"სოციალური მოთხოვნებით ხალხი შესაძლოა ქუჩაში გავიდეს, მაგრამ..."
"რატომ უნდა ეშინოდეს ადამიანს სატელეფონო საუბრის და არ ეშინოდეს პირისპირ ჩაწერილი ინტერვიუსი, როდესაც მასთან მიდის ინტერვიუერი და იწერს მის ყველა მონაცემს, საცხოვრებელი ადგილის ჩათვლით? ეს არგუმენტი ისევე ღიმილის მომგვრელია, როგორც ნათელაშვილის კომენტარი - ტრამპის სიძის ჩაწყობილია ენ-დი-აის კვლევის შედგებიო"
პარტია "მოქალაქეების" სიით გასულმა ორმა დეპუტატმა - ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა - პარლამენტში შესვლა გადაწყვიტა. ისინი "ქართულ ოცნებასა" და "პატრიოტთა ალიანსის" სიით პარლამენტში შესულ "ევროპელ სოციალისტებს" მიმდინარე კვირას შეუერთდებიან. სამთვიანი ბოიკოტის შემდეგ "მოქალაქეებმა" ხელისუფლებასთან შეთანხმებას მიაღწიეს და 29 იანვარს მემორანდუმსაც მოაწერეს ხელი. მათი შესვლის შემდეგ საქართველოს 150-წევრიან პარლამენტში 96 დეპუტატი იქნება. 54 ოპოზიციონერი კვლავ ბოიკოტს უცხადებს საკანონმდებლო ორგანოს. მემორანდუმში არაერთი მუხლია, მათ შორის ის, რომ მომავალ არჩევნებში ბარიერი 3%-მდე იქნება და პროფესიონალებით დაკომპლექტდება საარჩევნო ადმინისტრაციები, სადაც ოპოზიციური კვოტებიც იქნება გათვალისწინებული. "1-ლ მარტამდე უნდა მოხდეს შესაბამისი კანონპროექტების ინიცირება პარლამენტში და 1-ლ მაისამდე უნდა დამტკიცდეს. თუ ეს არ მოხდება, კვლავაც გამოვალთ პარლამენტიდან", - განაცხადა ელისაშვილმა. მან ამ შეთანხმების შედეგი უწოდა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებასაც. ექსპერტ რამაზ საყვარელიძესთან საუბარი სწორედ "მოქალაქეების" გადაწყვეტილების შეფასებით დავიწყეთ:
- არ მივეკუთვნები ექსპერტთა იმ ჯგუფს, რომელიც მხარს უჭერს პარლამენტის ბოიკოტს. თავიდანვე მიმაჩნდა, რომ პარლამენტში შესვლაზე უარის თქმა მცდარი ნაბიჯი იყო. შესაბამისად, ვიზიარებ დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციებს, რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში და თუ რამის მოგვარება უნდა, იქიდან მოაგვაროს. ეს არის დემოკრატიის სტანდარტი. ქუჩიდან პრობლემები ვერ გვარდება. სწორედ ამიტომ პარლამენტისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი პროგრესული გადაწყვეტილებაა, მით უფრო, თუ განხორციელდა მემორანდუმით გათვალისწინებული ცვლილებები. ეს პოლიტიკურ პროცესს მხოლოდ გააჯანსაღებს.
რაც შეეხება იმის ძახილს, რომ ორი ადამიანი პარლამენტში ვერაფერს შეცვლის - წინა პარლამენტში გაცილებით მეტი ოპოზიციონერი იყო, მაგრამ რა შეცვალეს? ელისაშვილ-იოსელიანის შესვლით პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა არ შეიქმნება, მაგრამ ორი აქტიური პოლიტიკოსი ხშირად შეიძლება 82-საც უდრიდეს, მით უფრო იმისთვის, რომ პარლამენტში ოპოზიციური ხმა ისმოდეს. ასე რომ, მე ალეკო ელისაშვილის ნაბიჯს ვიწონებ და დანარჩენ ოპოზიციასაც გადაწყვეტილებების გადახედვას ვურჩევ. ჩემთვის სრულიად გაუგებარია მათი პოზიცია.
რომელიღაცამ განაცხადა, ელისაშვილმა ხალხს არ გაუწია ანგარიშიო. კი, მაგრამ რომელ ხალხს? "ქართული ოცნების" ამომრჩეველთან ერთად, ოპოზიციის ამომრჩეველთა დიდი ნაწილიც ფიქრობს, რომ პარლამენტში შესვლა უკეთესია, ვიდრე ქუჩაში დარჩენა.
არის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნიუანსი, რასაც ოპოზიცია ანგარიშს არ უწევს. შეხედონ ენ-დი-აის კვლევას - 5%-მდეა შემცირებული "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი. აქედან გამომდინარე, ის გზა, რომელსაც ეს ჯგუფი და მასთან ერთად სხვა ოპოზიციური ძალებიც ადგანან, წარმატების მომტანი ვერ იქნება. ხალხის თვალსაზრისი ცხადად ჩანს ამ კვლევაშიც და ხალხის სახელით ლაპარაკს, მგონი, უნდა მოერიდონ. ოპოზიციას მხარდამჭერები აკლდებიან, რაც ნიშნავს, რომ ხალხს სურს, პოლიტიკოსები პარლამენტში ნახოს და არა - ქუჩაში.
- ბოლო წლების განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი ასეთ დაბალ ნიშნულზე არასდროს ყოფილა. როგორ ფიქრობთ, რა გაკვეთილის გამოტანას შეძლებს ეს პარტია - ეცდება და მოახერხებს საკუთარი დღის წესრიგის შეცვლას? - ძნელი სათქმელია, მაგრამ ეს მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" პრობლემა აღარ არის. უკვე ვახსენე ენ-დი-აის კვლევა... 2020 წელს, ამავე ინსტიტუტის კვლევების თანახმად, "ნაციონალურ მოძრაობას" მხარს ამომრჩეველთა დაახლოებით 16% უჭერდა, არჩევნებში კი 10%-ით მეტი მიიღო. ეს როგორ მოხდა, კიდევ საკითხავია, მაგრამ ფაქტია, რომ გასულ წელს მისი მხარდამჭერების რაოდენობა გაცლებით მეტი იყო.
თუ ასე გააგრძელა ვარდნა "ნაციონალური მოძრაობის", როგორც მთავარი ოპოზიციური პარტიის რეიტინგმა, ის მალე შეუერთდება იმ 1-2-3%-იან პარტიებს, რომელთაც ჩვენში ანგარიშს არც უწევენ. ეს პოლიტიკური ძალა თითქმის მიმდგარია ამ უკიდურეს ზღვართან. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთელი ოპოზიციის დირიჟორი გახდა, შესაბამისად, გამოდის, რომ თანდათან დანარჩენი ოპოზიციური ძალების რეიტინგიც შემცირდება.
მოკლედ, საქმე შეიძლება იქამდეც მივიდეს, რომ პარლამენტში კი არა, ოპოზიცია ქვეყანაშიც აღარ იყოს, რაც ქვეყნისთვის ძალიან ცუდი იქნება. თუმცა დღევანდელი ოპოზიციაც ხომ ოპოზიცია არ არის!
ეს არის მასა, რომელიც ყვითელი პრესის მსგავსად, ვულგარულობის, სკანდალურობის, ფეიკნიუსების ხარჯზე იზიდავს დაინტერესებულ ადამიანებს. მათ ხომ პროგრამები, პოზიციები, არგუმენტები, თითქმის არ აქვთ და ასეთი ყვითელი პოლიტიკური სპექტრი რომც მოვიდეს ხელისუფლებაში, ის ქვეყანას ვერ განავითარებს ისევე, როგორც ყვითელი პრესა ვერასდროს შეძლებს ქვეყნის სწორად ინფორმირებას.
- ოპოზიცია ენ-დი-აის კვლევაზე საუბრისას საკუთარ დაბალ რეიტინგს იმით ამართლებს, რომ გამოკითხვა სატელეფონო იყო და ადამიანები ქვეყანაში გამეფებული შიშის გამო ოპოზიციური აზრის გამოთქმას მოერიდნენ... - ძალიან უსუსური არგუმენტია. უკაცრავად და, გასულ წელს ჩატარებული კვლევებისას არ ეშინოდათ? ან რატომ უნდა ეშინოდეს ადამიანს სატელეფონო საუბრის და არ ეშინოდეს პირისპირ ჩაწერილი ინტერვიუსი, როდესაც მასთან მიდის ინტერვიუერი და იწერს მის ყველა მონაცემს, საცხოვრებელი ადგილის ჩათვლით?
ეს არგუმენტი ისევე ღიმილის მომგვრელია, როგორც ნათელაშვილის კომენტარი - ტრამპის სიძის ჩაწყობილია ენ-დი-აის კვლევის შედგებიო.
"ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგაც მუდამ ჰყავდა სტაბილური ამომრჩეველი. ამის ახსნა შეიძლება იმით, რომ სააკაშვილი ქარიზმატული ლიდერია, ასეთ ლიდერს კი ყოველთვის მიჰყვება თაყვანისმცემელთა არმია, რომელზეც არც არგუმენტები ჭრის, არც - ფაქტები. ის თაყვანს სცემს და მორჩა! პოლიტიკური თვალსაზრისით თითქმის ერთნაირია ორი პარტია - "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო", მაგრამ შედეგები "ნაცმოძრაობას" უკეთესი აქვს. რატომ? იმიტომ, რომ იქ სააკაშვილია, თუმცა, ბოლოს და ბოლოს, შეიძლება თაყვანისმცემლებიც გამოფხიზლდნენ. თაყვანისცემა ტრანსს ჰგავს, ამ დროს რეალობის აღქმა უჭირს ადამიანს, მაგრამ დროთა განმავლობაში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. ქარიზმატულ ლიდერსაც ვერ ექნება იმედი, რომ თაყვანისმცემელთა ერთი შეხედვით სტაბილური რაოდენობა მარადიულია.
- ბოლო კვლევაც აჩვენებს, რომ კვლავ ძალიან დიდია იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, ვისაც არც "ქართული ოცნება" უნდა და არც - "ნაციონალური მოძრაობა". როგორ ფიქრობთ, თვითმმართველობის არჩევნებამდე შეიძლება გამოჩნდეს ახალი ძალა, ან შეიქმნას რაღაც გაერთიანება, რომელიც ამ ადამიანთა მხარდაჭერას მოიპოვებს?
- საპარლამენტო არჩევნებამდე გამოჩნდა რამდენიმე პარტია, რომელთაც თითქოს ჰქონდათ მესამე ძალად ჩამოყალიბების შანსი. ეს განსაკუთრებით ეხება "ლელოს", თუმცა მან არ ითამაშა მესამე ძალის წესებით, მიეკედლა ერთ-ერთ პოლუსს, ანუ "ნაციონალურ მოძრაობას" და შანსიც დაკარგა.
პატარა ქვეყანა ვართ, ასეთ მოკლე ხანში მესამე ძალა საიდან შეიძლება გამოიწუროს, ძნელი სათქმელია, თუმცა საქართველოს უახლეს ისტორიაში არის ერთი კანონზომიერება - საკვანძო ეტაპზე მნიშვნელოვანი ოპოზიციური ძალა მმართველი პარტიისგან ჩნდება ხოლმე. მაგალითად, "მრგვალი მაგიდისგან" შეიქმნა ზვიად გამსახურდიას ოპოზიცია, "მოქალაქეთა კავშირში" გაჩნდა ე.წ. რეფორმატორთა ფრთა, რომელმაც საბოლოოდ გადააყენა შევარდნაძე... მმართველ გუნდში მყოფ ადამიანს მოსახლეობისთვის თავის გაცნობა და მისი ყურადღების მოპოვება არ სჭირდება, ის ისედაც სულ მათ თვალწინ ტრიალებს, ამომრჩეველი მას იცნობს. ხშირად ხელისუფლებისგან გამოყოფილ ახალ პარტიას სიახლე არ მოაქვს, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ის ხელისუფლებიდან არის წამოსული და ოპოზიციად ყალიბდება, უფრო მისაღები ხდება ამომრჩევლისთვის.
არც ახლაა გამორიცხული, "ქართული ოცნების" შიგნით გამოჩნდეს ძალა, რომელიც სერიოზულ ოპოზიციურ ძალად იქცევა. სხვათა შორის, ივანიშვილმაც განაცხადა, ველოდები, რომ გამოჩნდება ისეთი პარტია, რომელიც "ქართულ ოცნებას" ოპოზიციაში გადაიყვანსო...
მოკლედ, კანონზომიერებას დავაკვირდეთ. ვვარაუდობ, რომ ტრადიციის გათვალისწინებით, შეიძლება ახალი პარტია, რომელიც მესამე ძალად იქცევა, მმართველი პარტიიდან წარმოიშვას...
- ამის კონტურებს უკვე ხედავთ თუ ზოგადად მსჯელობთ? - არა, ჯერ მხოლოდ ვარაუდს გამოვთქვამ... იმ ფონზე, რომ ერთ წლის თავზე შეიძლება საერთოდ დავკარგოთ ოპოზიცია, მივესალმები ნებისმიერი ახალი პარტიის გაჩენას, თუნდაც მმართველი ძალის შიგნით ქარიშხლის დატრიალების ხარჯზე...
- დიდი რეზონანსი მოჰყვა საზღვრის დადგენის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებას. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ დავითგარეჯის თემა "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკურად გამოიყენა და ეს ადამიანები მისი მანიპულაციის მსხვერპლი გახდნენ. გენერალური პროკურატურის განცხადებით, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლება არ ნიშნავს, რომ ისინი სასამართლომ გაამართლა, რადგან გამოძიება გრძელდება... - ჩვენში ნებისმიერი თემის პოლიტიზება ხდება და, როგორც წესი, ამის გამოყენებას ყველა მხარე ცდილობს. ის, რომ გარეჯის საქმე შესაძლოა პოლიტიკური მანიპულაციის საგანი ყოფილიყო, მით უფრო - საარჩევნოდ, გასაგებია, მაგრამ მთავარი სხვა კითხვაა - თუნდაც პოლიტიკური მანიპულაციის საგნად ქცეულ საქმეს რა რეალური საფუძველი აქვს? მელაშვილისგან მოვისმინეთ, დავითგარეჯის გარკვეული ტერიტორია საქართველოს შემადგენლობაში არ არისო, მაგრამ ოდესღაც ხომ იყო? როგორ მოხდა, რომ ახლა ეს ტერიტორია სხვის ხელშია და რა გაკეთდა ან კეთდება მის დასაბრუნებლად? გასაგებია, აზერბაიჯანთან უნდა მოვილაპარაკოთ, მაგრამ ამ მოლაპარაკებაზე ჩვენ რა არგუმენტებით მივდივართ?
რას ვაკეთებდით, რა დოკუმენტები დავაგროვეთ, რის საფუძველზე შეიძლება პრეტენზია გვქონდეს და როგორ წაადგება ამ პროცესს სატელევიზიო ეთერით იმის მტკიცება, რომ ეს ჩვენი ტერიტორია არ არის?! ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ვალდებულია გაარკვიოს, რატომ შეიცვალა მისი ისტორიული საზღვრები.
მე საქმის მასალებს არ ვიცნობ, არც იურისტი ვარ, ამიტომ სხვა რამის თქმა გამიჭირდება, თუმცა მაქვს ძალიან ბევრი კითხვა და, სამწუხაროდ, ამ კითხვებზე პასუხი არ ჩანს. ჩემი აზრით, თუ მიუღებელია რომელიმე მხარის მიერ ამ საქმით მანიპულირება, ასევე მიუღებელია მისი პარტიული დაპირისპირების ჭრილში განხილვა.
ოპოზიციური პარტიების რეიტინგის დაცემის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ ისინი ამ ძალიან მგრძნობიარე საკითხს ხელისუფლებასთან დასაპირისპირებლად იყენებენ. ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს ეს მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლის თემაა, ამის დასამტკიცებლად კი მეტისმეტად არადამაჯერებელი არგუმენტები აქვთ...
- პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას სულ უფრო ამძიმებს. ოპოზიციის ნაწილის რიტორიკით კარგად ჩანს, რომ ისინი სწორედ სოციალური უკმაყოფილების გამოყენებას ცდილობენ საკუთარი მიზნების მისაღწევად... - აშკარაა, რომ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრობა" სწორედ ამისთვის ემზადებიან. ვხედავთ, რომ დღევანდელ საპროტესტო აქციებზეც, როდესაც შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ, სწორედ ოპოზიცია აქტიურობს. ამასვე ეცდებიან გაზაფხულზეც, მაგრამ საზოგადოება გავა თუ არა ქუჩაში, ძნელი სათქმელია. სოციალური პრობლემების მოგვარებისა და თუნდაც შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გაცილებით მასშტაბური აქციები იმართება, მაგრამ არსად ჩანს, რომ ამ საპროტესტო მოძრაობაში პოლიტიკური ძალები იყვნენ ჩართული. ძირითადად, ბიზნესწრეები და მოქალაქეები აქტიურობენ. შესაძლოა, სოციალური მოთხოვნებით ხალხი აქაც გავიდეს ქუჩაში, მაგრამ თუ მათი ლიდერობა "ნაციონალურმა მოძრაობამ" დააპირა, არა მგონია, ამისგან რამე გამოვიდეს.
გავიხსენოთ - მათ ზაზა სარალიძის უბედურებაც არად ჩააგდეს და მის მხარდასაჭერად გამოსული საზოგადოების პოლიტიკური მიზნით გამოყენება სცადეს, მაგრამ არ გამოუვიდათ, რადგან როდესაც ხალხმა დაინახა, "ნაციონალური მოძრაობა" რას აკეთებდა, მას აღარ გაჰყვა. იგივე მოხდება ახლაც - სააკაშვილსა და "ნაციონალურ მოძრაობას" რევოლუციის მოსაწყობად არავინ გაჰყვება.
- სააკაშვილი ახსენეთ და ბარემ გკითხავთ - მან გასულ კვირას კიდევ ერთი გამაოგნებელი განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, თუ როგორ "იშოვა" ვაქცინა საქართველოსთვის... - სააკაშვილის განცხადებას მხოლოდ პოპულისტური დანიშნულება ჰქონდა. დარწმუნებული ვარ, ამის უკან სერიოზული არაფერი დგას. სააკაშვილმა სცადა, ეთქვა, ნახეთ, როგორ ვზრუნავ საქართველოს მოსახლეობაზეო.
ყველაზე მეტად ის ვერ გავიგე, რატომ გადაწყვიტა, დავერწმუნებინეთ, რომ მალტა უფასოდ არიგებდა ამ ვაქცინას... მსოფლიოში ვაქცინაზე ტაციაობაა და ჩვენ ვინმე უფასოდ რატომ მოგვცემს? ისე, მე თუ მკითხავთ, უფასო და არასანდო ვაქცინებს თავი უნდა ავარიდოთ.
საქმის გამკეთებელი რომ ყოფილიყო, ასე არ დაიწყებდა ამ საკითხზე ლაპარაკს, მით უფრო, რომ ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხებოდა და მეორე ქვეყანაზე - მალტაზეც იყო ლაპარაკი. მაგრამ სააკაშვილის ასეთ გამოხდომებს ერთი კარგი შედეგი მოსდევს ხოლმე - მას ხელისუფლება პასუხობს. ახლაც ასე მოხდა და გავიგეთ, რომ არაერთ ქეყანას აქვს საჭიროზე მეტი დოზა ნაყიდი და ბევრთან შეიძლება მოლაპარაკება.