"გახარია განუხორციელებელი სპეცოპერაციის მსხვერპლი გახდა: სააკაშვილის მომხრეებს კი..." - რას წერს რუსული მედია საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე
"უახლოეს დროში საქართველოში შეიძლება შეიცვალოს არა მხოლოდ მთავრობა, არამედ - მმართველი პარტიაც. ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი აქვს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", რომელიც 2012 წლის შემდეგ არასდროს ყოფილა ასე ახლოს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად. ასეთი შანსი მას შემდეგ გაჩნდა, რაც 18 თებერვალს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გადადგომა გამოაცხადა. მან თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ არ სურს ძალის გამოყენება ოპოზიციონერების წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთ შტაბ-ბინაში ჩაიკეტნენ და ამით ხელს უშლიდნენ პოლიციის მიერ პარტიის თავმჯდომარის დაპატიმრებას", - ნათქვამია რუსულ გაზეთ "კომერსანტში" ("КоммерсантЪ") გამოქვეყნებულ სტატიაში - "საქართველოს პრემიერი განუხორციელებელი სპეცოპერაციის მსხვერპლი გახდა: მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს ხელისუფლებაში დაბრუნების იმედი მიეცათ" (ავტორი - გიორგი დვალი).
პუბლიკაციაში ვრცლად არის გადმოცემული ის მოვლენები და ფაქტები, რომელიც წინ უძღოდა გიორგი გახარიას გადადგომას: ოპოზიციონერ ნიკანორ მელიასთან დაკავშირებული ისტორია, სასამართლოს ვერდიქტი მისი დაპატიმრების თაობაზე, სპეცოპერაციის ჩატარების განზრახვა და ა.შ.
"პრემიერმა გადადგომა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ქართული პოლიციის "სპეცრაზმმა" ალყა შემოარტყა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს და შტურმისათვის მოემზადა - ნიკა მელიას დასაპატიმრებლად. ერთ-ერთი ინფორმაციით, წინა ღამით პრემიერსა და მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" ლიდერებს შორის ცხარე დისკუსია გამართულა სასამართლოს დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებით - გამოყენებულიყო თუ არა ძალა ნიკა მელიას დასაპატიმრებლად. დილით გაირკვა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფების მობილიზება წინასწარ არ შეათანხმა პრემიერ-მინისტრთან, რომელსაც, ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, მთელი ძალაუფლება გააჩნია", - წერს ავტორი.
"პრემიერ-მინისტრის გადადგომა "ნაციონალმა" ნიკანორ მელიამ "ოპოზიციის სრულ გამარჯვებად" მიიჩნია, თუმცა "ქართული ოცნების" ლიდერები სხვაგვარად ფიქრობდნენ: ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სპეცოპერაცია მხოლოდ გადაიდო მთავრობის ახალი შემადგენლობის ჩამოყალიბებამდე. გუშინვე გაირკვა, რომ მმართველ პარტიას განზრახული აქვს ახალ პრემიერად ყოფილი პრემიერის, ამჟამად კი თავდაცვის მინისტრის - ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა დაასახელოს, რომელიც მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტიის - "ერთიანი ნაცმოძრაობის" ყველაზე შეურიგებელ მოწინააღმდეგედ ითვლება", - ნათქვამია პუბლიკაციაში.
"თუმცა, მოსალოდნელია, რომ, თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტიაც გააძლიერებს შეტევას "ქართული ოცნების" მთავრობაზე, რომლის აწ უკვე ყოფილი მეთაური გიორგი გახარია ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის ყველაზე ავტორიტეტულ პიროვნებას წარმოადგენდა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ. მიხეილ სააკაშვილი ბოლო დროს მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ ვადამდელი ახალი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს. იგი დარწმუნებულია, რომ მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ ორი ლიდერი - ბიძინა ივანიშვილი და გიორგი გახარია "დაკარგა", "ნაცმოძრაობა" აუცილებლად გაიმარჯვებს "ქართულ ოცნებაზე", რევანშს აიღებს და მთავრობას ჩამოაყალიბებს, ასევე, გააუქმებს ყველა იმ სასამართლო დადგენილებებს და განაჩენებს, რომელიც "ნაციონალების" წინააღმდეგაა გამოტანილი, ანუ მიხეილ სააკაშვილს უკრაინიდან საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცემა", - აღნიშნულია სტატიის დასასრულს. (წყარო)
რუსული გაზეთის - "იზვესტიის" ("Известия") 19 თებერვლის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით - "პრემიერული უარი: რატომ გადადგა საქართველოს მთავრობის მეთაური // ექსპერტების პროგნოზით, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება" (ავტორები - ნინო ხაჩიძე, იგორ კარმაზინი).
"საქართველოს პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. მისი განცხადება მოულოდნელი და განსაცვიფრებელი აღმოჩნდა არა მხოლოდ მისი გუნდისთვის, არამედ - ოპოზიციისთვისაც", - აღნიშნულია პუბლიკაციაში, სადაც საკმაოდ ვრცლად არის გადმოცემული 17-18 თებერვალს საქართველოში მომხდარი პოლიტიკური მოვლენების ქრონიკა - კერძოდ, ოპოზიციონერ ნიკა მელიასთან დაკავშირებული ისტორია.
"ქართველი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ გიორგი გახარიას გადადგომა იმ პროცესების არეკვლას წარმოადგენს, რომელიც დიდი ხანია, მწიფდებოდა მმართველ პარტიაში: "ჩემთვის ძნელია იმის თქმა, თუ რა მოხდა სინამდვილეში, მაგრამ გიორგი გახარიას მიერ გაკეთებული განცხადება მოწმობს, რომ იგი ნიკანორ მელიას დაპატიმრების წინააღმდეგი იყო", - ამბობს "იზვესტიასთან" საუბარში პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე. მისი თქმით, ოპოზიცია მიხვდა, რომ არჩევნების გაყალბების მოტივით, ქუჩაში ხალხს ვერ გამოიყვანდა, ამიტომ კიდევ ერთხელ გადაწყვიტა "რუსული კარტის" გათამაშება - თითქოსდა, ნიკა მელიას დაკავება რუსი დეპუტატის - სერგეი გავრილოვის ცნობილ ისტორიას უკავშირდება. "თავად "ქართულ ოცნებაში", როგორც ჩანს, ერთიანი აზრი არ იყო და ამიტომ გიორგი გახარიამ გადაწყვიტა, მეტად აღარ აეღო ისეთი პასუხისმგებლობა, როგორიც მას 2019 წელს მოუწია, როცა ოპოზიციის შტურმისგან პარლამენტის დაცვა გახდა საჭირო ", - აღნიშნავს ზაალ ანჯაფარიძე.
ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას იწონებს და ამბობს, რომ პრემიერის მოქმედება, სუფთა პოლიტიკური თვალსაზრისით, დადებითია. "ქართული ოცნება" მივიდა იმ წერტილამდე, როცა ასე გაგრძელება უკვე არ შეიძლება. გიორგი გახარიამ სწორი დასკვნა გააკეთა და გადაწყვიტა, ამ უგუნურ პოლიტიკაში მონაწილეობა აღარ მიეღო".
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება სულ უფრო რეალური ხდება: "პრემიერის გადადგომა "ქართული ოცნების" პოზიციებს მისი მომხრეებისა და ამომრჩევლების თვალში შეასუსტებს. აშკარაა, რომ ხელისუფლება კრიზისშია. ვადამდელი არჩევნები, რომელსაც ოპოზიცია ბოლო თვეების განმავლობაში ითხოვდა, რეალური ხდება. ახლა უკვე არჩევნების ჩატარების მომხრენი საერთაშორისო პარტნიორებიც იქნებიან", - აღნიშნავს ზაალ ანჯაფარიძე, - ოპოზიციის მხარდამჭერი "პირველი მერცხალი" "ნაციონალების" ოფისში უკვე მიფრინდა - ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კადინდრა...". (წყარო)
მოამზადა სიმონ კილაძემ