"სააკაშვილი შეეცდება ბევრი ჩაითრიოს რევოლუციაში, გამოიყენოს ყველა, ბოლოს კი თვითონ მოაჯდება ყველაფერს. ასე გააკეთა ივანიშვილმაც"
"რა თქმა უნდა, ფიქრობენ და ოცნებობენ რევოლუციაზე, მაგრამ რევოლუციის ლიდერად მიშა და "ნაციონალური მოძრაობა" არ გამოდგებიან"
11 დეკემბერს მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ოპოზიციის გარეშე გაიმართა და "ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო თანამდებობები დააკომპლექტა. ამის პარალელურად ბარიერგადალახული ოპოზიციის ნაწილმა სამი დოკუმენტი გააფორმა. პირველი მთლიანად ოპოზიციური სპექტრის განცხადებაა, რომ არჩევნები გაყალბებულია და ისინი არ აღიარებენ მის შედეგებს. ამავე დოკუმენტში წარმოდგენილია ოპოზიციის მთავარი მოთხოვნებიც, მათ შორის რიგგარეშე არჩევნების შესახებ. მეორე დოკუმენტი წარმოადგენს იმ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების განცხადებებს, ვინც მოიპოვეს მანდატები, თუმცა უარს აცხადებენ მათზე, მესამე დოკუმენტი კი პარტიული განაცხადია, რომლითაც მათ ცესკოს ხელმძღვანელ თამარ ჟვანიას "სიების ჩახსნის" თაობაზე მიმართეს. მემორანდუმს ხელი მოაწერეს პარტიებმა: "ლელო საქართველოსთვის", ლეიბორისტულმა პარტიამ, "ევროპულმა საქართველომ", "სტრატეგია აღმაშენებელმა" და "ნაციონალურმა მოძრაობამ". ოპოზიციის დოკუმენტებზე ხელის მოწერას არ დაესწრნენ პარტიები: "გირჩი", რესპუბლიკური პარტია და "ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები". "გირჩისა" და რესპუბლიკური პარტიის განცხადებით, ისინი პარლამენტში არ შედიან და დეპუტატის მანდატებზე უარს ამბობენ, თუმცა ამის დასადასტურებლად ცერემონიებში მონაწილეობის საჭიროებას ვერ ხედავენ. თუმცა ფასილიტატორების ინიციატივით დაწყებულ მოლაპარაკებაში მონაწილეობას მაინც გააგრძელებენ. შექმნილ ვითარებას აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი:
- ვითარება, სულ ცოტა, არასასიამოვნოა - გვაქვს არა მარტო პოლიტიკური, არამედ მრავალვექტორიანი კრიზისი. საქართველოს წინაშე დგას სახელმწიფოებრივი გამოწვევები, დაკავშირებული სოციალურ რისკებსა თუ პანდემიასთან და რაც ყველაზე საყურადღებოა, რეგიონშია მძიმე ვითარება - გააქტიურდნენ რეგიონული მოთამაშეები და საფრთხე იმისა, რომ დასავლეთი რეგიონში თამაშგარე მდგომარეობაში დარჩეს, ძალზე დიდია. ამ ყველაფერს დამატებული პოლიტიკური კრიზისი და არასტაბილურობა ქმნის ერთგვარ კუმულაციურ საფრთხეს, რომ ამ ყველა ამ რისკმა შესაძლოა ჩვენი სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ იმუშაოს.
თითქოს დღეს პოლიტიკური კრიზისის გადალახვის ფორმულა არ ჩანს, მაგრამ ამ პოლიტიკურ კრიზისსაც აქვს სხვადასხვა ფორმა. შესაძლოა ეს მძიმედ წარიმართოს - ქუჩაში წასულ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობის სრულიად ბუნდოვანი სცენარებით, რაც ქვეყანაში, სავარაუდოდ, მუდმივი დესტაბილიზაციის წყარო იქნება. ასევე შესაძლებელია წარიმართოს შედარებით მსუბუქად - საპარლამენტო პროცესით, რაც ნაკლებ რისკებს უკავშირდება. შესაბამისად, ნაკლებად დაზიანდება სახელმწიფო ინტერესებიც.
ჯერჯერობით ყველაზე ცუდი სცენარით მიდის პროცესები. ვნახოთ, კიდევ არის იმედი, რომ ამას თავს დავაღწევთ.
- ხელისუფლებამ ოპოზიციას პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ შესთავაზა, რომ საარჩევნო პროცესი საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიამ შეისწავლოს, რაც თავდაპირველად სწორედ თქვენი იდეა იყო. "ქართული ოცნება" თითქოს მზად არის საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებისთვისაც. ამ დროს ოპოზიციის ნაწილი ისევ კატეგორიულია. რითი შეიძლება აიხსნას ეს? - ეს ერთგვარი პოლიტიკური თამაშია, მათ შორის "ქართული ოცნებისაც", რომელიც მრავალსვლიანი კომბინაციებით ცდილობს მოქმედებას. ჩემი აზრით, საგამოძიებო კომისიის შექმნისა და მასთან დაკავშირებული შემდგომი პასუხისმგებლობის საკითხი ადრე რომ დაეყენებინათ, შეიძლებოდა კონსენსუსის პოვნა. მათ კი ეს საკითხი დააყენეს მას შემდეგ, რაც უკვე დაიწყო შეუქცევადი პროცესი.
ქრონოლოგიას რომ მივყვეთ, თითქოს იყო ლაპარაკი კონსტრუქციულ მოლაპარაკებაზე. ამის შემდეგ გამოვიდა კობახიძე, რომელმაც საგამოძიებო კომისიის საკითხის გახმაურებასთან ერთად, ილაპარაკა იმაზეც, რამაც, ფაქტობრივად, ააყირავა მოლაპარაკების მაგიდა - ერთი მხრივ, ლაპარაკობდა კომისიაზე, მეორე მხრივ კი პარტიისთვის საარჩევნო რეგისტრაციის მოხსნასა და დაფინანსების შეწყვეტაზე, რაც ძალიან მიუღებელიცაა და აბსურდულიც. ეს ანგრევს მოლაპარაკების სივრცეს. არ ვიცი, იქნებ გათვლა იმაზეც იყო, რომ ეჩვენებინათ, თითქოს ხელისუფლებას სურს არჩევნების შედეგების შესწავლა, სინამდვილეში კი ამას არც აპირებს. მოკლედ, ეს ძალიან ჰგავს შულერულ თამაშს. ვფიქრობ, ამ პოზიტიური შეთავაზების დროს თავი უნდა შეეკავებინათ მუქარისგან. რომ არა კობახიძის განცხადებები, ეს წინადადება ჩემთვისაც მისაღები იქნებოდა, რა თქმა უნდა, განსაზღვრული სახეცვლილებით.
ჩემი აზრით, ეს არ უნდა იყოს საგამოძიებო კომისია, რომელიც მხოლოდ ხმებს გადათვლის. მან უნდა შეისწავლოს ყველა გარემოება - წინასაარჩევნო მოსყიდვა-დაშანტაჟების შემთხვევებით დაწყებული, არჩევნების დღით გაგრძელებული და დაუბალანსებელი და ხელმოწერაგაყალბებული ოქმებით დასრულებული. თუ კომისიამ დაადგინა, რომ ამ დარღვევების მასშტაბი ისეთი იყო, რომ არსებითად შეცვალა არჩევნების შედეგი და ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნების საკითხის განხილვას დათანხმდება, ეს იქნება კარგი პრეცედენტი სამომავლოდაც.
დღეს ოპოზიციის მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ დარღვევები და გაყალბება არ ყოფილა. არა, იყო და ამას მაინცდამაინც ხელისუფლებაც არ უარყოფს, მაგრამ ოპოზიცია ვერ ამტკიცებს, იყო თუ არა ეს იმგვარი მასშტაბის, რაც შედეგს არსებითად შეცვლიდა.
ამ კითხვაზეა პასუხი გასაცემი. კომისიის ამოცანა ზუსტი პროცენტის დათვლა კი არ უნდა იყოს, არამედ დარღვევების სისტემურობის დადგენა.
ეს არის სახელმწიფოებრივად სწორი გზა, რაც აგვაცილებს რყევებს, გადაგვაგორებინებს რთულ ზამთარს, კრიზისი კი არ გადაილახება, მაგრამ ცოტა ხნით დაიხურება... ოპოზიციას შეუძლია დარჩეს ბოიკოტის რეჟიმში. აუცილებელი არ არის სრულფასოვნად დაიწყოს პარლამენტში მუშაობა. მას შეუძლია იმუშაოს მხოლოდ კომისიასთან და მის დასკვნამდე არ მიიღოს მონაწილეობა სხვა საპარლამენტო პროცესებში. გამოიყენოს ეს კომისია თავისი სიმართლის დასამტკიცებლად, თუ დაამტკიცა, რა თქმა უნდა...
ხომ იცით, როგორც არის ჩვენი კანონმდებლობით? საგამოძიებო კომისიას ქმნის უმცირესობა. მასში უმრავლესობას ოპოზიცია უნდა წარმოადგენდეს. თუ ხელისუფლება კომისიის შექმნას დათანხმდა და ეს გაიზიარა ოპოზიციამაც, ვფიქრობ, ეს არის შანსი ქვეყნისთვის, რათა ის ღრმა კრიზისში არ გადაიჩეხოს. ამას განსაკუთრებით პატარა პარტიების გასაგონად ვამბობ. არ არის აუცილებელი "ნაციონალებზე" მიწებება. მიშას სურვილები გასაგებია, ის რევოლუციური სცენარით მიდის, "პარადის" წაყვანა სურს, რასაც სხვანაირად ვერ შეძლებს. სააკაშვილის, ისევე, როგორც ბიძინა ივანიშვილის მართვის ფილოსოფია, დამყარებულია აბსოლუტურ ძალაუფლებაზე. ამის მოპოვება დემოკრატიულ საზოგადოებაში შეუძლებელია, ეს მხოლოდ რევოლუციას მოაქვს. ცივილიზებული გზა მულტიპარტიულობაა, ეს კი ბიძინასაც და მიშასაც მხოლოდ ფასადისთვის სჭირდებათ. ამიტომაც მიდის მიშას გზა რევოლუციისკენ. ის შეეცდება ბევრი ჩაითრიოს ამაში, გამოიყენოს ყველა, ბოლოს კი თვითონ მოაჯდება ყველაფერს. ასე გააკეთა ბიძინა ივანიშვილმაც - შექმნა ვითომ მულტიპარტიული სისტემა, საბოლოოდ კი მივიღეთ სრულიად უნიტარული მმართველობა, როცა ერთი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას და რაზეც არ იღებს, იმასაც მისი თანხმობა სჭირდება.
- ჩვენი საზოგადოება რამდენად არის კიდევ ერთ რევოლუციაზე წამსვლელი? - დღეს საზოგადოებაში რევოლუციური განწყობა არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ შეიძლება გაჩნდეს. შეიძლებოდა რევოლუციური სიტუაცია ყოფილიყო კიდეც, ამ რევოლუციის ბელადობას რომ არ იჩემებდეს ძალიან კომპრომეტირებული ბრენდი - მიხეილ სააკაშვილი. სხვა ლიდერი რომ გამოჩენილიყო, შეიძლება შექმნილიყო კიდეც რევოლუციური ვითარება, რადგან ამის ინდიკატორები, როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ისე სხვა მიმართულებით, ჩანს.
- ალეკო ელისაშვილის თქმით, ოპოზიციის შეკრებებზე რევოლუციურ გზაზეც იყო ლაპარაკი, რომ ზოგიერთი ლიდერი სწორედ ამაზე ფიქრობს... - რა თქმა უნდა, ფიქრობენ და ოცნებობენ რევოლუციაზე, მაგრამ რევოლუციის ლიდერად მიშა და "ნაციონალური მოძრაობა" არ გამოდგებიან.
- დიდი გამოხმაურება მოჰყვა ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) განცხადებას, რომ მან პარალელური დათვლისას ტექნიკური ხარვეზის გამო შეცდომა დაუშვა. მათ მიერ გამოქვეყნებული დაზუსტებული მონაცემებით კი "ქართული ოცნება" პარალელური დათვლის შედეგით უფრო დაუახლოვდა ცესკოს გამოცხადებულ შედეგს, რასაც ხელისუფლების განცხადებები მოჰყვა, რომ არსებითი დარღვევები არ ყოფილა. - ეს წმინდა წყლის სპეკულაცია და პროპაგანდაა. ის, რომ "სამართლიანმა არჩევნებმა" უხეში შეცდომა დაუშვა, ეს მისი პრობლემაა, მაგრამ არჩევნების ჩატარების ხარისხზე ნამდვილად ვერ მეტყველებს.
არითმეტიკული შეცდომა დაუშვეს, როცა დათვალეს გაბათილებული ბიულეტენებიც, რაც საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი იყო, უბრალოდ, საჭირო მომენტში გაახმაურეს. პარალელური დათვლისას ითვლიან ოფიციალურად გამოქვეყნებული ოქმების მიხედვით. როცა გაყალბებაზეა ლაპარაკი, მნიშვნელოვანია, რამდენად სწორად არის შედგენილი ოქმები, სად არის ხელმოწერა გაყალბებული. მნიშვნელოვანია, რა ხდებოდა არჩევნების დღეს - იყო თუ არა კარუსელები და ა.შ. პარალელური დათვლისას ამას ვერავინ გამოიკვლევდა... შესაბამისად, ეს პროპაგანდა მხოლოდ საზოგადოების გაუთვითცნობიერებელ ნაწილზე თუ იმოქმედებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ პროპაგანდაში ბევრი სერიოზულად არის ჩართული, მათ შორის ოპოზიციიდან.
- ოპოზიციის ნაწილი მანდატებზე უარის თქმას აპირებს. ოპოზიცია 2009 წელსაც ასე მოიქცა, რასაც მისი მარგინალიზაცია მოჰყვა. - დღეს ვითარება ცოტა სხვაგვარია. საქმე ის არის, რომ იმჟამად პარლამენტის ლეგიტიმურობის პრობლემა არ შექმნილა, დღეს კი სწორედ ეს პრობლემაა. არის გადაწყვეტილებები, რომელთა მიღებას სჭირდება 100, და არის გადაწყვეტილებები, რომელთაც 113 დეპუტატი სჭირდება. თუ საკანონმდებლო ორგანო ას კაცამდე მაინც ვერ შეივსო, ლეგიტიმაციის პრობლემა დგება. წარმოიდგინეთ, რა ვითარება იქმნება - იარსებებს უმაღლესი ორგანო, რომელიც თავის მოვალეობებს სრულფასოვნად ვერ შეასრულებს. აი, მაგალითად, აზერბაიჯანმა ხვალ დავითგარეჯის სადავო ტერიტორიები საქართველოს კუთვნილებად რომ გამოაცხადოს, ჩვენი პარლამენტი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, რადგან საზღვრის დადგენის საკითხი კვალიფიციურ უმრავლესობას მოითხოვს. მოკლედ, თუ "ქართული ოცნება" მარტო დარჩა პარლამენტში, ადრე თუ გვიან, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მოუწევს.
- მართლაც უპრეცედენტოა ჩვენი დასავლელი პარტნიორების ძალისხმევა, რათა ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდნენ. გარდა ფასილიტატორი ელჩებისა, სპეციალური ერთობლივი განცხადება გაავრცელეს გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა. "საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალა თანხმდება, რომ შემდგომი საარჩევნო და სასამართლო რეფორმები კვლავ პოლიტიკურ დღის წესრიგში უნდა დარჩეს. ასეთი დებატებისთვის პარლამენტი შესაფერისი ფორუმია, რადგან საპარლამენტო პროცესმა უნდა გააძლიეროს შედეგი და საბოლოოდ საჯარო ინსტიტუტების სანდოობა", - ვკითხულობთ განცხადებაში. ამის საპასუხოდ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისგან მოულოდნელად გვესმის აგრესიული რიტორიკა ჩვენი პარტნიორების მიმართ. - სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი პოლიტიკური ელიტის სახე და მასში მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობას" არ ვგულისხმობ. ხელისუფლებაც ასევე იქცეოდა, როცა მას დასავლეთი აკრიტიკებდა. ამ ხალხს პირდაპირ "ნაციონალური მოძრაობის" მოსყიდულებს ეძახდნენ. ჩვენი უმწიფარი პოლიტიკური ელიტა თავისი ვიწრო ინტერესებიდან ამოდის. მიაჩნია, ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერიაო. მათთვის დასავლელი პარტნიორები მისაღები არიან მანამდე, სანამ მათ პოზიციას იზიარებენ. როგორც კი არ გაიზიარებენ, მათაც უპირისპირდებიან. ეს ორი პოლუსი ძალიან ჰგავს ერთმანეთს - "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" ვგულისხმობ. მათი დამოკიდებულებები, მენტალიტეტი ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება.
- სავარაუდოდ, დასავლეთის ასეთი აქტიურობა იმ საფრთხეებითაც არის განპირობებული, რაც კავკასიაში მიმდინარე მოვლენებმა წარმოშვა. ფაქტია, დღეს საქართველოში დესტაბილიზაცია მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შეიძლება იყოს. - რა თქმა უნდა. დასავლეთი მარტო ჩვენზე ნამდვილად არ ფიქრობს. მას თავისი ინტერესები აქვს და ამ პრიზმაში ოპერირებს. მას აშფოთებს საქართველოში შექმნილი ვითარება, რადგან აქ პოლიტიკური კრიზისი და დაბალი ლეგიტიმაციის ხელისუფლება ისეთი ძალების წისქვილზე ასხამს წყალს, ვინც ამ დიდ გლობალურ ომში დასავლეთთან არის დაპირისპირებული (მარტო რუსეთს არ ვგულისხმობ). ძალიან გააქტიურებული არიან სხვა რეგიონული მოთამაშეებიც. მას შემდეგ, რაც ყარაბაღის კონფლიქტმა დაარღვია არსებული სტატუს-კვო, ბევრს გაუჩნდა რეგიონზე თავისი გავლენის გაზრდის ამბიცია. ასეთი ტენდენციები შეიმჩნევა და დასავლეთი სწორედ ამ კუთხიდან უყურებს საფრთხეებს. თუმცა დასავლეთიც ძალიან აგვიანებს, იმიტომ, რომ ამ ბრძოლას არა აქვს მხოლოდ შიდაპოლიტიკური განზომილება.
თუ დასავლეთი უახლოეს პერიოდში ჩვენთვის პოზიტიურად, მაგრამ საზოგადოდ აგრესიულად არ შემოვა რეგიონში, მათ შორის სამხედრო კომპონენტით, შესაძლოა ძალიან შეერყეს პოზიცია. ეს კი შეუძლია მხოლოდ საქართველოში გააკეთოს.
შეიძლება ვამძიმებ ვითარებას, მაგრამ, ჩემი აზრით, შესაძლოა ამისთვის სულ რამდენიმე თვეა დარჩენილი. როცა ჩამოდიოდა პომპეო, ვთქვი, აუცილებლად უნდა მოვითხოვოთ აშშ-ის სამხედრო ბაზის საქართველოში განლაგება-მეთქი. დღესაც ამ აზრზე ვარ - თუ აშშ-მა და დასავლეთმა აქ აქტიურად და დროულად არ იმოქმედეს, არ დააფიქსირეს კონკრეტული პოზიცია და არ დაანახეს ყველას, რომ აქ იმგვარია მათი ინტერესები, რომ მისი დაცვა იარაღითაც უღირთ, მალე შეიძლება ეს შეუძლებელი გახდეს.
- უკვე ცნობილია, რომ პრემიერის თანამდებობას შეინარჩუნებს გიორგი გახარია და ახალ მინისტრთა კაბინეტში აღარ იქნება თეა წულუკიანი. თქვენი აზრით, კიდევ რა ცვლილებებია მოსალოდნელი? - არ მიყვარს ასეთ თემებზე წინასწარ ლაპარაკი. თუ გახარიას მიეცემა საშუალება დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები და საკუთარი გუნდი ჩამოაყალიბოს, კარგი იქნება, თუმცა ეჭვი მეპარება. როგორც წესი, გახარიას ამას არავინ ეკითხება.