატეგიული პარტნიორობა რომ არა, შესაძლოა ერთ გაელვებაში ერეკლე II-ის დილემის წინაშე აღმოვჩნდეთ. ეს რომ ასეა, ახლა კიდევ უფრო ნათელი შეიქნა, რადგან რუსეთის სამხედრო ძალა სამხრეთ კავკასიაში გაძლიერდა.
- ზოგმა ეს რეალობა გასული საუკუნის 20-იანი წლების დამდეგსაც კი შეადარა. - ყველას აქვს პარალელის გავლებისა და მსგავსების პოვნის უფლება, მაგრამ მე ასეთ პესიმისტურ სურათს არ ვხედავ. ჯერ ერთი, მაშინ აშშ არ იყო ასე დაინტერესებული სამხრეთ კავკასიითა და კერძოდ, საქართველოთი, შესაძლოა იმიტომაც, რომ მაშინ ეს სახელმწიფო ასეთი ძლიერი არ იყო, როგორც ახლაა. გარდა ამისა, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მარშრუტში საქართველოს გაჩენა ნიშნავს, რომ ამერიკა არ აპირებს კავკასიის რეგიონისა და კონკრეტულად, საქართველოსთვის ზურგის შექცევას. პირიქით, საქართველო და მასთან ერთად კავკასიაც აშშ-ის ყურადღების ცენტრშია მოქცეული. ახლა საქართველოა მისი ყველაზე მტკიცე და საიმედო პარტნიორი კავკასიაში, რასაც ძალიან ბრძნულად და შემართებით უნდა მივუდგეთ. ეს ჩვენი უპირველესი მოვალეობაა, რადგან ამას ითხოვს საქართველოს მოსახლეობა. ვფიქრობ, თანდათან ყველაფერს გადავლახავთ. რაც მთავარია, რევოლუციური პროცესები ჩავარდა და მასთან ერთად დასრულდა ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობაც. ე.წ. ლიბერალური ფრთის ნაწილმა ამ სცენარს დაუჭირა მხარი, რაც ძალზე გამიკვირდა. ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ - მთავარი ის კი არ არის, თავიანთ ოფისებს რას მიაწერენ, მთავარია, რა პოზიცია აქვთ სინამდვილეში, ანუ საქმემან შენმან წარმოგაჩინოს და არა იმან, რაც დეკლარირებულია. მთქმელი სათქმელს უნდა ჰგავდეს, აი, მაშინ იმსახურებს მოსახლეობის ნდობას და ამართლებს იმ სათაურს, რომელიც დაირქვა.
როცა საერთაშორისო საზოგადოებრიობამ, აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნების საელჩოებმა, ყველამ, აღიარა, რომ ხარვეზების მიუხედავად, არჩევნები კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა, მაინც რადიკალურ ტენდენციებს მიმართავენ და ჯიუტად აცხადებენ, პატივს გცემთ, მაგრამ თქვენს არც ერთ რეკომენდაციას არ ვასრულებთ და თქვენს ჩამოსვლას ყვავილებით ვხვდებითო.
- პომპეოს ჩამოსვლის შესახებ ოპოზიციის განცხადებას გულისხმობთ, რომელსაც მათ განსხვავებული ფორმატის აქცია უწოდეს? - დიახ, როცა ოპოზიციის რადიკალური ფრთა რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს, მათ აზრს პატივს არ სცემს, რა მნიშვნელობა აქვს, ყვავილებს დაიჭერს ხელში თუ არა... ასე რომ, რევოლუციური სცენარის განვითარების გზაზე რადიკალური პოზიცია დაიკავა დეკლარირებულმა, სინამდვილეში, ფსევდოლიბერალური საზოგადოების ნაწილმა, რომელიც ლიბერალური ღირებულების ერთგული უნდა დარჩენილიყო, მაგრამ ისინი ხომ ყოველთვის სხვას ამბობენ და საქმით სხვას აკეთებენ. არადა, მთქმელი ნათქვამს უნდა ჰგავდეს, ამ დროს იბადება ნდობა.
- გრიგოლ ვაშაძემ მოუწოდა ოპოზიციურ პარტიებს, რომ პროცესები სასწრაფოდ მოლაპარაკების მაგიდასთან გადავიდეს და ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით შეიცვალოს. - მათი შიდა უთანხმოებები, ვის ვინ წაეკიდება ან ვინ ვის ეთანხმება, ჩემი ინტერესის საგანი არ არის, მათი გადასაწყვეტია.
მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელსაც არც ხელისუფლება მოსწონს და არც "ნაცმოძრაობა", მესამე ძალას მისცა ხმა, რათა პარლამენტში ავად თუ კარგად წარმოჩენილიყვნენ. მათი რჩეული პარტიები დიდი რეიტინგებით არ გამოირჩეოდნენ, მაგრამ ახალი ძალის გაჩენის კონტურებს სთავაზობდნენ და ილუზიებს ქმნიდნენ. ახლა ამომრჩევლის ეს ნაწილი გაწბილებული დარჩა, რადგან პოლიტიკური სივრცე ისევ ორ ფერად გაიყო და პარტიის ლიდერებმა დელეგირება მიხეილ სააკაშვილს გადასცეს.
ამიტომ სააკაშვილსა და დღევანდელ ვითარებაზე მსურს ვთქვა - როგორც მახსოვს, მას უტყუარი პოლიტიკური ყნოსვა ჰქონდა. როგორც ჩანს, ტყუილად დაიბრალა, "კოვიდ-19" დამემართაო, სინამდვილეში პოლიტიკური "კოვიდი" დაემართა და ალღოც დაკარგა, რაც დეგრადაციას იწვევს. ამიტომაც ამერიკის სახელმწიფო პოზიციას არათუ ასცდა, ანტიამერიკული პროპაგანდაც წამოიწყო, როცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საელჩოების წინააღმდეგ წავიდა. ახლა იმდენად კომიკურ მდგომარეობაშია, ისღა დარჩენია, აღმართოს პლაკატი წარწერით: "ძირს ბუში!" ძალიან კარგია, რომ მათ ანტიამერიკულ ქმედებებს ბაიდენიც ისევე პასუხობს, როგორც ტრამპი პასუხობდა. მათ პოლიტიკურ კუნტრუშს ყველა ასე უპასუხებს.
ასე რომ, ძალადობრივი პროცესი არ გამოუვიდათ, რაშიც, ვფიქრობ, ჩემი მოკრძალებული წვლილიც შევიტანე. დანარჩენი, შიდა პროცესი, უკვე თვითონ გაარკვიონ სახელისუფლებო პოლიტიკოსებთან ერთად. ახლა მთავარია, ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა, რათა სინათლეზე გავიდეთ.
საზოგადოების დიდი ნაწილი მათ არ აჰყვა, რითაც აჩვენა, რომ ნებისმიერი ცვლილება მშვიდობიანი გზით სურს. ამერიკის, ევროკავშირის ქვეყნებისა და სხვადასხვა საერთაშორისო მისიის დაკვეთაა მშვიდობიანი განვითარება, რაც თანხვედრაშია ქართველი მოსახლეობის უმეტესობის განწყობასთან. როცა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მუდმივად გვირჩევს ქვეყნის მშვიდობიანად განვითარებას, მგონი, ძნელი მისახვედრი არ არის, ვის აძლევს ხელს არეულობა - ცხადია, სააკაშვილს, მაგრამ რადგან რევოლუციური სცენარი ჩავარდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებმა უნდა გამოიძიონ, აქ ვინ ასრულებდა მის დავალებას. სააკაშვილმა ჯერ ისიც ვერ გაარკვია, რომელია მისი სამშობლო, ხან უკრაინას აცხადებს, ხანაც საქართველოს. ბანგლადეშის პრეზიდენტობას თუ შეჰპირდებიან, იმ წუთიდან ისიც მისი სამშობლო გახდება.
მათი ყველა ცდა, როგორც უნდა შეფუთონ და რაც უნდა დაარქვან აქციას, კეთილგანწყობილი თუ პირიქით, პროვოკაციული და რადიკალური, ფუჭია და მარცხისთვის არის განწირული, რადგან ახლა, ამ ბოლო დღეებში, თავიანთი ქმედებებით ყველაფერი გამოააშკარავეს. ხელისგულზე ძევს, ვის რა ამოძრავებს, ვინ რითი სუნთქავს. მთავარია, საქართველოს მოქალაქემ იგრძნოს, რომ მას ჰყავს ხელისუფლება და ცხოვრობს სახელმწიფოში.
- აქვს ამის რესურსი ხელისუფლებას, რომელიც არც თუ იშვიათად შეცდომას უშვებს? მაგალითად, 12 ნოემბერს ხელისუფლების პირველი პირები საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო მატჩს ესწრებოდნენ მაშინ, როცა გარეთ გულშემატკივრები დააჯარიმეს. ზოგმა ჯორჯ ორუელის ნაწარმოებიდან ცნობილი ფრაზაც კი გაიხსენა: "ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი ცხოველი უფრო თანასწორი". - ამ ფაქტის შესახებ თქვენგან ვიგებ, მაგრამ რეგულაციები ხელისუფლებამ, ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამაც ერთნაირად უნდა დავიცვათ. პანდემიისას ერთმანეთის წინაშე ყველა ერთნაირად ვართ პასუხისმგებელი. უბრალოდ, მიმაჩნია, რომ ეს არ არის იმ რეგისტრის თემა, რომელზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ.
უდავოა, რომ ხელისუფლებას ჰქონდა და ახლაც აქვს გადაცდომები, რასაც ზოგჯერ ახსნა-განმარტებასაც აყოლებენ, რაც ნაკლებად გამართლებულია, რადგან სხვადასხვა ასპექტში ნამდვილად ცდებიან. განსაკუთრებით გამოვარჩევდი იმას, რომ ის გაემიჯნა სამართლიანობისთვის მებრძოლ საზოგადოებას და სწორედ ეს შეცდომები მიიჩნია ძველმა ხელისუფლებამ თავისი მორალური ლეგიტიმაციის საფუძვლად.
მე მათი შეცდომების ჩამოთვლასაც არასდროს მოვრიდებივარ. მეტიც, მთელი სიმძაფრით ვაყენებდი დღის წესრიგში მათ შეცდომებსა და გადაცდომებს, კონფლიქტიც მქონია და პასუხად ცილისწამების ნიაღვარიც მივიღე, ივანიშვილს ჩემი ლანძღვით ეპრანჭებოდნენ. ეს ყველაფერი ჩემი ბიოგრაფიიდან არასდროს გაქრება, მაგრამ ახლაც იმავე აზრზე ვარ, რომ მათი შეცდომები სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობის მოხსნის უფლებას არ მაძლევს და ვფიქრობ, არც სხვებს უნდა აძლევდეს.
შეცდომაზე მცდარი პასუხით არასდროს მიპასუხია, არც ვინმეს უპირობო მხარდამჭერი ვიქნები - ნებისმიერ ძალას გავაკრიტიკებ, ოღონდ ისე, რომ ჩემი ქვეყნის ხვალინდელი დღე არ დავაზიანო, მით უფრო ახლა, როცა კავკასიის რეგიონში რუსული ჩექმა ისევ მოძლიერდა და ყველაფერი ჩვენს მოთმინებაზე, წინდახედულებასა და ქვეყნის გულწრფელ სიყვარულზეა დამოკიდებული. როდესაც ქვეყანას გადამწყვეტი მომენტი უდგას, პირად და თუნდაც პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა უნდა დავდგეთ. ეს არის ერთგვარი გამოცდა, რასაც ახლა პოლიტიკური სპექტრი გადის.