"ფეხშიშველსაც მითამაშია, რეზინის ბოტებითაც...ბიჭები უჩემოდ ფეხბურთის სათამაშოდ არ დადიოდნენ" - რას ყვება გოგონა, რომლის გოლითაც ქართული კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს
19 ნოემბერს რუმინეთის ქალაქ კლუჟში საქართველოს ჩემპიონ ქალთა საფეხბურთო გუნდი "ლანჩხუთი" რუმინეთის ჩემპიონ "კლუჟს" დაუპირისპირდა და ხატია ჭყონიას გატანილმა გოლმა გუნდს დიდი გამარჯვება მოუტანა. მანამდე ჩვენებმა ყაზახეთის ძლიერი გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხეს და იქაც ორივე გოლის ავტორი ხატია ჭყონია იყო. როგორც მწვრთნელი ამბობს, რუმინეთის გუნდთან ბრძოლა არ იყო ადვილი, მაგრამ გოგონებმა ეს შეძლეს.
პირველივე ტაიმში მარიამ კალანდაძემ მოახერხა ბურთის გატანა, თუმცა გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და ეს გოლი არ ჩაუთვალა გუნდს. ამ მომენტიდან 1 წუთში ლანჩხუთელთა ლიდერ ხატია ჭყონიას მიეცა ბურთის გატანის კიდევ ერთი შანსი, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი ამჯერად ძელს მოხვდა. თამაშის მეორე ნახევარში, 68-ე წუთზე ხატია ჭყონიამ ირინა ხაბურძანიას გრძელი გადაცემა მიიღო, მეტოქეს გასცდა, მოწინააღმდეგის მეკარის პირისპირ გავიდა და გამარჯვების გოლიც გაიტანა.
ამ მოგებით გუნდი ახალ ეტაპზე გადავიდა. წილისყრა 24 ნოემბერს უეფას ოფისში გაიმართება. იმ ფონზე, როდესაც ქართველმა მამაკაცმა ფეხბურთელებმა გულშემატკივრებს გული დასწყვიტეს, ლანჩხუთელი გოგონების მოპოვებულმა გამარჯვებამ მართლაც მთელი დუნია გაახარა და დღეს ყველა ამ გოგონების გამარჯვებაზე ლაპარაკობს. გამარჯვებული გოგონები სამშობლოში დღეს, 5 საათზე დაბრუნდებიან და, ალბათ, ქართველი გულშემატკივარი მათ დიდი ოვაციებით დახვდება. წინ ახალი ეტაპია და ჩვენს გოგონებს გამარჯვებას ვუსურვებთ.
გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს გუნდის ბომბარდირთან, გოლის ავტორ ხატია ჭყონიასთან, რომელიც თავის ცხოვრებაზე, კარიერასა და დიდ გამარჯვებაზე გვიამბობს.
- ხატია, თქვენ და მთელ გუნდს გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას, გურულმა გოგონებმა მართლაც გადარიეთ მთელი საქართველო, რას განიცდით?
- ყველანი საოცრად გახარებულები ვართ, რადგან საკმაოდ ძლიერი მეტოქე გვყავდა და თამაშიც გადამწყვეტი იყო. ჩვენ ეს შევძელით. მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, მართლა ბევრი სითბო და მოლოცვები მოდის. ამდენი ემოცია, ამდენი სიხარული და ამხელა კომპლიმენტები არასოდეს მიმიღია. ჯერ ყველას ვერ გავეცი პასუხი და ერთი მოლოცვაც არ მინდა, ყურადღების გარეშე დავტოვო. მთელი ღამე არ მიძინია, ამ ემოციებით ისე ვიყავი დატვირთული. მთელი გუნდი გახარებულია.
- თქვენზე გვიამბეთ, გურული ხართ? რამდენი ხანია, რაც ფეხბურთს თამაშობთ?
- ქობულეთელი ვარ, მაგრამ წარმოშობა მაქვს ჩიბათიდან. ბავშვობიდან ვთამაშობ ფეხბურთს. 13 წლის ვიყავი, ნაკრებში პროფესიონალური თამაში რომ დავიწყე, მანამდე იყო სკოლის გუნდები, პატარ-პატარა ჩემპიონატები. რადგან კარგად ვთამაშობდი, ზურაბ კახიძემ ჩემ გამო მაშინ გოგონების საფეხბურთო გუნდი გააკეთა. მას მერე მოვყვები ფეხბურთს. მერე ბათუმში გადავედი, თბილისის გუნდთანაც მომიხდა შეხვედრა და ნაკრებმა რომ დაინახა ჩემი მონაცემები, ამიყვანა კიდეც. მერე 10 წლით თურქეთში ვიყავი და თურქულ გუნდებში ვთამაშობდი. ერთი წელია, რაც, ოჯახური პირობების გამო, საქართველოში მომიხდა დაბრუნება. ახლა ლანჩხუთის "გურიაში" ვთამაშობ.
- რატომ აირჩიე ლანჩხუთის გუნდი?
- შემოთავაზება სხვა გუნდებიდანაც იყო - თბილისიდან, ბათუმიდან. იმ სეზონში ყველაზე ძლიერი ლანჩხუთი იყო, ვხედავდი, ჩემპიონობისთვის იბრძოდნენ და ვიფიქრე, მეც დავემატები მათ, ძლიერი გუნდია-თქო. ყველას კარგი გუნდი უნდა და მეც ასე გადავწყვიტე. თანაც - მაინც ჩემი მხარეა.
- როგორ მიგიღეს გუნდის გოგონებმა?
- ძალიან სასიამოვნოა მათთან ურთიერთობა, ასე კარგად თავი არასოდეს მიგრძნია. მე მაინც მქონდა დიდი გამოცდილება და გამოუცდელები ვინც იყვნენ, რჩევებსაც ვაძლევდი და ძალიან მსიამოვნებდა ეს. პატარა რომ ვიყავი, სხვებისგან სულ ვსწავლობდი, სულ ძიებაში ვიყავი. მწვრთნელები ძალიან გვაფასებენ და ვფიქრობ, მათი იმედები გავამართლეთ. დიდი მადლობა თითოეულს, მათ გარეშე ვერაფერს მივაღწევდით.
- რატომ გადაწყვიტე ფეხბურთელობა და როგორ შეხვდა ამას ოჯახი?
- პატარა ასაკიდან სულ ბიჭებთან ერთად ვთამაშობდი ფეხბურთს. ფეხშიშველსაც მითამაშია, რეზინის ბოტებითაც. ბურთს რომ დავინახავდი, სულ მინდოდა, მეთამაშა. მამა ფეხბურთელი იყო და მამისგანაც მქონდა მხარდაჭერა, რადგან მონაცემები რომ მქონდა, ხედავდა და ყველა ვარჯიშზე მომყვებოდა. დედა წინააღმდეგი იყო, - გოგო ხარ, გაიზრდები და ეს არ მოგეწონება, თანაც ტრავმები გექნება, გეტკინება და ამ ტკივილებს ბიჭებივით ვერ გაუძლებო. ძალიან წინააღმდეგი იყო, მაგრამ რომ შეხედა, ფეხბურთს არ ვეშვებოდი, დედაც დანებდა. ახლა მეუბნება, კიდევ კარგი, არ დამიჯერეო.
- აღნიშნეთ, პატარაობისას ბიჭებთან ვთამაშობდიო, ხშირად ბიჭები გოგონებს კარში აყენებდნენ, შენც მეკარე იყავი? - არ ვიცი, რატომ, მაგრამ ყველას ბიჭად მივაჩნდი. ბიჭები ჩემ გარეშე ფეხბურთის სათამაშოდ არ დადიოდნენ. შემომძახებდნენ და მეც დედაჩემს ვეპარებოდი. სულ ძირითადში ვთამაშობდი და არც კარში ვიდექი, თავდამსხმელი ვიყავი და კარში უფრო პატარა ბიჭებს ვაყენებდით.
- თანატოლი გოგონების დამოკიდებულება როგორი იყო?
- როცა გაიგეს, ფეხბურთი მიყვარდა, სკოლის ტურნირები რომ ეწყობოდა, ბევრმა გადაწყვიტა, თვითონაც ეთამაშა. ჩემს საახლობლოში ბევრი გოგო ავიყოლიე. დღეს არცერთი არ არის ფეხბურთელი, მაგრამ მაშინ მოყვარული ფეხბურთელები იყვნენ.
- თურქეთის გუნდმა, ალბათ, დიდი გამოცდილება მოგცათ...
- საქართველოდან რომ წავედი, 2009 წელს, მაშინ აქ არანაირი სერიოზული ტურნირი არ იყო, გარდა შიდა ტურნირებისა. არც განვითარების პერსპექტივა იყო და დაფინანსებაც არ გვქონდა. მაშინ მაია ჯაფარიძე იყო ჩვენი პირველი მწვრთნელი, მან დაგვანახა პირველად, რა იყო ფეხბურთელის ეკიპირება, როგორი იყო ბუცი, რა იყო "შიტოკი". თურქეთში რომ გადავედი, ქალთა ფეხბურთი იქ შედარებით განვითარებული იყო, ჩემპიონთა ლიგაც დაწყებული ჰქონდათ. საქართველოში რომ დავბრუნდი, აქ უკვე სულ სხვა სიტუაცია დამხვდა, რადიკალურად შეცვლილი და ეს ძალიან გამიხარდა. დღეს ბევრი ახალი მოთამაშე გოგონა გვყავს, ახლა გავიცანი. ძალიან კარგად თამაშობენ და, საერთოდაც, ბევრი კარგი ქალი ფეხბურთელია. არის დაფინასებაც და ეს წახალისებაც აძლევს ბავშვებს მოტივაციას, მათ, ვისაც გულით უყვარს ფეხბურთი.
- როგორც ჩანს, კარგი თავმდამსხმელი ხართ. სულ თავდასხმაში თამაშობთ?
- კი, სულ თავდამსხმელი ვარ. ათასში ერთხელ მითამაშია შუაში და დაცვაშიც.
- თურქეთის გუნდში შეძელით თავის დამკვიდრება?
- ერთი წელი ვიყავი ბომბარდირი, კარგად გამქონდა ბურთები და გუნდის ლიდერიც ვიყავი. ევროპის ჩემპიონთა ლიგაშიც ვითამაშე. მერე იყო მოწვევა სხვა გუნდებიდან, ცოტას ვყოყმანობდი, მაგრამ მაინც გადავედი, გუნდი შევიცვალე. როცა ქართველებთან ხარ ეს უკვე სულ სხვა სიტუაციაა. რადიკალურად შეცვლილია აქ ვითარება და მიხარია. ბევრი წარმატების იმედი გვაქვს.
- ხომ არ გქონდათ ისეთი მომენტი, როცა ფეხბურთისთვის თავის დანებება სცადეთ? - ეს მომენტი ერთხელ მქონდა, თურქეთში ყოფნის დროს. ოჯახური პრობლემებიც შემექმნა, ვეღარ ვთამაშობდი კარგად, რადგან მუხლის ტრავმაც მქონდა. მაშინ ჩემპიონ გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი და ვნერვიულობდი, ჩემს თავს და შესაძლებლობებს რომ ვერ ვაჩვენებდი და ვერ ვდებდი მაქსიმუმს. სულ ტრავმებში და პრობლემებში ვიყავი და ამას განვიცდიდი. ფეხბურთელისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, უნდა იყო ძლიერად, სხვა რაღაცებზე არ უნდა ნერვიულობდე. მაშინ მითქვამს, აღარ ვითამაშებ, დავიღალე-მეთქი. მაგრამ საქართველოში რომ ჩამოვედი, შემოთავაზება მივიღე, ვითარებაშიც გავერკვიე და ძალიან გამიხარდა, რომ ამ გუნდს შანსები ჰქონდა. თან საქართველოში ოჯახთან ახლოს ვიქნები-მეთქი და თავის დანებება გადავიფიქირე. კიდევ კარგი, თორემ ძალიან ვინანებდი.
- ტრავმა ხშირად გქონდათ?
- ხშირად არ მქონია ტრავმა. 31 წლის ვარ და 2-ჯერ მქონდა ისეთი ტრავმა რომ ვერ ვითამაშე. დრო გჭირდება რომ მოიშუშო, ამას საქართველოში ვახერხებდი, რადგან დროს მაძლევდნენ მოშუშებისთვის, მაგრამ თურქეთში ასე არ ხდებოდა. შენ უცხოელი ხარ, ფულს გიხდიან და ტრავმირებულმაც უნდა ითამაშო. მაინც გადიხარ მოედანზე, ამ დროს არ გინდა, გაგიმიზეზდეს და ცდილობ, თავი დაიცვა. მაინც გიწევს გასვლა და ეს ძალიან მოქმედებს ფსიქოლოგიურად. იქ ტრავმირებულსაც ბევრჯერ მითამაშია. თურქეთში თამაშმა პროფესიულად გამზარდა, ვისწავლე დისციპლინა, კვებისა და ძილის რეჟიმი და კარგად განვვითარდი.
- თქვენი ერთი დღე როგორია?
- დილის ძილი მიყვარს. აუცილებლად ვჭამ მოხარშულ კვერცხს, ჩემი საყვარელი საჭმელია. დილით ყავას ვსვამ. 5 საათზე გვაქვს ვარჯიშები და მერე ვისვენებთ. ლანჩხუთში ვცხოვრობთ, რეგიონებიდან ჩამოსულებისთვის კლუბს ნაქირავები აქვს დიდი სახლი და გოგონები იქ ვცხოვრობთ - ერთი თბილისიდან არის, 2 გოგო - ჩოხატაურიდან, 2 - სენაკიდან, მე - ქობულეთიდან. 6 გოგო ლანჩხუთელია.
- ამ ტურნირისთვის როგორ ემზადებოდით?
- ჩვენი ტრენერი სულ გვეუბნება, არ მინდა მოგება, მინდა, მოედნიდან ღირსეულად გამოვიდეთო და ეს სიტყვები არის მოტივაცია. როცა გეუბნებიან, უნდა გაიმარჯვო და დამარცხებული არ უნდა გამოხვიდეო, ეს ფსიქოლოგიურად მოქმედებს და ნერვიულობ. მაგრამ ჩვენი მწვრთნელის მიდგომა ამართლებს, უფრო თავისუფლად ხარ მოედანზე. საკმაოდ ძლიერი გუნდები იყო, საკმაოდ ძლიერი მოთამაშეები, ფიზიკურადაც და ფინანსურადაც, მაგრამ ჩვენ ეს გამარჯვება მოვიპოვე0თ.
-რა ემოციაა, როცა გადამწყვეტი გოლი გაგაქვს და ცვლი შენი გუნდის ისტორიას?
- როცა გოლი გამაქვს, მაშინ ამაზე არ მეფიქრება, არც იმაზე, რა მოვიგე. იმ მომენტში ემოციებსაც ვერ გამოვხატავ, მერე კი ძალიან მიხარია. ახლა ეიფორიაში ვარ. როცა გადამწყვეტ გოლი გაგაქვს, უფრო განსხვავებული გრძნობაა, თან როცა ასე ახარებ სრულიად საქართველოს და არა მარტო გუნდს. უამრავი ადამიანი გვილოცავს, არ წყდება მესიჯები, ასეთი შეფასებები და კომენტარები არასოდეს მქონია. მართლა ემოციებში ვარ. ყველას - მადლობა, ვცდილობ, ყველას პასუხი გავცე. ეს ძალიან სასიამოვნოა. ახლა გადავდივართ საკმაოდ ძლიერ ჯგუფში და ყველანაირად ვეცდებით, რომ კიდევ გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი. მეტს ვიმუშავებთ, რომ, როგორც ჩვენი ტრენერი ამბობს, ღირსეულად გამოვიდეთ მოედნიდან, დანარჩენი უფლის ნებაა. ჩვენ მაქსიმალურს ჩავდებთ, რომ იქიდანაც გამარჯვებულები დავბრუნდეთ. ახლა კენჭისყრას ველოდებით.
- გუნდი როგორ შეხვდა შენს გოლს?
- ასეთი სიხარული და ჩახუტება არასოდეს გვქონია. ისეც ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ ეს სულ სხვა სიხარული იყო - თითოეული ჩასახუტებლად და მოსალოცად რომ მოდის და ხედავ მის სიხარულის ცრემლნარევ თვალებს. ძალიან ბედნიერები ვართ.
- იმ ფონზე, როცა მამაკაცებმა წაგებით გული დაწყვიტეს ქართველ გულშემატკივარს, თქვენი - გოგონების გამარჯვება უფრო დიდ ემოციებს იწვევს ხალხში...
- ფეხბურთში არის შანსი და ის უნდა გამოიყენო. მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენი ფეხბურთელი ბიჭები ცუდები არიან. ასეთი მესიჯებიც კი მოვიდა, ბიჭებს ასწავლეთ ფეხბურთიო, ჩვენ ბიჭებისგან უნდა ვიღებდეთ მაგალითს, მათგან უნდა ვსწავლობდეთ, მაინც ბიჭური სპორტია. უბრალოდ, ვფიქრობ მათ არ გაუმართლათ, ჩვენ კი დავამტკიცეთ, რომ გოგონებსაც შეგვიძლია დიდი გამარჯვებები და გულშემატკივრების გახარება.
- როგორც ვიცი, დაოჯახებული არ ხართ. როდესაც ბიჭები იგებენ, რომ ფეხბურთელი ხართ, რას გეუბნებიან?
- ასეთი ემოციებია, - ვა, ფეხბურთელი ხარ, მეღადავები? გოგო ფეხბურთელი? ბევრი ფოტოებზე აკეთებს წარწერას: “გოგო უნდა იყოს კუხნაში“ - გვხვდება ასეთი კომენტარებიც, მაგრამ ახლა პირიქით არის, მგონი (იცინის). ფეხბურთის გარდა მე სხვა გატაცება არ მქონია. მიფიქრია იმაზეც, როცა თამაში აღარ შემეძლება, მერე რა უნდა ვაკეთო. ალბათ, მწვრთნელად ვიმუშავებ. ცე კატეგორიის ლიცენზია მაქვს და მინდა, ბეც ავიღო.
- ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს გამარჯვებას?
- 7 დედმამიშვილი ვართ, 6 და და ერთი ძმა. და მყავს ტყუპისცალი, ერთმანეთისგან განსხვავებულები ვართ - ის უფრო ლამაზია. ადრე ისიც დადიოდა ფეხბურთზე, მეკარე იყო, მაგრამ ძალიან ნაზი გოგოა. ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა და გათხოვდა. მე შევრჩი ფეხბურთს. ჯერჯერობით ოჯახის შექმნაზე არ მიფიქრია. ჩემი ძმაც დადიოდა ფეხბურთზე, მამას ძალიან უნდოდა, ფეხბურთელი რომ გამოსულიყო, მაგრამ ხომ იცით, ბიჭები ცოტათი ზარმაცები არიან და მან თავი დაანება ფეხბურთს. ოჯახის მხარდაჭერა ყოველთვის მქონდა, განსაკუთრებით - მამისგან. დედამიშვილებიც მხარს მიჭერენ. დები გათხოვილები არიან. როცა გადამწყვეტი თამაშებია, ყველა ერთად მამასთან იკრიბება და ერთად უყურებენ ჩემს თამაშს. გუშინაც ასე იყო.
- სიძეების ემოციები როგორია?
- მათთან ვძმაკაცობ, კარგი ურთიერთობა მაქვს.
- ხატია, როცა გოლი გაიტანეთ, მაისური ასწიეთ და შიდა მაისურის ფოტო გამოაჩინეთ. როგორც შევიტყვეთ, თქვენი დისშვილია, გარდაცვლილი, და მისი მაისურით იყავით გასული თამაშშზე. ეს გამარჯვება მას მიუძღვენით?
- მიჭირს მასზე ლაპარაკი. ერთი წელია, რაც ტატა გარდაიცვალა და ყველა თამაშს მას ვუძღვნი, ამ მოტივაციით გავდივარ მოედანზე. შარშან, საქართველოს ჩემპიონები რომ გავხდით, 14 სექტემბერს გვქონდა ფინალი. ჩემი დისშვილი თურქეთში მკურნალობდა, ძვლის ტვინი გადაუნერგეს, სეფსისი განვითარდა, ვერ გადაიტანა და პატარა 6 სექტემბერს გარდაიცვალა. გადამწყვეტი თამაში 14 სექტემბერს მქონდა, იმდენად მძიმე ემოციურ მდგომარეობაში ვიყავი, რომ რთული იყო ამის გადატანა. არავის ეგონა, მოედანზე გასვლას თუ შევძლებდი - არც მწვრთნელებს, არც თანაგუნდელებს. იცოდნენ ჩემი გასაჭირი და არც დაურეკავთ და არ უთქვამთ, ჩამოდიო. ჩემი პატარა დისშვილი ჩემი ძალიან დიდი გულშემატკივარი იყო. თურქეთშიც რომ იყო სამკურნალოდ, მაშინაც მოსულა და დასწრებია მოედანზე ჩემს თამაშებს... ბოლო წუთს ძალა მოვიკრიბე და გადავწყვიტე წასვლა, არც ნავარჯიშები ვიყავი, უჭმელი, ნანერვიულები წავედი, მაგრამ ეტყობა, იმ დროს ძალა მომეცა. ორი ბურთი გვჭირდებოდა, ძლიერი გუნდი იყო თბილისის "ნიკე" და სამით ერთი მოვუგეთ. ორი გოლი ჩემი იყო და ამ ტრაგედიის შემდეგ ყველა ჩემი გატანილი გოლი და გამარჯვება ჩემს პატარა ტატას ეძღვნება და ფორმის შიგნით სულ მაცვია მაისური, რომელზეც ტატას ფოტოა გამოსახული.
(სპეციალურად საიტისთვის)