"ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა იყო, რომ დროულად ვერ მოვახერხე განზე გადგომა"
"ის ახლა ფიქრობს, შეიძლება არც მე ვარ მთლად წელში გამოყვანილი, მაგრამ ოპოზიცია ორ შაურად იყიდებაო - მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მორალური უპირატესობის მოპოვება..."
"სამყარო შეიცვალა, მგონი, 2020 წელი გრძელვადიანი ცვლილებების დასაწყისის ეპოქად შევა ისტორიაში. 2021 წელს ცოტა შეშფოთებული, ბუნდოვანი პერსპექტივით და უკეთესის იმედით ვხვდები", - ამბობს ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომელმაც ოჯახთან ერთად გადაიტანა "კოვიდ-19".
- "კოვიდმა" დროის უდიდესი ნაწილის ჩვენს მიკროსამყაროში, ოჯახში გატარების საშუალება მოგვცა. სხვა ბევრ რამეზეც დაგვაფიქრა. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ყველა სიტუაციის ფართო სპექტრში დანახვა მჩვევია. რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ, რომ ჩემი მეუღლე, შვილი, მისი ოჯახი და ნათესავები კარგად არიან, მაგრამ მაწუხებს ქვეყანაში შექმნილი ვითარება. რაც უნდა ბედნიერი ვიყო ჩემს მიკროსამყაროში, სულ მახსოვს, რომ ჩემს ქვეყანაში ბევრი გაჭირვებული ადამიანია და მათ დიდ ნაწილს ახლა სულაც არ ეზეიმება.
- თქვენს შვილებსა და შვილიშვილებზე რას იტყვით? - კამერული სიტუაცია მაქვს, ერთი შვილი და ერთი შვილიშვილი მყავს. მთავარი ადამიანი სამი წლის მელანოა. ბებიის სახელი ჰქვია - ჩემი მეუღლეც მელანოა. ჭკვიანი გოგონაა, სულაც არ არის ცელქი.
- როგორც ვიცით, კიდევ გყავთ ოჯახის ერთი წევრი. - ერთი კი არა, ორი გვყავს - მალტეზის ჯიშის ბაკო ჩვენთან ცხოვრობს. მეორე ყოფილი ქუჩის ძაღლია. ჩემი შვილი სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ საჩხერეში იყო პრაქტიკაზე. იქვე დაქორწინდა. ორივემ ერთად ნახეს პატარა ლეკვი ქუჩაში, შეეცოდათ და წამოიყვანეს. მას შემდეგ ისიც ჩვენი ოჯახის წევრია.
- ალბათ, "კორონა" ასე მარტივად ექიმი შვილის დახმარებით დასძლიეთ. - ჩემი შვილი ფსიქიატრია. სხვათა შორის, ძალიან სწორი ხედვები აქვს და ბევრ საინტერესო რამეს მეუბნება ჩვენი პოლიტიკური ელიტის შესახებ, რასაც მერე ზოგჯერ შეფასებების დროს ვიყენებ.
- რაც შეეხება თქვენი ინტერესების საგანს, თუ არ ვცდები, ცხენოსნობით ხართ დაინტერესებული. - დიახ, ბავშვობიდან ინტენსიურად ვიყავი დაკავებული ამ სპორტით. მაშინ იპოდრომი ჯერ კიდევ ფუნქციონირებდა. ყოველდღე დილის შვიდის ნახევარზე მივდიოდი და 11 საათამდე ვრჩებოდი. უფრო დოღის ცხენებით ვიყავი დაინტერესებული და მოყვარულთა დოღებშიც ვმონაწილეობდი.
- არჩევნის წინაშეც ხომ არ დადექით, სპორტი თუ ეკონომიკა? - ასეთი არჩევნის წინაშე დადგომამ ორი მიზეზის გამო არ მომიწია - ჩემი აღნაგობის გამო პროფესიონალ ჟოკეიდ ვერ გამოვდგებოდი. ძალიან მაღალი ვიყავი, ჟოკეის სტანდარტული წონა კი 53-55 კილოგრამია, სიმაღლე - 160-165 სანტიმეტრი. ამ პარამეტრებში ვერანაირად ვერ ჩავჯდებოდი.
სხვათა შორის, პროფესიით არც ეკონომისტი ვარ, მექანიკა-მათემატიკური ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. ეს იყო ჩემი პირველადი განათლება, ეკონომიკაში დისერტაცია დავიცავი. ჩემი სპეციალობით მუშაობასაც ვგეგმავდი, მაგრამ 9 აპრილის ცნობილმა მოვლენებმა ჩემი ცხოვრება შეცვალა. საუკუნის დასაწყისამდე საკონსულტაციო საქმიანობით ვიყავი დაკავებული, პარალელურად საზოგადოებრივ საქმიანობაშიც ჩავერთე. ნავთობპროდუქტების ბაზარი იყო ჩემი საქმიანობის სფერო. ვმუშაობდი კონტრაბანდის საკითხებზე, რომელსაც მაშინ ბაზრის 70% ეკავა. მხოლოდ კონტრაბანდაც არ იყო პრობლემა. ათასნაირი სუროგატი კეთდებოდა. ჩემი პირველი სატელევიზიო ეთერი ამ საქმეს მიეძღვნა...
- ალბათ, ეს "ვარდების რევოლუციამდე" იყო. - კი. ლიდერი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ "ვარდების რევოლუციაში" აქტიურად ვიყავი ჩართული. ზურაბ ჟვანიასთან ახლო ურთიერთობა მქონდა. კოსტავას ქუჩაზე პირველი ლიტერატურული კაფე ჩემი ინიციატივით გაიხსნა. დაუმორჩილებლობის შტაბის ფუნქციას ასრულებდა.
- "ვარდების რევოლუციის" ლიდერებთან თქვენი გზა როდის გაიყარა? - სააკაშვილი თავიდანვე მაშფოთებდა, მაგრამ ზურა იყო გარანტი, რომ პროცესი ნორმალურად განვითარდებოდა. მისი თხოვნით სამეთვალყურეო საბჭოშიც ვიყავი. ჩემი მთავარი მიღწევა რკინიგზაში შავი სალაროს ამოძირკვა იყო. მაშინ ლევან ვარშალომიძე იყო დირექტორი და ერთად ვიბრძოდით. შემდეგ ლევანი აჭარაში წავიდა, დირექტორი დავით ონოფრიშვილი გახდა და ძალიან მალე მოვიდა ახალი სქემების დალაგების დირექტივა. იქიდან დაიწყო ჩემი კონფლიქტი ხელისუფლებასთან.
წამოვედი რკინიგზიდან და საჯარო განცხადებები გავაკეთე, რის შემდეგაც თავს დამესხნენ. სხვათა შორის, პირველი პოლიტიკური თავდასხმის მსხვერპლი მე ვიყავი. ეს დღეს არავის ახსოვს - ქვედა და ზედა ყბა დამსხვრეული მქონდა, 6 საათს მიკეთებდნენ ოპერაციას. ამ შემთხვევიდან 10 დღეში დაიღუპა ზურაბ ჟვანია და ამის მერე დაიწყო ჩემი დაპირისპირების ეპოპეა რეჟიმთან.
- ალბათ, ამ ეპოპეამ განაპირობა თქვენი პერსონით ბიძინა ივანიშვილის დაინტერესება. - პირველი ადამიანი, ვისაც ის შეხვდა პოლიტიკაზე სასაუბროდ, Dმე გახლდით. "მინდა მე და შენ დავიწყოთ" - ზუსტად მახსოვს ეს სიტყვები. სამი დღე ვუყურე ტელევიზორს და შენ აგარჩიეო. შევპირდი, დავეხმარებოდი, მაგრამ პოლიტიკაში არ შევიდოდი. მეორე დღიდანვე გავმართე კონსულტაციები იმ პოლიტიკურ ჯგუფებთან, ვისთან ერთადაც ბიძინა ბრძოლის დაგეგმვას აპირებდა. პირველი შეხვედრა გავმართე რესპუბლიკელებსა და "თავისუფალ დემოკრატებთან". საჯარო მონაწილეობაზე თავიდანვე უარი მქონდა ნათქვამი, მაგრამ კულისებში ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული.
- ამიტომაც მოგიხსენიებდნენ რუხ კარდინალად. - დიახ, მახსოვს. პირველი ნაბიჯები ნამდვილად მე გადავდგი კოალიციის ფორმირებაში. შემდეგ ვიფიქრე, კულისებში ყოფნა სწორი აღარ იქნებოდა და საჯაროდ ჩავერთე საქმეში. დღეს აღარავის ახსოვს და შეთქმულების თეორიებს აწყობენ, მაგრამ მე მაშინვე ვთქვი, რომ არჩევნების დასრულებისთანავე გავდგებოდი განზე. სამწუხაროდ, არჩევნები მოვიგეთ. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, რომ დროულად ვერ მოვახერხე განზე გადგომა.
დავაპირე, მაგრამ ივანიშვილმა მთხოვა რამდენიმე თვე არ წავსულიყავი, რადგან იყო საკითხები, რომელთაც ჩემ გარდა ვერავინ მოაგვარებდა. სწორი იქნებოდა, რომ არ დავთანხმებულიყავი. ასე ვერ მოვიქეცი. ამიტომაც მივიღე რეპუტაციული ზიანი. ბინძური კამპანია დაიგეგმა ჩემს წინააღმდეგ, არა ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებისგან, არამედ თავად გუნდში. რატომ? იმიტომ, რომ მავანთ ეკონომიკური ინტერესები ჰქონდათ, ხელისუფლების გამოყენებით ფულის შოვნა უნდოდათ და მე ხელს ვუშლიდი. ვიცოდი, ჩემს წინააღმდეგ ბინძური კამპანია რომ წამოიწყეს, საქმის კურსში ბიძინაც ჩავაყენე, მაგრამ ზერელედ შეხედა ამ პრობლემას. მაშინ მივხვდი, უკვე პრინციპული გადაწყვეტილების მიღების დრო იყო. ისევ მთხოვა დარჩენა, ამის გამო ურეკშიც ჩამიყვანა, მაგრამ მე აზრი აღარ შევიცვალე.
- თავად ივანიშვილმა თქვა, რომ არასწორ პროგნოზებს აკეთებდით, თითქოს არჩევნებში ნინო ბურჯანაძის წარმატება ივარაუდეთ. - სიმართლე გითხრათ, აღარც მახსოვს, რა ვთქვი ბურჯანაძეზე ერთ-ერთი სადილის დროს, არასაქმიანი საუბრისას. ივანიშვილი ჩემთვის პოლიტიკურად აბსოლუტურად მიუღებელია, მაგრამ ვერასდროს გადავხაზავ იმ ადამიანურ ურთიერთობას, რაც ერთად ბრძოლის დროს ჩვენ შორის ჩამოყალიბდა. ძალიან მაკლია როგორც მასთან, ასევე მის ოჯახთან ურთიერთობა. ვერ დავივიწყებ მის კეთილ საქმეებს როგორც ქვეყნის, ისე პირადად ჩემთვის. მატერიალურ სიკეთეებზე არაფერს ვამბობ, შეუფასებელი რამ გამიკეთა - ჩემი მეუღლე დღეს ცოცხალი რომ არის, მას უნდა ვუმადლოდე. ძვირად ღირებული სასწრაფო ოპერაცია ისე დააფინანსა, არც მითხოვია მისთვის. მაგრამ თვალს ვერ დავხუჭავ იმაზე, რომ დღეს ასევე ჩემთვის შეუფასებელ ღირებულებებს აზიანებს. არ მიხარია მისი გაკრიტიკება, არც ჩასაფრებული ვარ. ხვალ რომ დაცვა დასჭირდეს, ისევ მე დავიცავ, ირაკლი კობახიძე კი არა. კობახიძე დაჯდება პროკურატურაში და დაწერს, ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ბრალი იყო, ის მავალებდა ცუდ საქმეებსო.
- ფიქრობთ, რომ დაცვა დასჭირდება? - ისე მიდის პროცესები, მგონი, კი.
- როგორ წარმოგიდგენიათ, შეინარჩუნებს პრინციპულ პოზიციას, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას არაფრით არ დაუშვებს? - ივანიშვილი ტაქტიკოსია, სტრატეგიებზე არ ფიქრობს. ის ასე უყურებს ცხოვრებას: გაჩნდა პრობლემა, გადაწყვიტე. მერე შეხედავს, როგორ განვითარდება მოვლენები და შესაძლოა რაიმე დააკორექტიროს. ამ წუთში ფიქრობს, რომ ძალაუფლების შენარჩუნების ტაქტიკური ამოცანა გადაწყვიტა. ახლა აკვირდება მოვლენებს და იმის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას. არანაირი გრძელვადიანი გეგმა არა აქვს.
- ესე იგი, ყველაფერი დამოკიდებულია ოპოზიციის ერთიანობაზე? - ოპოზიციის ერთადერთი აქტივი ერთიანობაა, რეპუტაცია მათ არა აქვთ და საერთაშორისო მხარდაჭერა. რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.
ივანიშვილი შეეცდება, უფრო სწორად, უკვე ცდილობს მათ დაშლას და დაპირისპირებას. ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს: დაშინებას, დაშანტაჟებას, მოსყიდვას... თუ ამას ვერ მოახერხებს, აუცილებლად შეცვლის პოზიციას. არ არის ხისტი ადამიანი, რომელიც მეთოდურად ერთ სქემაში ზის და მეთოდურად აკეთებს რამეს... მას ახასიათებს ადამიანებში ცუდი თვისებების ძიება, პოვნა და მერე ამით მანიპულირება. ასეთი ტიპის მენეჯერია. ის ახლა ფიქრობს, შეიძლება არც მე ვარ მთლად წელში გამოყვანილი, მაგრამ ესენი ჩემზე უარესები არიან, ორ შაურად იყიდებიანო. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მორალური უპირატესობის მოპოვება.
- გახარიასაც კარგად იცნობთ. თქვენი მეზობელია და მთავრობაშიც თქვენ წარადგინეთ. - დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში ის იმ იშვიათთაგანია, ვისგანაც სერიოზული სახელმწიფო მოღვაწის ჩამოყალიბება, გამოთლა შეიძლებოდა. თუმცა დღევანდელი მმართველობითი ალგორითმიდან გამომდინარე, გახარია ვერასდროს მოახერხებს ამ უნარების გამოვლინებას. ივანიშვილს არ სჭირდება განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანი. ის ყველას რესურსად იყენებს. როგორც კი ამა თუ იმ პირის რესურსი ამოიწურება, მაშინვე განზე გასწევს. წულუკიანის მაგალითი ნახეთ - სანამ სჭირდებოდა, მისი ხელით ბევრი ცუდი საქმე აკეთა, ახლა განზე გასწია, ვითომ ამბიციაც დაუკმაყოფილა, კულტურის სფერო ჩააბარა. თუმცა ახლა მისი მთავარი საქმე ის იქნება, თუ რომელი როიალი იყიდოს პარლამენტისთვის.
- გახარია ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებაში აღარ არის ისეთი აქტიური, როგორიც თუნდაც გასული წლის მარტის მოვლენების დროს იყო. რჩება შთაბეჭდილება, რომ ახლა ის კობახიძემ ჩაანაცვლა. ივანიშვილმა გახარიაც განზე გასწია? - ძალიან მკვეთრად გასწია. უთხრეს, არა ხარ პოლიტიკური ლიდერი, პანდემიასა და სოციალურ პრობლემებს მიხედეო. მინისტრთა კაბინეტის შეცვლის უფლებაც არ მისცა. ეს კაბინეტი არ არის გახარიას გუნდი, ის ივანიშვილის გუნდია. ამით პირდაპირ უთხრა, პოლიტიკა არ არის შენი საქმეო. ყველას ასე ეუბნებოდა, მათ შორის კვირიკაშვილსაც. თუ დასჭირდა ოპოზიციასთან კონსტრუქციულობანას თამაში, გახარიას ისევ შემოსწევს და კობახიძეს დამალავს. ხომ გახსოვთ, კობახიძემ ძალიან რომ გადაამლაშა, როგორ გადამალა. ახლა ასე სჭირდება და ისევ წინა ხაზზე გამოიყვანა. ამით კობახიძესაც აჩვენებს, რომ არაფერს წარმოადგენს.
- რამდენად რეალური შეიძლება იყოს ვერსია, ივანიშვილის მიერ პარტია "ოცნების" თავმჯდომარის პოსტის დატოვებასა და მის ადგილზე კობახიძის დანიშვნის შესახებ? - ამას არა აქვს მნიშვნელობა. 8-წლიანი ისტორია გვაჩვენებს, რომ ივანიშვილის სტატუსის შეცვლა არც მის წასვლას ნიშნავს და არც მოსვლას. ძალაუფლება მაინც მხოლოდ მის ხელში იქნება. შეიძლება საბელი ცოტა დააგრძელოს, მერე ისევ დაამოკლოს. სააკაშვილი და ივანიშვილი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. თუ სააკაშვილი მითოლოგიას კლასიკურ რელიგიურ სქემაზე აგებს, მოდის, მაგრამ არ მოდის, ივანიშვილმა ალტერნატიული სქემა შემოგვთავაზა - მიდის, მაგრამ არ მიდის.
- მმართველი გუნდის ლიდერები ეჭვობენ, რომ "სამართლიანმა არჩევნებმა" საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში შეცდომა კი არ დაუშვა, ოპოზიციასთან შეთანხმებით მიზანმიმართულად გააყალბა. კახა კალაძემ რევოლუციურ სცენარზეც კი დაიწყო საუბარი. როგორ ფიქრობთ, სინამდვილეში რა შეიძლება მომხდარიყო? - "სამართლიანმა არჩევნებმა" უხეში შეცდომა დაუშვა და ამაზე ვიღაცას აუცილებლად უნდა აეღო პასუხისმგებლობა. თუმცა, შეთქმულების თეორიის არ მჯერა. ფაქტია, ხელისუფლება ცდილობს IISFED-ის შეცდომა მთლიანად სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციისთვის გამოიყენოს. სამწუხაროდ, ახლა ხელისუფლების სამიზნე მხოლოდ ოპოზიცია კი არა, სამოქალაქო სექტორიც გახდა.
- როგორ გგონიათ, სამართლიანმა არჩევნებმა ამ ხარვეზზე საუბარი მხოლოდ ერთი თვის შემდეგ რატომ დაიწყო?
- შეცდომის საჯაროდ აღიარება არავის უყვარს. ვფიქრობ, შეცდომის მიფუჩეჩების მცდელობა იყო, მაგრამ არ გამოუვიდათ. ხელისუფლება შანსს არ უშვებს. სამწუხაროდ, ხელისუფლების მთავარი საფიქრალი ყველას და ყველაფრის გასვრა და სხვების შეცდომების გაბუქებაა. "ქართული ოცნების" ხელწერაა, გასვაროს სხვა და მოიპოვოს მორალური უპირატესობა, რომ მერე სათქმელი ჰქონდეს, - მე არ მოგწონვარ? ისინი ჩემზე უარესები არიან! ეს არის დღეს მთელი იდეოლოგია, მართვის მოდელი.
ხათუნა ბახტურიძე