"100 წლის წინ ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისკენ სისხლში ჩაახშო საბჭოთა რუსეთმა, ახლა კი გვაქვს შანსი, საბოლოოდ ვიყოთ თავისუფალი სამყაროს წევრები"
100 წლის წინ ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისკენ სისხლში ჩაახშო საბჭოთა რუსეთმა, ახლა კი გვაქვს ისტორიული შანსი, საბოლოოდ ვიყოთ თავისუფალი სამყაროს მყარი წევრები და არ გვაქვს უფლება ეს შანსი ხელიდან გავუშვათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ კოჯორში განუცხადა, სადაც იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მისივე თქმით, 100 წლის წინ არც თავისუფალი სამყარო იყო იმ მდგომარეობაში, რომ საქართველოს მისი მხარდაჭერით ესარგებლა, თუმცა დღეს ქვეყანას ამ კუთხითაც ბევრად უფრო ხელსაყრელი და შეუდარებელი მოცემულობა აქვს, ვინაიდან თავისუფალი სამყარო ბევრად უფრო ძლიერია.
"დღეს არის გლოვის და ხსოვნის დღე იმ ადამიანების, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა 100 წლის წინ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. ეს ტრაგიკული დღეა. 100 წლის წინ ჩვენმა საზოგადოებამ გააკეთა ძალიან მკაფიო არჩევანი, ყოფილიყო თავისუფალი ქვეყანა, ყოფილიყო თავისუფალი სამყაროს ნაწილი და ადამიანის თავისუფლება გამხდარიყო ყველაზე დიდი ღირებულება. ეს იყო არჩევანი ევროპული სახელმწიფოს შექმნის და დღესაც კი მაგალითია მაშინდელი ქართული პოლიტიკური ელიტა იმის, როგორი ქვეყანა გვინდა ჩვენ, ოღონდ თანამედროვე კონტექსტში.
რა თქმა უნდა, დღეს არის ის დღე, რომელიც ყოველთვის გვახსენებს, რამდენად დიდი მოვალეობაა ყველა მოქალაქის, რომ დაიცვას ის, რასაც 100 წლის წინ თავი შესწირეს. მაშინ ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისკენ სისხლში ჩაახშო საბჭოთა რუსეთმა და ამას მოჰყვა ათწლეულების განმავლობაში სტალინური საბჭოთა რუსეთის რეპრესიები, რომელმაც უმძიმესი დარტყმა მიაყენა ჩვენს ქვეყანას და ჯოჯოხეთში აცხოვრა თაობები, ახლა კი გვაქვს ისტორიული შანსი, საბოლოოდ ვიყოთ თავისუფალი სამყაროს მყარი წევრები, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი პერსონალური თავისუფლება იყოს დაცული და ჩვენ არ გვაქვს უფლება ეს შანსი ხელიდან გავუშვათ.
დღესაც საფრთხე მოდის იგივე მიმართულებით - სამწუხაროდ, ჩრდილოელი მეზობლისგან, სადაც საბჭოთა სტალინური რუსეთის მემკვიდრეობა არა თუ არ გამქრალა, არამედ ამის აღორძინებას ცდილობენ და სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის შიგნითაც არიან ძალები, რომლებიც ამ თავისუფლებას უქმნიან საფრთხეს, ამიტომ ჩვენი ყველას ვალია ეს თავისუფლება დავიცვათ და ეს ისტორიული შანსი ხელიდან არ გავუშვათ.
100 წლის წინ თავისუფალი სამყარო იყო იმ ფორმაში, რომ ვერ მოვახერხეთ მათი მხარდაჭერით თავისუფლება შეგვენარჩუნებინა, თუმცა დღეს ისტორიული გარემოებები არის ბევრად უფრო ხელსაყრელი, შეუდარებლად ხელსაყრელი ჩვენთვის და ესეც კიდევ ერთხელ არის შეხსენება, როგორ არ უნდა გავუშვათ ეს შანსი ხელიდან, როცა თავისუფალი სამყარო ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ეს იყო 100 წლის წინ", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
რაც შეეხება ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საერთაშორისო გამოხმაურებებს, ბოკერიას თქმით, "ვითარება უცვლელია - ივანიშვილის რეჟიმი უნდა მოვიდეს გონს, გამოუშვას მელია, რურუა, შეწყვიტოს პოლიტიკური რეპრესიები და დანიშნოს თავისუფალი არჩევნები".
"ეს არის ის, რაც სჭირდება ჩვენი ქვეყნის თავისუფლების დაცვას და ამ გზიდან გადახვევა არის საფრთხე ჩვენი ქვეყნის და ჩვენი პერსონალური თავისუფლებისთვის, რასაც მოჰყვება რეაქცია და ქართული საზოგადოების მხარდამჭერი შესაბამისი რეაქცია", - აღნიშნა ბოკერიამ.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა 26 თებერვალს დაგეგმილ, ოპოზიციის აქციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "პროტესტი მშვიდობიანი, მაგრამ მწვავე, განგრძობადი და მზარდი იქნება".
შეგახსენებთ, რომ საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წელი გავიდა. 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკურმა წითელმა არმიამ საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ანექსია მოახდინა.
საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ბრძოლა კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან გაიმართა, სადაც დამოუკიდებელი საქართველოს გვარდიის ჯარისკაცებთან ერთად ახალგაზრდა იუნკერები იბრძოდნენ.
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.
"ინტერპრესნიუსი"